ქალის ორგანიზმის თავისებურებანი
და ჰორმონული განსხვავებანი კანის სტრუქტურასა და ფუნქციებზეც პოვებს ასახვას. მათ სხეულში ყველაფერი ცხოვრების განსხვავებული წესისა და დანიშნულების მიხედვით მიმდინარეობს.
-
კანის თავისებურებანი
სისქე - ქალის კანი უფრო თხელია, ვიდრე მამაკაცისა და ეს მაშინ, როცა კანქვეშა ცხიმოვანი შრე ქალებს გაცილებით დიდი აქვთ. ეს განსხვავება მთელი სიცოცხლე (5-დან 90 წლამდე) გრძელდება. 50 წლამდე ქალის კანი, პრაქტიკულად, უცვლელია. ის სისქეში 50 წლის შემდეგ იკლებს, მამაკაცებში კი კანის სისქის ტალღოვანი შემცირების ტენდენცია უკვე 12 წლის ასაკიდან იჩენს თავს. კანქვეშა ცხიმოვანი შრე - როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალებს ის გაცილებით დიდი აქვთ. 6-დან 12 წლამდე ორივე სქესის წარმომადგენლებს კანქვეშა ცხიმის მასა 3-ჯერ ეზრდებათ, სხვა დანარჩენი ორგანოებისა კი - მხოლოდ 2-ჯერ. 12 წლის შემდეგ გოგონების კანქვეშა ცხიმოვანი შრე ზრდას განაგრძობს, მამრობით ორგანიზმს კი ეს არ ახასიათებს. სქესობრივი განსხვავებით არის განლაგებული ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის სხვადასხვა ნაწილზეც. ძლიერ სქესს ის უპირატესად მუცლისა და სხეულის ზედა ნაწილში აქვს კონცენტრირებული, სუსტ სქესს კი - სხეულის ქვედა ნაწილში, თეძოებსა და ბარძაყებზე.
ქალის ცხიმოვანი ქსოვილის 10-12% მკერდზე, თეძოებსა და მენჯის ზედაპირზეა თავმოყრილი. ეს რეპროდუქციული ორგანოებისა და ჩანასახის დასაცავად თვით ბუნების მიერ შექმნილი ჯავშანია.
ცნობილია, რომ ასთენიური აგებულების მქონე ქალების კანქვეშა ცხიმიც კი გაცილებით სჭარბობს მამაკაცებისას.
შედგენილობა - კანის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ცილა კოლაგენია. მამაკაცების კანი გაცილებით მეტ კოლაგენს შეიცავს, ვიდრე ქალისა, რაც მათ სხეულში ანდროგენების მეტი შემცველობით აიხსნება.
ასაკის მატებასთან ერთად კოლაგენის ოდენობა ორივე სქესის წარმომადგენელთა ორგანიზმში ერთნაირად იკლებს და რაკი ქალებს ის თავიდანვე ნაკლები ჰქონდათ, ასაკის კვალდაკვალ ეს სხვაობა კიდევ უფრო იზრდება, თუმცა ამას მდედრი ორგანიზმისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვს - სწორედ კოლაგენის ნაკლები შემცველობის გამო გამოიყურებიან თანატოლ მამაკაცებზე გაცილებით ახალგაზრდულად იმავე ასაკის ქალბატონები.
ბიოქიმიური შემადგენლობა - სქესობრივი დიმორფიზმი მიკრო და მაკროელემენტების განსხვავებული კონცენტრაციით ვლინდება. ასაკთან ერთად ქალის კანსა და თმაში საგრძნობლად იმატებს სპილენძის შემცველობა, რაც საერთოდ არ აღენიშნებათ მამაკაცებს.
ელასტიკურობა - ქალის კანის დაჭიმვის ხარისხი მამაკაცისაზე გაცილებით მაღალია, ელასტიკურობა კი - დაბალი. ქალის კანის ელასტიკურობას უმთავრესად ტენიანობა და მენსტრუაციული ციკლის ფაზა განსაზღვრავს. ესტროგენები ხელს უწყობს კანში ჰიალურონის მჟავას კონცენტრაციის მატებას, რაც ესტროგენულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით კანში წყლის შემცველობას და, შესაბამისად, მის ელასტიკურობას ზრდის. კანი მაქსიმალურად ელასტიკურია მენსტრუაციის წინა პერიოდში.
გაღიზიანებადობა და ტკივილის შეგრძნება - როგორც გაღიზიანების, ისე ტკივილის შეგრძნების ზღურბლი ქალებს გაცილებით მაღალი აქვთ.
მიკროჰემოცირკულაცია - ჰორმონული ფაქტორები კანის სისხლმომარაგებაზეც ახდენს გავლენას. სისხლძარღვოვანი დაავადებები უფრო მეტად ქალებს ემართებათ და ყველაზე ხშირად ეს რეპროდუქციულ პერიოდს ემთხვევა. არცთუ იშვიათად შეინიშნება სისხლძარღვოვანი მზადების დაქვეითება ორსულობის პერიოდშიც, რაც სისხლძარღვების კედლებზე ქალის სასქესო ჰორმონთა ზემოქმედების ბრალია.
