რა უნდა იცოდეს ორსულმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა იცოდეს ორსულმა

 

ნაყოფის სიმახინჯის პროფილაქტიკისთვის ორივე მშობელმა დაგეგმილ ორსულობამდე სამი თვით ადრე უნდა დაიწყოს ფოლიუმის მჟავას მიღება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული ღეროს დეფექტების თავიდან ასაცილებლად. ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს პროლიფერაციულ პროცესებს, მათ შორის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის – ციტოტოროფობლასტის - სწორ დაყოფას. ფოლიუმის მჟავას მიღებას ქალი ორსულობის მე-13 კვირამდე განაგრძობს. გინეკოლოგიურ გასინჯვასა და გენიტალიური ინფექციების გამორიცხვასთან ერთად ტარდება გამოკვლევა ექსტრაგენიტალიური (არა სასქესო ორგანოების) პათოლოგიების გამოსავლენად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად ფუნქციონირებს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური დონე აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის, განსაკუთრებით - ორსულობის პირველი 57 დღის განმავლობაში. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად რეკომენდებულია განისაზღვროს სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (თშH) შემცველობა. თუ გამოკვლევამ ნორმიდან გადახრა გამოავლინა, ტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და შემდგომი კვლევა ზუსტი დიაგნოსტიკისთვის. იმის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადება აღმოაჩნდება ორსულს, შესაძლოა დაინიშნოს ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ან იოდის პრეპარატი. თუ თშH მაჩვენებელი ნორმალურია, ქალს ენიშნება იოდის პროფილაქტიკური დოზა. დადგენილია, რომ იოდის დანიშვნა ორსულობამდე ან ორსულობის დროს ბავშვთა ასაკის სიკვდილიანობას - 2-ჯერ, ხოლო კრეტინიზმს 2/3-ით ამცირებს.

იოდის დამატებამ სასურველი ეფექტი რომ მოახდინოს, რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალმა ორსულობამდე იოდიზებული მარილი უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, ორსულობის დასაგეგმავად ჩვენში ექიმს იშვიათად მიმართავენ. ქალი მეან-გინეკოლოგთან მხოლოდ დაორსულების შემდეგ მიდის. რაკი ასეა, უმჯობესია პირველი ვიზიტი ორსულობის დადგენისთანავე განხორციელდეს. აქვე დავძენთ, რომ ორსულობის დადგენა ხდება სწრაფი მარტივი ტესტების მეშვეობით, რომელთა მგრძნობელობაც განსხვავებულია. დიაგნოზს ადასტურებს ექოსკოპიური კვლევა. ბუნებრივია, ყველა ის გამოკვლევა, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაშიც ტარდება. გარდა ამისა, თუ ქალის ასაკი პირველი ორსულობისას 35 წელს აღემატება, ტარდება სკრინინგ-კვლევა დაუნის სინდრომის გამოსარიცხავად. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს ორსულთა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ოთხ გეგმურ ვიზიტს და სათანადო გამოკვლევებს მთლიანად აფინანსებს სახელმწიფო.

- როდის უნდა განხორციელდეს ეს ვიზიტები და რომელი გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

- პირველი ვიზიტი ორსულობის ადრეულ ვადაზე - მე-13 კვირამდე უნდა შედგეს. ამ დროს ტარდება მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, თერაპევტის კონსულტაცია, სისხლის, შარდის საერთო ანალიზი, სისხლის ანალიზი ჯგუფისა და რეზუსის განსასაზღვრად, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული გამოკვლევა, სისხლის სეროლოგიური გამოკვლევა აივ/შიდსის, ჰეპატიტის, სიფილისის გამოსარიცხად. გარდა ამისა, პირველი ვიზიტის დროს ვადგენთ, ხომ არ სჭირდება ორსულს დამატებითი მეთვალყურეობა. დამატებითი მეთვალყურეობა სჭირდებათ ორსულებს:

* რომელთაც გადატანილი აქვთ ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა;

* რომელთაც გადატანილი აქვთ ზედიზედ სამი ჩვეული აბორტი;

* რომელთა უკანასკნელი მშობიარობისას ახალშობილის სხეულის მასა ნაკლები იყო 2500 გრამზე;

