სპაზმი ქირურგიაში

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მუცლის ღრუში აღმოცენებული სპაზმისა თუ ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური პრეპარატების მიღება დაუშვებელია!
გაგაცნობთ რამდენიმე ყველაზე მეტად გავრცელებულ ქირურგიულ დაავადებას, რომლებსაც სპაზმი და მისგან გამოწვეული ტკივილები ახასიათებს.
* ნაწლავთა გაუვალობა. ახასიათებს ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დარღვევა ნაწლავის ფუნქციის დარღვევის, ზეწოლის ან ნაწლავის ღრუს შევიწროების გამო. განასხვავებენ ნაწლავთა მექანიკურ და დინამიკურ (სპაზმურ და პარალიზურ) გაუვალობას. სპაზმური გაუვალობა შედარებით იშვიათია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნაწლავის ერთი ან რამდენიმე უბნის, კედლის კუნთების შეუპოვარი სპაზმის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ასკარიდოზი (ასკარიდების მიერ გამოყოფილი შხამების ადგილობრივი მოქმედების გამო);
- ტყვიით მოწამვლა;
- უცხო სხეულით ნაწლავის კედლის გაღიზიანება;
- უხეში საკვები;
- ანთებადი უბნის რეაქცია.
შემდგომ სპაზმი შესაძლოა მთელი ნაწლავის პარეზით (ნაწილობრივი დამბლით) ან დამბლით შეიცვალოს. ნაწლავთა გაუვალობის სპაზმური ფორმისთვის დამახასიათებელია სიმპტომების მძაფრი განვითარება მანამდე, ვიდრე ნაწლავის ჰიპერმოტორიკის რეაქცია არ გამოიფიტება და ამ რეაქციის სრული დათრგუნვით არ შეიცვლება. ეს მით უფრო მალე ხდება, რაც უფრო ძლიერია სპაზმური შეტევა. ნაწლავთა მწვავე გაუვალობის ნიშნებია: მუცლის შებერილობა (თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ის არ ვითარდება); მუცლის მოვლითი ტკივილები; გულისრევა და ღებინება; აირებისა და განავლის შეკავება.
მსგავსი სიმპტომების გაჩენისას და, საზოგადოდ, მუცლის ღრუში ტკივილის არსებობისას აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში. სახლის პირობებში პასიური მეთვალყურეობა დაავადების ნიშნებს ცვლის, მდგომარეობის გაუმჯობესება კუჭის გამორეცხვის ან ზონდის შეყვანის, სპაზმოლიტიკების, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების, გამწმენდი ოყნების გამოყენების შემდეგ ქმნის გამოკეთების ილუზიას, ამის გამო ავადმყოფის კლინიკაში გადაყვანა გვიანდება და პროგნოზი მძიმდება. რაც უფრო ადრე მივიყვანთ ავადმყოფს ქირურგიულ განყოფილებამდე, მით უფრო უკეთესია საბოლოო შედეგი.
ნაწლავთა გაუვალობის მკურნალობა საკმაოდ რთულია და კონსერვატიულთან ერთად ქირურგიულ მეთოდებსაც მოიცავს. სპაზმური გაუვალობის დროს უმთავრესად ანტისპაზმური თერაპია, პარანეფრალური ბლოკადა ტარდება. მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.
* მწვავე პანკრეატიტი. პანკრეატიტს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებებს შორის, რადგან იწვევს ძლიერ ტკივილს და უმძიმეს ოპერაციისშემდგომ გართულებებს. ადამიანი, რომელსაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, ჯობს ექიმის ყველა რეკომენდაციას დაემორჩილოს, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაიცვას დიეტა, რადგან ალტერნატივა ქირურგიულ განყოფილებაში მოხვედრა და სერიოზული გართულებებია.
