ქირურგია ჭარბი წონის წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგია ჭარბი წონის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალნაირი დიეტა, სამკურნალო პრეპარატი თუ ვარჯიშის მეთოდიკა, რომლებიც მკურნალობის პირველი რიგის საშუალებებად ითვლება, მათი შედეგები ყოველთვის არ არის სასურველი და ყოველთვის არ აკმაყოფილებს პაციენტს. ამ შემთხვევაში დახმარებისთვის ბარიატრიულ ქირურგიას მიმართავენ. ბარიატრიული ოპერაცია არის ოპერაცია, რომელიც მიმართულია ჭარბწონიანობის, სიმსუქნის კორექციისკენ. თავად სიტყვა “ბარიატრია” ჭარბი წონის მკურნალობას ნიშნავს. ბარიატრიული ოპერაციების ჩატარება პირველად ოთხმოციანი წლების დასაწყისში სცადეს, მათ შორის - საქართველოშიც, მაგრამ ვინაიდან ეს ოპერაციები მეტად ტრავმული და ადამიანისთვის, მეტადრე - ჭარბწონიანისთვის, ძნელი გადასატანი იყო, ისინი გარკვეული ხნით მიივიწყეს. ლაპაროსკოპიის განვითარებამ ეს თემა ისევ წამოსწია წინ. ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ოპერაციების - რომლებიც გაცილებით ნაკლებინვაზიურია - გართულებები არ აღემატებოდა ჩვეულებრივი ქოლეცისტექტომიის, აპენდექტომიის, თიაქარპლასტიკისა თუ სხვა ლაპაროსკოპიული ოპერაციების მაჩვენებლებს და ამ მეთოდმაც ადგილი დაიმკვიდრა დიდ ქირურგიაში. ლაპარასკოპიულთან ერთად მიმართავენ ძველი ტიპის ბარიატრიულ ოპერაციებსაც, თუმცა ღია წესით ამგვარი ოპერაციები იშვიათად კეთდება: მაშინ, როდესაც ქირურგი ვერ ფლობს ლაპაროსკოპიული მეთოდის ტექნიკას ან არ გააჩნია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა და მაშინ, როდესაც არსებობს ლაპაროსკოპიული ოპერაციის მკაფიოდ გამოხატული უკუჩვენება, მაგალითად, მრავალჯერ ნაოპერაციები მუცელი, დიდი ზომის ვენტრალური თიაქარი და სხვა.

ბარიატრიული ოპერაციის ჩვენებები და უკუჩვენებები

ბარიატრიული ოპერაციების მთავარი მიზანი წონის დაკლებაა, მაგრამ ეს მხოლოდ კოსმეტიკურ ეფექტად არ უნდა განვიხილოთ - წონის კორექცია გახლავთ ავადმყოფობის წინააღმდეგ მიმართული სამკურნალო ღონისძიება; ჭარბი წონა ხომ ავადმყოფობაა, პათოლოგია. ბარიატრიული ქირურგია, წონის კლების კვალობაზე, ისეთი პრობლემების პროფილაქტიკისკენაც არის მიმართული, რომელთათვის ჭარბი წონა ერთ-ერთი ძირითადი გამშვები ფაქტორია. ასეთებია შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ძვალ-სახსართა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, უნაყოფობა (ქალებშიც და მამაკაცებშიც) და სხვა. გარდა ამისა, წონის კლება პიროვნებასაც ცვლის. რაც არ უნდა უკომპლექსოდ გრძნობდეს ჭარბწონიანი თავს, ის გარკვეულწილად მაინც დაკომპლექსებულია. ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ კი ეს ყველაფერი გაივლის, ზოგჯერ დიაბეტიც კი იკურნება (მეორე ტიპისა) და იბადება სრულიად სხვა, ფსიქოლოგიურად რეაბილიტირებული პიროვნება, რომელიც საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც გაცილებით მისაღებია. ბარიატრიულ ოპერაციებს უკუჩვენებებიც აქვს. კერძოდ, უკუჩვენებაა, როდესაც ჭარბი წონა გამყარებულია ისეთი პირველადი ენდოკრინული დაავადებით, როგორიც არის იცენკო-კუშინგის სინდრომი, შორს წასული ჰიპოთირეოზი. უკუჩვენებად ითვლება ის შემთხვევებიც, როდესაც ჭარბი წონით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოპერაციული მკურნალობა უკვე დაგვიანებულია. ლაპაროსკოპიული ბარიატრიული ოპერაციები უმთავრესად უკეთდებათ საშუალო ასაკის ადამიანებს. 60-62 წლიდან, როდესაც პაციენტს უკვე აღენიშნება შორს წასული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შორს წასული შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი ატროფიებით, ქვედა კიდურების ვენათა შორს წასული თრომბოემბოლიური სინდრომი და სხვა, ბარიატრიული ოპერაციის თანმხლები რისკი იმდენად დიდია, რომ ქირურგები ოპერაციაზე ხშირად უარს ამბობენ. ასეთმა ადამიანებმა, თუ შეძლეს, დიეტებით უნდა დაიკლონ წონა.

