როგორ მოვუაროთ კანს ორსულობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ კანს ორსულობისას

- კანის დაავადებათა ეტიოლოგია და პათოგენეზი მეტად მრავალფეროვანია. ვინაიდან კანი გარეთა საფარველია და მასზე მუდმივად მოქმედებს გარემოს სხვადასხვა ფაქტორი და არამარტო, კანი ხშირად განიცდის პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებს უკავშირდება. კანის დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ინფექციურმა აგენტმა, როგორც ბაქტერიებმა, ისე ვირუსებმა, ასევე პათოგენურმა სოკომ და ცხოველურმა პარაზიტებმა, მაგრამ არსებობს დაავადებების მთელი რიგი, რომლებიც კანისა და მისი დანამატების მნიშვნელოვან მეტაბოლურ და ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევენ ორსულობის პერიოდში.

- რატომ ხდება სწორედ ორსულობისას ამგვარი ცვლილებები?

- ორსულობა ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესია და ნებისმიერი დაავადება, არასწორი კვება, ცხოვრების წესი და წამლის მიღება გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებასა და მის ჯანმრთელობაზე.

არსებობს ორსულობის თანმდევ დაავადებათა კლასიფიკაცია:

  • კანის ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობის დროს;
  • კანის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც რთულდება ორსულობის დროს;
  • კანის სიმსივნეები, რომელთა ზრდაც ჩქარდება ორსულობის დროს, და ორსულობისთვის სპეციფიკური კანის დაავადებები.

ორსულობის დროს კანის ფიზიოლოგიური ცვლილებები უკავშირდება სისხლში ქორიონული გონადოტროპინის, პროგესტერონის, ესტროგენებისა და ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის სიჭარბეს.

- როგორ შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული ცვლილებები კანზე?

- ეს ცვლილებები კანზე გამოხატულია სტრიების, ფიბრომების, სხვადასხვა პიგმენტაციებისა და აკნეს სახით.

ორსულობის დროს ირღვევა ცილოვანი ბალანსი, კანი თხელდება და კარგავს სიმკვრივეს, ამის შემდეგ წარმოიქმნება სტრიები, ისინი ჩნდება მუცელზე, ბარძაყებზე, მკლავებსა და მკერდზე. ახალგაჩენილ სტრიებს მოვარდისფრო-მოიისფრო ელფერი აქვს. დროთა განმავლობაში სტრიები ფერმკრთალდება.

- როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- ორსულობისას კანს სათანადო მოვლა უნდა, უპირველესად, უნდა ერიდონ წონის განსაკუთრებულ მატებას, მუდმივად დაიტენიანონ კანი კოლაგენის, ელასტინის, A, ჩ, E ვიტამინების შემცველი კრემებით. ისინი არაჩვეულებრივად ატენიანებენ კანს, ამკვრივებენ და ამცირებენ სტრიების წარმოქმნას. ამ კრემების მთელ სხეულზე წასმა ყოველდღიური შხაპის შემდეგ სჯობს. რა თქმა უნდა, ეს პანაცეა არ არის, მაგრამ პრევენციისთვის მიზანშეწონილია.

- თქვენ ორსულობისას აკნეს პრობლემა ახსენეთ. რა იწვევს, როგორ ვლინდება და რამდენად შესაძლებელია აკნეს პრევენცია?

- ორსულთა აკნე ჰორმონთა დიდი შემცველობის გამო ცხიმოვანი ჯირკვლის მიერ კანის ცხიმის ჰიპერფუნქციის შედეგია. აკნე ლოკალიზებულია კანის ცხიმოვანი ჯირკვლებით მდიდარ უბნებზე: სახეზე, გულმკერდსა და ზურგის ზედა მესამედში.

კლინიკურად წარმოდგენილია დახურული და ღია კომედონების, პაპულების, პუსტულებისა და კვანძების სახით. რადგან ამ დროს ცხიმის ჭარბი სეკრეცია ხდება, მოსავლელად საჭიროა ხშირი დაბანა ცხიმის მშთანთქმელი დასაბანი გელებით, ასევე კანის ადგილობრივი თერაპია მალამოებით, გელებით, ლოსიონებით, რომლებსაც ანტიკომედონური, ცხიმის გამოყოფის შემამცირებელი და ანთების საწინააღმდეგო ჩვენება აქვს.

მოერიდეთ ნახშირწყლებისა და რძის ნაწარმის მიღებას, ხელი არ ახლოთ გამონაყარს, კანი რომ არ დაზიანდეს და ინფექცია არ გავრცელდეს.

- რამდენად ხშირია ორსულთა კანის ქავილი და როდის ვლინდება ის?

- ნებისმიერი დაავადება ორსულებისთვის მძაფრად აღსაქმელია, განსაკუთრებით კი ქავილი, რომელიც თრგუნავს გუნება-განწყობას, იწვევს გაღიზიანებას, უძილობას და ა.შ. ორსულთა კანის ქავილი შეიძლება გამოვლინდეს როგორც დასაწყისში, ასევე ბოლო ტრიმესტრში. ქავილს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. თუ ის გამოწვეულია ფიზიოლოგიური ცვლილებებით, მისი ამოცნობა ძნელი არ არის, იგი ორსულთა ადრეული ჰესტოზების იშვიათ ფორმებს მიეკუთვნება. მოიცავს მუცლის, ბარძაყების, ზედა კიდურების კანს. ეს არის დერმატოზი, რომელიც ვლინდება ერითემული პაპულების სახით, ზეწოლისას ქრება და იწვევს ძლიერ ქავილს. დაავადების დიაგნოსტირება ექიმის პრეროგატივაა, რომლის შედეგაც ინიშნება როგორც გარეგანი, ისე პერორალური პრეპარატები.

