ტკივილი ქალებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი ქალებში

14-დან 45 წლამდე ასაკის ქალების 60-70% სუსტ ან ზომიერ ტკივილს უჩივის, ხოლო 10% - ინტენსიურს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზოგად მდგომარეობაზე და მკვეთრად აქვეითებს შრომის უნარს. ჩვეულებრივ, ტკივილი თავს იჩენს მენსტრუაციამდე 1-2 დღით ადრე ან მენსტრუაციის პირველსავე დღეს და ორ-სამ დღეში გაივლის. არცთუ ისე იშვიათად მას თან სდევს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, წონაში მატება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა.

- ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილი არანამშობიარევ ქალებში საშვილოსნოს ყელის სივიწროვეს უკავშირდება და მშობიარობის ან საშვილოსნოს ყელის გაფართოების შემდეგ გაივლის. მართებულია თუ არა ეს შეხედულება? სინამდვილეში რა არის ამ უსიამოვნო მდგომარეობის მიზეზი?

- მართალია, მტკივნეული მენსტრუაციის შემთხვევათა 75%-ზე მეტი არანამშობიარევი ქალების წილად მოდის, მაგრამ ზოგიერთ ქალს ტკივილი რამდენიმე მშობიარობის შემდეგაც აწუხებს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული ორგანიზმის როგორც ანატომიური, ასევე ფუნქციური თავისებურებები. მტკივნეულ მენსტრუაციას იწვევს:

  • სხეულის გადაცივება;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ტრავმები;
  • ინფექციები;
  • საშოსშიდა სპირალი;
  • შინაგან სასქესო ორგანოთა დაავადებები, უმთავრესად - ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა, სასქესო ორგანოების მოუმწიფებლობა (ინფანტილიზმი), საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეები, მენჯისმიერი ნევრიტები.

ალგომენორეის წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, თანმხლები ექსტრაგენიტალური დაავადებები, აუტოსენსიბილიზაცია (მგრძნობელობის მომატება) საკუთარი სასქესო ჰორმონების მიმართ (ესტროგენები, პროგესტერონი). ტკივილი ხშირია სასქესო ორგანოთა განუვითარებლობის (ინფანტილიზმი), საშვილოსნოს ტანის მკვეთრი გადახრის (აძნელებს მენსტრუალური სისხლის გამოსვლას), საშვილოსნოს ყელში აბორტის შედეგად განვითარებული შეხორცების, საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკის დროს. მტკივნეულ მენსტრუაციას უმეტესად არამყარი ფსიქიკის პატრონი ქალები უჩივიან. ნერვული სისტემის მომატებული აღგზნებისას მცირე უქეიფობა მენსტრუაციის დროს შესაძლოა ნამდვილ დეპრესიაში გადაიზარდოს. მენსტრუაციის დროს საშვილოსნო რიტმულად იკუმშება, რათა ჩამოფცქვნილი ენდომეტრიუმი გამოდევნოს. ზოგიერთ ქალს მუცლის ღრუში ტკივილის რეცეპტორები ძალიან მგრძნობიარე აქვს და ყოველ შეკუმშვაზე ტკივილით რეაგირებენ. მენსტრუალური ტკივილი ხშირად ჰორმონული დისბალანსით, კერძოდ, პროგესტერონსა და პროსტაგლანდინებს შორის თანაფარდობის დარღვევითაც არის განპირობებული.

- როგორ მოვიქცეთ მტკივნეული მენსტრუაციის დროს?

- ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება სპაზმის მომხსნელი საშუალებები (ნო-შპა) და ანალგეტიკები, აგრეთვე პროსტაგლანდინების დამთრგუნველი საშუალებები (ასპირინი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, ვოლტარენი), ესტროგენ-გესტაგენის შემცველი პრეპარატები. ტკივილი ხშირად საგრძნობლად მცირდება ან საერთოდ ქრება ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური საშუალებების (ტრიზისტონი, ანტიოვინი, ოვიდონი და სხვა) რეგულარული გამოყენებისას. როდესაც ალგომენორეა რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული, ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა.

- კიდევ რა იწვევს ქალებში სასქესო ორგანოების ტკივილს?

- ტკივილის ხშირი მიზეზია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ეს ის ინფექციებია, რომელთა გადაცემა უპირატესად სქესობრივი კონტაქტით ხდება. ამჟამად ცნობილია 30-ზე მეტი ასეთი დაავადება. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ათაშანგი, გონორეა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტები და შიდსი. გარდა ტკივილისა, ამ დროს ქალები უჩივიან:

  • უჩვეულო გამონადენს საშოდან ან უსიამოვნო სუნს;
  • ქავილს ან წვას საშოს მიდამოში;
  • წყლულებს, ბუშტუკებს და სხვა სახის გამონაყარს საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

