ქალის ორგანიზმის თავისებურებანი

ფართოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ქალი მამაკაცის სუსტი მსგავსებაა, ვინაიდან არ შეუძლია იმ დატვირთვის ატანა, რომლისაც მამაკაცს, სიმართლეს არ შეეფერება. ქალი განსხვავებული არსებაა, განსხვავებული შესაძლებლობებით, რომელთა განხორციელებაც მამაკაცებს არ შეუძლიათ.
ქალს ბუნებამ ადამიანთა მოდგმის გაგრძელების პატივი არგუნა და ეს, უპირველეს ყოვლისა, მის გარეგნობაზე აისახა. ის სიმაღლით ოდნავ ჩამოუვარდება მამაკაცებს, აქვს მოკლე კიდურები, ვიწრო მხრები და განიერი მენჯი, ნაკლებად განვითარებული მუსკულატურა. ქალის მენჯი ხერხემლის მიმართ მცირე კუთხით მდებარეობს, რის გამოც სირბილისას ქალი სწრაფად იღლება, სამაგიეროდ, ეს თავისებურება ორსულობისას ჩანასახის უკეთ განვითარებისთვის არის ხელსაყრელი.
კანი და მისი დანამატები
ქალის კანი უფრო თხელია, მიუხედავად იმისა, რომ კანქვეშა ცხიმოვანი შრე ქალებს გაცილებით დიდი აქვთ. კანის სისქის მიხედვით სხვაობა მთელი სიცოცხლე გრძელდება - 5-დან 90 წლამდე. 50 წლამდე ქალის კანი პრაქტიკულად უცვლელია, მისი გათხელება 50 წლიდან იწყება, მამაკაცებში კი კანის სისქის ტალღოვანი შემცირების ტენდენცია უკვე 12 წლიდან იჩენს თავს.
ქალის კანი გაცილებით ნაკლებ კოლაგენს შეიცავს, რაც მას უფრო ნაზსა და ელასტიკურს ხდის. ქალს კანი შედარებით ბაცი აქვს, ვიდრე მამაკაცს. განსხვავებულია სხეულზე მისი განლაგების კანონზომიერებაც. საოფლე ჯირკვალთა რაოდენობა ქალსა და მამაკაცს ერთნაირი აქვთ, თუმცა განსხვავებულია მათი აქტივობა - 20-დან 69 წლამდე საოფლე სეკრეცია გაცილებით მაღალია მამაკაცებში.
კუნთოვანი ქსოვილი
ქალებში კუნთოვანი ქსოვილი სხეულის მასის 32-35%-ს შეადგენს, მამაკაცებში - 40-44%-ს. ეს განსხვავება ძირითადად ზედა კიდურების ხარჯზე იქმნება. ქვედა კიდურების კუნთები ქალებსა და მამაკაცებს თითქმის ერთნაირად აქვთ განვითარებული. სუსტი სქესის წარმომადგენლებში კუნთოვანი ქსოვილის მცირე მასა ორგანიზმში წყლის დიდი შემცველობითაც აიხსნება.
ცხიმოვანი ქსოვილი
ამით ქალები ნამდვილად ჯობნიან მამაკაცებს - ცხიმი მათი სხეულის 23%-ს შეადგენს. მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 18%-ია. ქალის ცხიმოვანი ქსოვილის 10-12% მკერდზე, თეძოებსა და მენჯის ზედაპირზეა განლაგებული. ცხიმი რეპროდუქციული ორგანოების და ორსულობისას ჩანასახის დასაცავად ბუნების მიერ შექმნილი სპეციფიკური იარაღია.
