ავადსახსენებელი აბორტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ავადსახსენებელი აბორტი

თბილისის ივანე ჯავახ-იშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი.

– ბ-ნო არჩილ, თქვენ ამასწინანდელ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველოში „აბორტი დამარცხებულია და ის ფეხზე ვეღარ დადგება“. არსებულ ოფიციალურ სტატისტიკაში კი აღნიშნულია, რომ ხელოვნური აბორტების რიცხვი საქართველოში აღემატება 36000-ს. ხომ არ აჭარბებს ეს რიცხვი თვითდაჯერების ზღვარს?

– მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „თვითდაჯერება“ ჩემთვის მიუღებელია, მაინც მინდა გითხრათ, „ბარაქალა“ საქმიანი და ლოგიკური შეკითხვისთვის. ვეცდები თქვენ და ჩვენს რესპონდენტებს დამაჯერებელი პასუხი გავცე.

პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ გავიხსენო მცირედი ისტორია. უპირველესად ის ფაქტი, რომ ცნობილი ინსტიტუტის დაარსებისას პროფ. ი. ჟორდანიამ დაისახა ორი მიზანი: ერთი იყო უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების დახვეწა და მეორე – ხელოვნურ აბორტთან ბრძოლა. შესაბამისად, მე და ჩემმა კოლეგებმა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დავიწყეთ ორივე მიზნის სისრულეში მოსაყვანად ბრძოლა. პირველი ამოცანის შესრულება მიმდინარეობდა გეგმაზომიერად, რის შესახებაც ბევრი ითქვა და დაიწერა. ეს პროცესი გრძელდება ამჟამადაც.

ხელოვნურ აბორტებთან ბრძოლა კი შემიძლია შევადარო ძლევამოსილ მაფიასთან შერკინებას. ოთხმოციანი წლებისთვის საქართველში ჩამოყალიბებული იყო ტიპური „აბორტმახერთა მაფია“, რომელშიც შედიოდნენ როგორც ექიმები, ისე არაექიმები. მათ დიდი ზეგავლენა ჰქონდათ თითქმის ყველა ინსტანციაზე. ამგვარად, მათთან ბრძოლა სასიკვდილო საფრთხე იყო. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ როდესაც მე პირადად გამოვუცხადე ბრძოლა ხელოვნურ აბორტს, მაშინვე დაიწყო პირდაპირი და ირიბი მუქარები – რომ მომკლავდნენ, თუ არ დავტოვებდი საქართველოს. მაგრამ, როგორც ხედავთ, ღმერთმა გადამარჩინა.

იმ პერიოდისთვის 5,5-მილიონიან საქართველოში ოფიციალურად აღირიცხებოდა 100 000 ხელოვნური აბორტი, რასაც ემატებოდა ორჯერ მეტი კრიმინალური აბორტი, ანუ ჯამურად 1987 წლისთვის საქართველოში კეთდებოდა დაახლოებით 300 000 ხელოვნური აბორტი. ამ ბარბაროსული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ანტირეკორდსმენი იყო. თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება კი 0-ს უტოლდებოდა.

2000 წლისთვის საქართველოში ხელოვნური აბორტების რიცხვმა იკლო დაახლოებით 10-ჯერ, თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენებამ კი გადააჭარბა 70%-ს. ასეთი ნახტომი იმ დროისთვის თანამედროვე კონტრაცეფციის ისტორიაში მსოფლიო რეკორდი იყო.

ხსენებული მონაცემები ემყარებოდა ი. ჟორდანიას იდეოლოგიას და ჩემს მრავალწლიან გამოცდილებას ამ სფეროში. ოფიციალური მონაცემები ხელოვნური აბორტების შესახებ საბჭოთა პერიოდში სრულად ფალსიფიცირებული იყო, მის შემდგომ ხანაში კი დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდა. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ თქვენ მიერ მოხმობილი რიცხვი – 36 000 – 2014 წელს განეკუთვნება. მას შემდეგ სახელმწიფო აღარც დაინტერესებულა აბორტების რიცხვის აღნუსხვით. იმის მიხედვით, რასაც პრაქტიკოსი ექიმები ვხედავთ, ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 12-15 ათასს. ამიტომ დაინტერესებულ პირებს მიგვაჩნია, რომ აბორტების ლიკვიდაციის პროცესი გრძელდება და თანდათანობით სულ უფრო შეუქცევადი ხდება. ჩვენი საზოგადოების ოჯახები კი სულ უფრო ხშირად გეგმავენ ოჯახს თანამედროვე კონტრაცეპტივების საშუალებით. მათ შესახებ ადეკვატური ინფორმირების დონე იმდენად ამაღლდა (75%-80%-მდე), რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ ხელოვნური აბორტების ლიკვიდაციის რეალობაში უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში და ამ პროცესის შეუქცევადობაში.

– როგორ გგონიათ, ხელოვნური აბორტების სიხშირის შემცირებას ხელს ხომ არ შეუწყობდა მათი იურიდიული აკრძალვა?