ყველა, ვისაც უკვე დაუსვეს მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი ან მას ეჭვობენ, სასწრაფოდ უნდა იქნეს გადაყვანილი ქირურგიულ განყოფილებაში. სანამ ავადმყოფს საავადმყოფომდე მიიყვანენ, მთელი ძალისხმევა ტკივილით გამოწვეულ შოკთან ბრძოლისკენ უნდა იყოს მიმართული. ამისთვის საჭიროა: სრული შიმშილი (შესაძლოა, სასწრაფო დახმარების ექიმმა ზონდის საშუალებით ამოქაჩოს ადრე მიღებული საკვები); მუცლის ზედა ნაწილში ცივის დადება, რათა შემცირდეს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა;
პანკრეასის მიდამოში სპაზმის მოსახსნელად ენის ქვეშ 1-2 წვეთი ნიტროგლიცერინის დაწვეთება ან კუნთებში სპაზმის მომხსნელი პრეპარატის (პაპავერინი, ნო-შპა და სხვა) შეყვანა. რაც უფრო ადრე დაიწყება სპაზმოლიტიკური პრეპარატების გამოყენება, მით უფრო ნაკლებია ჯირკვლის ნეკროზის (კვდომის) ალბათობა. სასწრაფო დახმარების ექიმი ასევე ვალდებულია, პაციენტს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი გაუკეთოს.
ბოლო ხანს ქირურგიულ განყოფილებებში უმთავრესად მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდებს იყენებენ. თუ ისინი უეფექტო აღმოჩნდა, მაშინ საქმეში ქირურგიული მკურნალობა ერთვება.
* პილოროსპაზმი მიეკუთვნება კუჭის ფუნქციურ დარღვევებს, რომლებითაც ზრდასრული მოსახლეობის 30% იტანჯება. პილოროსპაზმი პილორუსის ანუ იმ ადგილის სპაზმია, რომელიც კუჭის თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლის ადგილას მდებარეობს. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად ნევროზით დაავადებულებს შორის გვხვდება.
საკვების მიღების დროს ან მიღებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მუცლის ზედა ნახევარში ტკივილი წარმოიშობა და იწყება ღებინება საკვების უხვი მასებით. ასეთ დროს ბევრი პაციენტი მკვეთრად იკლებს წონას, რადგან მიღებული საკვები ვერ ასწრებს გადამუშავებას, ხოლო ორგანიზმი, შესაბამისად, მის შეთვისებას.
პილოროსპაზმის დიაგნოსტიკისთვის და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ორგანული დაავადებების გამოსარიცხად აუცილებლად უნდა ჩატარდეს ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევა. ამ დაავადებების არარსებობის შემთხვევაში პილოროსპაზმის მკურნალობა, წესისამებრ, ნევროზების მკურნალობის პრინციპით ხორციელდება.
* ბუასილის კვანძების მწვავე თრომბოზი. ბუასილის კვანძების მწვავე თრომბოზი გავრცელებული დაავადებაა. ის შეიძლება იყოს როგორც ქრონიკული ჰემოროის გართულება, ისე პირველადი პროცესი, რომლის დასაწყისსაც აღნიშნავს პაციენტი. კვანძების თრომბოზს ხშირად ხელს უწყობს ანალური სფინქტერის სპაზმი, რომელიც ანალური არხის ქსოვილების ტკივილით გაღიზიანების შედეგად წარმოიშობა. სპაზმის შედეგად გამოვარდნილ კვანძებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა. ეს იწვევს კვანძებში სისხლის შეგუბებას, მათ გადიდებას, რის გამოც მათი ჩასწორება ვერ ხერხდება, ტკივილის სინდრომის გაძლიერებასა და ქსოვილების შეშუპებას.
დაავადება მწვავედ იწყება, ჩვეულებრივ, გაჭინთვის შემდეგ. სპაზმის გამო განვითარებული ტკივილის სინდრომი მკვეთრია, ხშირად გაუსაძლისი. დიაგნოზი აშკარაა, თუ ექიმი ხედავს მტკივნეულ მუქ ალუბლისფერ შიდა გამოვარდნილ ჰემოროიდულ კვანძებს. შესაძლოა, განვითარდეს ნეკროზი (ქსოვილების კვდომა) და სისხლდენა.
ამიტომ ჰემოროის პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მკურნალობა. ამ შემთხვევაში დაავადებასთან ერთად მის გართულებებსაც სწრაფად, უმტკივნეულოდ და ეფექტურად მოიშორებთ.