ეგზოტიკური მასაჟი

მას ძველ იაპონიაში მეომართა სწრაფი მომზადების მიზნით მიმართავდნენ. ათასწლეულების განმავლობაში ამმა აკუპრესურითა და აკუპუნქტურით მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდად ჩამოყალიბდა, რომელიც სხეულში ენერგიის ცირკულაციის პრინციპზე დაფუძნებით განსაზღვრულ წერტილებზე ზეწოლით ცდილობს პაციენტის განკურნებას. ამმა 20-წუთიანი მანიპულაციაა, რომელიც სკამზე მჯდომ, ტანგაუხდელ ადამიანს უტარდება და აკუპრესურული წერტილების დაზელას, გაჭიმვასა და ჩხვლეტას გულისხმობს.
ონ-აცუ-რიოკი
ონ-აცუ-რიოკი გამათბობელი მასაჟის სახესხვაობაა, მოიცავს შიაცუს და სხეულის ბამბუკის ცხელი ნახშირით ღრმად გათბობის მეთოდებს. განსაკუთრებით ეფექტიანია დაღლილობის მოსახსნელად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასავარჯიშებლად. ეს არის ანტისტრესული, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თერაპია, რომელსაც უპირატესად წელისა და სახსრების ტკივილის, კიდურებში შეგუბებითი პროცესების და ხერხემლის სხვადასხვა განყოფილების ოსტეოქონდროზის დროს მიმართავენ. ღრმა გათბობით მასაჟს შესანიშნავად ემორჩილება რევმატული, მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და ნაღრძობის თანმხლები ტკივილები, კუნთოვანი დაღლა და ნევრალგიები. ონ-აცუ-რიოკი იკრძალება ვენების ვარიკოზული დაავადების, ფლებიტის, მიოკარდიუმის ინფარქტის და მწვავე ანთებითი პათოლოგიების დროს.
მასაჟი ფეხებით
ზოგადი მასაჟის ნაირსახეობაა და, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ფეხებით ტარდება. წარმოადგენს წერტილოვანი მასაჟის, კუნთებზე ღრმა პრესურული მოქმედების, მსუბუქი მანუალური თერაპიისა და ბიოენერგეტიკული მოქმედების კომბინაციას. აქვს შესანიშნავი ანტისტრესული ეფექტი, ადვილად ხსნის დაღლილი კუნთების დაჭიმულობას, აახლოებს დაშორებულ მალათაშუა არეებს. განსაკუთრებით უხდება დიდი მასის და გაუვარჯიშებელი კუნთების მქონე ადამიანებს, რადგან დასუსტებული მუსკულატურის აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა.
ასაქი 4 ხელში
ასაქი 4 ხელით შესასრულებელი ანტისტრესული მასაჟია, რომელიც ასტიმულებს თავის ტვინის სიამოვნების ცენტრებს და ადამიანს საუკეთესო განწყობის შექმნაში ეხმარება. ორი მასაჟისტი ხელების სინქრონული მოძრაობებით, სხვადასხვა კომბინაციითა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ელემენტების წყალობით ინტენსიურად ზემოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ორგანიზმის ენერგეტიკულ ბალანსს აღადგენს. ასაქი აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, მყესების ელასტიკურობას, ეხმარება ადამიანს არტერიული წნევის მოწესრიგებასა და უძილობის დამარცხებაში. ეს საკმაოდ სასიამოვნო პროცედურაა, რომელიც სხეულს ადუნებს და მის თითოეულ უჯრედს ჰარმონიული ენერგიით ავსებს.
ტაილანდური მასაჟი ტრადიციული
ტაილანდური მასაჟი
იგი ეფუძნება 10 მთავარი აკუპუნქტურული წერტილის დამუშავებას, რომელთა საშუალებითაც კოსმოსიდან ორგანიზმში სასიცოცხლო ენერგია აღწევს. ტაილანდელებს მიაჩნიათ, რომ ორგანიზმის შინაგანი ჰარმონიის რღვევა და დაავადებების განვითარება სწორედ ამ "სარკმელთა" დახურვის ბრალია. ამის კვალობაზე, მასაჟის მთავარი მიზანიც ორგანიზმში ჰარმონიის აღდგენა და სასიცოცხლო ძალების მოდენაა. სეანსი ითვალისწინებს 10 ენერგეტიკული სარკმლის ხელისგულებით დამუშავების პარალელურად კუნთების, სახსრებისა და ხერხემლის რბილ, ტალღოვან მასირებას, რის შედეგადაც სახსრებში უმჯობესდება მოძრაობა, იზრდება სისხლძარღვთა ტონუსი და უმჯობესდება შინაგან ორგანოთა ფუნქციები. მასაჟი უტარდება იატაკზე მწოლიარე პაციენტს. ამასთანავე, მასაჟისტსაც და პაციენტსაც ერთნაირი ზედატანები და გრძელი შარვლები აცვიათ, მხოლოდ ტერფებია შიშველი. სეანსი გრძელდება 75 წუთიდან 2-2,5 საათამდე და სპეციალისტისგან განსაკუთრებულ გამძლეობასა და ენერგიას ითხოვს.
მასაჟი ტომრებით
მეთოდიკა ითვალისწინებს სხეულზე, მის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და მერიდიანებზე სამკურნალო მცენარეებით სავსე თბილი ტომრების დაწყობას, რომლებიც ორგანიზმში ენდორფინების (ტკივილის დამთრგუნველი ნივთიერებების) გამოყოფას უწყობს ხელს. სეანსის შედეგად ქრება ტკივილი, სხეულის საჭირო მიდამოებში იზრდება სისხლის და ჟანგბადის მიწოდება. მასაჟი ორგანიზმს დაავადებებთან უკეთ ბრძოლის საშუალებას აძლევს.
ტიბეტური მასაჟი ქვებით
ქვებით მასაჟი თერმოთერაპიის მეთოდიკას ეფუძნება და ცხელი და ცივი ქვების მონაცვლეობით გამოყენებას ითვალისწინებს, რომლებიც ორგანიზმში, შესაბამის დონეზე, აძლიერებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლას. მასაჟი ააქტიურებს ვეგეტაციურ ნერვულ, ენდოკრინულ და იმუნურ სისტემებს. სეანსის დროს მრავალი ფერისა და ზომის ქვა გამოიყენება. თითოეულს მკაცრად განსაზღვრული ფუნქცია აქვს და მხოლოდ საჭიროებისამებრ იყენებენ. ისინი ხელის ერთგვარი გაგრძელებაა, რომლითაც სპეციალისტი სხეულის სიღრმეში უკეთ აღწევს. ქვებით მასაჟი ადამიანს ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვის გაძლებაში, სტრესისა და დეპრესიის დამარცხებაში ეხმარება. რეგულარული სეანსები ორგანიზმს გარემოს ცვლადი პირობებისადმი ადვილად და სწრაფად შეგუების საშუალებას აძლევს, აუმჯობესებს ზოგად და ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას, სულიერ და ხორციელ განკურნებას უწყობს ხელს.