საშვილოსნოს მიომა და ორსულობა
და მიომას შემდეგ მიხედონ, თუ პირიქით - ჯერ კვანძს უმკურნალონ და მერეღა იფიქრონ ორსულობაზე. ამაზე სასაუბროდ ექიმ გინეკოლოგ სოფიო ჯაშს მივმართეთ.
- რა არის საშვილოსნოს მიომა და საიდან წარმოიშობა იგი?
- მიომა კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნეა. ამ დაავადებაზე საუბრისას ექიმები ხშირად იყენებენ ტერმინებს ლეიომიომა (საერთაშორისო სახელწოდება), ფიბრომა, ფიბრომიომა.
მიომას, რომელიც მხოლოდ გლუვკუნთოვანი ქსოვილისგან შედგება, ლეიომიომა ეწოდება, თუმცა ასეთი რამ იშვიათია - მიომა, გარდა კუნთოვანი ბოჭკოებისა, შემაერთებელ ქსოვილსაც შეიცავს. როდესაც ეს უკანასკნელი უფრო მეტია (კუნთოვანი ქსოვილისა და შემაერთებელი ქსოვილის თანაფარდობაა 1:3), სიმსივნეს ფიბრომიომას უწოდებენ (ლათინური სიტყვიდან ფიბრა - ბოჭკო).
საშვილოსნოს მიომის დროს საშვილოსნოს კუნთოვანი შრის უჯრედები აქტიურად მრავლდება, რაც, უწინარეს ყოვლისა, ქალური სასქესო ჰორმონების - ესტროგენების მომატებული სეკრეციით არის გამოწვეული. ესტროგენები ასტიმულირებს საშვილოსნოს მიომის ზრდას, ხოლო პროგესტერონი, პირიქით, მის უკუგანვითარებას იწვევს, თუმცა სისხლში ესტროგენებისა და პროგესტერონის ნორმალური შემცველობა მიომის არსებობას არ გამორიცხავს.
მიომური კვანძი სხვადასხვა ზომისა და ფორმისა, ერთეული ან მრავლობითია, იწონის რამდენიმე გრამიდან კილოგრამამდე, ზოგჯერ - მეტსაც. ზოგიერთი მათგანი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.
- ვის შეიძლება აღმოაჩნდეს ეს პათოლოგია?
- საშვილოსნოს მიომა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. ყველაზე ხშირად ის 40 წელს გადაცილებულ ქალებში გვხვდება.
- სად ლოკალიზდება მიომური კვანძი?
-კვანძის მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ მიომის რამდენიმე ფორმას:
- ინტერსტიციულს (მდებარეობს საშვილოსნოს კედელში);
- სუბმუკოზურს (მდებარეობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ და მიმართულია საშვილოსნოს ღრუსკენ);
- სუბსეროზულს (მდებარეობს საშვილოსნოს ზემოდან, პერიტონეუმის ქვეშ. ზოგჯერ აქვს სქელი ფუძე ან ფეხი).
- რას უჩივის ქალი მიომის დროს?
- მიომის კლასიკური ნიშანია გახანგრძლივებული მენსტრუაცია (მენორაგია), რომელთა შორის აღინიშნება აციკლური სისხლდენები (მეტრორაგია). უხვი სისხლდენა ხშირად ანემიას იწვევს. ის ადგილი, სადაც მიომური კვანძი მდებარეობს, მტკივნეულია, მომატებულია საშვილოსნოს ტონუსი და ადგილობრივი ტემპერატურა (სხეულის საერთო ტემპერატურასთან შედარებით მეტია). თუმცა ეს სიმპტომები, როგორც გითხარით, ყოველთვის არ იჩენს თავს. ქალების დაახლოებით 28%-ს არაფერი აწუხებს და სიმსივნეს შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევისას.
- შესაძლებელია თუ არა მიომური კვანძის არსებობისას დაორსულება და შვილის გაჩენა?
- შესაძლებელია, თუმცა სირთულეები, რასაკვირველია, არსებობს. უწინარეს ყოვლისა, ჭირს ჩასახვა, ვინაიდან მიომა აწვება საშვილოსნოს მილებს, გაძნელებულია სპერმატოზოიდების გადაადგილება, დარღვეულია ოვულაცია. როდესაც უშვილობის ყველა სხვა მიზეზი აღმოფხვრილია, მიომის ამოკვეთა საგრძნობლად ზრდის ჩასახვის ალბათობას. თუ მიომა დიდია და საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას იწვევს, მისი ამოკვეთის შემდეგ შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, ოპერაციას შესაძლოა მოჰყვეს სისხლდენა და საშვილოსნოს ამოკვეთა გახდეს საჭირო.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში გართულებები თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როდესაც პლაცენტა მიომური კვანძის არეში მდებარეობს ანდა კვანძი (კვანძები) მეტისმეტად დიდია. დიდი ზომის მიომური კვანძი ნაყოფის შენარჩუნებას ართულებს.
