პერმანენტული მაკიაჟი
ამ პრობლემას ბევრი პერმანენტული მაკიაჟით აგვარებს. ხომ არ არის ეს მავნებელი? თიკა, 21 წლის
ყველა ქალი ოცნებობს, უზადოდ გამოიყურებოდეს. სრულყოფილი მშვენიერება იშვიათია. რაც უნდა მომხიბვლელი იყოს ქალი, მცირე კორექცია მის სილამაზეს უფრო უკეთ წარმოაჩენს. ჩვეულებრივი მაკიაჟი, რომელსაც ყოველდღიურად ვიკეთებთ, შესაძლებლობას გვაძლევს, ნაკვთებს - სასურველი ფორმა, ხოლო სახეს სასურველი გამომეტყველება მივანიჭოთ.
ყოველივე ეს დიდ დროს, ცოდნასა და მოთმინებას მოითხოვს. დღევანდელი ცხოვრების ტემპი კი ქალს არც ისე ბევრ დროს უტოვებს სარკესთან გასატარებლად. პერმანენტული მაკიაჟის აღდგენამ და პრაქტიკაში დანერგვამ ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა. პერმანენტულ მაკიაჟს ასეულობით წლის ისტორია აქვს. იგი სვირინგის პრინციპს ემყარება.
პერმანენტული მაკიაჟის დროს პიგმენტი კანქვეშ ეპიდერმისის მეოთხე შრემდე შეჰყავთ. რაკი პიგმენტის შეყვანა ზედაპირულად ხდება, პროცესი ტიპურ სვირინგად არ მიიჩნევა. ეს პიგმენტი იმ მინერალებზეა დამზადებული, რომლებსაც ორგანიზმი შეიცავს.
საღებავები ორგვარია: ორგანული და არაორგანული. ორგანულია მცენარეული საღებავები, არაორგანული - ქიმიური და სინთეტიკური.
მცენარეულმა საღებავებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ მათ მაკიაჟისთვის არ იყენებენ. ვინც პერმანენტულ მაკიაჟს იკეთებს, წინასწარ უნდა იკითხოს, რომელი საღებავია გამოყენებული.
ქიმიურ საღებავებს ლაბორატორიული წესით იღებენ და ტატუირებისთვის იყენებენ: ნაწილობრივ სინთეტიკური საღებავის კანში შეყვანა არ შეიძლება, რადგან სწრაფად უფერულდება. ფერების არჩევანი დიდია. არსებობს საღებავები თვალების, წარბებისა და ტუჩებისთვის; აკეთებენ ნაწიბურების პიგმენტაციას; ლიფტინგის შემდგომ ნაწიბურების ფერით კანთან ათანაბრებენ; პერმანენტულ მაკიაჟს შეუძლია სახეს მეტი გამომსახველობა მიანიჭოს, ნაკვთები გამოკვეთოს, ნაკლი დაფაროს ან მოახდინოს მისი კორექცია, მაგალითად, გამოასწოროს ტუჩის თანდაყოლილი ასიმეტრია, აღადგინოს წარბები ბუდობრივი ცვენის დროს, ოპტიკურად შეცვალოს თვალის ფორმა.
პერმანენტული მაკიაჟისთვის სპეციალისტთან მისული ადამიანი თავდაპირველად თვითონ ამბობს, მაკიაჟის რომელი ფორმაა მისთვის მისაღები, შემდგომ სპეციალისტი უხატავს მას და აჩვენებს, როგორი მაკიაჟი აჯობებს მისი თვალთახედვით. ამის შემდეგ იღებენ საერთო გადაწყვეტილებას. კრიტიკულ შემთხვევაში საქმეში ვიზაჟისტი ერთვება. შემდეგ ხდება ადგილობრივი გაუტკივარება მალამოთი. იწყება მანიპულაცია. პროცედურა ოდნავ სისხლიანია.
უკუჩვენება იშვიათია. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება შიდსის, დიაბეტისა და სისხლის შედედების დარღვევის დროს. პროცედურისთვის იყენებენ ერთჯერად ნემსებს. აპარატის ბუნიკი 120 გრადუსზე სტერილდება. მანიპულაცია 45-დან 90 წუთამდე გრძელდება.
ტუჩსა და წარბს ხანგრძლივი მუშაობა სჭირდება. პირველი შეყვანის შემდეგ კანში რჩება საღებავის 30-50 პროცენტი. დანარჩენი გამოიდევნება. მინიმუმ სამი კვირის შემდეგ ტარდება განმეორებითი მანიპულაცია. მეორე შეყვანის შემდეგ კანში რჩება პიგმენტის 70 პროცენტი. ამ დროს ჩანს, საჭიროა თუ არა საღებავის ხელმეორედ შეყვანა. მანიპულაციის შემდეგ კანზე ჩნდება თხელი ქერქი. ზედმეტი საღებავი ამ ქერქთან ერთად ჩამოდის.
ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად პროცედურამდე კანზე ტარდება სინჯი, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ალერგია არ ვითარდება, რადგან საღებავი ალერგენს არ შეიცავს.
მაკიაჟი ხუთი წელი ძლებს და საშუალებას გვაძლევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ბრწყინვალედ გამოვიყურებოდეთ - ამისთვის აღარ არის საჭირო სარკესთან ხანგრძლივად ტრიალი ან მაკიაჟის მოსაცილებლად დროის ხარჯვა.
პერმანენტულ მაკიაჟამდე სტანდარტული სახე შეიძლება იყოს სიმპათიური, მაგრამ შეუმჩნეველი იმ ოპტიკური აქცენტების გარეშე, რომლებიც მას განუმეორებელს ხდის. პერმანენტული მაკიაჟის შემდეგ სახე მიმზიდველი და მეტყველი ხდება. ეს ფაქიზი მანიპულაცია იძლევა საშუალებას, უკეთ წარმოაჩინოთ თქვენი ინდივიდუალობა, მომხიბვლელობა და შარმი წლების მანძილზე შეინარჩუნოთ.