ლოგინობის ხანის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლოგინობის ხანის პრობლემები

მისი შიგნითა შრე, ენდომეტრიუმი, აღიდგენს ნორმალურ  ლორწოვან გარსს. თუ ქალი ბავშვს ძუძუს არ აწოვებს, საკვერცხეები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციობას, მათში კვლავ მწიფდება ფოლიკულები და აღდგება მენსტრუაცია, თუმცა ეს პროცესები ინდივიდუალურია - მენსტრუაცია ზოგიერთ მეძუძურ დედასაც  ეწყება.

ლოგინობის ხანამ ადვილად რომ ჩაიაროს, საშვილოსნოს შეკუმშვასა და ლოქიისგან დაცლაში არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სისხლდენა, საშვილოსნოს ინფიცირება და სხვა გართულებები. საშვილოსნოს შეკუმშვას, უპირველეს ყოვლისა, ძუძუს წოვება უწყობს ხელს. ამ დროს მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი, შეტევისებური ტკივილი აღმოცენდება, გამონადენის გამოყოფაც ძლიერდება, მაგრამ ეს ნორმალურია, ფიზიოლოგიური. საშვილოსნოს შეკუმშვას ხელს უწყობს შარდის ბუშტისა და ნაწლავის რეგულარული დაცლაც. მშობიარობის შემდეგ, განსაკუთრებით - პირველი 2-5 დღის განმავლობაში, ლოქიის  გამოსადევნად კარგია მუცელზე წოლა. ლოგინობის ხანაში ქალმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირად (ინტიმურ) ჰიგიენას. მშობიარობის შემდგომი გამონადენის გამოყოფა შესაძლოა 3-8 კვირას გაგრძელდეს. პირველი 3-7 დღის განმავლობაში გამონადენი საკმაოდ ინტესიურია, სისხლნარევი, მერე და მერე თანდათანობით იკლებს, ფერმკრთალდება, მოვარდისფრო,  მოგვიანებით კი ლორწოვანი ხდება. ამ პერიოდში გამოყენებულ საფენს  კარგი შემწოვი უნარი უნდა ჰქონდეს, არ ახშობდეს საშოს შესავალს, არ ზღუდავდეს ჰაერის მიწოდებას, თორემ შესაძლოა, ანთებითი პროცესი განვითარდეს. საფენის გამოცვლა საჭიროა რეგულარულად, 3-4 საათში ერთხელ. ყოველი დეფეკაციისა და მოშარდვის შემდეგ აუცილებელია ჩაბანა, უმჯობესია ბავშვის ან სარეცხის საპნით. საღებავებისა და არომატიზატორების შემცველი საპნების გამოყენება რეკომენდებული არ არის. აკრძალულია აგრეთვე საშოსშიდა ტამპონების გამოყენება - არსებობს ინფექციის შეტანისა და გართულების რისკი. ამავე მიზეზით ჯობს სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავებაც. მიუხედავად იმისა, რომ ლოგინობის ხანაში მიმდინარე ძვრები ფიზიოლოგიურია, რამდენიმე სირთულე მას მაინც ახლავს თან. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პრობლემები:

შარდვა და დეფეკაცია

მშობიარობის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, შარდვისა და დეფეკაციის დარღვევაა მოსალოდნელი. მუცლის ღრუს მოცულობა იცვლება, ამიტომ ქალი  ხშირად ვერ გრძნობს ნაწლავისა და შარდის ბუშტის დაცლის მოთხოვნილებას. არც თვითონ მიილტვის ამისკენ, რადგან საპირფარეშოში ყოველ შესვლას უსიამოვნო შეგრძნებები, ტკივილი ახლავს თან. ამ საკითხებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. მშობიარობის შემდეგ პირველ 4-5 დღეს შარდის ბუშტის დაცლა 3-4 საათში ერთხელ არის რეკომენდებული, განურჩევლად იმისა, მტკივნეულია თუ არა ეს და აქვს თუ არა ქალს მოშარდვის სურვილი. შარდის ბუშტის გადავსებას ქალები ამ პერიოდში ვერ გრძნობენ, არადა ის აუცილებლად უნდა დაიცალოს, ორგანიზმი გათავისუფლდეს  დაგროვილი სითხისაგან, რათა საშვილოსნოს შეკუმშვას ხელი არ შეეშალოს. მოსალოდნელი ტკივილის გამო ქალებს ხშირად სფინქტერის ნერვული სპაზმი უვითარდებათ და მშობიარობის შემდეგ პირველი რამდენიმე დღე ვერც კი შარდავენ. ასეთ დროს შარდვის სტიმულაციისთვის წყლის ნაკადის გამოშვებაა რეკომენდებული. წყლის ჩხრიალი შარდის ბუშტის სფინქტერის მოდუნებას იწვევს და შარდვას აადვილებს. ძლიერი ტკივილებისა და წვის გამო განსაკუთრებით უჭირთ შარდვა  მათ, ვისაც საშვილოსნოს ყელისა და შორისის არეში ნაკერები აქვს. მათთვის რეკომენდებულია მოშარდვა შხაპის ან წელისკენ მიმართული თბილი წყლის ნაკადის ქვეშ. აბაზანის მიღება ლოგინობის ხანაში არ შეიძლება! თუ ქალს შარდის შეუკავებლობა აწუხებს - უნებლიეთ გამოეყოფა შარდი ხველის, ცხვირცემინებისა თუ სიცილის  დროს, ყოველდღე უნდა ჩაატაროს მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად განკუთვნილი ვარჯიშების კომპლექსი. რეგულარული ვარჯიშის შედეგად შარდის შეუკავებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მაქსიმუმ სამ თვეში მოგვარდება. თუ ასე არ მოხდა, ქალმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ლოგინობის ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა შეკრულობა.


