ორსულობა და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და მხედველობა

ეს, რასაკვირველია, მხედველობის ორგანოზეც აისახება. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ოფთალმოლოგი სოფიო იმედაშვილი.

  • ქალბატონო სოფიო, რა ცვლილებები მიმდინარეობს ორსულობის დროს მხედველობის ორგანოში?

- ორსულობის დროს, მოგეხსენებათ, იმატებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დატვირთვა. ამასთან, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან ვითარდება პლაცენტური სისხლის მიმოქცევა, რაც უზრუნველყოფს ნაყოფის მომარაგებას საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით. ამის გამო ძლიერდება ნივთიერებათა ცვლა, იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, გულის შეკუმშვათა სიხშირე, მაღლა იწევს სისხლის არტერიული და ვენური წნევა, თვალშიგა წნევა.

ყველაზე მძიმე გამოცდა თვალისთვის მშობიარობაა. ჭინთვების დროს მნიშვნელოვნად იმატებს სისხლის არტერიული და თვალშიგა წნევა. სისხლძარღვოვანი ცვლილებები ხშირად იწვევს “თვალწინ წერტილების” გაჩენას.

  • ყველა ქალმა უნდა გაიაროს თუ არა გამოკვლევა ოკულისტთან ორსულობისას?

- ფიზიოლოგიური ორსულობის დროს მიმდინარე ცვლილებებს, წესისამებრ, არ მივყავართ მხედველობის აპარატის ორგანულ დარღვევებამდე, ბადურა გარსში სისხლჩაქცევებამდე და, მით უმეტეს, მის აშრევებამდე, თუმცა ნორმალური მხედველობის მქონე ქალებსაც სჭირდებათ ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

  • საკმარისია თუ არა ექიმთან ერთჯერადი ვიზიტი ან მხედველობის შემოწმება, თუ პირველი შემოწმების დროს პათოლოგია არ აღმოუჩენიათ?

- ოფთალმოლოგის კონსულტაცია უნდა ჩატარდეს ორჯერ: ორსულობის დასაწყისში და უშუალოდ მშობიარობამდე. ეს მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მხედველობის პრობლემები გავლენას ახდენს მშობიარობის მეთოდის არჩევანზე. კვლევათა შედეგები მოწმობს, რომ როგორც ფიზიოლოგიური, ასევე გართულებული ორსულობის დროს ცენტრალური და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდაქმნის პარალელურად სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს თვალის სისხლის მიმოქცევაშიც. მაგალითად, ორსულობის დროს მიოპიის ფონზე მცირდება თვალის სისხლის მიმოქცევა, ხოლო ცილიარულ სხეულში სისხლის მიმოქცევის დაქვეითება თვალშიგა წნევის დაქვეითებასაც იწვევს. გარდა ამისა, ორსულობის ბოლოს ბავშვი იღებს თავის საბოლოო მდგომარეობას, რაზეც ბევრად არის დამოკიდებული მშობიარობის სირთულე.

რას ამოწმებს თვალის ექიმი ორსულობის დროს ?

- განსაზღვრავს რეფრაქციას, აფასებს თვალის ფსკერის მდგომარეობას; აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება პერიმეტრია, იზომება თვალშიგა წნევა, თვალიერდება თვალის ფსკერის უკიდურესად პერიფერიული უბნები გონიოლინზით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დროს თვალის ფსკერის მდგომარეობის შეფასება, რადგან თვალის ფსკერის სურათმა შესაძლოა სიგნალი მოგვცეს ორსულთა ტოქსიკოზის მოახლოების შესახებ. გარდა ამისა, თვალის ფსკერის მდგომარეობაზეა დამოკიდებული, შეიყვანენ თუ არა პაციენტს ოფთალმოლოგიური გართულებების მაღალი რისკის ჯგუფში.

  • მოსალოდნელია თუ არა მხედველობის გაუარესება ორსულობის დროს?

- თვალების მდგომარეობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტოქსიკოზმა და ორსულობის სხვა გართულებებმა. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული გადაწყობა სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ოფთალმოლოგები დიაგნოსტიკის დროს იკვლევენ არა მარტო რეფრაქციის ხარისხს, არამედ ბადურას მდგომარეობასაც - ხომ არ არის მასზე დეგენერაციული ცვლილებები, ნახეთქები. ასე რომ, უმჯობესია, გავიაროთ ზედმეტი გამოკლევა და დავრწმუნდეთ, რომ საშიში არაფერია.