მენსტრუაციული ციკლის მიმდინარეობისას კანში სისხლის ცირკულაცია განუწყვეტლივ იცვლება: ლუთეინურ ფაზაში ის გაცილებით ნაკლები ინტენსივობით მიმდინარეობს, სისხლის მაქსიმალური დინება პრეოვულაციურ ფაზას ახასიათებს.
ფერი - ქალებს კანი შედარებით ბაცი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, რასაც სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს:
- ჰორმონთა გავლენა;
- მელანინის, ჰემოგლობინისა და კაროტინის შემცველობა;
- მზის გამოსხივების ინტენსიური ზემოქმედება და განსხავავებული რეაგირება.
ასაკთან ერთად კანის ფერიც იცვლება. მამაკაცებს ის უფრო უმუქდებათ, ვიდრე ქალებს. ორივე სქესის სასქესო ჰორმონები, ესტროგენებიცა და ანდროგენებიც, იწვევს კანის გამუქებას და ზრდის მელანოციტების რაოდენობას, მაგრამ რაკი მზის სხივების სუმარული მოქმედება განსხვავებულია, ამიტომ მზის სხივების გავლენით დროთა განმავლობაში მამაკაცის კანი უფრო მუქდება, ვიდრე ქალის.
თმა - სხეულზე თმის განლაგება რომ განსხვავებულია, ამაზე აღარ შევჩერდებით. რაც შეეხება თმის სისქეს, ცნობილია, რომ ზამთარში გაცილებით სქელია ქალის თმა, ზაფხულში კი - მამაკაცისა. ასევე განსხვავებულია ის ადგილები, რომლებიც თმის ცვენისას განსაკუთრებით ზიანდება.
საოფლე ჯირკვლები - ამ ჯირკვალთა აქტიურობას თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ანდროგენული სტეროიდები და სასქესო ჰორმონები განაპირობებს.
20-დან 69 წლამდე საოფლე სეკრეცია მამაკაცებს გაცილებით ინტენსიური აქვთ, თუმცა 15-დან 19 წლამდე ეს განსხვავება არ აღინიშნება, 50-დან 70 წლამდე კი კვლავ მამაკაცების სასარგებლოდ იმატებს - მათ ორგანიზმში ოფლის სეკრეცია, პრაქტიკულად, ძველებურად მიმდინარეობს, ქალებს კი რეპროდუქციული აქტივობის დაქვეითების პარალელურად საგრძნობლად უმცირდებათ.
-
ჩონჩხი
ქალისა და მამაკაცის სხეულებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ქალს მამაკაცზე ვიწრო მხრები, მოკლე ხელები და წვრილი ძვლები აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალის ჩონჩხზე კუნთებისთვის გაცილებით ნაკლები ადგილია გამოყოფილი.
მდედრი სხეულის კუნთოვანი ქსოვილის მასა მთელი სხეულის 30 პროცენტს შეადგენს, მამრებს კი ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტი აქვთ. ასეთი დიმორფიზმის მიზეზიც ესტროგენებია, რომლებიც ზრდის ზონებზე ზემოქმედებენ და ქალის ზრდას 14-15 წლის ასაკში აჩერებენ, მაშინ როცა მამაკაცის სხეული ზრდას 20 წლამდე განაგრძობს.
ქალის ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესში ესტროგენები იმით არიან დაკავებულნი, რომ სამარქაფო საწვავის სახით კანქვეშ დიდი ოდენობით ცხიმი დააგროვონ, ანდროგენები კი ამ დროს ჩონჩხის კუნთების ზრდას უწყობენ ხელს. აი, ამიტომ აქვთ ქალებს გაცილებით მეტი კანქვეშა ცხიმი და ნაკლები კუნთოვანი ქსოვილი. გარკვეული ოდენობის ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმშიც წარმოიქმნება, ისევე, როგორც მამაკაცისაში - ესტროგენები. ეს რაოდენობა გენეტიკურად გახლავთ განპირობებული. ამიტომ არის, რომ ზოგიერთი ქალის კუნთოვანი სისტემა აგებულებით მეტად ჰგავს კაცისას, მაგრამ ქალების უმრავლესობა, რაგინდ ივარჯიშონ, ვერაფრით მიაღწევს ისეთივე კუნთოვან მასას, როგორიც მამაკაცებს აქვთ.
-
ქალის სასქესო სისტემა
ქალის სასქესო სისტემა გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებად იყოფა. გარეთა სასქესო ორგანოებია ბოქვენი, დიდი და მცირე სასქესო ბაგეები, საშოს შესავალი და საქალწულე აპკი, ბერთოლეს ჯირკვლები, კლიტორი და შარდსაწვეთის გარეთა არხი. შიგნითა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება საშო, საშვილოსნო, ფალოპის მილები და საკვერცხეები. ჰიგიენური ნორმები და დაავადების საწინააღმდეგო პროფილაქტი-კურ ღონისძიებათა უმრავლესობა თანაბრად ითვალისწინებს როგორც გარეთა, ისე შიგნითა სასქესო ორგანოების დაცვას, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საშოს ჰიგიენურ მოვლას, ვინაიდან ის გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებს შორის მდებარე ერთგვარ საზღვარს წარმოადგენს და სწორედ მისი საშუალებით იჭრება ორგანიზმში აღმავალი ინფექცია.