როდის უნდა გაკეთდეს ბარიატრიული ოპერაცია?

ჭარბწონიანობა იწყება მაშინ, როცა წონის ინდექსი აღემატება 29-ს. სხეულის ინდექსი - ეს გახლავთ წონის განაყოფი სიმაღლის კვადრატზე. 19-29 ნორმალურ ინდექსად ითვლება. 29-დან 35-მდე პირველი ხარისხის ჭარბი წონაა. 35-დან 40-მდე ინდექსი სერიოზულ ჭარბწონიანობაზე მიუთითებს, მაგრამ სპეციალისტებს, ენდოკრინოლოგებს და ბარიატრებს მიაჩნიათ, რომ ამ დროს ადამიანს ჯერ კიდევ აქვს წონის დაკლების შანსი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანმხლები დაავადება არ არის გამოწვეული სიმსუქნით. თუ ინდექსი 40-ზე მეტია, ეს უკვე ავადმყოფური, მორბიდული სიმსუქნეა. მისი მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით არის შესაძლებელი. სხვათა შორის, უკანასკნელი მონაცემებით, ზემოთ მოყვანილი ინდექსები კორექციას მოითხოვს და შესაძლოა, ახლო მომავალში წონის სრულიად ახალი ნორმატივები შემუშავდეს. როდესაც ადამიანს სხეულის მასის ინდექსი 60 და მეტი აქვს, ანუ მისი წონა არის 160-200 კილოგრამი და მეტი, იქ დიეტათერაპიაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რადგან იმისთვის, რომ ამ წონას მიაღწიოს, ადამიანს სერიოზული ფსიქოლოგიური დარღვევები უნდა ჰქონდეს, რომლებიც უმთავრესად კვებითი ქცევით გამოიხატება, კვებითი ქცევის მოსაწესრიგებლად კი საჭიროა დიეტოლოგისა თუ ფსიქოლოგის რჩევაზე გაცილებით ძლიერი სტრესი.

გასათვალისწინებელი ფაქტორები

პაციენტისთვის ოპერაციის ჩვენების დადგენასა და მეთოდის შერჩევაში ქირურგთან ერთად მონაწილეობენ დიეტოლოგი და ფსიქოლოგიც. გასათვალისწინებელია სქესი, ასაკი, პროფესია, ცხოვრების რიტმი, კვებითი ქცევა და სხვა. ცნობისათვის, ავადმყოფურად მსუქანი ადამიანები ორ ტიპად იყოფიან - ტკბილის მჭამელებად და ბევრის მჭამელებად. მათთვის სხვადასხვა ტიპის ოპერაციაა საჭირო. გარდა ამისა, მამაკაცებს სხვა ტიპის ოპერაციები უფრო შველით, ქალებს - სხვა, ნებისყოფიან ადამიანებს უნებისყოფოებთან შედარებით სხვა ტიპის ოპერაციები სჭირდებათ.

