კონტაქტური ლინზების უსაფრთხო მოხმარების წესები და რეკომენდაციები: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ!
ფართოვდება კონტაქტური ლინზების მომხმარებლების ასაკობრივი ჭრილიც.
არსებობს ოპტიკური დანიშნულების კონტაქტური ლინზა, რომელიც რეფრაქციული დარღვევების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) კორექციისთვის გამოიყენება და ფერადი, კოსმეტიკური კონტაქტური ლინზა, რომლის დანიშნულება არის თვალის ფერის შეცვლა, თუმცა არსებობს ასევე ფერადი ოპტიკური ლინზაც, რომელიც ზემოხსენებულ ორივე ფუნქციას ასრულებს.
აქვე უნდა აღინიშნოს კონტაქტური ლინზით კორექციის უპირატესობა. განსაკუთრებით ანიზომეტროპიის (განსხვავებული რეფრაქცია სხვადასხვა თვალზე) და ასტიგმატიზმის კორექციისას. ასტიგმატური სათვალის პირველად გამოყენება დაკავშირებულია დისკომფორტთან და ადაპტაციის გარკვეულ პერიოდთან, რაც კონტაქტური კორექციის შემთხვევაში, მინიმუმამდეა დაყვანილი.
კონტაქტური ლინზის გამოყენება არის უსაფრთხო, თუ დაიცავთ მისი მოხმარებისა და ჰიგიენის წესებს. თანამედროვე ჰიდრო-სილიკონის ლინზები ხასიათდება კარგი ჟანგბად გამტარობით, რაც ხელს უშლის ჰიპოქსიის განვითარებას. მოხმარების ვადის მიხედვით, თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები იყოფა: ერთთვიან, ორკვირიან და ერთდღიან ლინზებად. მოხმარების რეჟიმის მიხედვით არსებობს ლინზები, რომელთა გამოყენება შეიძლება მხოლოდ დღის განმავლობაში და არსებობს ლინზები, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაშიც გამოიყენება, თუმცა რაც უფრო მოკლეა ლინზის გამოყენების პერიოდი, მით ნაკლებია გართულებების რისკი.
რეკომენდაციები:
- ლინზის მოხმარებამდე აუცილებლად კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელი.
- არასოდეს გამოიყენოთ სხვისი კონტაქტური ლინზა, განსაკუთრებით ფერადი ლინზები, რადგან იზრდება ინფექციის განვითარების რისკი.
- რეკომენდებულია კონტაქტური ლინზის კონტეინერის მინიმუმ 3 თვეში ერთხელ გამოცვლა.
- კონტაქტური ლინზის გამოყენების მიუხედავად, გამოცვალეთ შესანახი ხსნარი კონტეინერში 24 საათში ერთხელ.
- არასოდეს გარეცხოთ კონტაქტური ლინზა ონკანის წყლით.
- დაიცავით კონტაქტური ლინზის მოხმარების ვადა. მოხმარების გადაჭარბება ხელს უწყობს ინფექციის განვითარების რისკს.
კონტაქტური ლინზის გამოყენების წესები:
პირველ რიგში უნდა შემოწმდეს კონტაქტური ლინზის წაღმა - უკუღმა ფორმა U და Vფორმა. ლინზა უნდა დაიდოთ საჩვენებელი თითის ბალიშზე და მიიტანოთ თვალთან ახლოს. გვერდით ჭრილში დააკვირდით მის ფორმას: ლინზის კიდეები არასწორ შემთხვევაში გადმოზნექილია გარეთ და აქვს V ანუ თეფშის ფორმა, სწორ შემთხვევაში კი კიდეები მიმართულია სწორად და ემსგავსება ფიალას ანუ U ფორმას.
1. დარწმუნდი ლინზის სისწორეში
2. ლინზების ერთმანეთში არევის თავიდან ასაცილებლად დაიწყე ყოველთვის მარჯვენა თვალით და გახსენი კონტეინერის მხოლოდ ერთი მხარე, მარჯვენა ლინზისთვის განკუთვნილი.
3. მოათავსე ლინზა საჩვენებელი თითის „ბალიშზე’’.
4. ამავე ხელის შუა თითით ჩამოწიე ქვედა ქუთუთო.
5. აიხედე ზემოთ და თვალის თეთრ ნაწილზე მიიდე ლინზა.
6. დაიხედე დაბლა ლინზის მოთავსების ადგილისკენ.
7. ფრთხილად გაათავისუფლე ქვედა ქუთუთო, დახუჭე თვალი და ამ მდგომარეობაში გაიხედე ყველა მიმართულებით.
იგივე გაიმეორე მეორე თვალზე.
ლინზის ამოღება:
1. აიხედე ზემოთ და შუა თითით ჩამოწიე ქვედა ქუთუთო.
2. საჩვენებელი თითით ნაზად ჩააცურე ლინზა თეთრ გარსზე (სკლერაზე).
3. ნაზად მოკიდე ცერა და საჩვენებელი თითი ლინზას, მოკეცე და ამოიღე.
ლინზასთან ადაპტაცია შეიძლება გამოიხატოს:
- სინათლის მგრძნობელობით, უცხო სხეულის შეგრძნებით (თითქოს წამწამია ჩავარდნილი);
- გარდამავალი ბუნდოვანი მხედველობით;
- ზომიერად გამოხატული თვალის სიწითლით;
- სინათლის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით (რეკომენდებულია მაღალი ხარისხის მზის სათვალის გამოყენება);
- ხშირი ხამხამი.
ადაპტაციის სინდრომი შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირიდან 1 თვემდე. თუ დისკომფორტი გაგრძელდა, ბუნდოვანება და სიწითლე დარჩა, ამოიღეთ ლინზები და მიმართეთ ექიმს.
მაკიაჟი და კონტაქტური ლინზა:
ჩაისვი კონტაქტური ლინზა მაკიაჟის გაკეთებამდე;
გამოიყენე ჰიპოალერგიული კოსმეტიკა;
კრემის კონსისტენციის თვალის ჩრდილის გამოყენება ნაკლებად სასურველია;
არ გამოიყენო ლაინერი წამწამების ძირის კიდეზე;
მაკიაჟის მოშორება: დაიბანე ხელები და გამშრალე, ამის შემდეგ და გაიწმინდე სახე მაკიაჟის მოსაშორებელი სითხით.
10 ოქტომბერს „მხედველობის საერთაშორისო დღე“ აღინიშნება. ფრანგული ოპტიკის მაღაზია Afflelou Paris (აფლელუ პარიზი) გილოცავთ, გისურვებთ თვალის ჯანმრთელობას და ნათელ მხედველობას!
R