ზღვის კურორტი და ქალური პრობლემები
- ცნობილია, რომ ზღვის მარილიან წყალში ზოგიერთი მიკროორგანიზმი იღუპება, ზოგიც ჩინებულად გრძნობს თავს. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ნერწყვთან, შარდთან, საზოგადოდ, ორგანიზმის გამონაყოფებთან ერთად წყალში პათოგენური აგენტები - ბაქტერიები, ვირუსები, სოკოებიც ხვდება. ალბათ, არ არის გამორიცხული, დაბინძურებულ წყალში ბანაობამ ვაგინიტი (საშოს ანთება) ან ურეთრიტი (შარდსადენი მილის ანთება) გამოიწვიოს. როგორ მოიქცნენ ქალბატონები, არ დაისვენონ ზღვაზე?
- ასეა თუ ისე, ზღვის ჰავა და კლიმატი პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლება-ცხოველმყოფელობისთვის ჩინებულ გარემოს ქმნის. ასე რომ, თუ ქალს სუსტი იმუნური სისტემა აქვს, მით უმეტეს, თუ ახლახან გადაიტანა რომელიმე ინფექციური დაავადება, ზღვის სანაპიროზე დასვენებისგან უმჯობესია თავი შეიკავოს. ზღვა საშიშია ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროსაც - თაკარა მზე, ტენიანი ჰავა და ზღვის წყალი მრავალ პათოლოგიას ამწვავებს.
- ვაგინალური კანდიდოზის (საშოს სოკოვანი პათოლოგია) დროს შეიძლება თუ არა ზღვაში ბანაობა?
- ვაგინალური კანდიდოზი საშოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს ქალები ყველაზე ხშირად სწორედ სოკოვანი ინფექციის დროს უჩივიან. ქავილთან ერთად კანდიდოზს ახასიათებს სქელი თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი, საშოსა და სასირცხო ბაგეების წვა, ტკივილი, შესიება. ვაგინალური კანდიდოზის დროს საშოს ნორმალური ფლორა ნადგურდება. ასეთ დროს განსაკუთრებით არის რეკომენდებული ბამბის თეთრეულისა და ფართო, თავისუფალი ტანსაცმლის ტარება. კანდიდა ინტენსიურად სწორედ ნესტიან გარემოში მრავლდება, ამიტომ ზღვაზე დასვენებისას აღნიშნული პრობლემის მქონე ქალბატონებმა განსაკუთრებულად უნდა დაიცვან სასქესო ორგანოთა ჰიგიენა და ყურადღება მიაქციონ შემდეგ ფაქტორს: წყლიდან ამოსვლისთანავე გამოიცვალონ საცურაო კოსტიუმი. სველი კოსტიუმით ტენიან ქვიშაზე წოლა მათთვის არასასურველია - ნესტიანმა გარემომ შესაძლოა ხელი შეუწყოს კანდიდას უფრო მეტად გამრავლებას. საზოგადოდ კი სასქესო ორგანოების ქავილისა და უჩვეულო გამონადენის გაჩენის დროს თვითდიაგნოსტიკა, მით უფრო - თვითმკურნალობა, უგუნური საქციელია. საჭიროა, მიმართოთ ექიმს. ამრიგად, ზღვაზე დასვენება ქალბატონებს არ ეკრძალებათ, თუ გაითვალისწინებენ ზემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს.
- მზის სხივებს რომ უდიდესი სამკურნალო ძალა აქვს, ყველამ ვიცით. ჰელიოთერაპიაზე - მზის სხივებით მკურნალობაზე - დღეს ბევრი იწერება. თუმცა ცნობილია ისიც, რომ სასარგებლო, გამაჯანსაღებელ გავლენასთან ერთად მზეს უარყოფითი და მავნე ზემოქმედებაც ახასიათებს. როდის უნდა შეიკავონ თავი ქალბატონებმა მზეზე გარუჯვისგან?
- გარუჯული კანი ჯანმრთელობასთან, ცხოვრების აქტიურ წესთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, როგორც მზის აბაზანებზე, ასევე სოლარიუმზე უარის თქმა მოუწევთ იმ ქალებს, რომელთაც აქვთ სერიოზული ქრონიკული დაავადებები, მათ შორის - კანის პათოლოგია, წყლულოვანი დაავადება, საშვილოსნოსა (ფიბრომა, მიომა) და მისი დანამატების პრობლემები, სარძევე ჯირკვლის პრობლემები (მასტოპათია და სხვა). ამ ქალბატონებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ მდგომარეობაში საჭიროა დიდი სიფრთხილე, რადგან ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა ჩამოთვლილი დაავადებების სწრაფი პროგრესირება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, რისკის გაწევა არ ღირს, საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა და სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინება.
- რას გვეტყვით ორსულების შესახებ? რეკომენდებულია თუ არა მათთვის ზღვაში ცურვა, მზის აბაზანები?
