როგორ ვებრძოლოთ ცელულიტს
ჩაიცვით ხელთათმანი, აიღეთ მასაჟორი...
პრობლემური ზონების მასაჟი აუცილებელია როგორც არსებული ცელულიტის საწინააღმდეგოდ, ასევე მისი პროფილაქტიკისთვის. სასურველია, ცელულიტის ასარიდებლად წინასწარ იზრუნოთ, მასთან მოგვიანებით ბრძოლას უფრო დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა დასჭირდება.
გამოიყენეთ ელექტრო და ხელის მასაჟორები, ანტიცელულიტური კრემები, მუსები, გელები. ყოველ დილით, შხაპის მიღებისას, პრობლემური ზონები ენერგიულად დაიმუშავეთ უხეში სახეხით. ანტიცელულიტური საშუალებები უფრო ეფექტურია რეგულარული ვარჯიშისას. ყოველდღიური თუნდაც 7-წუთიანი ვარჯიში შესანიშნავ შედეგს იძლევა. საწოლიდან წამოდგომამდე გაავარჯიშეთ ქვედა კიდურები - შეასრულეთ “ველოსიპედი”, “მაკრატელა”. ეს ენერგიასაც შეგმატებთ და განწყობასაც გამოგიკეთებთ.
კონტრასტული შხაპი
ვიწრო, ტანზე შემოტმასნილი შარვლები, მჭიდრო და მაღალყელიანი ჩექმები, რა თქმა უნდა, მოდურია, მაგრამ არღვევს სისხლის მიმოქცევას, აფერხებს ლიმფის დინებას და ცელულიტს წარმოშობს. იშვიათად ჩაიცვით ტანზე მოტმასნილი სამოსი, რეგულარულად ივარჯიშეთ, იკეთეთ მასაჟი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. კონტრასტული შხაპი (ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობა) შესანიშნავია ტონუსის მატებისთვის, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, სისხლძარღვთა ელასტიკურობის შესანარჩუნებლად.
შხაპის დროს ან მის შემდეგ ენერგიულად დაიზილეთ ფეხები მასაჟორით ან ხელთათმანით ქვემოდან ზემოთ. პილინგი შეიძლება ჩაიტაროთ ყავის ნალექითაც. ის გააუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, კანს მოაშორებს აქერცლილ და დაბერებულ უჯრედებს, საშუალებას მისცემს, უკეთ ისუნთქოს და შეითვისოს კოსმეტიკური საშუალებებიდან სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმალური რაოდენობა, რაც მთავარია, აქვს ანტიცელულიტური ეფექტიც. პილინგისთვის ყავის ნალექს შაქარი (ან მარილი) და ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ: ეს რეცეპტი არ გამოდგება მშრალი კანის შემთხვევაში!
სამი რჩევა საუკეთესო შედეგისთვის
- რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, მაინც ეცადეთ, თავი არიდოთ სტრესს. რაც მეტია უარყოფითი ემოცია, მით მეტად ზიანდება სისხლძარღვები, ფერხდება სისხლის მიმოქცევა და იქმნება ხელშემწყობი პირობები ცელულიტის წარმოქმნისთვის.
- ცელულიტის წარმოქმნას ეწინააღმდეგება უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. ძალიან სასარგებლოა ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენები.
- ეცადეთ, მოერიდოთ შაქარს, ნამცხვრებსა და ტორტებს. ჩაის მოყვარულებს ვურჩევთ, შაქრის ნაცვლად ჩაიში 1 კოვზი თაფლი ჩაუშვან. ის გემრიელიც არის, სასიამოვნოც და, რაც მთავარია, სასარგებლოც.
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კანის სინორჩე და სასურველი წონა, ასე იკვებეთ:
საუზმე: ასკილის ან შავი მოცხარის ნაყენი, დამტკბარი 1 ჩ/კ თაფლით (ეს ნაყენი შიმშილს აყუჩებს), 5-6 კოვზი ხაჭო. საუზმესა და სადილს შორის შეგიძლიათ ვაშლი ან სტაფილო მიირთვათ.
სადილი: ერთი ნაჭერი მოხარშული ხორცი, კვერცხი და ბოსტნეული. ეცადეთ, უპუროდ ისადილოთ.
ვახშამი: ცოტაოდენი ხორცი და რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული. არავითარი მაიონეზი და არაჟანი - ბოსტნეულის სალათი მხოლოდ მცენარეული ზეთით შეკაზმეთ. ძილის წინ დალიეთ ასკილის, პიტნის ან მრავალძარღვას ნაყენი. სანამ დიეტაზე ხართ, ძილის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. ვისაც ნებისყოფა აქვს, შეუძლია ხორცის ნაცვლადაც ბოსტნეული მიირთვას. სადილად შეგიძლიათ სალათს ერთი ნაჭერი შავი პურიც მიატანოთ.