ორსულობა და პიელონეფრიტი
თირკმლის ფიალიდან შარდის ევაკუაცია (დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს კენჭები, განვითარების ანომალია, შარდსაწვეთის გადაგრეხა - ყველაფერი, რაც ხელს უშლის შარდის ნორმალურ დინებას).
ამ დროს შარდში არსებულ ბაქტერიებს გამრავლებისთვის საუკეთესო პირობები ექმნებათ. პიელონეფრიტის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი ფაქტორებიც, როგორიც არის ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ანთებითი დაავადებები.
ორსულობისას პიელონეფრიტს უმთავრესად პირობით პათოგენური მიკრობები იწვევს. ეს ის მიკრობებია, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მუდმივად ბინადრობენ, ხოლო იმუნიტეტის დაქვეითებისას ხელშემწყობი ფაქტორების ზემოქმედებით აქტიურდებიან და დაავადებას იწვევენ.
ყველაზე ხშირად პიელონეფრიტის გამომწვევია სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ურეაპლაზმა, ტრიქომონა, ნაწლავის ჩხირი.
პიელონეფრიტი უმეტესად პირველმშობიარეებს ემართებათ, რაც ორსულობასთან მათი ორგანიზმის არასაკმარისი ადაპტაციით აიხსნება.
პიელონეფრიტის განვითარებას ხელს უწყობს:
- ორსულობისთვის დამახასიათებელი ჰორმონული ძვრები;
- გადიდებული საშვილოსნოს შარდსაწვეთებზე ზეწოლა;
- თირკმელებში ფარულად არსებული ინფექციის გააქტიურება;
- ორგანიზმში ინფექციის ქრონიკული კერების (ანგინა, კარიესული კბილები, ფურუნკულოზი) არსებობა.
პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონი პროგესტერონი იწვევს ნაწლავების, შარდის ბუშტის და შარდსაწვეთების მოდუნებას, ამის გამო ვითარდება ყაბზობა და ირღვევა შარდის გამოყოფა, რაც ხელს უწყობს შარდის შეფერხებას ზემოთა საშარდე გზებში.
ორსულობისას თირკმლის ქრონიკული დაავადებები მწვავდება. გამწვავება შესაძლოა მოხდეს ორსულობის როგორც ადრეულ პერიოდში - მე-15-16 კვირისთვის, ასევე მიწურულს - 26-30-ე კვირას (უმეტესად სწორედ ასეა). ამ დროს ინტენსიურად მზარდი საშვილოსნო იწყებს შარდსაწვეთის მიჭყლეტას, რის შედეგადაც ირღვევა შარდის ევაკუაცია და აქტიურდება თირკმელებში არსებული ინფექცია. ეს პერიოდი პიელონეფრიტიანი ორსულისთვის კრიტიკულად ითვლება.
-
როგორ მოქმედებს თირკმლის დაავადებები ორსულობის მიმდინარეობაზე?
მწვავე პიელონეფრიტი ორსულობაზე გავლენას, ჩვეულებრივ, არ ახდენს, ქრონიკული პიელონეფრიტის დროს კი ხშირია სპონტანური აბორტი და ნაადრევი მშობიარობა.
ორსულობა ხშირად რთულდება მეორე ნახევრის ტოქსიკოზით (გესტოზით), რომელიც მძიმედ მიმდინარეობს და მკურნალობას ძნელად ემორჩილება.
ამ პერიოდში ხშირად იჩენს თავს ორსულთა ანემია, არცთუ იშვიათად ირღვევა პლაცენტის ფუნქცია, ყოველივე ეს კი აფერხებს ნაყოფის ზრდასა და განვითარებას.
-
მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი
განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ პიელონეფრიტს.
