ექინოკოკოზი
რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები, ამაზე სასაუბროდ დამსახურებულ ქირურგს, მედიცინის დოქტორს, ბატონ გიორგი ცანავას ვესტუმრეთ.
- ბატონო გიორგი, რომელი ცხოველი წარმოადგენს ადამიანისთვის ექინოკოკოზის ძირითად წყაროს და რა გზით ვრცელდება გამომწვევი?
- ექინოკოკოზი გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ლენტისებრი პარაზიტი - ექინოკოკი. დაავადება ადამიანს ცხოველისაგან გადაედება, ამიტომ ცხოველებთან ურთიერთობას, სხვა საშიშროებასთან ერთად, ექინოკოკოზის საფრთხეც ახლავს თან. ხორცის მჭამელი შინაური ცხოველების ჰელმინთოზები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა ადამიანი დაასნებოვნოს.
მსოფლიოში რეგისტრირებული 82 დაავადებიდან ადამიანში პარაზიტობს 32 და სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. ერთ-ერთი მათგანია ექინოკოკოზი. განასხვავებენ ექინოკოკის ორ ფორმას - კისტურს (იწვევს Echinococcus granulozis) და ალვეოლურს (იწვევს Echinococcus multilokularis). უფრო ხშირად გვხვდება ცისტური ფორმა. E. multilokularis-ით ადამიანი გაცილებით იშვიათად ავადდება.
ზრდასრული ექინოკოკი ბინადრობს შინაური და მტაცებელი ცხოველების (ძაღლი, მგელი, ტურა, მელა, აფთარი) ნაწლავებში, რომლებიც ექინოკოკის კვერცხებს ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფენ და გარემოს აბინძურებენ. ადამიანისთვის დაავადების ძირითადი წყარო ძაღლია.
ექინოკოკის კვერცხი დიდხანს ძლებს ძაღლის ბეწვზე, საოჯახო ნივთებზე, წყალში, საკვებში, ხილზე, მწვანილზე, ბალახზე, ნიადაგში, ბალახთან ერთად ხვდება შუალედური მასპინძლის (ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ღორი) კუჭ-ნაწლავში და ექინოკოკოზით აავადებს.
დაბინძურებული საკვების (ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა), წყლისა და დაბინძურებული ხელების საშუალებით ექინოკოკის კვერცხები ხვდება ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც. ადამიანისა და ცხოველის კუჭ-ნაწლავში მოხვედრილი კვერცხების გარსი ირღვევა და იქიდან ლარვები გამოდიან. ლარვების უმეტესობა იქვე იღუპება. გადარჩენილი ლარვები იჭრებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში და სისხლის ნაკადის მეშვეობით ღვიძლს ან ფილტვებს, უფრო იშვიათად კი სხვა ორგანოებსა და ქსოვილებს: თავის ტვინს, ელენთას, თირკმელებს, კუნთებს, ძვლებს - აღწევენ, სადაც ვითარდება პარაზიტის კისტური (ბუშტუკოვანი) სტადია. კისტა შეიცავს სითხეს და ათასობით შვილეულ ბუშტუკს, რომლებშიც, თავის მხრივ, მოთავსებულია ჩანასახოვანი სკოლექსი. ექინოკოკური ბუშტუკების კედელი სამშრიანია. თუ ძაღლმა ან რომელიმე მტაცებელმა ექინოკოკით დაავადებული ცხოველის ორგანო შეჭამა, მათ კუჭში მოხვედრილი შვილეული ბუშტუკიდან წარმოიქმნება პარაზიტის თავისუფალი, მოძრავი ფორმა.
E. multilokularis-ის ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემთხვევაში პარაზიტის მემბრანა კისტური კედლით არ შემოისაზღვრება, ამიტომ პარაზიტი უკონტროლოდ იზრდება, წარმოქმნის მცირე (2-5 მმ) დიამეტრის მქონე ბუშტუკებს და მეზობელ ორგანოებში სიმსივნესავით მოითესება. ექინოკოკოზის ეს ფორმა უფრო მძიმედ მიმდინარეობს და მისი მკურნალობაც შედარებით პრობლემურია.
- როგორია დაავადების კლინიკური სურათი?
- ექინოკოკური კისტის ნელი ზრდის გამო (ერთი წლის განმავლობაში 1 სმ) დაავადების სიმპტომები ადამიანის ორგანიზმში პარაზიტის შეჭრიდან საკმაო ხნის - 10 და მეტი წლის შემდეგ იჩენს თავს. ამ დროისთვის კისტა უკვე მნიშვნელოვან ზომას აღწევს. დაავადების კლინიკური გამოვლინება ექინოკოკის ბუშტების განლაგებაზე, ზომებსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული.
