როგორ მოვუაროთ სამკაულს
ითვლება ბრწყინვალების დაკარგვა, ნაკაწრები, მექანიკური დაზიანებები და დეფექტები. სერიოზული მექანიკური დეფექტების აღმოფხვრა მხოლოდ კვალიფიციურ იუველირს თუ ხელეწიფება, ამიტომ სჯობს, თავი დავიზღვიოთ და უსიამოვნო სიურპრიზები თავიდან ავიცილოთ.
-
მაინც როგორ მოვუაროთ ძვირფასი ლითონის ნაკეთობებს და როგორ ვებრძოლოთ წამოჭრილ პრობლემებს?
შინ დაბრუნებისას სჯობს, სამკაულები მოიხსნათ, მით უმეტეს, თუ საოჯახო საქმე გაქვთ გასაკეთებელი. საიუველირო ნაკეთობები მოიხსენით მაშინაც, თუ აპირებთ რომელიმე კოსმეტიკური საშუალების (კრემის, ლოსიონის) წასმას - ის შეიძლება შეიცავდეს ნივთიერებებს, რომლებიც არასასურველ ზემოქმედებას ახდენს ძვირფას ლითონზე. მაგალითად, საცხებს, რომლებიც ვერცხლისწყლისა და მარილების საფუძველზეა დამზადებული, შეუძლია, არა მარტო ფერი უცვალოს ოქროს სამკაულს, არამედ ნაწილობრივ დაშალოს კიდეც ნაკეთობა.
-
თუ სამკაული მეტისმეტად გაჭუჭყიანდა, წყალში გახსენით ჭურჭლის სარეცხი საშუალება და სამკაული მასში მოათავსეთ. ამ ხსნარში ნაკეთობის დატოვება შეგიძლიათ რამდენიმე საათის განმავლობაში. კარგი იქნება, თუ დროდადრო ჭურჭელს შეანჯღრევთ.
-
თუ ოქროს ან მოოქრული ნაკეთობა დროთა განმავლობაში გამუქდა, ჩვეულებრივი ხახვის წვენით გაწმინდეთ და 1,5-2 საათს დატოვეთ. შემდეგ ამოავლეთ საპნიან წყალში, გაავლეთ სუფთა წყალში და გააპრიალეთ.
-
სამკაულისთვის ბრწყინვალების დაბრუნება შეიძლება სხვა მეთოდითაც: ოქროს ნივთი გარეცხეთ საპნიან წყალში, რომელსაც დამატებული აქვს ნიშადურის სპირტი (1/2 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). შემდეგ გაავლეთ სუფთა წყალში და გააშრეთ.
-
თუ ნაკეთობა თვლებით არის შემკული, მაშინ პროპორცია ასეთია: 6 წვეთი ნიშადურის სპირტი 1 ჩაის ჭიქა წყალზე. ძეწკვი შეიძლება ჩააგდოთ საპნიან წყლიან ბოთლში და მანამდე ანჯღრიოთ, ვიდრე არ გასუფთავდება, შემდეგ დადოთ პირსახოცზე და გააშროთ.
-
ყველაზე მეტი მტვერი, როგორც წესი, ქვის ქვეშ გროვდება. აიღეთ ბამბა, დაახვიეთ ჩხირზე, დაასველეთ ოდეკოლონში ან გლიცერინში (შეიძლება აგრეთვე მაგნეზიისა და ნიშადურის სპირტის ნარევის გამოყენება) და ფრთხილად გაწმინდეთ ქვა და მისი ბუდე ზემოდანაც და ქვემოდანაც. შემდეგ ნაკეთობა ფლანელის ან ნატის ნაჭრით გააპრიალეთ. არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ ბუდე წვეტიანი და მჭრელი საგნით - ასე ქვას დააზიანებთ.
-
როგორ მოვუაროთ პლატინის სამკაულებს?
პლატინა საკმაოდ მტკიცე ლითონია. ის, სხვა ძვირფასი ლითონებისაგან განსხვავებით, არასოდეს ცვდება. გაკაწვრისას ოქროს ნაკეთობა კარგავს ლითონის ნაწილაკებს, პლატინა კი იმდენად მტკიცეა, რომ მისი გაკაწვრისას დანაკარგს ადგილი არ აქვს, ამიტომ ამ ლითონის ნაკეთობებს ნაკლებ სათუთი მოვლა სჭირდება, თუმცა ურიგო არ იქნება, თუ პლატინის სამკაულს დროდადრო იუველირს წაუღებთ პროფესიული გასუფთავებისა და შემოწმებისთვის.
-
როგორ მოვუაროთ მარგალიტს?
მარგალიტი უნდა დავიცვათ გამოშრობისგან, ხშირად ვატაროთ, ზოგჯერ გავრეცხოთ თბილ საპნიან წყალში და გავამშრალოთ რბილი ნაჭრით. მარგალიტის სამკაულები უმჯობესია შევინახოთ სხვა სამკაულებისგან განცალკევებით, რბილ კოლოფში. რეკომენდებულია, გავიკეთოთ მაკიაჟიდან 10 წუთის შემდეგ.
-
როგორ მოვუაროთ ძვირფასეულობას აგარაკზე?
თუ შვებულების ზღვაზე გატარებას აპირებთ და ძვირფასი სამკაულებიც თან მიგაქვთ, პლაჟზე ნუ გაიკეთებთ - მარილიანმა წყალმა შესაძლოა ნაკეთობა დააზიანოს.
-
როგორ მოვუაროთ ვერცხლის ნივთებს
ვერცხლის ნაკეთობები დროთა განმავლობაში კარგავს მიმზიდველ ბრწყინვალებას - ჰაერთან ზემოქმედების შედეგად ძვირფასი ლითონი იჟანგება და ნაკეთობა მუქდება.
-
ნივთებისთვის პირვანდელი ბრწყინვალების დაბრუნება ძნელი არ არის: სამკაული ჩაუშვით საპნიან წყალში, შემდეგ სუფთა წყალი გადაავლეთ და რბილი ნაჭრით გააპრიალეთ. მეტისმეტად გამუქებული ვერცხლის ნივთები შეიძლება გაწმინდოთ ფლანელის ნაჭრითა და საჭმელი სოდით ან კბილის საწმენდი ფხვნილით, შემდეგ გარეცხოთ სუფთა წყლით და გაამშრალოთ.
-
არსებობს სხვა ხერხიც: ვერცხლის ნივთები 10 წუთით ჩაუშვით კარტოფილის ნახარშში. მელქიორისა და ვერცხლის ჭურჭელი შეგიძლიათ შემდეგნაირად გაწმინდოთ: მდუღარე ხსნარში (1 სუფრის კოვზი მარილი, 2 კვერცხის ნაჭუჭი, 1 ლიტრი წყალი) 15 წამით ჩაუშვით ნაკეთობა, შემდეგ კარგად გარეცხეთ და რბილი ნაჭრით გაამშრალეთ.