ბარიატრიული ოპერაციები

არსებობს ბარიატრიული ოპერაციის ორი ძირითადი ტიპი - მალაბსორბციული და რესტრიქციული. ტარდება კომბინირებული, მალაბსორბციულ-რესტრიქციული ოპერაციებიც. მალაბსორბციული ოპერაციების დროს ნაკლებად ზღუდავენ საკვების ოდენობას, სამაგიეროდ, იზღუდება მისი შეწოვის მექანიზმები. მეორე ტიპის ოპერაციების დროს შეწოვის მექანიზმი პრაქტიკულად იგივეა, მაგრამ იზღუდება საკვების ოდენობა. შერეული ტიპის ოპერაციების დროს კი ხდება საკვების მომნელებელი ტრაქტის ისე გადაკეთება, რომ საკვების ოდენობაც იზღუდება და შეწოვაც, ანუ ვითარდება მალაბსორბცია, უფრო სწორად, კონტროლირებადი მალაბსორბცია, იმის მიხედვით, რა ტიპის ჭარბ წონასთან გვაქვს საქმე. შედეგია იმაზეა დამოკიდებული,  რამდენად სწორად შეირჩევა ოპერაცია. მაგალითად, პაციენტს, რომელსაც კოკა-კოლას, ლუდის, ტკბილეულის, ნაყინის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, რესტრიქციული ტიპის ოპერაცია რომ გაუკეთდეს, გრამსაც კი ვერ მოიკლებს. ასეთ დროს უნდა გაკეთდეს მალაბსორბციული ოპერაცია. როცა პაციენტს დიეტის გაგონებაც არ უნდა, იქ რესტრიქციული ოპერაციის გაკეთება სრული უაზრობა იქნება, რადგან პაციენტი, ჯერ ერთი, მუდმივი ღებინებით დაიტანჯავს თავს და მეორე - კუჭის ბანდაჟს, კუჭზე დადებულ რგოლს გააფუჭებს. არსებობს კიდევ ერთი, ურთულესი ოპერაცია, რომელიც სუპერჭარბწონიანებს უკეთდებათ. ეს არის ბილიოპანკრეასული დივერსია. ეს ღრმად მალაბსორბციული, ძნელად გადასატანი ოპერაციაა და ისეთ პაციენტებს უკეთდებათ, რომელთა მასის ინდექსი 65-70 და მეტია. ესენი არიან 250 კგ, 280 კგ და მეტი წონის მქონე ადამიანები. არსებობს კუჭის ეგრეთ წოდებული ბალონირებაც, რომელიც ასევე ზღუდავს მიღებული საკვების ოდენობას, თუმცა მას არა ქირურგიულ, არამედ ენდოსკოპიურ პროცედურებს მიაკუთვნებენ. კუჭში გასტროსკოპის საშუალებით ათავსებენ ბალონს - სპეციალურ ბუშტს, რომელშიც შედის სითხე. სითხე შეფერილია, რათა, თუ ბალონი გასკდა, შარდი შეიფეროს და მივხვდეთ, რომ ბალონი გახეთქილია. ბუშტი იკავებს კუჭის დაახლოებით ორ მესამედს. ის ოთხიდან ექვს თვემდე რჩება კუჭში, მერე კი აუცილებლად უნდა ამოიღონ. ბალონირებას მიმართავენ ორ შემთხვევაში: პირველი - მაღალი რისკის მქონე პაციენტებთან ან ძლიერ ჭარბწონიან პაციენტებთან ოპერაციისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ანდა, ვთქვათ, თანმხლები პათოლოგიების სამკურნალოდ, როცა წონის დაკლებაც აუცილებელია, რათა მოხერხდეს რადიკალურ ქირურგიულ ჩარევაზე გადასვლა; მეორე - როდესაც ადამიანი ჩვეულებრივი ჭარბწონიანია და მიაჩნია, რომ თუ ერთხელ დაიკლო წონა, შემდეგ მის კონტროლირებას თავადაც შეძლებს. თუმცა არიან ისეთი პაციენტებიც, რომელთაც ჰქონიათ ბალონი, ის გარკვეული ხნის შემდეგ ამოუღიათ, არ გაუკეთებიათ რადიკალური ოპერაცია და შემდეგ ისევ მოუმატებიათ წონა. საერთოდ, კუჭის ბალონირება თითქმის ისევე აკლებინებს წონას, როგორც, ვთქვათ, ბანდაჟირება ან ხაზოვანი რეზექცია.

