პათოლოგიური მშობიარობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პათოლოგიური მშობიარობა

.

  • ბატონო გიორგი, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ასიდან დაახლოებით 15 შემთხვევაში მშობიარობა გართულებებით მიმდინარეობს. როდის შეიძლება, მშობიარობა პათოლოგიურად ჩაითვალოს?

- პათოლოგიურია მშობიარობა, რომელიც სხვადასხვა გართულებით მიმდინარეობს. გართულების მიზეზი შეიძლება იყოს მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ ორსულობისას გამოვლინდა, მაგალითად, ორსულის შინაგან ორგანოთა ესა თუ ის დაავადება (გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონიული დაავადება, ფილტვების, შარდ-სასქესო ორგანოთა ქრონიკული სნეულებები, ლეიკოზი, ტუბერკულოზი და ა.შ.), ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, პრეეკლამფსია, ეკლამფსია, სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები და სხვა. ასეთ შემთხვევაში ორსული სამშობიარო სახლში მშობიარობის დაწყებამდე უნდა გადავიყვანოთ, რათა ის მეანის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.

ზოგჯერ გართულებები მოულოდნელად იჩენს თავს. ასეთია, მაგალითად, პლაცენტის ნაადრევი აცლით გამოწვეული სისხლდენა, ჭიპლარის გამოვარდნა. ამ დროს გარდაუვალი ხდება ქირურგიული ჩარევა. ამიტომ აუცილებელია, მშობიარობა მოხდეს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მელოგინეს ნებისმიერ დროს გაუწევენ საჭირო დახმარებას. მშობიარობამდელი ჰოსპიტალიზაცია რეკომენდებულია 30 წელს გადაცილებული პირველმშობიარისთვის, მრავალნაყოფიანი ორსულობისას, ასევე - მაშინ, თუ ქალს საკეისრო კვეთა აქვს გადატანილი.

  • როგორ უნდა მოვუაროთ თავს ორსულობისას, რომ მშობიარობამ გაურთულებლად ჩაიაროს?

- უპირველესი ღონისძიება, რომელიც გართულებების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს, არის ორსულის დროული ვიზიტი ექიმთან, სადაც ხდება ქალის გამოკვლევა, ფსიქოემოციური მომზადება მშობიარობისთვის და საჭიროებისას – სათანადო მკურნალობა.

  • როდის უნდა მიმართოს ორსულმა გინეკოლოგს და უფასოა თუ არა კონსულტაცია?

- ორსულმა გინეკოლოგს უნდა მიმართოს ორსულობის დადგენისთანავე ან შეძლებისდაგვარად, ადრეულ ვადაზე. ქალთა კონსულტაციაში ოთხჯერადი სავალდებულო ვიზიტი, გამოკვლევები და მომიჯნავე სპეციალისტთა (თერაპევტი) კონსულტაცია უფასოა. ჩვენს სამშობიარო სახლში დანერგილია ოჯახზე ორიენტირებული მშობიარობის თანამედროვე პრინციპები: მშობელთა სკოლა მშობიარობისთვის მოსამზადებელი სემინარებით, სახლივით კომფორტული სამშობიარო ოთახი, კვალიფიციური პერსონალი.

ქალთა კონსულტაციაში ოთხი სავალდებულო ვიზიტი:

  1. ორსულის პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორსულობის ადრეულ ვადაზე - მე-13 კვირამდე. ამ ეტაპზე მას მიეწოდება ინფორმაცია დიეტის, ცხოვრების წესის, გამოკვლევის მეთოდების, ორსულობისას არსებული მომსახურების შესახებ. ამავე ეტაპზე ვლინდება ქალთა ის კატეგორია (რისკჯგუფები), რომელსაც განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება. ქალთა კონსულტაციაში ვიზიტისას ორსულს უნდა ჩაუტარდეს ისეთი გამოკვლევები, როგორიც არის სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გამოკვლევა B, C ჰეპატიტებზე, შიდსზე, განისაზღვროს სხეულის მასა, სიმაღლე, არტერიული წნევა, ჩატარდეს საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული კვლევა, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, თერაპევტისა და სტომატოლოგის კონსულტაცია, ჩვენების მიხედვით - გენეტიკური კვლევა.
  2. მეორე ვიზიტი საჭიროა ორსულობის მე-18-20 კვირას;
  3. მესამე - 30-32-ე კვირას;
  4. ხოლო მეოთხე - 36-38-ე კვირას.

ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს ცხოვრების ჯანსაღი წესი. კერძოდ, ალკოჰოლისა და ნიკოტინის მოხმარების კატეგორიული აკრძალვა, სრულფასოვანი კვება - დღე-ღამეში 2400 კკალ-ის (300-350 გ ნახშირწყლები, 80-100 გ ცხიმები, 1,5 გ ცილა), ვიტამინებით მდიდარი საკვების (ხილი, ბოსტნეული) მიღება.

რა გამოკვლევები უნდა ჩატარდეს და ორსულობის რომელ პერიოდში, რათა ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსია გამოირიცხოს?

- ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსიის გამორიცხვისა და ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ექოსკოპიური გამოკვლევა (რომელიც უფრო მეტად ინფორმაციულია 20 კვირის შემდეგ), რათა შეფასდეს პლაცენტის მდგომარეობა, სანაყოფე სითხის ოდენობა, ნაყოფის განვითარების შეფარდება ორსულობის ვადასთან, ნაყოფის სუნთქვითი მოძრაობების სიხშირე, მოძრაობითი აქტივობა, ვინაიდან ამ მაჩვენებლების დარღვევა ქრონიკული ჰიპოქსიის არსებობას გვაფიქრებინებს, ასევე - სტრესული და არასტრესული ტესტები. აუცილებელია, სპეციალური ხელსაწყოთი - ელექტროკარდიოტოკოგრაფით შეფასდეს ნაყოფის გულისცემის სიხშირე და რიტმი. მნიშვნელოვანია დედის ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორიც არის ანემია, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი).

არის თუ არა მშობიარობის მიმდინარეობა დამოკიდებული ნაყოფის მდებარეობაზე?

- მშობიარობის გართულებები, მაგალითად, ნაადრევი მშობიარობა, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა და სხვა, უფრო ხშირია ნაყოფის პათოლოგიური მდებარეობის (მენჯით წინმდებარეობა, ირიბი მდებარეობა, გარდიგარდმო მდებარეობა) დროს. ნაყოფის პათოლოგიური მდებარეობა ხშირად განსაზღვრავს მშობიარობის მიმდინარეობას, ექიმის ტაქტიკას და ზრდის საკეისრო კვეთის ალბათობას.

როდის ითვლება მშობიარობა ვადაგადაცილებულად ან ნაადრევად, როგორია ასეთ შემთხვევაში მეან-გინეკოლოგის ტაქტიკა?

- ვადაგადაცილებულად ითვლება ორსულობა 42 კვირის შემდეგ, ხოლო ნაადრევად - 22-იდან 37-ე კვირამდე. ექიმის ტაქტიკა ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურია. როგორც ნაადრევი, ისე ვადაგადაცილებული ორსულობისას მშობიარობა შესაძლებელია დასრულდეს ფიზიოლოგიური გზით, თუმცა, სამეანო სიტუაციიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, საჭირო გახდეს საკეისრო კვეთა. ნაადრევი მშობიარობის სიმპტომების გაჩენისას მოწოდებული მკურნალობა შემთხვევათა უმეტესობაში ეფექტურია და შესაძლებელი ხდება ორსულობის დრომდე მიტანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ექიმთან რეგულარული ვიზიტი საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ როგორც ვადაგადაცილება, ისე ნაადრევი მშობიარობა.

როდის უნდა ჩატარდეს საკეისრო კვეთა?

- საკეისრო კვეთისთვის არსებობს განსაზღვრული ჩვენებები: დედის მხრივ - გადატანილი საკეისრო კვეთა, არასრულფასოვანი ნაწიბური, ვიწრო მენჯი, სასქესო გზების რეკონსტრუქციული ოპერაციები, გულის, ფილტვის ზოგიერთი პათოლოგია, საშვილოსნოს მრავალკვანძოვანი მიომა და სხვა; ნაყოფის მხრივ - ჰიპოქსია, არასწორი მდებარეობა; როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ - პლაცენტის წინმდებარეობა, პლაცენტის აცლა, აივ-ინფექცია და სხვა.

  • პლაცენტის წინმდებარეობისას ორსულობის რა ვადაზე უნდა ჩატარდეს საკეისრო კვეთა?

- პლაცენტის წინმდებარეობისას შესაძლოა განვითარდეს ძლიერი სისხლდენა, რომელიც საშიშია როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის, ამიტომ საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ორსულობის 38-ე კვირაზე, თუ ორსულს სისხლიანი გამონადენი აღენიშნება - უფრო ადრეც.

  • როგორია მეანის ტაქტიკა, როდესაც საკეისრო კვეთა უკვე დაგვიანებულია?

- ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სამეანო მაშები, ვაკუუმექსტრაქცია, მკვდარი ნაყოფის შემთხვევაში - ნაყოფის დამშლელი ოპერაციები. ჩვენს სამშობიარო სახლში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ოპერატიულად დაისვას დიაგნოზი, სამეანო სიტუაციის მიხედვით მოხდეს დროული ჩარევა, ხოლო გართულებულ შემთხვევაში ყველა მორიგე ბრიგადა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მეან-გინეკოლოგებით, ანესთეზიოლოგებით და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი სამშობიარო ბლოკით.

  • კერძოდ, რა შემთხვევაში იყენებენ სამეანო მაშებს?

- სამეანო მაშების გამოყენება ხდება პრეეკლამფსიის (წნევის მატება, შეშუპება, ცილა შარდში), დედის ზოგიერთი დაავადების (გულის მანკის, მიოპიის, ცნს-ის დაავადებების) დროს, როდესაც ჭინთვა უკუნაჩვენებია, ასევე - ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსიის გამწვავების, სამშობიარო მოქმედების შეჩერების (ჭინთვების სისუსტის) დროს, რომელიც არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, მშობიარობის მეორე პერიოდში (ნაყოფის დაბადების და მომყოლის გამოძევების პერიოდი) სისხლდენის შემთხვევაში.