ტკივილი ხშირად სდევს თან საშვილოსნოს ყელის ეროზიასაც. ამ დროს ტკივილს უმთავრესად სქესობრივი აქტი იწვევს. შესაძლოა, მოჰყვეს უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენიც. გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილების (ანუ აქტის დასრულების ან შეწყვეტის) შემდეგ ტკივილი პრაქტიკულად ქრება, თუმცა სისხლიანი გამონადენი შეიძლება მცირე ხანს კიდევ შემორჩეს. ხანგრძლივი ტკივილი, რომელსაც მკაცრი ლოკალიზაცია არ გააჩნია, ხშირად მენჯის კუნთების და იოგების სპაზმით არის განპირობებული. შინაგანი ორგანოები ჩონჩხს კუნთებისა და იოგების საშუალებით არის მიმაგრებული. შიში, ტკივილი, ნერვული გადაძაბვა იწვევს მათ სპაზმს - დაჭიმვასა და კუმშვას. შეკუმშვისას კუნთები და იოგები შინაგან ორგანოებსაც ამოძრავებენ. ამასთანავე, იჭიმება და იგრიხება ამ ორგანოებთან მიმავალი ნერვული, სისხლძარღვოვანი და ლიმფური კომუნიკაციები. ასეთი რამ ხშირად იწვევს შინაგანი ორგანოების ფუნქციობის დარღვევას, რომლის ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ ტკივილის სინდრომია. მცირე მენჯის კუნთებისა და იოგების სპაზმი შეიძლება გამოიწვიოს გინეკოლოგთან უბრალო ვიზიტმაც კი (რომ არაფერი ვთქვათ აბორტებსა და მშობიარობებზე). ასე რომ, მოვლენის გავრცელების მასშტაბი თავად წარმოიდგინეთ.

- რა ხდება, როდესაც კუნთი ან იოგი მუდმივად დაძაბულია?

- ხდება ზეწოლა სისხლძარღვებსა და ლიმფურ ძარღვებზე, ქსოვილებამდე არ მიდის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები, რის შედეგადაც ვითარდება ქსოვილთა ჰიპოქსია. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დაჭიმულობისას იწყება ფიბროზი - ქსოვილების თანდათანობითი გამკვრივება, რომელსაც, ჩვეულებრივ, თან სდევს ტკივილი. ამ ეტაპზე სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ თუ სპაზმი ერთ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, იწყება შეუქცევადი პროცესები, - ქსოვილების დანაწიბურება, კუნთებისა და იოგების კალციფიკაცია.


 

მსხლისებრი კუნთის სინდრომი

ქალის ორგანიზმის ფუნქციობას უზრუნველყოფს მსხლისებრი კუნთი, რომელიც იწყება გავის ძვლიდან და ემაგრება ბარძაყის ძვალს. ამ კუნთის სპაზმირებისა და ფიბროზირებისას ხშირად იჩენს თავს გავის, წელის, დუნდულა კუნთების ყრუ ტკივილი, რომელიც ჩაკუნტვისას ძლიერდება. გარდა ამისა, მსხლისებრი კუნთის სპაზმი შესაძლოა იქცეს რიგი დაავადების, კერძოდ, ჰემოროის, მენჯ-ბარძაყის ართროზის მიზეზად (კუნთის სპაზმი ჭიმავს სახსარს, აძნელებს მის მუშაობას, რასაც დაავადების განვითარებამდე მივყავართ). სამშობიარო არხი მჭიდროდ ეკვრის გავის ძვალს, ამიტომ მსხლისებრი კუნთის შეკუმშვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშობიარობაში - განდევნის და აბრუნებს ნაყოფის თავს და ამით უზრუნელყოფს მშობიარობის ბუნებრივ პროცესს. მსხლისებრი კუნთის სპაზმმა და ფიბროზმა შესაძლოა მშობიარობა გააძნელოს. თუ მსხლისებრი კუნთი ფიბროზირებულია, ნაყოფის თავი დიდხანს არის ერთ მდგომარეობაში, ამიტომ შესაძლოა დაზიანდეს რბილი ქსოვილები და სხვა გართულებებმაც იჩინოს თავი. მეორე მხრივ, მსხლისებრი კუნთი მშობიარობისას თვითონვე იღებს ტრავმას, რაც შესაძლოა ლოგინობის პერიოდში მისი ფიბროზის განვითარების მიზეზად იქცეს. მტკივნეული სქესობრივი კავშირი - ინტიმური სიახლოვის დროს ტკივილი სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ტკივილის შეგრძნება ვითარდება საშოს კუნთის მინიმალური სპაზმირებისას (ასეთი სპაზმები შეიძლება გამოიწვიოს გინეკოლოგთან უბრალო ვიზიტმაც). თუ სქესობრივი კონტაქტი უხეშად წარიმართა, მაშინ მცირე მენჯის მიდამოში სპაზმირდება პრაქტიკულად ყველა კუნთი და იოგი.

 

ტკივილი ორსულობისას

- რას გვეტყვით ორსულებზე?