გადავსებული, გაზარმაცებული ნაწლავი საშინლად მტკივნეულ შეგრძნებებს იწვევს, ხელს უშლის საშვილოსნოს კუმშვას, ტოქსინები მისგან  აქტიურად შეიწოვება  სისხლში, იქიდან კი რძეში აღწევს და ჩვილს ვნებს, ამიტომ შეკრულობასთან ბრძოლა ლოგინობის ხანის პირველივე დღეებიდან უნდა დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, დავიცვათ დიეტა - მიირთვათ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, გარგარისა და ქლიავის ჩირი, ქატო, ჭარხალი და სხვა. ნაწლავის შეკუმშვის აქტივაციისთვის მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და შეასრულოთ ფიზიკური ვარჯიშები. გირჩევთ, არ მიაჩვიოთ ნაწლავი ოყნას. ის, როგორც ერთჯერადი პროცედურა, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ. სიფრთხილით მოეკიდეთ საფაღარათო საშუალებებსაც. ყველაზე უწყინარი პრეპარატებიც კი ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ. ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხშირია ჰემოროიდული ვენების გამოვარდნა. მწვავე პერიოდში შვებას მოგგვრით ცივი კომპრესები (ყინული). ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად ბამბა უნდა გამოიყენოთ. რეკომენდებულია ცივი წყლით ჩაბანა ნაწლავის ყოველი დაცლის შემდეგ, ტუალეტის შემდეგ კი ანალური ხვრელის არეში  შეგიძლიათ ზეითუნის ან ქაცვის ზეთში დასველებული ბამბა ჩაიდოთ. ფეკალური მასა აუცილებლად რბილი უნდა იყოს, ეს კი მხოლოდ სათანადო კვებით, ხილ-ბოსტნეულის უხვი მიღებით მიიღწევა, ასევე მცენარეული ზეთის რეგულარულად გამოყენებით. ბუასილის საწინააღმდეგო სპეციალური სანთლების გამოყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება, რადგან მათი უმრავლესობა შეიცავს ძლიერმოქმედ ნივთიერებებს, რომლებიც რძეში გადადის.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია

ხშირად ახალნამშობიარებ ქალს დეპრესია იპყრობს. დეპრესია ორგანიზმში მიმდინარე  ჰორმონული გარდაქმნებითაა განპირობებული. დედას თითქოს არც ჩვილის დაბადება ახარებს, ვერც მის სიყვარულს გრძნობს... ეს უსიამოვნო განცდა ბევრს ეუფლება, რაც სულაც არ არის სამარცხვინო. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ჩვეული მოვლენაა და ასიდან 99 შემთხვევაში თავისთავად გაივლის. სულიერი კრიზისი არ უნდა დაუმალოთ ახლობლებს. ისინი ვითარების სხვა კუთხით დანახვაში, სხვაგვარად აღქმაში დაგეხმარებიან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ - ეს სამარცხვინო და მით უფრო გასაკიცხი არ არის. თუ საყვარელი ადამიანების დახმარება არ გშველით, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ნუ შეგეშინდებათ, ამ ტიპის დეპრესია ფსიქოტროპული პრეპარატებით მკურნალობას არ მოითხოვს, ესტროგენებით - ქალის სასქესო ჰორმონებით იკურნება. დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი ფიზიკური სისუსტე და გარეგნული ცვლილებებიც არის. ამ პრობლემების აღმოფხვრა თავად ქალზეა დამოკიდებული - ყოველდღიური მსუბუქი ვარჯიში ძალას შემატებს, ადრინდელ მოხდენილობას დაუბრუნებს და განწყობასაც გამოუკეთებს, ამიტომ დღეში ორჯერ ათ-ათი წუთი გამონახეთ საკუთარი თავისათვის და აუცილებლად ივარჯიშეთ.

კვება

თანამედროვე მიდგომით, მეძუძურ დედას მკაცრი დიეტა და განსაკუთრებული შეზღუდვები არ სჭირდება. ლოგინობის ხანაში ქალს სრულფასოვანი და მრავალფეროვანი, ვიტამინებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებული რაციონი უნდა ჰქონდეს. კონსერვანტებითა და არომატიზატორებით გაჯერებულ პროდუქტებს უმჯობესია ერიდოთ. ხშირად ქალს ამა თუ იმ პროდუქტზე უარის თქმას ურჩევენ -  ბავშვს შებერავს ან ალერგიულ რეაქციას გამოიწვევსო. რძე მეტად რთული სითხეა. ის დედის სისხლისა და ლიმფის კომპონენტებისგან იქმნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უშუალო კავშირი აქვს დედის კუჭთან და ქალის ნაჭამი კომბოსტო ან ლობიო უშუალოდ რძეში აღმოჩნდება. ყოველივე ეს მეტად ინდივიდუალურია. განა მოზრდილთა ორგანიზმიც ასე არ არის? ზოგს კომბოსტო, ყურძენი და ლობიოც კი არ ბერავს, ზოგს კი ერთი ვაშლიც დისკომფორტს უქმნის. ასე რომ, რაციონი თავად უნდა დააბალანსოთ თქვენი და თქვენი შვილის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებათა მიხედვით და მკაცრ შეზღუდვებს ერიდოთ.