თავის ტვინსა და ფილტვებში ლოკალიზაციის დროს კლინიკური ნიშნები უფრო ადრე ვლინდება. ზრდის კვალდაკვალ ბუშტი ორგანიზმზე მექანიკურ, ტოქსიკურ და ალერგიულ ზემოქმედებას ახდენს და მის საპასუხო რეაქციას იწვევს.
ღვიძლის ექონოკოკოზის დროს ავადმყოფი უჩივის ყრუ, მუდმივ ტკივილს მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატსა და ეპიგასტრიუმში. ზოგჯერ მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ისინჯება მტკივნეული სიმსივნური წარმონაქმნი. გადიდებული ღვიძლი შესაძლოა მიაწვეს სისხლძარღვებს და გამოიწვიოს პორტული ჰიპერტენზია, ნაღვლის საერთო სადინარს და გამოიწვიოს მექანიკური სიყვითლე. ავადმყოფის მდგომარეობა უარესდება, როდესაც ცოცხალი პარაზიტის ზემოქმედების საპასუხოდ ორგანიზმში თავს იჩენს ალერგიული რეაქცია.
კისტა, რომელიც იზრდება მუცლის ღრუსკენ, შესაძლოა ნაწლავებში ან მუცლის ღრუში გასკდეს. ამ დროს ხდება მუცლის მოთესვა კისტის შიგთავსით, რასაც თან სდევს ძლიერი ალერგიული რეაქცია. კისტის უეცარმა გასკდომამ შესაძლოა გამოიწვიოს პერიტონიტი, ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილიც კი.
კისტა შეიძლება გაიხსნას პლევრაში, ფილტვის ქსოვილში და ბრონქებში. სხვა გართულებებიდან საყურადღებოა კისტის დაჩირქება, ქოლანგიტი. პორტული ჰიპერტენზიის ფონზე ხშირია სისხლდენა ვარიკოზულად გაგანიერებული ვენებიდან და ღვიძლის ციროზი. ხშირია კისტის დაჩირქება და გახეთქვა, რასაც პარაზიტების მთელ ორგანიზმში მიგრაცია მოჰყვება.
- რას უჩივის ავადმყოფი ფილტვის ექინოკოკოზის დროს?
- ფილტვის ექინოკოკოზი სიხშირით მეორე ადგილზე დგას. კლინიკური გამოვლინებით მან შესაძლოა ფილტვის ნებისმიერი სხვა დაავადების სიმულირება მოახდინოს. პირველ სტადიაზე, როდესაც ექინოკოკური კისტა გაუხსნელია, მზარდი ბუშტუკის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე, სისხლძარღვებსა და ბრონქებზე ზეწოლის გამო თავს იჩენს ქოშინი, სისხლიანი ხველა, ტკივილი გულმკერდის ყაფაზში, ძლიერი ხველა, განსაკუთრებით ღამით, თავდაპირველად - მშრალი, შემდეგ - გარდამავალი სველი ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით. პროცესში შესაძლოა ჩაერთოს პლევრაც.
დიდი ზომის კისტამ შესაძლოა გულმკერდს ფორმა უცვალოს. ამ დროს ნეკნთაშორისი მიდამო ვიზუალურად გადასწორებულია. თუ კისტა ბრონქში გაიხსნა, თავს იჩენს ძლიერი ხველა, მოხრჩობა, ციანოზი. გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახველი. შესაძლოა, განვითარდეს ასპირაციული პნევმონია, მძიმე ალერგიული რეაქციები. პლევრაში, პერიკარდიუმში კისტის გახსნისას მოსალოდნელია ანაფილაქსიური შოკი და უეცარი სიკვდილი.
- რა ხდება თავის ტვინისა და სხვა ორგანოების დაზიანებისას?
- ექინოკოკების მიერ თავის ტვინის დაზიანებას ავლენს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ღებინება. ექინოკოკური ბუშტის ზრდის კვალდაკვალ ეს მოვლენები უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. შესაძლოა, განვითარდეს დამბლა, პარეზი, ფსიქიკური დარღვევები, კრუნჩხვა. სხვა ორგანოების (ელენთის, თირკმელების, ძვლების, კუნთების) ექინოკოკოზის დროს უპირატესად გამოხატულია სიმსივნური პროცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
- რის საფუძველზე სვამენ ექონოკოკოზის დიაგნოზს?