შორეული შედეგები

წონის მომატების რისკი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს. მსოფლიო სტატისტიკით, ნაოპერაციებთა დაახლოებით 15%-ს 4-5 წლის შემდეგ ბანდაჟი, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ედოთ, ამოსაღები უხდება. სწორედ ასეთია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ვერ ეგუებიან კვებითი ქცევის შეცვლას ოპერაციული გზით. შემდეგ ისინი ისევ იმატებენ წონას. წონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი არასწორად შერჩეული ოპერაციაა. მეორე - ბანდაჟირების დროს, წესისამებრ, დაკლებული წონის 30-50% უკან ბრუნდება. ვთქვათ, თუ პაციენტმა დაიკლო 40 კილოგრამი, 5 წლის შემდეგ 20-ს ისევ მოიმატებს. ხაზოვანი რეზექციის დროს ხდება დაახლოებით 10-15%-ის მომატება. რაც შეეხება შუნტირებას, ამ დროს ბრუნდება დაახლოებით 5%, მაქსიმუმ 10. ეს იმით არის განპირობებული, რომ ორგანიზმი ეგუება ახალ ფიზიოლოგიას, შემდეგ წყდება კონტაქტი პაციენტსა და დიეტოლოგს შორის და პაციენტი თავად იწყებს კვების რეგულირებას. როგორც არ უნდა იყოს, წონა თავდაპირველ მაჩვენებლამდე არასდროს ადის.

დაბოლოს

პირველი სასარგებლო რჩევა ის არის, რასაც ყველა პედიატრი აძლევს მშობლებს: არ დააძალოთ ბავშვებს ჭამა და არ შეუშალოთ ხელი ფიზიკურ აქტივობაში. თუ ბავშვს საკვები დააკლდა, თავად მოითხოვს - პატარა იტირებს, დიდი კი იტყვის, რომ შია. ზედმეტად ნუ შეაწუხებთ ბავშვებს ექიმებთან სიარულით, რადგან არის შემთხვევები, როცა ბავშვი მიჰყავთ ექიმთან და იწყება მოჯადოებული წრე: ერთი ექიმიდან მეორესთან მიდიან, მეორისგან - მესამესთან და ასე შემდეგ. არადა, ბავშვი ხარივით ჯანმრთელია, მაგრამ თანდათან კომპლექსები უჩნდება - მისი თანატოლები დარბიან, თამაშობენ, მას კი რაღაც თითიდან გამოწოვილი პრობლემის გამო სუფთა ჰაერზეც კი არ უშვებენ. გასუქება ბავშვობიდან იწყება, შესაბამისად, სიმსუქნესთან ბრძოლაც ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. მეორე - ვთქვათ, ბავშვი მსუქანია, პუბერტატულ პერიოდშივე აქვს ჭარბი წონა. რა თქმა უნდა, ის, უპირველეს ყოვლისა, ენდოკრინოლოგთან უნდა მიიყვანონ, რათა ორგანული დაავადება გამოირიცხოს. რაც მთავარია, ოჯახის წევრები უნდა დასხდნენ და განიხილონ - ის კი არა, რომ ბავშვი 100 კილოგრამს იწონის, არამედ ის, როგორ იკვებებიან და რა მდგომარეობაში არიან თავად. ჭარბწონიანი ბავშვების უმეტესობა ჭარბწონიანთა ოჯახიდანაა. ბევრია შეძლებული ოჯახიდან, სადაც ათასგვარი სასუსნავი, ტკბილეული, ინტელექტუალური ცხოვრების წესი უცხო ხილი არ არის, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თავად მშობლებმა უნდა შეიცვალონ ცხოვრების წესი, რადგან პირადი მაგალითი გადამდებია. ზრდასრულ ასაკში, როცა ვხედავთ, რომ წონა პრობლემებს გვიქმნის, არ უნდა მოგვერიდოს ამ პრობლემაზე ლაპარაკის. ეს არ არის დასამალი და არც იმის თქმა შეიძლება, რომ ხართ მსუქანი და ხართ ბედნიერი. დიახ, შესაძლოა ძალიან ბედნიერი იყოთ მეუღლესთან, კოლეგებთან, მეგობრებთან ურთიერთობის დროს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაგიჩნდებათ კომპლექსი და ამ კომპლექსის დამალვა ნელი თვითმკვლელობის ტოლფასია. თანაც ჭარბი წონა ადრე თუ გვიან სერიოზულ დარღვევებს იწვევს, რომელთა აღმოფხვრა მოგვიანებით შესაძლოა ძალიან გაგვიჭირდეს. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას ვჭამთ, როგორ ვცხოვრობთ და თავი საოპერაციოდ არ უნდა გაიხადოთ.