- ორსულთათვის ყოველგვარი წყლის პროცედურა სასარგებლოა, ცურვა (მხოლოდ - ეკოლოგიურად სუფთა წყალსა და აუზში) აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის შეშუპებას, ამცირებს წნევას, ქოშინს, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და სხეულს მშობიარობისთვის ამზადებს. თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ იმ ორსულებს ეხებათ, რომელთა ორსულობაც ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს. საკურორტო სეზონზე წყლის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, მისაღებია, ასე რომ, ბანაობაც შეიძლება და ცურვაც, მარილიანი წყალიც მეტ-ნაკლებად უხდება ორგანიზმს, ამდიდრებს მას სასარგებლო ნივთიერებებით. მიუხედავად ამისა, სასურველია, ზღვის კურორტზე გამგზავრების წინ ორსულებმა ექიმთან კონსულტაცია გაიარონ. ცალკეული პრობლემებისა და გართულებების არარსებობისას ანუ, როგორც უკვე ვთქვით, ორსულობის ფიზიოლოგიური მიმდინარეობის შემთხვევაში ზღვის კურორტზე დასვენება ქალისთვის სასარგებლოა. თუმცა ორსულებმა აუცილებლად უნდა დაიცვან რამდენიმე წესი:
1) გარუჯვა შეიძლება დილის 10 საათამდე და საღამოს 4-5 საათის შემდეგ;
2) ყურადღება უნდა მიექცეს კანის მდგომარეობას, რადგან ორსულობისას ის უფრო მეტად არის მიდრეკილი პიგმენტური ლაქების წარმოქმნისაკენ;
3) ორსულთათვის რეკომენდებულია მხოლოდ ნატურალური კრემების გამოყენება;
4) ორსული რაც შეიძლება მეტხანს უნდა იყოს ჰაერზე.
P.S. უნდა გამოვტყდე, რომ მკითხველისთვის საინტერესო ამ საკითხებზე კომენტარისთვის ქალბატონი მანანა მეტისმეტად მოვაცდინე. მიუხედავად წინასწარი მოლაპარაკებისა და დათქმულ დროს შეხვედრისა, მთავარი ექიმის მოხელთება მაინც გაჭირდა. "შეიძლება, ქალბატონო მანანა?" "როდის განთავისუფლდებით, ქალბატონო მანანა?" - არ წყდებოდა მომსვლელთა ნაკადი. კოლეგების, თანამშრომლებისა და პაციენტების წყალობით მანანა ტურძელაძის კაბინეტის კარი წუთითაც არ იხურება. როგორც მთავარი ექიმისაგან შევიტყვეთ, მათი ქალთა განყოფილება დიდი დატვირთვით მუშაობს და უამრავ ორსულს უწევს კონსულტაციას. - ძალიან მახარებს, რომ ორსულთა რიცხვმა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად იმატა, თუმცა ეს უპირატესად პირველი ორსულობის ხარჯზეა, მეორე, მესამე და მომდევნო შვილების გაჩენისგან ქალები მაინც იკავებენ თავს. ეს, რა თქმა უნდა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და დუხჭირი ცხოვრების ბრალია, - განაცხადა ქალბატონმა მანანამ, - სახელმწიფო მეტად უნდა უწყობდეს ხელს შობადობასა და ერის გამრავლებას. არც ოთხი (უფასო, ანუ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული) ვიზიტია საკმარისი ორსულისთვის. ეს მე მინისტრსაც განვუცხადე შეხვედრისას და სადაც შემიძლია, ვასაბუთებ ჩემს ამ მოსაზრებას. ზოგიერთი კოლეგა იმასაც კი მეუბნება: არ დაიღალე, ტყუილად რომ ირჯები? ხომ ხედავ, არავის ადარდებს ორსულთა ბედი ამ ქვეყანაშიო, მაგრამ მე ჩემს აზრს ყოველთვის გამოვხატავ, იმიტომ, რომ ჩემი საქმე მიყვარს და გული შემტკივა ბევრ რამეზე. - უმთავრესად რა პრობლემები აქვთ ორსულებს, რა ჩივილებით მოგმართავენ? - ამ კითხვაზე ქალბატონმა მანანამ გვიპასუხა, რომ ორსულებს უმეტესად ფარისებრი ჯირკვლისა პრობლემები და ანემია აწუხებთ და რომ ეს ყოველივე ისევ და ისევ დუხჭირი ცხოვრებისა და ცუდი კვების შედეგია. ინტერვიუს დროს ქალბატონ მანანას მოსკოვიდან ვაჟმა დაურეკა. ბატონი ნიკოლოზ საყვარელიძე მოსკოვის 25-ე სამშობიაროში წამყვანი სპეციალისტი ყოფილა. ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ხსენებაზე კოლეგა გაოცდა და დაინტერესდა. ვიმედოვნებთ, რუსეთში მოღვაწე ქართველი ექიმიც გამონახავს რამდენიმე წუთს და გააკეთებს კომენტარს ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო საკითხებზე.