აბორტის მიზეზია:
- საშვილოსნოს მომატებული კუმშვადობა (მიომის დარღვევისას მისგან გამოთავისუფლდება პროსტაგლანდინები - ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც საშვილოსნოს შეკუმშვას იწვევს);
- საშვილოსნოში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- ნეიროენდოკრინული დარღვევები;
- ქრონიკული ინფექციური დაავადებები;
- საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათოლოგიები (ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის პოლიპოზი).
ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მიომის არსებობისას იმატებს ნაადრევი მშობიარობის რისკი, რის მიზეზადაც საშვილოსნოში თავისუფალი ადგილის შემცირებას და საშვილოსნოს კუმშვადობის მომატებას მიიჩნევენ. რაც უფრო დიდია მიომური კვანძი, მით უფრო მაღალია ნაადრევი მშობიარობის ალბათობა. ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა აქვს კვანძის მდებარეობას და პლაცენტასთან კონტაქტს.
დიდი ზომის მიომა ნაყოფის ზრდასა და განვითარებაზეც მოქმედებს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები თავის ქალას თანდაყოლილი დეფორმაციითა და კისერმრუდობით იბადებიან, რაც, სავარაუდოდ, მიომის ზეწოლით არის გამოწვეული. დიდი მიომის მქონე ორსულებს ხშირად უჩნდებათ მცირეწონიანი შვილები. ორსულობისას სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო მიომურ კვანძში ვითარდება პათოლოგიური ცვლილებები, ზოგჯერ - ანთებითი და ინფექციური პროცესები, თრომბოზები და თრომბოემბოლიური გართულებები. ამ მახასიათებლებზეა დამოკიდებული ორსულობის გართულებები მიომის დროს.
რისკი დაბალია, როდესაც მიომური კვანძი:
- მდებარეობს საშვილოსნოს ტანში, ფუძეზე; კუნთებს შორის ან პერიტონეუმის ქვეშ;
- ზომით არ აღემატება 5-6 სმ-ს;
- რაოდენობით არ აღემატება 4-ს;
- არ იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას;
- ულტრაბგერითი გამოკვლევა ქსოვილთა სტრუქტურის შეცვლას არ ავლენს;
- მდებარეობს პლაცენტიდან მოშორებით. რისკი მაღალია, როდესაც კვანძი:
- მდებარეობს ლორწოვანი გარსის ქვეშ ან საშვილოსნოს ქვედა ნაწილში;
- ზომით აღემატება 7 სმ-ს;
- 5-ზე მეტია;
- იწვევს საშვილოსნოს ღრუს დეფორმაციას; დარღვეულია ქსოვილთა სტრუქტურა;
- მდებარეობს პლაცენტის ახლოს.
მიომიან ორსულთა ნახევარს მშობიარობა უხანგრძლივდება. გარდა ამისა, ხშირად საჭირო ხდება მშობიარობის საკეისრო კვეთით დასრულება. საკუთრივ მიომა ნაყოფის დაბადებას ხელს არ უშლის; პრობლემა ის გახლავთ, რომ მიომური კვანძი (განსაკუთრებით - დიდი ზომისა) ხშირად შერწყმულია ნაყოფის მდებარეობის ისეთ ანომალიასთან (განივი და ირიბი მდებარეობა, მენჯითა და სახით წინ მდებარეობა), რომლის დროსაც ფიზიოლოგიური მშობიარობა შეუძლებელია.
მშობიარობის დროს ხშირია პლაცენტის აცლა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიომა პლაცენტის უკან მდებარეობს). მეანმა მშობიარობის მართვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მიომა ხშირად მშობიარობის შემდგომ პერიოდსაც ართულებს. კერძოდ, მოსალოდნელია მშობიარობის შემდგომი სისხლდენა, ინფექციური დაავადებები და საშვილოსნოს არასრული უკუგანვითარება (საშვილოსნო არ იკუმშება და არ იბრუნებს საწყის ზომას).
- ორსულობა თუ ახდენს გავლენას მიომაზე?
- ორსულობის განვითარებისთვის აუცილებელია სისხლში ესტროგენებისა და პროგესტერონის მაღალი შემცველობა. მიომაზე კი ერთიც მოქმედებს და მეორეც. გარდა ჰორმონულისა, ორსულობისას ხდება მექანიკური ცვლილებებიც, კერძოდ, საშვილოსნოს კუნთოვანი გარსი (მიომეტრიუმი) დიდდება და იწელება, ძლიერდება სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოს კედელში. მიომაზე ეს ცვლილებები მით უფრო მეტ გავლენას ახდენს, რაც უფრო მეტად არის ჩათ¬რეული პათოლოგიურ პროცესში საშვილოსნო. ორსულობისას მიომა იზრდება, მაგრამ ეს არ გახლავთ ჭეშმარიტი ზრდა - სიმსივნის ზომების მატება თვით საშვილოსნოს ზრდით არის განპირობებული. მიომური კვანძის უმნიშვნელო გადიდება უმთავრესად პირველ და მეორე ტრიმესტრებში აღინიშნება, მესამეში მიომა პატარავდება. მთელი ორსულობის განმავლობაში მიომის მნიშვნელოვნი ზრდა ძალზე იშვიათია და ორსულობის მიმდინარეობაზე გავლენას, პრაქტიკულად, არ ახდენს. ორსულობისას უფრო ხშირია სხვა მოვლენები, კერძოდ, მიომის დეგენერაცია (დარღვევა), რაც მიომის კვანძის ნეკროზს (სიკვდილს), შეშუპებებს, კისტებს, სისხლდენებს და სხვა უსიამოვნებებს იწვევს. დეგენერაციული ცვლილებები შესაძლოა განვითარდეს ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, ასევე - მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
- როგორ მკურნალობენ საშვილოსნოს მიომას?