* რომელთა უკანასკნელი მშობიარობისას ახალშობილის სხეულის მასა მეტი იყო * 500 გრამზე;

* რომელთაც უკანასკნელი ორსულობისას ჰქონდათ ჰიპერტენზია,  პრეეკლამფსია ან ეკლამფსია;

* რომელთაც გადატანილი აქვთ ოპერაცია რეპროდუქციულ ორგანოებზე (საშვილოსნოზე, საკვერცხეზე);

გარდა ამისა, დამატებითი მეთვალყურეობა საჭიროა, თუ მიმდინარე ორსულობისას:

* დიაგნოსტირებულია ან სავარაუდოა მრავალნაყოფიანი ორსულობა;

* ორსულის ასაკი 16 წელზე ნაკლებია;

* ორსულის ასაკი * 0 წელზე მეტია;

* ორსული რეზუსუარყოფითია;

* აღინიშნებოდა სისხლდენა საშოდან;

* არის სიმსივნე მენჯის ღრუში;

* არტერიული დიასტოლური წნევა 90 მმ ვწყ. სვ-ზე მეტია;

*  ორსულს აქვს თანმხლები ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების, გულის დაავადებები.

მეორე ვიზიტი მე-20-22-ე კვირისთვის იგეგმება. ის გულისხმობს მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიას. მესამე ვიზიტის ვადა 30-32-ე კვირაა. ამ დროს ტარდება მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია, განისაზღვრება შარდში ცილის ოდენობა, სისხლში ჰემოგლობინის დონე. მეოთხე ვიზიტის დროს, 36-ე კვირას, ტარდება მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია და ხდება შარდში ცილის ოდენობის განსაზღვრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს 4 ვიზიტი საკმარისია ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში. ზემოთ უკვე დავასახელეთ რიგი მდგომარეობა, რომელთა დროსაც სათანადო ჩვენების გათვალისწინებით ორსულს უტარდება დამატებითი კვლევა და უწესდება დამატებითი მეთვალყურეობა.

- საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ ექოსკოპიური კვლევა. რამდენჯერ და როდის არის საჭირო მისი ჩატარება ორსულობისას, რა ინფორმაციას გვაწვდის იგი?

- აბდომინური (მუცლის ზედაპირიდან) ექოსკოპია საკმაოდ მცირე ვადაზე, მე-4-5 კვირას, გვაძლევს ორსულობის ზუსტად დადგენის საშუალებას, ხოლო ტრანსვაგინური (საშოსმხრივი) ექოსკოპია - კიდევ უფრო მცირე ვადაზე, მე-3 კვირას. არის შემთხვევები, როდესაც ქალს აქვს ორსულობისათვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ სანაყოფე პარკში ემბრიონი არ არის. მსგავსი შემთხვევების დიაგნოსტიკა სწორედ ექოსკოპიით გახლავთ შესაძლებელი. გარდა ამისა, ექოსკოპიით ვლინდება რეტროქორიონული ჰემატომა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც განსაკუთრებული მეთვალყურეობაა საჭირო. ორსულობის დადგენის შემდეგ, XI-XII კვირას, აუცილებელია ჩატარდეს ექოსკოპია, რათა განვსაზღვროთ ნაყოფის კისრის ნაოჭის სისქე. ეს არის სკრინინგტესტი დაუნის სინდრომის გამოსავლენად. როდესაც ექოსკოპიით მიღებული შედეგი ბადებს დაუნის სინდრომის არსებობის ეჭვს, იგეგმება შემდგომი ჰორმონული და, საჭიროებისამებრ, ინვაზიური კვლევები. მომდევნო ექოსკოპია გეგმურია. ის II ვიზიტის დროს ტარდება და მისი მიზანია ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოვლენა. ექოსკოპიური კვლევით ამ ვადაზე შეიძლება დადგინდეს ნაყოფის ანენცეფალია – ტვინის განუვითარებლობა, პლაცენტის კიდითი მიმაგრება. ქალებს, რომელთაც ორსულობის ამ ვადაზე პლაცენტის კიდით მიმაგრებას დაუდგენენ, 36-ე კვირას განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაუტარდეთ. ზოგჯერ ამ ვადაზე პლაცენტა უკვე ნორმალურად არის მიმაგრებული, მაგრამ რიგ შემთხვევაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს პლაცენტის წინამდებარეობა, რაც საკეისრო კვეთის ჩვენებაა.