მწვავე პიელონეფრიტი
მწვავე პიელონეფრიტი იწყება მწვავედ, შემცივნებით. მკვეთრად - 39-40 გრადუსამდე - იმატებს სხეულის ტემპერატურა. ორსული უჩივის სისუსტეს, თავის ტკივილს, ძლიერ ოფლიანობას. მოსალოდნელია გულისრევა და პირღებინებაც, რაც ხშირად ორსულობის პირველი ნახევრის ტოქსიკოზის სიმპტომებში ერევათ. ტემპერატურის მატებასთან ერთად წელის არეში აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გადაეცემა შარდსაწვეთებს, საზარდულს, ქვედა კიდურებსა და სასქესო ბაგეებს. ტკივილი, წესისამებრ, ცალმხრივია, უმეტესად - მარჯვენამხრივი, რაც იმით აიხსნება, რომ ორსულობის დროს მარჯვენა საკვერცხის ვენა განივრდება და ჭყლეტს შარდსაწვეთს, რის გამოც ირღვევა შარდის ნორმალური ევაკუაცია.
ცისტიტის დართვის შემთხვევაში შარდვა ხშირი და მტკივნეული ხდება.
ქრონიკული პიელონეფრიტი
ქრონიკული პიელონეფრიტი, წესისამებრ, ბავშვობაში იწყება. დაავადებას ხანგრძლივი რემისია ახასიათებს, ამიტომ მას ყურადღებას არ აქცევენ. ქრონიკული პიელონეფრიტი სწორედ ნებაზე მიშვებული პროცესის შედეგია - მწვავე ანთება ცხრება, მაგრამ თირკმელებში ბაქტერიები რჩება. ჰორმონული ძვრების (სქესობრივი მომწოფების პერიოდი, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ორსულობა, მშობიარობა) ფონზე ხშირად თავს იჩენს ყრუ, მღრღნელი ტკივილი წელის მიდამოში. ტკივილი უმეტესად ნესტიან ამინდში აღმოცენდება. გარდა ამისა, დროდადრო ქრონიკული პიელონეფრიტი მწვავდება, რაც მწვავე პროცესის ნიშნებით ვლინდება.
გამწვავებიდან გამწვავებამდე ავადმყოფი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ზოგჯერ უჩივის გაურკვეველ სისუსტეს, ყრუ ტკივილს წელის მიდამოში. ორსულთა 5-10%-ს აღენიშნება უსიმპტომო ბაქტერიურია - შარდში ბაქტერიების არსებობა აშკარა კლინიკური სიმპტომების გარეშე, 40%-ში კი ქრონიკული პიელონეფრიტი კლინიკურად გამოვლენილ სახეს იღებს.
-
როგორ მოქმედებს პიელონეფრიტი ნაყოფზე?
პიელონეფრიტი, განსაკუთრებით - მისი ქრონიკული ფორმა, ნაყოფზე არასასურველ გავლენას ახდენს. მუცლადყოფნის პერიოდში ინფიცირებული ახალშობილები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მშობიარობის შემდგომი ჩირქოვან-სეპტიკური დაავადებების მიმართ.
-
მოსალოდნელი გართულებები
ორსულობისა და მშობიარობის მოსალოდნელ გართულებათა მიხედვით განასხვავებენ რისკის სამ ხარისხს:
- პირველი ხარისხი - მწვავე პიელონეფრიტი, რომელიც განვითარდა ორსულობის დროს;
- მეორე ხარისხი - ქრონიკული პიელონეფრიტი;
- მესამე ხარისხი - ქრონიკული პიელონეფრიტი, რომელსაც ერთვის მაღალი წნევა ან აზოტემია, ასევე - პიელონეფრიტი ერთი თირკმლის უქონლობის ფონზე.
რისკის პირველი და მეორე ხარისხის მქონე ქალებისთვის ორსულობის შენარჩუნება შესაძლებელია, ოღონდ აუცილებელია შარდის მუდმივი კონტროლი - ანალიზი თვეში ერთხელ (22-დან 28-ე კვირამდე - კვირაში ერთხელ) - და ნეფროლოგის მეთვალყურეობა. რისკის მესამე ხარისხის შემთხვევაში ორსულობა უკუნაჩვენებია, ვინაიდან დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
-
რა მოხდება, თუ არ მივმართეთ ექიმს?
