ფერთა ზეგავლენა
ვარდისფერი ყოველთვის არის ჩემს გარემოცვაში. მაგრამ ხომ არ გააღიზიანებს ის საპირისპირო სქესს?
ფსიქოლოგები, სექსოლოგები და სხვა დარგის სპეციალისტები გვირჩევენ, მძიმე წუთებში დახმარებისთვის ვარდისფერს მივმართოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტნიორთან, ქმართან, საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობაში ბზარი ჩნდება. სპეციალისტთა აზრით, ეს გრძნობებს გაახალისებს.
ჩაატარეთ ექსპერიმენტი, დასვით “ნაზი” აქცენტები თქვენს ინტერიერში, გაამდიდრეთ ამ ფერით თქვენი გარდერობი და საყვარელ მამაკაცსაც აჩუქეთ ვარდისფერი ნივთი, მაგრამ ფრთხილად - ძლიერი სქესი ვარდისფერს ერთმნიშვნელოვნად “ქალურ” ფერად მიიჩნევს, ამიტომ ვარდისფერი პერანგები, ჰალსტუხები და ტრადიციული მამაკაცური აქსესუარები საჩუქრად არ გამოდგება. სამაგიეროდ, შეიძლება მიუძღვნათ ჩაის ან ყავის ვარდისფერი ფინჯანი, ანდა თურქული წესით მომზადებული ვარდის მურაბა - გიულბეშექერი. მისი სახელი მუსიკასავით ჟღერს, თანაც ეს ნუგბარი საოცრად გემრიელი, არომატული და ლამაზიცაა.
მძიმე დღე გქონდათ? თავს ცუდად გრძნობთ? ჩაიტარეთ არომათერაპიის სეანსი: აავსეთ სახლი ვარდის ზეთის მათრობელა არომატით. დაძაბულობა ნელ-ნელა გაიფანტება და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. მაქსიმალური რელაქსაციის მისაღწევად შეიძლება ჩაიტაროთ ეგზოტიკური მასაჟი ვარდის ფურცლებით. ამ პროცედურის მთავარი ღირსება ფიზიკური და ესთეტიკური სიამოვნების შერწყმაა.
მასაჟის სპეციალისტი დაგაწვენთ სპეციალურ მაგიდაზე, რომელზეც აბრეშუმის ან ატლასის ქსოვილი იქნება გადაფარებული, ჩართავს სასიამოვნო მუსიკას, ამის შემდეგ სხეულზე წაგისვამთ მასაჟისთვის განკუთვნილ ვარდის ზეთს. ხელის სულ რამდენიმე მოძრაობა და იგრნობთ, როგორ ეშვება კუნთები. ბოლოს სხეული ვარდის ფურცლებით იფარება.
აღმოსავლეთში მიიჩნევენ, რომ ვარდთან შეხება სულს ჯადოსნურ განცდას ჰგვრის, რომელსაც ვერც ერთ შეგრძნებას ვერ შეადარებ, რომელიც თვით ვარდის ფურცლის თრთოლას წააგავს. ეს ყველაფერი სულსა და სხეულს სინორჩისა და სისუფთავის, უშფოთველობის, გამოუთქმელი სიმშვიდის შეგრძნებას ჰგვრის.
გსურთ, საწოლ ოთახში განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნათ? აუცილებლად დაუმატეთ ინტერიერს ვარდისფერი შტრიხები - ფარდები, ბალიშები, რბილი ავეჯი, თეთრეული. თუ ამ ფერის არც ერთი ნივთი არ გაქვთ, საკმარისია, ღამის ნათურამ მოჰფინოს ოთახს ვარდისფერი შუქი. თქვენ მაშინვე დაგეუფლებათ განცდა, რომ საყოველთაო სიყვარულით ხართ გარემოცული. ასეთი განტვირთვა განსაკუთრებით სასარგებლოა სუსტი ნერვების პატრონებისთვის. ის ამშვიდებს, დადებითი ემოციებით ავსებს არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც.
მსოფლიოში მრავალი პარფიუმერიული ფირმა აწარმოებს ვარდისარომატიან სუნამოებს, საპნებს, შამპუნებს, შხაპის გელებს, ხელის კრემებს, რომლებიც სასიამოვნო სურნელთან ერთად ჯანმრთელობასაც გვჩუქნიან. ასე რომ, გულგრილად ნუ ჩაუვლით ვარდის ზეთისგან დამზადებულ პარფიუმერიას. მათ მართლაც ჯადოსნური ძალა აქვთ.