-
საშო
საშო საქალწულე აპკის უკნიდან იწყება. ეს 8-9 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სიგანის კუნთოვანი მილია, რომელიც მცირე მენჯის ღრუში მდებარეობს. საშო რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: მასში თავსდება მამაკაცის სასქესო ასო, საშვილოსნოს ყელთან ერთად იგი ქმნის სამშობიარო გზებს და შიგნითა სასქესო ორგანოებს გარეგანი დაზიანებისგან იცავს. საშოს კედლები შიგნიდან დაფარულია ნაზი, სათუთი და ინფექციებისადმი მეტად მგრძნობიარე ლორწოვანი გარსით. ლორწოვანი გარსი რამდენიმე შრედ განლაგებული ეპითელური უჯრედებისგან შედგება, რომლებშიც ცხოველური სახამებელი - გლიკოგენი გროვდება.
საშოს ლორწოვან გარსზე ყოველთვის სახლობენ რძემჟავა ბაქტერიები (საშოს ჩხირები), რომელთა წყალობითაც გლიკოგენისგან რძემჟავა წარმოიქმნება, ასე რომ, საშოში ყოველთვის მჟავა არეა, რომელიც დამღუპველად მოქმედებს დაავადებების გამომწვევ იმ მიკროორგანიზმებზე, რომლებსაც ქალის სასქესო ორგანოთა აგებულების გამო საშოდან საშვილოსნოში, საშვილოსნოს მილებსა და მუცლის ღრუში მოხვედრაც კი შეუძლიათ. საკვერცხეთა ზოგიერთი ფუნქციის დარღვევისას გლიკოგენის წარმოქმნა მცირდება. შესაბამისად, იკლებს რძემჟავას წარმოქმნაც და საშოს მჟავა გარემო ტუტეთი იცვლება, ეს კი ხელს უწყობს დაავადებათა გამომწვევი მიკრობების გამრავლებას და ანთებითი პროცესების განვითარებას.
ამის მიხედვით, განასხვავებენ საშოს მდგომარეობის 4 ხარისხს:
- I ხარისხი - ლორწოვან გარსზე მხოლოდ საშოს ჩხირები და ეპითელური უჯრედებია, რეაქცია კი მჟავაა;
- II ხარისხი - საშოს შიგთავსში მოიპოვება ერთეული ლეიკოციტები და ცალკეულ დაავადებათა გამომწვევი მიკრობები, საშოს ჩხირები ზომიერი რაოდენობითაა, ეპითელური უჯრედები კი - მეტი; ფრაქცია - მჟავა;
- III ხარისხი - საშოს ჩხირები ერთეულია, ჭარბობს ლეიკოციტები და დაავადების გამომწვევი მიკრობები, რეაქცია სუსტი ტუტოვანია;
- IV ხარისხი - საშოს ჩხირები არ არის, ბევრია ლეიკოციტი და დაავადების გამომწვევი მიკრობი, რეაქცია - ძლიერ ტუტოვანი. მესამე და მეოთხე ხარისხები ქალის სასქესო სისტემის დაავადების მაუწყებელია.
ნორმაში საშოში ყოველთვის არის უმნიშვნელო რაოდენობის თეთრი გამონადენი, თუმცა ჯანმრთელი ქალი, რომელიც რეგულარულად იცავს ჰიგიენურ ნორმებს, ამ გამონადენს პრაქტიკულად ვერ ამჩნევს.
-
მენსტრუაციული ციკლი
ჯანმრთელ, არაორსულ ქალს ახასიათებს სასქესო ორგანოებიდან პერიოდული სისხლდენა 3-5 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც დაახლოებით 50-200 მლ სისხლი იკარგება. აქედან სუფთა სისხლი მხოლოდ 50-100 მლ-ია. დანარჩენი საშვილოსნოს ჯირკვალთა სეკრეტია, რომელიც უხვად შეიცავს აქერცლილი ლორწოვანი გარსის ნაწილებს. მენსტრუაციულ სისხლს შედედების უნარი არ გააჩნია, ვინაიდან საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სეკრეტშია განზავებული და შეიცავს სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას.
ნორმალური მენსტრუაციული ციკლი 21-35 დღე გრძელდება, თუმცა ქალთა უმრავლესობას 28-დღიანი ციკლი აქვს. ნორმაში მენსტრუაციას თან არ სდევს ძლიერი ტკივილი, თუმცა ახასიათებს თვითშეგრძნების ოდნავი გაუარესება. მეტად რთულ ანატომიურ-ფუნქციურ თავისებურებათა გათვალისწინებით, ბუნებრივია, მეტად მრავალმხრივია იმ ჰიგიენურ ღონისძიებათა სპექტრიც, რომელთა დაცვა გოგონას დაბადებისთანავე იწყება.