– ცალსახად შემიძლია გიპასუხოთ, რომ არა. არცერთ აკრძალვას არავითარი დადებითი შედეგი არ მოუტანია მსოფლიო ისტორიაში, მათ შორის – არც აბორტის აკრძალვას. მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აბორტების აკრძალვას მივყავართ არა მათი სიხშირის რეალურ შემცირებასთან, არამედ არალეგალური აბორტების რაოდენობისა და შესაბამისად, დედათა და ახალშობილთა სიკვდილის მომატებასთან. დღესდღეობით ევროპაში ხელოვნური აბორტების წარმოება კანონით არის აკრძალული მხოლოდ მალტასა და პოლონეთში. ეს ხდება, ძირითადად, კონსერვატული კათოლიკური ეკლესიის ზეწოლით. ამის შედეგი ის არის, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ მეზობელ ქვეყნებში, სადაც ხელოვნური აბორტი კანონით ნებადართულია. საინტერესო მაგალითია ირლანდიის ისტორია, სადაც ხელოვნური აბორტი წლების განმავლობაში იყო უპირობოდ აკრძალული. ამ ქვეყანაში აბორტის სრულმა ლეგალიზაციამ არათუ გაზარდა დე ფაქტო აბორტების რიცხვი, არამედ, პირიქით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მათი შემცირება გამოიწვია.

მე სრულად დარწმუნებული ვარ, რომ აბორტები კი არ უნდა აიკრძალოს, უნდა აღმოიფხვრას და ეს უნდა მოხდეს საზოგადოების სწორი ინფორმირებით, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების დანერგვით, ისეთი პირობების შექმნით, რომ ყველა ბავშვი ყველა მშობლისთვის სასურველი გახდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ ოპტიმალურად არის დაბალანსებული, რაც განპირობებულია თანამედროვე კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობით (ხშირად მათი სიძვირის მიუხედავად) და პაციენტების სწორი სამედიცინო ინფორმირებით.

– როგორ მოხერხდა ასეთი ბალანსის მიღწევა ჩვენს რეალურ სიტუაციაში?

– აკი გითხარით, რომ ყველაფერი მოახერხა ჟორდანიას ინსტიტუტმა შედარებით მოკლე პერიოდში იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლებიდან შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომელიც იყო დამყარებული მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე და მოიცავდა რეპროდუქციული ფუნქციის რეგულირების სხვადასხვა მეთოდის ეტაპობრივ გამოყენებას, დაწყებული უსაფრთხო სამედიცინო აბორტით (მინიაბორტი) და დამთავრებული ულტრათანამედროვე კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენებით. ყველა ამ მეთოდის დანერგვაში ჩვენ დიდი დახმარება გაგვიწია, როგორც უკვე მოგახსენეთ წინა ინტერვიუში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა და სწორად მოაზროვნე ჟურნალისტებმა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ აბორტთან ბრძოლაში ყოველთვის გვეხმარებოდა ჯანდაცვის მინისტრთა უმრავლესობა. ჩემთვის საამაყოა ის ფაქტიც, რომ, როგორც მორწმუნეს, დიდი ხნის განმავლობაში მქონდა საშუალება მიმეწოდებინა სრული ინფორმაცია ჩვენი ინსტიტუტის მოღვაწეობის შესახებ ჩვენი ეკლესიის უმაღლესი იერარქისთვის.

– რა აზრის ხართ ე.წ. გენდერულ აბორტზე?

– დარწმუნებული ვარ, რომ თუ კი ვინმეს სძულს გენდერული აბორტი, პირველ რიგში, ჩემი კოლეგა ექიმი რეპროდუქტოლოგები არიან. აბორტზე უარესი, ალბათ, არაფერია ქალის ჯანმრთელობის საწინააღმეგოდ. ე.წ. „გენდერული აბორტი“ კი, ჩემი აზრით, სრული უმსგავსობაა, მიზანმიმართული მკვლელობა, რომელიც უნდა დაიგმოს და სრულად აღმოიფხვრას. ალბათ, ხელოვნური აბორტის ეს ვარიანტი შესაძლებელია აიკრძალოს კიდეც როგორც, სულ მცირე, ამორალური აქტი. კარგია, რომ ჩვენი ქვეყანა მონაწილეობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამებში, აქცენტით – „გენდერულ აბორტზე“. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის „გენდერული აბორტი“ არ არის ისეთი მტკივნეული საკითხი, როგორიც, მაგალითად, აღმოსავლეთის განვითარებადი ქვეყნებისთვის.

– ასეა თუ ისე, ხელოვნური აბორტი ჯერჯერობით რჩება ჩვენი ცხოვრების რეალობად. მათი რიცხვი საქართველოში მეტია, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. რას ურჩევთ ჩვენს ქალებს?

– არა მარტო ქალებს, მათ სქესობრივ პარტნიორებსაც ვურჩევდი, რომ არ მიმართონ ხელოვნურ აბორტს და გამოიყენონ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე საშუალებები. მაგრამ თუ „დაიქცა ქვეყანა“ და წარმოიშვა ხელოვნური აბორტის აუცილებლობა, დროულად მიმართონ ექიმ რეპროდუქტოლოგს, მისი მეთვალყურეობით ჩაიტარონ ე.წ.„მედიკამენტური აბორტი“. თავის დროზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დროებით, ალტერნატიულად შემოვიღეთ ე.წ. მინიაბორტი, ეს განპირობებული იყო ქალის ორგანიზმზე ამ პროცედურის ნაკლები ზიანით ტრადიციულ ქირურგიულ აბორტთან შედარებით. დღესდღეობით კი ჩვენ შემოვიღეთ და პრაქტიკაში დავნერგეთ, ასევე დროებით, ალტერნატიულად, ე.წ. „მედიკამენტური აბორტი“, რომლის უარყოფითი ზეგავლენა ქალის ორგანიზმზე მინიმალურია. მაგრამ მაინც, ყველა ტიპის აბორტი არის ცუდი. ჩვენი მიზანია ხელოვნური აბორტის სრული აღმოფხვრა ჩვენი პრაქტიკიდან. ეს კი შესაძლებელია თანამედროვე კონტრაცეფციის ტოტალური დანერგვით.