დღესასწაულის შემდგომი სტრესი
გვრჩება განცდა, რომ ყველაფერი მოგვწყინდა, როგორც გვინდოდა, ისე ვერ ვისიამოვნეთ, ვერც დავისვენეთ, წინ კი ისევ ყოველდღიური ერთფეროვნება გველის?
ახალი წლის დღეები რამდენადაც სასიამოვნო და მხიარულია, იმდენადვე დამღლელიც არის, განსაკუთრებით - ქალებისთვის, რადგან მათ კისერზე გადადის მთელი საახალწლო სამზადისი და უამრავი საზრუნავი ახალი წლის დღეებში.
დავრბივართ მაღაზიებში, ვარჩევთ საჩუქრებს, ვიგონებთ სადღესასწაულო კერძების რეცეპტებს, რათა ახლობლებს თავი მოვაწონოთ, დავდივართ სტუმრად, ვუყურებთ ტელევიზორს, ვერთობით... და აი, უკვე დროა მაღვიძარა მეორე დილისთვის მოვმართოთ. არადა სამსახურში წასასვლელად სულაც არ ვართ მზად, კოლეგები გვაღიზიანებენ... თუ თქვენც ამას განიცდით, ესე იგი დღესაწაულის შემდგომი სტრესის მსხვერპლი ხართ. რამდენიმედღიანი გართობისა და დასვენების შემდეგ ცხოვრების ადრინდელ რიტმში დაბრუნებამ არ შეიძლება სტრესი არ გამოიწვიოს. საზაფხულო შვებულების შემდეგ სამუშაოზე დაბრუნება უფრო იოლია. ამაში კოლეგების საქმიანი განწყობაც გეხმარებათ. დღესასწაულის შემდგომი საერთო მოდუნება და დაღლილობა კი სულაც არ უწყობს ხელს შრომის ეფექტურობას.
-
მეჯლისის შემდეგ
უსიამოვნო განწყობა, თვითშეგრძნების გაუარესება, ძილის დარღვევა... გული გასართობად მიგიწევთ, საქმის კეთება გეზარებათ - ეს დღესასწაულის შემდგომი სტრესის სიმპტომებია. რა გაშფოთებთ ყველაზე მეტად?
აი, ტიპური ვარიანტები:
- ნაპოლეონისეული გეგმები, რომელთა განხორციელებასაც აპირებდით ამ დღეებში, ჩანასახის სტადიაში დარჩა. კიდევ არა უშავს, თუ ჩანაფიქრის ნაწილი მაინც შეასრულეთ. იმის გაცნობიერება, რომ სასარგებლო ვერაფერი გააკეთეთ, თქვენს სინდისს მძიმე ტვირთად აწევს. რამდენი თავისუფალი დრო გაიფლანგა უქმად! მაგრამ ყველას ხომ აქვს დროდადრო "არაფრის კეთების" უფლება?
- ელოდით, რომ ამჯერად მაინც მოგართმევდნენ საოცნებო საჩუქარს, დაგასაჩუქრებდნენ კომპლიმენტებით, შეხვდებოდით ზღაპრულ უფლისწულს, მაგრამ... არავითარი სასწაული არ მომხდარა. თქვენი იმედგაცრუებაც ამის ბრალია.
- გამორიცხული არ არის, რომ წაეჩხუბეთ ქმარს, ახლობლებს. სტატისტიკური მონაცემებით, უქმე დღეებში ოჯახური უთანხმოებები ხშირდება. სადაგ დღეებში ახლობლებს მხოლოდ საღამოობით ხედავთ, როცა ისინი სამსახურიდან, სასწავლებლიდან ბრუნდებიან, ინტენსიური ურთიერთობა კი გღლით, აღვიძებს ძველ წყენასა და უკმაყოფილებას.
ძალიან მუყაით ადამიანებს არ უჭირთ უქმეების შემდგომ სამუშაოზე დაბრუნება, თუმცა სწორედ მათ არ იციან, როგორ მოდუნდნენ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ამიტომაც იძაბებიან. ქალები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დღესასწაულის შემდგომი სტრესისადმი, ვიდრე მამაკაცები, რადგან სწორედ მათ კისერზე გადაივლის მთელი სამზადისი, საჩუქრების ძებნა, სტუმრების მიპატიჟება და გამასპინძლება, თუმცა ქალის ბუნებისთვის ჩვეული მოქნილობის წყალობით დასასვენებლადაც უფრო ნაკლები ხანი სჭირდებათ. შესანიშნავი ვარჯიშია მაღაზიებში სიარული და მეგობრებთან ურთიერთობა.
-
ოქროს შუალედი
სტრესის გადალახვას შევძლებთ, თუ დავიცავთ ზომიერებას და ახალ რიტმს თანდათანობით შევეჩვევით. ეცადეთ, ადრე ადგეთ და ადრე დაწვეთ. სამსახურსა თუ სახლში ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. მეტი ყურადღება დაუთმეთ დაგეგმვას. თუ კონცენტრირება გიჭირთ, მოაწესრიგეთ ფოსტა და დოკუმენტაცია, დაიწყეთ სახლის დალაგება - ეს გონების მოკრებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. სტრესის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იოლად ცდება, ამიტომ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას. განეწყვეთ უკეთესისთვის და ცვლილებებს ადვილად შეეგუებით.