- დიაგნოსტიკა ემყარება კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს (კონტაქტი ძაღლებთან, ნადირობა, ცხოველის ტყავის დამუშავება, ცხვრის გაკრეჭა, ბეწვეულის წარმოება), ინსტრუმენტული კვლევებისა და სეროლოგიური რეაქციების შედეგებს. ღვიძლის ექინოკოკოზს ეჭვობენ, როდესაც შეინიშნება ისეთი კლინიკური სიმპტომები, როგორიც არის ნელა მზარდი, პალპაციისას ნაკლებმტკივნეული სიმსივნური წარმონაქმნი ღვიძლში, მზარდი სისუსტე, ყრუ, ზეწოლითი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.
ინსტრუმენტული კვლევები ავლენს არა მარტო პათოლოგიურ წარმონაქმნს, არამედ მის ფორმას, ზომებსა და ტოპოგრაფიასაც. რენტგენოლოგიურ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს ფილტვის ექინოკოკოზის დროს, მაგრამ ნაკლებინფორმაციულია
ღვიძლის ექინოკოკოზის შემთხვევაში. ბოლო ხანს უპირატესობას ანიჭებენ ულტრაბგერით გამოკვლევას, ფილტვის ექოგრაფიას, რადიოიზოტოპურ მეთოდებს, ღვიძლის სკანირებას, რენტგენულ-კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ეს მეთოდები გვეხმარება, პარაზიტული დაზიანება სიმსივნური პროცესისგან განვასხვაოთ.
ღვიძლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ავლენს კისტურ, ზოგჯერ ჩაკირულ წარმონაქმნებს. გაცილებით ღირებულია ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მათი საშუალებით გამოავლენენ ექინოკოკურ კისტებს.
ფილტვის ექინოკოკოზს ეჭვობენ ბრონქ-ფილტვის პათოლოგიის არსებობისას, რომელზეც მიუთითებს პერიოდული სისხლიანი ხველა, მომატებული ოფლიანობა (თუ ტუბერკულოზი გამორიცხულია) და სხვა.
ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევისას ფილტვის ექინოკოკი ჩანს მრგვალი ჩრდილის სახით, რომელსაც აქვს მკვეთრად, მკაფიოდ შემოსაზღვრული კონტური.
ექინოკოკოზის დროს ლაპაროსკოპია, დიაგნოსტიკული პუნქცია დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, ამ დროს მოხდეს ჩანასახოვანი ელემენტებით ორგანიზმის მოთესვა.
სისხლის სურათი ნაკლებად სპეციფიკურია. ზოგჯერ გამოხატულია ზომიერი ანემია, ეოზინოფილია, მომატებულია ერითროციტების დალექვის სიჩქარე. ლაბორატორიული კვლევის მეთოდებიდან დაავადების დიაგნოსტიკისთვის დღეს მიღებულია მაღალსპეციფიკური სეროლოგიური ტესტები პარაზიტის ანტიგენით.
- როგორ მკურნალობენ ექინოკოკოზს?
- ექინოკოკოზის მკურნალობა ქირურგიული მეთოდით ხორციელდება - კვეთენ ექინოკოკურ კისტას ან ორგანოს (ღვიძლის, ფილტვის) დაზიანებულ ნაწილს.
- შესაძლოა თუ არა, ექინოკოკოზი გადმოგვედოს ცხოველის მოფერებისას, კოცნისას, საწოლთან, ავეჯთან ან სხვა საგნებთან ცხოველის კონტაქტისას?
- დაავადება, როგორც უკვე ვთქვი, გადაედება ფეკალურ-ორალური გზით - პარაზიტის გამომწვევი, რომელიც გარემოში მასპინძლის განავალთან ერთად გამოიყოფა, დაბინძურებული ხელებისა და საკვების საშუალებით ადამიანის პირში ხვდება, ამიტომ დაავადებული ცხოველის არათუ მოფერება, არამედ მის მიერ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო საგნების შეხებაც კი საშიშია - ყველგან შეიძლება იყოს ჭიების კვერცხები.
- როგორ ავიცილოთ თავიდან ექინოკოკოზი?
- ექინოკოკოზის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ელემენტარული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე - შინაური ცხოველების ყოველკვარტალური პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია. ამით დაავადებისგან დავიცავთ საკუთარ თავსაც და ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც. აუცილებელია როგორც მონადირე, ასევე ოთახის ძაღლებისა და სხვა ცხოველების პერიოდული შემოწმება. კონტროლს საჭიროებს დაკლული ცხოველის ხორციც. გახსოვდეთ:
- ნუ შეიძენთ ხორცპროდუქტებს გზებზე ან ისეთ ადგილებში, სადაც ისინი შეუმოწმებლად იყიდება.
- ძაღლი სამი თვიდან ატარეთ ვეტერინართან, რათა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდოს და პროფესიონალის რეკომენდაციისამებრ მოუაროთ. ეს იქნება საუკეთესო თავდაცვა ისეთი დაავადებებისგან, როგორიც ექინოკოკოზია.