ნებაზე მიშვებული მწვავე პიელონეფრიტი გადაიზრდება ქრონიკულ ფორმაში ან განვითარდება თირკმლის ჩირქოვანი დაავადებები - აბსცესი ან კარბუნკული, რაც არასასურველ გავლენას მოახდენს როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
-
ლოგინობის ხანა
გესტაციური პიელონეფრიტის შემდეგ ქალების 20%-ს თირკმელების ფუნქცია დაქვეითებული აქვს, რის გამოც ლოგინობის მე-4 და მე-12-14 დღეებში - კრიტიკულ პერიოდში - დაავადება შესაძლოა გამწვავდეს, ამიტომ ქალის გაწერამდე აუცილებელია გამოკვლევა და გამწვავების პროფილაქტიკა, ხოლო შემდეგ - უროლოგის მეთვალყურეობა.
-
მკურნალობა
-
- ქალი სამშობიაროში ორსულობის 36-ე კვირას უნდა მოთავსდეს.
- დედისა და ნაყოფის მხრივ გართულებათა თავიდან ასაცილებლად ტარდება პროფილაქტიკური მკურნალობა.
- მშობიარობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ, ბუნებრივი გზით, თუმცა არტერიული წნევის მუდმივი კონტროლის ფონზე.
- საკეისრო კვეთა ტარდება მხოლოდ თანაარსებული სამეანო გართულებების შემთხვევაში.
- სამკურნალოდ იყენებენ ანტიბაქტერიულ, დეზინტოქსიკაციურ და იმუნური სისტემის მასტიმულირებელ საშუალებებს.
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში ინიშნება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, რომლებსაც ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედება არ ახასიათებს (ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი), ხოლო მეორეში, პლაცენტის დამცავი ფუნქციის ჩართვის შემდეგ, ანტიბიოტიკების სპექტრი ფართოვდება. შესაძლებელია ცეფალოსპორინებისა და სხვა ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატების (ნევიგრამონი, უროსულფანი, 5-ნოკი) გამოყენებაც.
- ანტიბიოტიკებთან ერთად ინიშნება დეზინტოქსიკაციური, ინფუზიური, სედაციური თერაპია, ვიტამინები, შარდმდენები.
- ბოლო ხანს უროლოგიურ პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება მცენარეული წარმოშობის პრეპარატი კანეფრონი, რომელსაც აქვს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, დიურეზული მოქმედება.
გახსოვდეთ:
ორსულობის დროს აკრძალულია ტეტრაციკლინი, სტრეპტომიცინი, ლევომიცეტინი, ბისეპტოლი, ფურაზოლიდონი, სულფადიმეტოქსინი - ეს პრეპარატები ნაყოფზე ძალიან მავნე ზემოქმედებას ახდენს.
სიფრთხილეა საჭირო კანამიცინის, გენტამიცინის ხმარებისას - მათ ოტოტოქსიკური და ნეფროტოქსიკური მოქმედება ახასიათებთ.
დაჩირქებისა და კენჭოვანი დაავადების შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.
ორსულობის გართულებათა პროფილაქტიკისთვის საჭიროა მუდმივი დაკვირვება არტერიულ წნევაზე, წონაზე, საშვილოსნოს ტონუსზე, ნაყოფის მდგომარეობაზე.
მშობიარობა სასურველია ბუნებრივი გზით. საკეისრო კვეთა ტარდება სამეანო ჩვენებით.
საჭიროა შარდის ბუშტის ხშირი დაცლა, ასევე - წოლა სპეციალურად შერჩეულ პოზებში, რომლებიც აადვილებს შარდის ევაკუაციას (მუხლ-იდაყვის პოზა ან წოლა მარცხენა გვერდზე).
-
როდის არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია?
პიელონეფრიტიანი ორსული სტაციონარში უნდა მოთავსდეს:
- ორსულობის გართულების, დაავადების გამწვავების დროს;
- კრიტიკულ პერიოდში (22-28-ე კვირა) თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის დასადგენად;
- ნაყოფის ჰიპოქსიისა და ჰიპოტროფიის გამოვლენისას.