- რა ნიშნებით ვლინდება ორსულობა და რამ შეიძლება შეუქმნას დისკომფორტი ორსულს?

- ორსულობის დამახასიათებელი ნიშნებია:

* შეშუპება;

* თავის ტკივილი;

* გულისრევა და ღებინება;

* სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა;

* მუცლის შებერილობა და შეკრულობა;

* საშოდან გამონადენის მატება;

* უძილობა და გაღიზიანებადობა.


 

ამ ნიშანთა უმრავლესობა ვლინდება ჩასახვიდან მე-6-8 კვირას. ერთ-ერთი უმთავრესი ჩივილი, რომელიც დისკომფორტს უქმნის ორსულს, არის გულისრევა და ღებინება. ის ორსულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და I ტრიმესტრში (პირველი სამი თვის განმავლობაში) ქალების 80-85%-ს აწუხებს, თუმცა მათ უმრავლესობას (87-91%-ს) ორსულობის მე-16-20 კვირას გაუვლის. ვინაიდან გულისრევა და ღებინება მეტწილად თავისთავად გაივლის და ორსულობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს, მედიკამენტების დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმპტომატიკა ძლიერ არის გამოხატული ან მეტისმეტად შემაწუხებელია. ორსულობისას ხშირია გულძმარვაც. მისი სიხშირე ორსულობის ვადასთან ერთად იმატებს. მის შესამსუბუქებლად, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია ზედმეტად არ დავიხაროთ, განსაკუთრებით - ჭამის შემდეგ, თავი მაღალ სასთუმალზე გვედოს და დავიცვათ დიეტა, კერძოდ, მივირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, ვერიდოთ ცხიმიან და კუჭის გამაღიზიანებელ საკვებს, მაგალითად კოფეინს (შეიცავს ყავა, კოკა-კოლა, მუქი ჩაი). აუცილებლობისას შეიძლება დაინიშნოს სათანადო მედიკამენტები. ორსულობის დროს ხშირია შეკრულობაც. მის წინააღმდეგ რეკომენდებულია ბოჭკოვანი დიეტა - ხორბლის ან ჭვავის ბოჭკოების დამატება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. აუცილებლობისას ინიშნება შესაბამისი პრეპარატები. ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ქალთა 8%-ს ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი აღენიშნება. მისი მკურნალობა გულისხმობს დიეტის გაუმჯობესებას, საჭიროებისას - ადგილობრივი საშუალებებისა გამოყენებას. ქვედა კიდურების შეშუპებაც არანაკლებ ხშირია ორსულობის დროს. შეშუპება, რომელსაც თან არ სდევს შარდში ცილის არსებობა და ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების უნარის მატება), მკურნალობას არ საჭიროებს. ის დაკავშირებულია საშვილოსნოს მექანიკურ ზეწოლასთან და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებთან. ხშირია ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც, რომლის დროსაც მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია სპეციალური ელასტიკური წინდების ტარებით, თუმცა ისინი ვენებს პროგრესული გაგანიერებისგან ვერ იცავენ. წელის ტკივილს ორსულთა 35-61% უჩივის. ქალთა 47-60%-ს ის ორსულობის მე-5-7 თვეს ეწყება. ტკივილის ინტენსივობა საღამო ხანს იმატებს. მისი მიზეზია სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება მუცლის სიმძიმისა და კუნთების გადაჭიმვის გამო. წელის ტკივილი შემაწუხებელია. მან შესაძლოა ქალის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძილზეც კი მოახდინოს გავლენა, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში. წყალში ვარჯიში მდგომარეობას ამსუბუქებს.

- როგორია ვაგინიტის ანუ საშოს ანთების მკურნალობის ტაქტიკა ორსულობისას?

