ასთმა და ორსულობა
ჩვენ შევეხებით ერთ-ერთი გავრცელებული დაავადების - ბრონქული ასთმის მქონე ქალთა დაორსულების შესაძლებლობისა და ორსულობის დროს დაავადების მართვის საკითხებს. ჩვენი სტუმარია დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ქარქაშაძე.-
ქალბატონო ქეთევან, როგორ ეწყობა ერთმანეთს ბრონქული ასთმა და ორსულობა?
- ბრონქული ასთმა ხშირად ორსულობამდე იწყება, მაგრამ გამორიცხული არ არის, პირველად ორსულობის დროს იჩინოს თავი. ორსულობისას იმუნურ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები ნეგატიურ გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე, რაც, თავის მხრივ, ორსულობის მიმდინარეობაზეც აისახება.
ორსულობის დასაწყისში გამოვლენილმა ასთმამ, ისევე როგორც ადრეულმა ტოქსიკოზმა, შესაძლოა ორსულობის პირველსავე ნახევარში გაიაროს. ამ შემთხვევაში დედისთვისაც და ნაყოფისთვისაც პროგნოზი სავსებით კეთილსაიმედოა.
თუ ბრონქული ასთმა ორსულობამდე დაიწყო, ორსულობისას პროცესი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს. თუ როგორ, ამის წინასწარ გამოთვლა რთულია. სტატისტიკის თანახმად, ასიდან 35 შემთხვევაში კლინიკური სურათი შესაძლოა დამძიმდეს, 28 შემთხვევაში შემსუბუქდეს, ხოლო 33-ში უცვლელი დარჩეს. დაავადება განსაკუთრებით ხშირად ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში რთულდება. მიუხედავად ყოველივე ამისა, ბრონქული ასთმა, მისი ჰორმონდამოკიდებული ფორმაც კი, ორსულობის უკუჩვენებად არ მიიჩნევა, რადგან იგი, ჩვეულებრივ, ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას - ამ შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა.
თუ დაავადება არ ემორჩილება მკურნალობას და ორსულს აქვს ხშირი შეტევები, რომლებიც ასთმურ სტატუსში გადაიზრდება, აუცილებლად მიიჩნევენ ორსულობის ვადამდე (37-38-ე კვირამდე) შეწყვეტას. ცნობისათვის: ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი აღმოაჩინეს: ქალებს, რომლებიც გოგონებს ელიან, ბრონქული ასთმა ორჯერ უფრო ხშირად უმწვავდებათ, ვიდრე ბიჭუნების მომავალ დედებს. ამ განსხვავებას მეცნიერები უკავშირებენ ორსულობის თანმხლებ ჰორმონულ ფონს, რომელიც გოგონასა და ვაჟზე ორსულობისას სხვადასხვანაირია.
- მაინც რას უნდა ველოდეთ?
- თუ პირველი ორსულობის დროს ქალს ბრონქული ასთმა დაუმძიმდა, მომდევნო ორსულობისას გამწვავების ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე მაშინ, როცა წინამორბედი ორსულობისას დაავადება არ გამწვავებულა.
- რას ნიშნავს გაკონტროლებული ბრონქული ასთმა?
- კონტროლირებადი ბრონქული ასთმის კრიტერიუმები ასეთია:
- ღამის შეტევა თვეში ორზე ნაკლებია ან საერთოდ არ აღინიშნება;
- კვირაში ვითარდება არა უმეტეს ერთი შეტევისა და მისი ხანგრძლივობა არ აღემატება რამდენიმე საათს;
- ხანმოკლე მოქმედების ბეტა-2 აგონისტების გამოყენების აუცილებლობა არ არის;
- შეზღუდული არ არის ფიზიკური აქტივობა;
- გარეგანი სუნთქვის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.
- რას უქადის ბრონქულ ასთმაზე კონტროლის დაკარგვა ორსულს და მის მომავალ ბავშვს?