ძვლოვანი კორსეტი
ჩონჩხის ძვლები ქალებს შედარებით ნაკლებად აქვთ განვითარებული. მათი ძვლები მოკლე, ნაზი და თხელია, აქვს უფრო გლუვი და სრიალა ზედაპირი. სიმძიმის ცენტრი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხეულის სივრცეში გადაადგილებისთვის, ქალებს უფრო ქვევით აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, ამიტომ ქალებს უკეთ გამოსდით ისეთი ფიზიკური სავარჯიშოები, რომლებიც ქვედა კიდურებზე დაყდნობით სრულდება, ხოლო მამაკაცები უფრო მარჯვენი არიან ისეთი სავარჯიშოების შესრულებაში, რომლებიც ზედა კიდურებზე დაყრდნობას ითხოვს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
განსხვავებანი არსებობს შინაგან ორგანოთა აგებულებაშიც. ქალის გულის მოცულობა 25%-ით ნაკლებია, შესაბამისად, განსხვავებულია სისტოლური წნევის მაჩვენებელი (10-15 ხაზით ნაკლებია) და სისხლის მიმოქცევის წუთმოცულობა (ნაკლებია 0,3-0,5 ლ/წთ-ით), ამიტომ ფიზიკური დატვირთვისას გული სისხლძარღვებში გაცილებით ნაკლებ სისხლს გადაისვრის, ამის დასაბალანსებლად კი იზრდება წუთში გულის შეკუმშვების რიცხვი, ამიტომ ქალებს მაჯისცემა შედარებით სწრაფი აქვთ.
სასუნთქი სისტემა
სასუნთქი სისტემის ანალიზით ირკვევა, რომ მოსვენებისას ქალის სუნთქვის სიხშირე მეტია (20-24 წუთში), სუნთქვის სიღრმე ნაკლებია (100-150 მლ-ით), ხოლო ფილტვების ვენტილაცია - მაქსიმალური (3-5 ლ). ქალის ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა 1000-1500 მლ-ით ნაკლებია, ქალები ძირითადად მკერდისმიერად სუნთქავენ, მამაკაცები - მუცლისმიერად.
განსხვავებათა კვალდაკვალ, ფიზიკური დატვირთვისას ქალის მაჯისცემა უფრო მეტად ხშირდება და ნაკლებად იმატებას არტერიული წნევა. დატვირთვის შემდგომ ძალების აღსადგენადაც მათ გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ.
ნერვული სისტემა
დადგენილია, რომ სწრაფი რეაქციებით მამაკაცები სჯობიან ქალებს, სამაგიეროდ ქალები მეტად წინდახედულნი და მოხერხებულნი არიან. ისინი გამოსავალს გაცილებით ნაკლები ენერგიის ფასად პოულობენ. მაღალია მათი აზროვნების კოეფიციენტი დაძაბულ, ექსტრემალურ სიტუაციებში.
გაღიზიანებადობა და ტკივილის შეგრძნების ზღურბლი ქალებს გაცილებით მაღალი აქვთ. უმაღლეს ნერვულ მოქმედებებზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალები გაცილებით ემოციურნი, ფეთქებადნი და მგრძნობიარენი არიან. განსხვავდებიან რიტმის განსაკუთრებული შეგრძნებითა და მოძრაობათა გრაციოზულობით. გასაკვირი არ არის, მხატვრული ტანვარჯიში, სინქრონული ცურვა და რიტმული ტანვარჯიში დღემდე ქალთა სპორტად რომ მიიჩნევა.
ამტანობა
ქალები მამაკაცებს ფიზიკური ძალით ნამდვილად ჩამოუვარდებიან, თუმცა მათზე გაცილებით გამძლენი და ამტანნი არიან. უკეთ შეუძლიათ მოდუნება და, შესაბამისად, კონცენტრირება, მობილიზება. მათ გაცილებით ხანგრძლივი დატვირთვების ატანაც უფრო უადვილდებათ. ამის მაგალითად საკმარისია მშობიარობის დატვირთვა ვახსენოთ. დადგენილია, რომ ენერგია, რომელსაც ხარჯავს ქალი მშობიარობისას, 10 000 ჯოულს შეადგენს. ასეთი ფენომენალური დატვირთვის ატანა არც ერთ, თუნდაც სუპერმძიმე წონის ძალოსანს არ შეუძლია.