- ვაგინიტის გამწვავება ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი აგენტის დასადგენად ტარდება საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსულის I ვიზიტიც ითვალისწინებს. უმეტესად გვხვდება სოკოვანი ვაგინიტი. მკურნალობის საკითხი და ტაქტიკა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის, ჩივილებისა და ორსულობის ვადების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს. ირჩევა ნაყოფისთვის  ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები, უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ საშუალებებს. ორსულობის III ტრიმესტრში აუცილებელია საშოს სანაცია რბილი სამშობიარო გზების მოსამზადებლად.

- თქვენ ზემოთ ის ინფექციები ჩამოთვალეთ, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფის განვითარება შეაფერხონ. როგორია თითოეული მათგანის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით?

- უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ქლამიდიური ინფექციის როლი, მასთან დაკავშირებული რისკი. დადგენილია, რომ ორსულობის დროს ქლამიდიური ინფექციის არსებობა ზრდის ნაადრევი მშობიარობის ალბათობას და აფერხებს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარებას.  აქტუალურია ციტომეგალოვირუსული ინფექციაც. ციტომეგალოვირუსი ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. ეს ინფექცია პირველადი ინფიცირების შემდეგ ლატენტურად, ფარულად მიმდინარეობს და თუ პაციენტის იმუნური სისტემა დათრგუნულია, შესაძლოა გააქტიურდეს. ამ ინფექციის არსებობისას ძნელი სათქმელია, რომელი ორსულობა გართულდება ნაყოფის ინფიცირებით. შეუძლებელია იმის განსაზღვრაც, რომელ ინფიცირებულ ახალშობილს ჩამოუყალიბდება მძიმე გართულებები. სამწუხაროდ, არც ვაქცინა, არც პროფილაქტიკური თერაპია ნაყოფის ინფიცირების პროფილაქტიკისთვის არ არსებობს. ყურადღებას მოითხოვს ის შემთხვევები, როდესაც დედა B ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. დადგენილია, რომ ასეთ დროს დიდია ალბათობა, ბავშვი ქრონიკული ინფექციის მატარებელი გახდეს, ამიტომ დედის ინფიცირების გამოსავლენად სპეციალური სკრინინგია რეკომენდებული. საბედნიეროდ, ახალშობილის ინფიცირების პროფილაქტიკა ასიდან 95 შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინაციით ან დაბადებისთანავე იმუნოგლობულინის შეყვანით. მნიშვნელოვანი პრობლემაა C ჰეპატიტი. სადღეისოდ არსებობს მტკიცებულება, რომ დედისგან ბავშვზე მისი გადაცემის ალბათობა სისხლში ვირუსის ტიტრის მატების პირდაპირპროპორციულად იზრდება, თუმცა ზღვარი, რომელზეც ხდება ვირუსით ბავშვის დაინფიცირება, არ არის დადგენილი. როდესაც ჩ ჰეპატიტზე სკრინინგტესტის შედეგი დადებითია, ქალი სამკურნალოდ ინფექციონისტთან იგზავნება. ორსულობისას ტარდება წითურას სკრინინგიც. კვლევა არ არის მოწოდებული ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად. მისი მიზანია იმ ქალების გამოვლენა, რომელთაც წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები არ გააჩნიათ, რათა მოხდეს მათი ვაქცინაცია მომავალი ორსულობის უსაფრთხოებისთვის. ორსულობის დროს წითურას ვაქცინაცია უკუნაჩვენებია პოტენციური ტერატოგენულობის გამო. ორსულობისას წითურათი დაავადება შესაძლოა ნაყოფის დაზიანებისა და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზეზად იქცეს. ორსულის I და IV ვიზიტების დროს რეკომენდებულია ათაშანგის ანუ სიფილისის სკრინინგიც. ეს გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ყველა ორსულს, ვინაიდან ადრეული მკურნალობა აუმჯობესებს როგორც დედის, ისე ახალშობილის ჯანმრთელობის პროგნოზს. ყველა ქალი, რომელიც ათაშანგზე დადებითი აღმოჩნდება, სამკურნალოდ სპეციალისტთან უნდა გაიგზავნოს. ათაშანგის პენიცილინით მკურნალობის ორსულობაზე არასასურველი ზემოქმედება სადღეისოდ არ არის დადასტურებული, არანამკურნალევ ორსულებში კი ახალშობილთა ინფიცირების მაჩვენებელი 70-100%-ს აღწევს. ახალშობილთა მესამედი უმწიფარი იბადება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტოქსოპლაზმოზს. პირველადი ტოქსოპლაზმოზი პარაზიტ Toxoplasma gondii-თ არის გამოწვეული. ჯანმრთელ ქალებში ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მწვავე ინფექციის განვითარება შესაძლოა სპონტანური აბორტის მიზეზად იქცეს. ტოქსოპლაზმოზით ინფიცირება შესაძლებელია:

* არასრულფასოვნად დამუშავებული ან უმი საკვებით - ამ დროს ორგანიზმში პარაზიტის ცოცხალი ცისტები ხვდება;

* ოოციტების მიღებით, რომელსაც კატები გამოყოფენ ან დაბინძურებულ ნიადაგსა და წყალთან კონტაქტით (მაგალითად, გაურეცხავი ხილით ან ბოსტნეულით, რომელიც კატის ფეკალიებით არის დაბინძურებული);

* დედისგან ნაყოფზე გადაცემით, როცა ქალის პირველადი ინფიცირება ორსულობის დროს ხდება.

კვლევებმა ცხადყო, რომ თერმულად არასრულფასოვნად დამუშავებული რძის პროდუქტები და დაკონსერვებული ხორცის პროდუქტები ორსულის ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირების ძირითადი ფაქტორებია. ნიადაგთან კონტაქტი ინფიცირებას გაცილებით იშვიათად იწვევს.

როდესაც T. gondii-სთან პირველი კონტაქტი ორსულობისას ხდება, დედისგან ნაყოფზე მისი გადაცემის ალბათობა ორსულობის ვადასთან ერთად იმატებს. იმის გამო, რომ ტოქსოპლაზმოზით პირველადი ინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ინფიცირების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სეროლოგიური ტესტირებით. ტოქსოპლაზმოზის აღმოსაჩენად ტარდება IgG და IgM ანტისხეულების სკრინინგი. ხელმისაწვდომი კლინიკური ტესტები ვერ გვატყობინებენ, როდის მოხდა ინფიცირება - ორსულობის დროს თუ დაორსულებამდე 12 თვით ადრე. ქალებს, რომლებიც ჩასახვამდე დაინფიცირდნენ, ნაყოფზე გადაცემის რისკი არ აღენიშნებათ. ორსულმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ტოქსოპლაზმოზით ინფიცირების ალბათობას ამცირებს:

* ჭამამდე ხელების დაბანა;

* ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულო გარეცხვა;

* საკვების საგულდაგულო თერმული დამუშავება;

* მიწასთან მუშაობის დროს ხელთათმანების გაკეთება;

* კატის ფეკალიებთან კონტაქტისთვის თავის არიდება.

ზოგადად კი ორსულობის დროს დადგენილი ჩამოთვლილი ინფექციების შესახებ უნდა ითქვას, რომ ქრონიკული ინფექციები არ არის მკურნალობის ჩვენება, ორსულობა ჩვეულებრივ გრძელდება.


- მკითხველები ხშირად გვეკითხებიან, რამდენად საშიშია ორსულობისას შარდში ბაქტერიების არსებობა.