- ბრონქული ასთმის შეტევის დროს ადამიანის ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს. ამას ჰიპოქსია ეწოდება. თუ ორსულს ჰიპოქსია განუვითარდა, იგივე შეიძლება დაემართოს ნაყოფსაც. თუ ბრონქული ასთმის შეტევები ხშირია ან ხანგრძლივი, ჰიპოქსიამ შესაძლოა მზარდი ნაყოფის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, არაადეკვატურად კონტროლირებული ასთმა ხშირად იწვევს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებას, თვით ორსულში კი შესაძლოა გამოიწვიოს ორსულობის ისეთი მძიმე გართულება, როგორიც არის პრეეკლამფსია.
- როგორ მშობიარობს ასთმით დაავადებული ქალი?
- მშობიარობის დროს ასთმური შეტევა შედარებით იშვიათია, შეტევების მართვა შესაძლებელია, ამიტომ ასთმიანი ორსულები, ჩვეულებრივ, ფიზიოლოგიურად მშობიარობენ. მშობიარობის შემდეგ მდგომარეობა ასიდან 25 შემთხვევაში (მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტები) უმჯობესდება, 50 შემთხვევაში არ იცვლება, 25-ში კი მძიმდება.
- არსებობს თუ არა ალბათობა, დაავადება ბავშვსაც გამოაჩნდეს?
- ასთმით დედის ავადობამ შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობაზეც მოახდინოს გავლენა. ასეთი ბავშვების 5%-ს ბრონქული ასთმა ცხოვრების პირველსავე წელს უვითარდება, 58%-ს კი მომდევნო წლებში; ასთმიანთა ახალშობილებს სიცოცხლის პირველ წლებში ხშირად აქვთ ზედა სასუნთქი გზების დაავადებები.
- როგორ მკურნალობენ ბრონქულ ასთმას ორსულობის დროს?
- ასთმის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატების რამდენიმე ჯგუფს. ესენია:
- სიმპათომიმეტიკები და ქსანთინები, რომლებიც აღადგენენ სასუნთქი გზების გამავლობას და ხსნიან სპაზმს. მათ იყენებენ შეტევის დროს.
- ბაზისური პრეპარატები (ინტალი, გლუკოკორტიკოიდები) - ამცირებენ ანთებას ბრონქებში. მათ იყენებენ შეტევების ხანგრძლივი პროფილაქტიკისთვის, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას.
განსაკუთრებით ხშირად იყენებენ სიმპათომიმეტიკებს, მაგრამ ისინი გულისცემის გახშირებას იწვევენ. სელექტიური (არჩევითი) სიმპათომიმეტიკები ბრონქებს ტაქიკარდიის გარეშე აფართოებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება: სალბუტამოლი ბეროტეკი, ალუპენტი (ასთმოპენტი). ინჰალაციური გამოყენებისას სიმპათომიმეტიკები მოქმედებენ უფრო სწრაფად და ეფექტურად, ამიტომ მოხრჩობის შეტევისას შეისუნთქავენ ინჰალატორიდან 1-2 დოზას. დაიხსომეთ, ეს პრეპარატები გამოიყენება მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით.
მეთილქსანთინები ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ჯგუფია ორსულებითვის. პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ ეუფილინის ტაბლეტირებულ ფორმას, მძიმე ასთმური შეტევის დროს კი საინექციოს - შეჰყავთ ვენაში.
ბოლო ხანს ხშირად გამოიყენება ხანგრძლივი მოქმედების მეთილქსანთინები - თეოფილინის პრეპარატები: თეოპაკი, თეოტარდი. თეოფილინი აუმჯობესებს პლაცენტურ სისხლის მიმოქცევას, თუმცა ზოგიერთი გამოკვლევა საფიძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამ ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება ნაყოფში იწვევს დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
ინტალი - გამოიყენება ორსულობის მესამე თვიდან ასთმის ალერგიული ფორმის დროს. იყენებენ მხოლოდ პროფილაქტიკისთვის. ჰორმონები - მხოლოდ მძიმე ფორმის ბრონქული ასთმით დაავადებული ორსულებისთვის.