  • რა ქნას ორსულმა, რომელიც ლინზებს ატარებს?

- ქალები, რომლებიც კონტაქტურ ლინზებს ატარებენ, ორსულობის დროს ზოგჯერ უხერხულ შეგრძნებებს უჩივიან. ვურჩევ მათ, სცადონ სათვალე, მშობიარობის შემდეგ კი კვლავ ლინზებს დაუბრუნდნენ.

  • შეუძლია თუ არა ბუნებრივად მშობიარობა ქალს, რომელსაც ერთი წლით ადრე თვალის ოპერაცია გაუკეთდა?

- ყველაფერი დამოკიდებულია, უპირველესად, თვალის ფსკერის მდგომარეობაზე, ასევე - ოპერაციული ჩარევის ხანდაზმულობაზე, მიოპიის ხარისხზე, თვალის ფსკერზე ოპერაციამდე არსებულ ცვლილებებზე, ქალის ასაკზე. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, პირველად მშობიარობს ქალი თუ განმეორებით. ცალკეულ შემთხვევებში აუცილებელია მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია ნაყოფის მოსალოდნელი წონისა და მისი ანატომიური ზომების ქალის მენჯის ზომებთან შესადარებლად.

  • შეიძლება თუ არა ბუნებრივი მშობიარობა მიოპიის დროს? რა საფრთხე იჩენს ამ დროს თავს?

- ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. გადაწყვეტილება ეფუძნება მთელ რიგ ფაქტორებს: თვალის ფსკერისა და ბადურას მდგომარეობას, ქალის საერთო მდგომარეობას, ასაკს და ა.შ. ბადურას მდგომარეობა ყოველთვის არ არის დამოკიდებული ახლომხედველობის ხარისხზე. მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს იგი ხშირად დამაკმაყოფილებელია, არც ნახეთქები ჩანს, არც პროგრესირებადი დისტროფიული ცვლილებები. არის პირიქითაც - მსუბუქი ახლომხედველობის დროს, რომელიც არ აღემატება 1-3 დიოპტრს, თვალის ფსკერზე დისტროფიული კერები შეინიშნება. ისიც გახსოვდეთ, რომ საკეისრო კვეთა ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დედის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის რისკი 12-ჯერ მეტია, ვიდრე მშობიარობის დროს, ამიტომ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, ისიც მკაცრი ჩვენებით ტარდება.

  • რით არის საშიში ჭინთვები ქალისთვის, რომელსაც დაზიანებული აქვს მხედველობა?

- ჭინთვების დროს ქალის ორგანიზმი ძლიერ იტვირთება. ზოგიერთი კი ცდილობს გაიჭინთოს არა მუცლის კუნთებით, არამედ ყველაფრით, რითაც შეუძლიათ. ამის შედეგად სკდება თვალის წვრილი სისხლძარღვები, ზოგჯერ კი ხდება ბადურას აშრევებაც.

მშობიარობამ მშვიდად რომ ჩაიაროს, უნდა ისწავლოთ სწორად ჭინთვა. ამისთვის უნდა მიმართოთ სპეციალურ კურსებს. გამოცდილი ბებიაქალი გასწავლით, როგორ გაიჭინთოთ და საერთოდ, როგორ მოიქცეთ მშობიარობის დროს.

  • როდის კეთდება საკეისრო კვეთა?

- მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად მშობიარობა შეუძლებელია ან საშიშია დედისა და ნაყოფისათვის. სამწუხაროდ, საკეისრო კვეთის ერთ-ერთ ჩვენებას წარმოადგენს ბადურას დისტროფიული ცვლილებები.

ახლომხედველებსა და თვალის ფსკერზე ცვლილებების მქონე ქალებისთვის ბადურას აშრევების რისკი იმატებს მშობიარობის პროცესში წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო. საშუალო და მაღალი ახლომხედველობის დროს ბადურა თხელდება და იწელება, რის გამოც იმატებს მშობიარობის დროს ნახეთქების გაჩენისა და ბადურას ჩამოშლის რისკი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მეანები ორსულებს საკეისრო კვეთას ურჩევენ.