- თუ ორსული არაფერს უჩივის, მაგრამ შარდში ბაქტერიები აღმოაჩნდა, ასიმპტომურ ბაქტერიურიაზე ვსაუბრობთ. აშშ-ში ჩატარებულ გამოკვლევათა შედეგების თანახმად, მისი სიხშირე 2-10%-ია და უპირატესად დაბალი სოციალური ფენის ქალებში გვხვდება. დღევანდელი მონაცემებით, ასიმპტომური ბაქტერიურიის მქონე ორსულები იმყოფებიან მაღალი რისკის ჯგუფში ნაადრევი მშობიარობისა და პიელონეფრიტის განვითარების თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით ყველა ორსულს, განურჩევლად ორსულობის ვადისა, პირველი ვიზიტის დროს უნდა ჩაუტარდეს შარდის გამოკვლევა ასიმპტომური ბაქტერიურიის გამოსავლენად. ყურადღება უნდა გამახვილდეს შარდის აღების წესზე. კერძოდ, მოშარდვამდე გარეთა სასქესო ორგანოები გამწმენდი საშუალებით სამჯერ უნდა იქნეს დაბანილი, შემდეგ კი აღებულ იქნეს შარდის შუა ულუფა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში. თანამედროვე მონაცემებით, ასიმპტომური ბაქტერიურიის ანტიბიოტიკოთერაპია ამცირებს ბაქტერიურიის სიხშირეს, ნაადრევი მშობიარობის რისკს და დაბალი წონის ახალშობილის დაბადების ალბათობას. მცირდება პიელონეფრიტის განვითარების რისკიც. ბუნებრივია, ანტიბიოტიკი ისე შეირჩევა, რომ ნაყოფზე ზემოქმედება მინიმალური იყოს, არ გამოვლინდეს ტოქსიკური ან ტერატოგენული (სიმახინჯეების წარმომშობი) ეფექტი.

- ორსულობისას არცთუ იშვიათია ანემია. როგორია ჰემოგლობინის ნორმა ორსულობისას და როგორია ტაქტიკა მისი გამოვლენის შემთხვევაში?

- დადგენილია, რომ ორსულობის დროს ჰემოგლობინის დონე მერყეობს 110გ/ლ-120გ/ლ ანუ 66-72 მგ%-ს შორის. ორსულობის ვადასთან ერთად ჰემოგლობინის დონეც იცვლება, რის გათვალისწინებითაც რეკომენდებულია ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა ორსულის I, III და IV ვიზიტებზე. 12 კვირის შემდეგ ჰემოგლობინის დონე 110 გ/ლ-ზე ანუ 66 მგ%-ზე მეტი უნდა იყოს, ხოლო 30 კვირის შემდეგ - 105 გ/ლ-ზე ანუ 63 მგ%-ზე მეტი. დადგენილია, რომ ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებლები (85-დან-105გ/ლ) შესაძლოა უკავშირდებოდეს ახალშობილის დაბალი წონისა და ნაადრევი მშობიარობის მომატებულ რისკს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის შემთხვევები, როდესაც ორსულს თავდაპირველად ანემია არ ჰქონდა, მაგრამ 20 კვირის შემდეგ განუვითარდა. ასეთ ვითარებაში ორგანიზმს უჭირს ადაპტაცია, იქმნება სტრესული სიტუაცია, ნაყოფის ჰიპოქსიის საშიშროება. ამის გათვალისწინებით ჰემოგლობინის დაქვეითებისას ენიშნება რკინის შემცვლელი პრეპარატები. აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ანემიის სხვა სახეებიც, ამიტომ აუცილებელია დაზუსტდეს, რომ ანემია ჭეშმარიტად რკინის დეფიციტთან არის დაკავშირებული.

- ზოგიერთ ორსულს მიაჩნია, რომ რკინის პრეპარატების მიღება ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა...

- ანემიის არარსებობის დროს რკინის პრეპარატების რუტინული დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან არ დამტკიცებულა ამის არც დადებითი და არც უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფსა და დედაზე. შესაძლოა, რუტინულმა დანიშვნამ დედასა და ახალშობილში არასასურველი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს.

- არის თუ არა შემთხვევები, როცა მეანი იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილება ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ?

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვხვდება. მიზეზი შესაძლოა იყოს მკვდარი ნაყოფი ან სიმახინჯე. თუ ორსულობის შეწყვეტა მე-13 კვირამდე გახდა აუცილებელი, ტარდება ხელოვნური აბორტი, ხოლო უფრო დიდ ვადებზე - ნაყოფის ხელოვნური გამოძევება.

- არცთუ იშვიათად ქალი ამა თუ იმ პრეპარატს ისე იღებს, რომ ჯერ არაფერი იცის საკუთარი ორსულობის შესახებ. შემდგომ, როცა ორსულობა დასტურდება, მომავალ დედას ეუფლება შიში ბავშვის ჯანმრთელობის გამო. რა შეიძლება ვურჩიოთ მას ასეთ დროს?