გახსოვდეთ: ორსულობის დროს გლუკოკორტიკოიდები ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჰიპოქსემიის შედეგები. პრედნიზოლონით მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.
ბრონქული ასთმის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებით ეფექტურია საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდები (ბეკლომეტაზონი), რომლებიც სასუნთქ გზებზე ადგილობრივად მოქმედებს. ამოსახველებელი საშუალებები ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს ბრონქებიდან მის გამოყოფას, ატენიანებს ლორწოვანს, ასტიმულირებს ამოხველებას. საამისოდ გამოიყენება:
- 37 გრადუსამდე გამთბარი ზღვის ან ჩვეულებრივი წყლის, ფიზიოლოგიური ხსნარის, სოდის წყალხსნარის ინჰალაციები;
- ბრომჰექსინი (ბისოლვონი), მუკოსოლვინი (ინჰალაციის სახით);
- ამბროქსოლი;
- ალთეს მიქსტურა.
გახსოვდეთ! ორსულებისთვის კალიუმის იოდიდის 3%-იანი ხსნარისა და სოლუტანის გამოყენება დაუშვებელია.
მცენარეული საშუალებები:
- აიღეთ 200 გ წყლის იელი და 100 გ თავშავა, 50 გ ჭინჭრის ფოთოლი და ამდენივე არყის კვირტი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.
- აიღეთ 200-200 გ მრავალძარღვას და კრაზანას ფოთოლი, დაუმატეთ ამდენივე ცაცხვის ყვავილი, მიღებული ნარევი კარგად დააქუცმაცეთ, 2 ს/კ-ს დაასხით 500 მლ ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 5-6 საათი. მიიღეთ ერთი ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე, თბილი.
ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები - დიმედროლი, პიპოლფენი, სუპრასტინი - ნაჩვენებია მხოლოდ ალერგიული ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმების დროს. ინფექციურ-ალერგიული ფორმის შემთხვევაში ეს პრეპარატები რეკომენდებული არ არის, რადგან ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის შედედებას.
ორსულობის დროს შედარებით უსაფრთხოა დიაზოლინი. არსებობს სამკურნალო ვარჯიშების კომპლექსიც, რომელიც ამოხველებას აადვილებს.
- როგორ ავიცილოთ თავიდან შეტევა?
- მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ხშირად გაანიავეთ ოთახები.
- ბუმბულის ბალიშები და საბნები შეცვალეთ სინთეტიკურით.
- თვეში ორჯერ გამოცვალეთ და გამოხარშეთ თეთრეული.
- უარი თქვით ისეთ ნივთებზე, რომლებიც მტვრის ბუნებრივ რეზერვუარს წარმოადგენს (ნოხები, რბილი ავეჯი, წიგნები, განსაკუთრებით - ძველი წიგნები, რომლებიც შეუმინავ თაროებზე აწყვია).
- ბინის დალაგება და რბილი ავეჯის გასუფთავება საჭიროა ყოველდღიურად, აუცილებლად სველი წესით.
- როცა ბინას ალაგებენ, თქვენი იქ ყოფნა სასურველი არ არის. უმჯობესია, ამ დროს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
- თუ საკვებს თქვენ ამზადებთ, კარგი იქნება, ქურის თავზე გამწოვი დაამონტაჟოთ.
- რაციონიდან გამორიცხეთ ალერგიული პროდუქტები. სვით ტუტე ნატრიუმიანი მინერალური წყლები.
- ერიდეთ სიგარეტის კვამლს, საღებავებს, გამონაბოლქვ აირებს, წვის პროდუქტებს.
- იმ მცენარეების ყვავილობის დროს, რომელთა მტვერიც შეტევას იწვევს, სასურველია, საცხოვრებელი რეგიონი შეიცვალოთ.