- მუცლის ტკივილს ორსულები ხშირად ნაადრევი მშობიარობის სიმპტომად აღიქვამენ, მაგრამ ყოველთვის ამას როდი ნიშნავს. ორსულთა მუცლის ტკივილი ხშირად არასწორი კვების შედეგია. მას იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების სპაზმი, მუცლის ქვედა ნაწილშია ლოკალიზებული და მღრღნელია. ტკივილი შესაძლოა განვითარდეს უკვე მიმდინარე კოლიტისა და დისბაქტერიოზის ფონზე. მსუყე ვახშამი, არასათანადოდ დამუშავებული და არცთუ ისე ახალი საკვები იწვევს აირების გაძლიერებულ წარმოქმნას და სიმძიმის შეგრძნებას მუცლის ქვედა მიდამოში. მსგავსი ტკივილებისგან თავის დასაღწევად საუკეთესო გზა სწორი კვებაა. ორსულობა, საერთოდ, უარყოფითად აისახება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მზარდი საშვილოსნო აწვება ნაწლავებს, რომლებიც ჰორმონული ზემოქმედების გამო ისედაც დათრგუნულია: სუსტდება მოტორიკა, ირღვევა პერისტალტიკა, ხშირია შეკრულობა. ორსულობისას სწორედ შეკრულობაა მუცლის ტკივილის უხშირესი მიზეზი. მუცლის ტკივილს იწვევს საშვილოსნოს იოგების გაწელვაც. ნაყოფის ზრდასთან ერთად იზრდება საშვილოსნოც, შესაბამისად, იზრდება ზეწოლა იოგებზე. მათი გაწელვა უფრო მეტად იგრძნობა მკვეთრი მოძრაობის, ცემინების, სხეულის მდებარეობის შეცვლის დროს. ტკივილი მკვეთრია, მაგრამ ხანმოკლე. ტკივილგამაყუჩებლების მიღება ამ დროს აუცილებელი არ არის. ორსულს მუცელი შესაძლოა ასტკივდეს მუცლის პრესის გადატვირთვის გამო. ტკივილი თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვისა და გადაძაბვისას. მის ჩასაცხრობად საკმარისია, უბრალოდ მოეშვათ და დაისვენოთ. რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგჯერ მუცლის ტკივილი ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაზე მიუთითებს. ამ დროს ტკივილი გადაეცემა წელის მიდამოს და ძალიან წააგავს სამშობიარო შეტევებს. ასეთ ტკივილს თითქმის ყოველთვის თან სდევს გამონადენი სასქესო ორგანოებიდან - ბაცი ყავისფერი, მოვარდისფრო ან ალისფერი. მუცლის ტკივილი ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს საშვილოსნოსგარე ორსულობით. რომელიც, ჩვეულებრივ, 5-7 კვირის ვადაზე წყდება. მას თან სდევს საშვილოსნოს მილის გასკდომა. იწყება შინაგანი სისხლდენა, რომელსაც თან სდევს ძლიერი ტკივილი, გულისრევა, გულყრა. ამ დროს აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა. 

 

მენჯისა და წელის ტკივილი

- ორსულობა ჯანმრთელი ქალისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ამ დროს ორგანიზმის ყველა ორგანო გაორმაგებული დატვირთვით მუშაობს. ამის გამო შესაძლოა თავი შეგვახსენოს ჯანმრთელობის სუსტმა რგოლმა. მაგალითად, ძვალსახსროვანმა სისტემამ. მრავალი ორსული უჩივის მფრინავ ტკივილს ხერხემალში, მენჯისა და გავის ძვლებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ორსულობის დროს სხეულის სიმძიმის ცენტრი ადგილს იცვლის, წონის მომატების გამო საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე დატვირთვა იმატებს.
  • ჰორმონ რელაქსინის ზემოქმედებით ცვლილებები მიმდინარეობს ბოქვენის სიმფიზში,  მენჯ-ბარძაყის სახსარსა და სხვა შემაერთებელქსოვილოვან წარმონაქმნებში. ეს იწვევს ძვალთაშორისი შესახრებების გარბილებას - მენჯი ემზადება გაწევისა და მშობიარობისთვის (ზოგიერთ ქალს ეს იხვისებრი სიარულით უვლინდება. მათ არ შეუძლიათ წოლისას გაშლილი ფეხების აწევა, ბოქვენის სიმფიზი ხელის დაჭერისას მტკივნეულია). ამ დროს ბოქვენის სიმფიზში იწყება საკმაოდ ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის მდებარეობის ცვლისას, ბოქვენა შუპდება, ირღვევა სიარულის მანერა. ეს გამოწვეულია სიმფიზის მნიშვნელოვანი გადაჭიმვით და მასში სისხლჩაქცევების გაჩენით. ზოგჯერ ვითარდება წელის რადიკულიტის სიმპტომი - ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა ფეხში.

თუ ქალს ორსულობამდეც ჰქონდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები - ხერხემლის გამრუდება, ოსტეოქონდროზი, მენჯის მოძრაობაში მონაწილე კუნთების განუვითარებლობა და სხვა, დიდია ალბათობა, ორსულობისა და მშობიარობის შემდეგ წელისა და მენჯის ტკივილი დაეწყოს. ორსულობის დროს წელისა და მენჯის სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი ასიდან 30-50 შემთხვევაში გვხვდება, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში მისი მაჩვენებელი 65-70%-ს აღწევს.