- განაყოფიერებიდან პირველი 57 დღე ის პერიოდია, როცა მიმდინარეობს ჩანასახის ფორმირება – ემბრიოგენეზი. ამ დროს ემბრიოტოქსიკური პრეპარატების მიღება დაუშვებელია. თუ ქალი იღებდა რაიმე პრეპარატს, უმჯობესია ნაყოფისათვის მისი უსაფრთხოების საკითხი ექიმთან განიხილოს და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს. შესაძლოა, მიღებული მედიკამენტი ნაყოფის განვითარებაზე არ მოქმედებდეს და მომავალი დედის შიში უსაფუძვლო აღმოჩნდეს.

- რომელი ტკი-ვილგამაყუჩებელი პრეპარატი შეიძლება მიიღოს ორსულმა?

- ორსულისთვის ნებადართულია პარაცეტამოლი, სპაზმოლიზური საშუალებები, ასპირინი მცირე დოზებით, მაგრამ მაინც ჯობს, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ეს საკითხი მეანთან ერთად განვიხილოთ.

- მკითხველებისთვის უკვე კარგად არის ნაცნობი ფრაზა "ყვითელი სხეულის უკმარისობა". რას ნიშნავს ის, რას გვიქადის და როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

- საკვერცხეში, იმ ადგილას, სადაც ოვულირებული ფოლიკული მდებარეობდა, ყალიბდება ყვითელი სხეული. ის გამოიმუშავებს ჰორმონ პროგესტერონს, რომელსაც პირველ სამ თვეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორსულობის შესანარჩუნებლად. ამ პერიოდის შემდეგ მთავრდება პლაცენტის ჩამოყალიბება და პროგესტერონის გამომუშავებაც პლაცენტაში გრძელდება. ყვითელი სხეულის უკმარისობა არის მდგომარეობა, როცა პროგესტერონი საკმარისი ოდენობით ვერ გამომუშავდება. ის შესაძლოა გამოვლინდეს კოლპოციტოლოგიური კვლევით, სისხლის ჰორმონული კვლევით და რიგი კლინიკური ნიშნით. კერძოდ, ორსულს აწუხებს დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, მენსტრუალური დისკომფორტისა და ტკივილის მსგავსი შეგრძნება, უჩნდება მოყავისფრო, ზოგჯერ ვარდისფერი ან სისხლიანი გამონადენი. კოლპოციტოლოგიური კვლევა გულისხმობს საშოს ჰორმონული ნაცხის მიკროსკოპიულ შესწავლას. ეს არის იაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი ყვითელი სხეულის უკმარისობის დიაგნოსტიკისთვის. მისი დადგენის შემთხვევაში ორსულობის შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად  პირველი თორმეტი კვირის განმავლობაში ტარდება ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია პროგესტერონის პრეპარატებით.

- ექოსკოპიური კვლევის ფართოდ დანერგვასთან ერთად სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვები "საშვილოსნოს ჰიპერტონუსის" შესახებ. რას არის ეს, რამდენად საშიშია და როგორ მკურნალობენ?

- ექოსკოპიურად გამოვლენილი საშვილოსნოს ჰიპერტონუსი (ტონუსის მომატება) მაშინ არის საყურადღებო, როდესაც მას თან სდევს ჩივილები (დისკომფორტი, ტკივილი, დაჭიმვის შეგრძნება ბოქვენზედა არეში). ამ დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, სათანადო რეჟიმის დაცვა, ინიშნება განსაზღვრული პრეპარატები. მხოლოდ ექოსკოპიური დასკვნა შეშფოთების საფუძველი არ გახლავთ.

- რას ურჩევდით თავად მომავალ დედებს?

- ეცადეთ გააცნობიეროთ, რომ ორსულობა არ არის ავადმყოფობა, ის ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ხანა ქალის ცხოვრებაში. გამოიყენეთ ორსულობის პერიოდი დედობისთვის მოსამზადებლად. ამისათვის ყველა თანამედროვე დაწესებულებაში ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა, სადაც შეგიძლიათ დეტალური პასუხი მიიღოთ ყველა კითხვაზე და ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად მოემზადოთ მომავალი დედობისათვის.