- მიომის მკურნალობის მეთოდიკა დამოკიდებულია ავადმყოფის ასაკზე, სიმსივნის ზრდის ტემპზე, კვანძების ლოკალიზაციასა და გართულებათა თანაობაზე. ამჟამად მიღებულია მკურნალობის რამდენიმე მეთოდი. არაოპერაციული (კონსერვატიული) მკურნალობის მიზანია კვანძის ზრდის შეფერხება.
ასეთი მკურნალობა შესაძლებელია, როდესაც:
- კვანძის მდებარეობა ინტერსტიციული ან სუბმუკოზურია;
- კვანძი პატარაა;
- სისხლდენა არ არის ხანგრძლივი და ჭარბი.
კონსერვატიული მკურნალობისას იყენებენ საშვილოსნოს შემკუმშავ და ჰორმონულ საშუალებებს. ახალგაზრდებს უნიშნავენ პროგესტერონს ან კომბინირებულ ესტროგენ-გესტაგენის პრეპარატებს. თუ ასეთმა თერაპიამ სიმსივნის ზრდა ვერ შეაფერხა, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი.
ოპერაციის ჩვენებას წარმოადგენს:
- დიდი ზომის სიმსივნე, რომელიც საშვილოსნოს 12 კვირის ორსულობაზე მეტად ზრდის;
- საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომური კვანძი, რომლის დროსაც მენსტრუაცია ხანგრძლივი და ჭარბი ხდება;
- საშვილოსნოს სწრაფი ზრდა;
- მეზობელი ორგანოების ფუნქციის დარღვევა.
ოპერაცია შეიძლება იყოს როგორც პალიაციური (კვანძის ამოსახსვრა), ისე რადიკალური (საშვილოსნოს ამპუტაცია ან ექსტირპაცია). ასევე, აუცილებელია მასალის აღება ჰისტოლოგიური კვლევისთვის სიმსივნის კეთილთვისებიანობის დასადასტურებლად. საზოგადოდ, ორსულობისას ქირურგიულ ჩარევას ძალიან იშვიათად მიმართავენ - მხოლოდ მაშინ, როდესაც მიომური კვანძი მეტისმეტად სწრაფად იზრდება, აწვება მეზობელ ორგანოებს და იწვევს ძლიერ, აუტანელ ტკივილს. ზოგჯერ ორსულობის შესანარჩუნებლად მინიმალური ქირურგიული ჩარევაც საკმარისია.
- სახიფათოა თუ არა ოპერაცია ნაყოფისთვის?
- ოპერაცია აბორტსა და ნაადრევ მშობიარობას მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევებში იწვევს.
- როდის ტარდება საკეისრო კვეთა?
- საკეისრო კვეთა ტარდება, თუ მიომის დიაგნოზთან ერთად არსებობს სხვა ჩვენებაც, კერძოდ:
- ნაყოფი მდებარეობს მენჯით წინ;
- მშობიარის ასაკი აღემატება 30 წელს;
- აღინიშნება სხვა დაავადებების თანაობა ან სამეანო-გინეკოლოგიური გართულება (ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადება, გადატანილი გინეკოლოგიური და სამეანო ოპერაცია, წინა ორსულობისა და მშობიარობის რთული მიმდინარეობა), ფეტოპლაცენტური უკმარისობა.
თუ ორსული მიეკუთვნება დაბალი რისკის ჯგუფს და უკუჩვენება არ არსებობს, დასაშვებია მშობიარობა ბუნებრივი გზით. თუ თავი იჩინა გართულებამ, რომელიც ხელს უშლის ბავშვის დაბადებას (ნაყოფის არასწორი მდებარეობა, სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაცია ან სისუსტე, პლაცენტის ნაადრევი აცლა, ნაყოფის ჰიპოქსია), ტარდება გადაუდებელი საკეისრო კვეთა. გახსოვდეთ: ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე ყოველთვის უფრო ეფექტიანია, ვიდრე შორს წასული, ნებაზე მიშვებული ფორმის შემთხვევაში, ამიტომ საეჭვო სიმპტომის შემჩნევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ გინეკოლოგს. შვილოსნობის ასაკის ყოველმა ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს სრული კომპლექსური გინეკოლოგიური გამოკვლევა - ჩვენს შვილებს ჯანმრთელი მშობლები სჭირდებათ.