- თავი არიდეთ გადაცივებას, ორპირ ქარს, ხალხის თავშეყრის ადგილებს, განსაკუთრებით - გაციებითი დაავადებების გახშირების პერიოდში (შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული).
- თუ მუშაობთ გარემოში, სადაც ხშირად გაწუხებთ ასთმური შეტევა ან ალერგიის სხვა გამოვლინებები, შეიცვალეთ სამუშაო.
- როგორც არ უნდა გიყვარდეთ ცხოველები, ნუ გააჩერებთ მათ შინ, მოიცილეთ დაორსულებამდე. გაითვალისწინეთ: იმ ადგილას, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები შეიძლება კიდევ ნახევარი წლის განმავლობაში დარჩეს.
- მედიკამენტები მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
- მსუბუქი შეტევისას შეიძლება გიშველოთ ცხელმა სასმელმა.
- გაითვალისწინეთ, რომ მძიმე და ცუდად ნამკურნალევი ასთმა ნაყოფისთვის გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ის მედიკამენტები, რომლებიც ამ დროს გამოიყენება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაშიUმედიკამენტები ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით უნდა მიიღოთ.
- თუ კონდიციონერის შეძენა გსურთ, აარჩიეთ მოდელი, რომელსაც აქვს ჰაერის დატენიანების მარეგულირებელი - მტვრის ტკიპა და ნესტის სოკო 50%-ზე მაღალი ტენიანობის პირობებში მრავლდებიან.
- ორსულები ქალთა კონსულტაციაში უნდა იმყოფებოდნენ დისპანსერულ აღრიცხვაზე თერაპევტთან. ასთმის გამწვავებისას აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია თერაპიულ სტაციონარში, ხოლო მუცლის მოშლის საშიშროებისას - სამშობიარო სახლის ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში. აუცილებელია დაესწროთ ასთმის სკოლებს, სადაც პაციენტები პროფილაქტიკის ძირითად მეთოდებს სწავლობენ.
ორსულის სამახსოვრო შენობის ინჰალაციური ალერგენები:
- თბილსისხლიანი ცხოველების შარდის, ნერწყვის, ბეწვის და ჩამოფცქვნილი კანის ნარჩენები;
- მტვრის ტკიპების კოლონიები, ტარაკნების ცხოველმყოფელობის პროდუქტები, რომლებიც ხშირად გროვდება ნოხებში, ბეწვეულში, წიგნებში;
- ნესტის სოკოს სპორები;
- საყოფაცხოვრებო ქიმია და ლაქი;
- თამბაქოს კვამლი.
კვებითი ალერგენები:
- ცხოველური ცხიმები;
- ზღვის პროდუქტები;
- ციტრუსები;
- თაფლი და შოკოლადი;
- კონსერვანტები (სულფიდები, ნიტრატები, ნიტრიტები), სტაბილიზატორები და სხვა ქიმიური შემადგენელი ნაწილები, რომლებსაც ურევენ საკვებში გამოყენების ვადის გასახანგრძლივებლად).
მედიკამენტები, რომლებიც ბრონქების შევიწროებას იწვევს
- ასპირინი;
- ბეტა-ბლოკერები (ანაპრილინი, ობზიდანი).
არასპეციფიკური პროვოკატორებია:
- ფიზიკური დატვირთვა;
- ტემპერატურის ცვალებადობა;
- ჰაერის ძალზე მაღალი ტენიანობა;
- ხანგრძლივი ან/და ძლიერი ემოციური სტრესი;
- პროფესიული გამღიზიანებელი ნივთიერებები და ალერგენები;
- თანმხლები მწვავე ინფექციური დაავადებები, ხშირად - ვირუსული ან ბაქტერული ეტიოლოგიისა.
თუ ამ სიაში არის ფაქტორები, რომლებიც თქვენში მოხრჩობის შეტევას იწვევს, შეეცადეთ, მათთან კონტაქტი მინიმუმამდე დაიყვანოთ.