თუ გაქვთ მიოპია გართულებებით, მაგალითად, ბადურას დეგენერაციული ცვლილებებით, რისკის გაწევა ალბათ არ ღირს, მაინც საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარება ჯობია. მშობიარობა არც მაშინაა რეკომენდებული, როდესაც ქალს გადატანილი აქვს ოპერაცია თვალის ბადურა გარსზე. მშობიარობის მეთოდი ირჩევა ორსულობის ბოლოს, მეანსა და ოფთალმოლოგთან ერთად საერთო კონსულტაციის საფუძველზე.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან გართულება?

- ამისთვის აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს მხედველობის ორგანოს და აუცილებლად ბადურას მდგომარეობა. იმის მიხედვით, როგორ ხედავთ, ოფთალმოლოგები გირჩევენ, კონსულტაცია გაიაროთ ორსულობის მე-10-14 კვირას. გარდა ზოგადი გამოკვლევისა, აუცილებელია თვალის ფსკერის დიაგნოსტიკაც გაგანიერებული გუგით. თუ ამან არავითარი გადახრა არ აჩვენა, განმეორებითი კვლევა უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ბოლოს - 32-36-ე კვირის ვადაზე.

თუ ახლომხედველობა გაქვთ, კონსულტაციები ყოველთვიურად გაიარეთ.


  • არსებობს პროფილაქტიკის რაიმე გზა?

- თანამედროვე მედიცინაში ბადურას გავრცობილი დისტროფიული ცვლილებების და, აქედან გამომდინარე, მისი აშრევების რისკის დაქვეითების მიზნით მიმართავენ პროფილაქტიკურ ლაზერულ კოაგულაციას: უხეშად რომ ვთქვათ, ტარდება ბადურას ერთგვარი “შედუღება”, “დარჩილვა” სუსტ ადგილებზე და ნახეთქების მიდამოში. ბადურას კოაგულაციის წერტილებში ხდება დანაწიბურება. ამის შედეგად მყარდება ბადურას მჭიდრო კავშირი სისხლძარღვთა გარსებთან. ეს პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და რამდენიმე წუთს გრძელდება. ლაზერის სხივი განამტკიცებს ბადურას, იცავს მას გაწელვისა და აშრევებისგან.

ამრიგად, თუ დაორსულებას გეგმავთ ან უკვე ორსული ბრძადებით, აუცილებლად უნდა გაიაროთ ოფთალმოლოგის კონსტულტაცია თვალის ფსკერის დათვალიერებით. გახსოვდეთ, დროულად ჩატარებულმა ბადურას გამყარების მარტივმა პროცედურამ შესაძლოა თავიდან აგაცილოთ საკეისრო კვეთის აუცილებლობა.

თანამედროვე ოფთალმოლოგიაში ბადურას დისტროფიული ცვლილებებისა და ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად ამბულატორიულ პირობებში ტარდება პროფილაქტიკური ლაზერული კოაგულაცია. ეს პროცედურა, რომელიც მოითხოვს სულ რამდენიმე წუთს, ასევე აგაცილებთ თავიდან საკეისრო კვეთას.

  • როდის შეიძლება ჩატარდეს პერიფერიული პროფილაქტიკური ლაზერული კოაგულაცია?

- ლაზერული კოაგულაცია შეიძლება ჩატარდეს:

  • ორსულობამდე ნებისმიერ დროს;
  • ორსულობის 30 კვირის შემდეგ.

  • ხშირად გვეკითხებიან, როდიდან და როგორ ვითარდება მომავალი ბავშვის მხედველობა.

- მომავალი ბავშვის მხედველობით სისტემას საფუძველი ეყრება ორსულობის მე-2 თვის ბოლოდან. დედის ორგანიზმში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილება იწვევს ცვლილებებს თვალის სხვადასხვა სტრუქტურაში, ჩასახვისა და განვითარების ვადის მიხედვით. მაგალითად, თუ დედამ ორსულობის განსაზღვრულ ვადებში გრიპის მძიმე ფორმა გადაიტანა, შესაძლოა ახალშობილს ჩამოუყალიბდეს თვალის სტრუქტურის განვითარების ორგანული მანკი, წითურას გადატანის შემთხვევაში კი მოსალოდნელია თანდაყოლილი კატარაქტის განვითარება ბროლის შემღვრევის გამო.

მომავალი ბავშვის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ორგანიზმზე მავნე ფაქტორების გავლენა, კერძოდ, დედის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლისა და ზოგიერთი მედიკამენტის მოხმარება, განსაკუთრებით - ორსულობის პირველი კრიტიკული პერიოდის, პირველი 6 კვირის განმავლობაში.