ორსულთა მორეციდივე ქოლესტაზი ძლიერი ქავილით მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც ვითარდება ნაღვლის შეგუბება - ე.წ. ქოლესტაზი. სისხლში იმატებს ნაღვლის მჟავების შემცველობა. ხშირ შემთხვევაში ვითარდება სიყვითლე, რაც განპირობებულია ბილირუბინის რაოდენობის მომატებით სისხლში. ძირითადად ქავილი იწყება ფეხისა და ხელის გულებიდან, რის შემდეგაც ვრცელდება მთელს სხეულზე. ქავილის გამო კანზე ხშირად შეინიშნება მრავლობითი ექსკორიაციები (ნაკაწრები).

ორსულთა ჰერპესი, ანუ პემფიგოიდი, იშვიათი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ვლინდება ძირითადად მეორე ან მესამე ტრიმესტრში, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს პირველ ტრიმესტრშიც და მშობიარობის შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი ბუშტუკოვანი, ბულოზურია და ჰგავს ჰერპესის, ჰერპესვირუსთან კავშირი არ აქვს. გამონაყარი იწყება ჭიპის გარშემო და შემდეგ ვრცელდება მთელს სხეულზე. არ აზიანებს სახეს და ლორწოვან გარსს.

ქავილის მიზეზი შეიძლება გახდეს კანის დაჭიმვით, მუცლის არეში მისი გაწელვით გამოწვეული კანის სიმშრალე.

ორსულთა ქავილის მიზეზის დასადგენად აუცილებელია გამოირიცხოს ქავილის სხვა მიზეზებიც: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჭიებით ინვაზია, მედიკამენტებზე ან საკვებზე ალერგიული რეაქციები და ა.შ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ განწყობას და ანამნეზში ქრონიკულ დაავადებებს.

- როგორ და რა საშუალებებით უნდა ვუმკურნალოთ ორსულობისას კანის სხვადასხვა პრობლემასა თუ დაავადებას?

- ორსულობის დროს მედიკამენტების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო. ნაყოფს რომ ზიანი არ მიადგეს, მედიკამენტის დანიშვნამდე უნდა შეფასდეს რისკი, რომელიც ახლავს კონკრეტული მედიკამენტის გამოყენებას. წამლები ორსულობის ნებისმიერ პერიოდში საზიანოა ნაყოფისთვის, ზიანის ხარისხი კი დამოკიდებულია მედიკამენტის სახეობაზე, დოზასა და გამოყენების ხანგრძლივობაზე. ამერიკული კლასიფიკაცია გამოირჩევა განსაკუთრებული სიმკაცრით. არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც პრეპარატები დაყოფილია კატეგორიებად და მათი მიღება ორსულს შეუძლია ექიმის გადაწყვეტილებით.

ჰიგიენის დაცვა აუცილებელია, რაც გულისხმობს ყოველდღიურად შხაპის მიღებას არაკოსმეტიკური საპნებით. საჭიროა სწორად შეირჩეს გელები შხაპისთვის (კანის ტიპის მიხედვით).

მშრალი კანისთვის უმჯობესია დასაბანი გელები, რომელთა შემადგენლობაშიც არ არის საპონი. ცხიმიანი კანისთვის კი ანტიბაქტერიული, ცხიმის ჭარბად მშანთქმელი გელები სჯობს.

კრემები კინეიტრალური და უსუნო უნდა იყოს. სასურველია სპეციალურად ორსულებისთვის შექმნილი დამატენიანებელი ლოსიონების გამოყენება, ეს ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში. კრემის წასმა სასურველია შხაპის მიღების შემდეგ.

აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება, რომელიც დადებითად აისახება ორსულის კანის მდგომარეობაზე. ორსულის რაციონში უნდა შეიზღუდოს ძლიერ ალერგიული პროდუქტები: ძროხის რძე, კაკაო, თაფლი, კენკრა, შოკოლადი, ღორის ხორცი.

ერიდეთ სინთეტიკური სამოსისა და საცვლების ჩაცმას. სამოსი უნდა იყოს ბამბის, რაც ამცირებს კანის ტრავმებს და შესაბამისად, ქავილის რისკსაც. ორსულებისთვის სასურველია ხშირი სეირნობა სუფთა ჰაერზე და სტრესის არიდება.

თუ ქავილს მხოლოდ ფიზიოლოგიური ცვლილებები იწვევს, გახსოვდეთ, რომ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს ნაყოფზე. როგორც წესი, მშობიარობიდან ერთი თვის მანძილზე ქავილის შეგრძნება და დისკომფორტი უკვალოდ ქრება.

ჯანმრთელი დედა ჯანმრთელი ბავშვის დაბადების საწინდარია!