ორსულთა ჰიგიენა

ეს შეცდომაა. ორსულობის საწყისი პერიოდი ხომ ნაყოფის განვითარების მეტად საპასუხისმგებლო ეტაპია. ჩანასახი ამ დროს უფრო მეტად მოწყვლადია. ამიტომ მომავალმა დედამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენის ყველა წესი (მით უმეტეს, რომ ისინი უბრალო და ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომია), რომლებიც მოიცავს შრომისა და დასვენების რეჟიმს, კვებას, სქესობრივი ცხოვრებისა თუ ტანსაცმლის ჰიგიენას და სხვა, რაც მხოლოდ ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას კი არა, მშობიარობის ნორმალურ დასასრულსა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებასაც უზრუნველყოფს.
პირადი ჰიგიენა
სხეულის სისუფთავე ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ორსულისთვის კი კანის სისუფთავეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უსუფთაობა არღვევს კანის თერმორეგულაციურ, დამცველობით, გამომყოფ და სხვა ფუნქციებს, იწვევს საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების დაცობას და აჩენს არასასიამოვნო სუნს, აღიზიანებს კანს და ხელს უწყობს მასზე ჩირქოვანი მუწუკების წარმოქმნას, რაც ძალიან საშიშია როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. მშობიარობის შემდგომ პერიოდში კანის დაბინძურებისას ხელსაყრელი პირობები იქმნება თვითინფიცირების პროცესების გასააქტიურებლად. სისუფთავე კანის სუნთქვას და ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გამოყოფას უწყობს ხელს, რაც თირკმელებს - რომლებზეც ორსულობისას დიდი დატვირთვა მოდის - მუშაობას უადვილებს. აუცილებელია, ყურადღება მიექცეს კანის ელასტიკურობას და სისხლით მომარაგებას. მუცლის კედელზე დიდი დატვირთვის გამო შესაძლოა ქსოვილის შიგნით დარღვევა მოხდეს, რაც გარეგნულად ეგრეთ წოდებული მშობიარობის ზოლებით გამოიხატება. მათ ქირურგიული ჩარევაც კი ვერ შველის, ამიტომ ჯობს, მათ თავიდან აცილებაზე იზრუნოთ. მუცლის კედლის მსუბუქი მასაჟი, კონტრასტული შხაპი (თუ მიჩვეული ხართ), რბილი ჯაგრისით ყოველდღიური ხუთწუთიანი დაზელა, სპეციალური კრემების გამოყენება ამ დეფექტს თავიდან აგაცილებთ. დილაობით ორსულთათვის რეკომენდირებულია არა მარტო ხელების, სახისა და კისრის დაბანა, არამედ მთელი სხეულის (თუნდაც მხოლოდ წელამდე) გაწმენდა ოთახის ტემპერატურის წყალში დასველებული ნაჭრით, შემდეგ კი დაზელა ხაოიანი პირსახოცით. უკეთესია შხაპის მიღება (მხოლოდ წყლის გადავლება). ეს ხელს უწყობს ნერვული სისტემის მუშაობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, აკაჟებს სხეულს, უზრუნველყოფს კარგ განწყობას და მხნეობას. ორსულმა დღეში ორჯერ საპნითა და თბილი წყლით უნდა დაიბანოს გარეთა სასქესო ორგანოები (დაბანა ხდება სუფთა ხელებით, დაბანის დროს ხელის მოძრაობა მიმართულია წინიდან უკან, სწორი ნაწლავისკენ. არ შეიძლება თასზე დასხმული წყლით გამობანა. ცალი ხელით წყალი უნდა დაისხათ, მეორით დაიბანოთ). კვირაში ერთხელ მაინც (ორსულობის ბოლო კვირებში კი უფრო ხშირად) ორსულმა შხაპის ქვეშ საპნით უნდა დაიბანოს მთელი სხეული. აბაზანის მიღება ორსულობის ბოლო თვეებში აკრძალულია, რადგან აბაზანიდან დაბინძურებული წყალი შესაძლოა საშოში მოხვდეს. გამორეცხვის ჩატარება არ შეიძლება. დასაბანად გამოყენებულ უნდა იქნეს საბავშვო საპონი, რომელიც კანს იცავს და არ აღიზიანებს. მთელი ორსულობის მანძილზე, განსაკუთრებით კი იმ დღეებში, რომლებიც მენსტრუაციის დღეებს შეესაბამება, აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც წინა ორსულობა დროზე ადრე დაუმთავრდათ ან სისხლდენებით გაურთულდათ. შხაპის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 წუთს. საერთო აბანოთი სარგებლობისას აუცილებელია რამდენიმე წესის მკაცრი დაცვა: აბანოში ჯობს დილით მიხვიდეთ, როცა იქ ცოტა ხალხია და ჯერ კიდევ არ ცხელა; ვიდრე დაჯდებით, დასაჯდომი გულდასმით უნდა გარეცხოთ ცხელი წყლით; იკრძალება საუნა და ფეხების დაორთქვლა - ამან შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და ნაადრევი მშობიარობაც კი გამოიწვიოს. ორსულობის ბოლო თვეებში აბანოში წასვლა არასასურველია. ორსულს საკუთარი საწოლი უნდა ჰქონდეს. ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს სისუფთავეს და კბილების მდგომარეობას. კბილები დილა-საღამოს უნდა გაიხეხოთ, ჭამის შედეგ კი პირში ანადუღარი თბილი წყალი გამოივლოთ. აუცილებელია იღლიის ფოსოების გაპარსვა და ყოველდღე თბილი წყლით დაბანა. ეს იმისთვის, რომ სოკო, რომელიც შესაძლოა იქ ბინადრობდეს, არ მოხვდეს ძუძუსთავებზე (ნახეთქები, მაცერაცია), იქიდან კი ახალშობილის პირის ღრუში (რძიანა). ორსულობის დროს საჭიროა სარძევე ჯირკვლების მომზადება ახალშობილის კვებისთვის. სარძევე ჯირკვლები ყოველდღე უნდა დაიბანოთ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით, შემდეგ კი ხაოიანი პირსახოცით დაიზილოთ, ძუძუსთავზე ვაზელინი წაისვათ, ატაროთ მოხერხებული აზღუდი, რომელიც სარძევე ჯირკვლებს არ უჭერს, ბიუსტჰალტერის შიგნითა ზედაპირზე, ძუძუსთავის პროექციის ადგილას, სასურველია მიმაგრებული იყოს უხეში ქსოვილის რგოლები - მათზე ხახუნი კანს აუხეშებს, რაც ქალს ძუძუს წოვებისას ნახეთქების წარმოქმნას თავიდან ააცილებს. თუ ძუძუსთავები ბრტყელი ან ჩაწეულია, უნდა გამოიწიოს - დაბანილი, სუფთა ხელების ცერი და საჩვენებელი თითებით, დღეში ორ-სამჯერ, 2-3 წუთის განმავლობაში. სარძევე ჯირკვლებისთვის ძალიან სასარგებლოა ჰაერის ყოველდღიური 10-12-წუთიანი აბაზანები: წელამდე გახდილი ორსული მშვიდად უნდა იწვეს საწოლზე ან დივანზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის ფუნქციობას და დიეტით მის რეგულაციას. საფაღარათო საშუალებების მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება. შეკრულობის დროს შეგიძლიათ გაიკეთოთ ანადუღარი თბილი წყლის ოყნა. დაავადების ნიშნების ან გართულების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ტანსაცმლის ჰიგიენა
ერთ-ერთი დარღვევა, რომლითაც ორსულები არცთუ ისე იშვიათად იტანჯებიან, არის ვენური სისხლის შეგუბება სხეულის ქვედა ნახევარში, ქვედა კიდურებში, რასაც ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების შეშუპება და ბუასილი მოსდევს. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ორსულს მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი უნდა ეცვას. განსაკუთრებით მავნეა ორსულობის მეორე ნახევარში გულმკერდსა და მუცელზე მოჭერილი ტანსაცმლის ტარება. უნდა გეცვათ ფართო, თავისუფალი კაბები და ქვედაკაბები. ორსულობის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მეორე ორსულობისას, მუცლის კედლის გადაჭიმვის თავიდან ასაცილებლად შეიძლება სპეციალური ბანდაჟის ჩაცმაც. მას იცვამენ დილით, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხოლო ღამით იხდიან. არ არის სასურველი დიდხანს დგომა. მჯდომარემაც კი ფეხები პატარა სკამზე უნდა შემოაწყოთ. სიარული უკუნაჩვენები არ არის, ვინაიდან კუნთების აქტიური შეკუმშვა სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. თუ ორსულს უკვე აქვს ვენების ვარიკოზული გაგანიერება, დილაობით ლოგინში ფეხზე აუცილებლად უნდა დაიხვიოს ელასტიკური ბინტი ან ჩაიცვას სპეციალური ელასტიკური კოლჰოტი. ფეხსაცმელი ფეხზე კარგად მომდგარი, ფართო და დაბალქუსლიანი უნდა იყოს. ღამის პერანგი ბუნებრივი ქსოვილისგან - სელისგან ან ბამბისგან უნდა იყოს შეკერილი. მისი გახამება არ არის აუცილებელი. საწოლის თეთრეული სასურველია გამოიცვალოს კვირაში ერთხელ, საცვლები - ყოველდღე.