  • ზოგჯერ ორსულს საკეისრო კვეთის ჩატარება სურს, მაგრამ საამისო ჩვენება არ არსებობს. რას ურჩევდით ასეთ პაციენტებს? აქვე მინდა გკითხოთ მშობიარობის გაუტკივარებისა და ამ დროს გამოყენებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების შესახებ.

- ექიმი მოვალეა, განუმარტოს ორსულს ბუნებრივი მშობიარობის უპირატესობა საკეისრო კვეთასთან შედარებით, ოპერაციის ჩვენებები და უკუჩვენებები, გართულებები, აუხსნას, რომ არსებობს მშობიარობის გაუტკივარების პრაქტიკულად უვნებელი მეთოდები - საკეისრო კვეთის ჩატარების სურვილი ხომ უმეტესად სამშობიარო ტკივილების შიშით არის გამოწვეული. თბილისის #2 სამშობიარო სახლში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მშობიარემ ოჯახურ გარემოში იმშობიაროს. ჩვენს სამშობიარო ბლოკში არის JSI-ის (კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის) საქართველოში ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის მიხედვით ყველა თანამედროვე მოწყობილობა და მშობიარეთათვის "უმტკივნეულო გარემოა" შექმნილი (იზოლირებული სამშობიარო ოთახი, რომელიც სახლივით კომფორტულია, სპეციალური მრავალფუნქციური სენსორული საწოლი, ბურთი, შვედური კედელი, სპეციალური სკამი და ამისათვის სათანადოდ მომზადებული პერსონალი), რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ აქ მშობიარეს უქრება ტკივილის შიში და აღარ ითხოვს საკეისრო კვეთას, თუ არ იქნა სამედიცინო ჩვენება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებით მადლობა გადავუხადო JSI-ის - კვლევისა და სწავლების ინსტიტუტს ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის საქართველოში და კერძოდ, ჩვენს სამშობიარო სახლში. ჩვენთან მშობელთა სკოლაში ორსულებსა და მათ მეუღლეებს უტარდებათ სპეციალური მომზადება და ამ სკოლის გავლის შემდეგ მათ მშობიარობის ტკივილის აღარ ეშინიათ. თუ შემოვიდა მშობიარე, რომელსაც აღნიშნული სკოლა არ გაუვლია და ითხოვს გაუტკივარებას, მათთვის არსებობს გაუტკივარების ყველა სახის მეთოდი (ინჰალაციური, პერიდურული, სპინალური, ინტრავენური, კომბინირე-ბული, ადგილობრივი და სხვა), რათა იმშობიარონ ტკივილების გარეშე; მით უფრო, რომ ჩვენთან მეუღლეს ან მშობელს შეუძლია დაესწოს მშობიარობას. მართლაც, ყველა მელო-გინე, რომელსაც მე ვესაუბრები გაწერის დროს, კმაყოფილი მიდის ჩვენი სამშობიარო სახლიდან.

როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა და მშობიარობა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში?

- შაქრიანი დიაბეტის დროს მეტად მაღალია ისეთი გართულებების ალბათობა, როგორიც არის პრეეკლამფსია, შარდსასქესო სისტემის ინფექციები, მრავალწყლიანობა, დიდი ნაყოფი (დიაბეტიან ორსულთა ნაყოფის წონა 4000გ-ს აღემატება), ნაყოფის განვითარების ანომალიები. ორსულს მეანისა და ენდოკრინოლოგის მკაცრი მეთვალყურეობა სჭირდება. შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალი ორსულობის პერიოდში 3-ჯერ უნდა იქნეს ჰოსპიტალიზებული. პირველი ჰოსპიტალიზაციისას, ორსულობის ადრეულ პერიოდში (მე-10-14 კვირას), ხდება მისი სრული კლინიკური გამოკვლევა, რათა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ორსულობის შენარჩუნება. მეორე ჰოსპიტალიზაციისას (მე-20-24-ე კვირას) არეგულირებენ ინსულინის დოზას, ტარდება თანმხლები დაავადებების მკურნალობა. 34-36-ე კვირას საჭიროა მესამე ჰოსპიტალიზაცია ინსულინის დოზის დაზუსტების, მშობიარობის ვადისა და მეთოდის შერჩევის მიზნით. მშობიარობის ვადისა და მეთოდის საკითხი, ნაყოფის სიმწიფის, სამეანო სიტუაციისა და სისხლში შაქრის დონის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად წყდება. თუ საჭირო გახდა საკეისრო კვეთა, იგი 36-37-ე კვირას უნდა ჩატარდეს. ოპერაციისთვის მომზადების მნიშვნელოვანი ეტაპია სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაცია და მისი მკაცრი მონიტორინგი ოპერაციის შემდეგ სამი დღის განმავლობაში. დედის გამოკვლევასთან ერთად აკონტროლებენ ნაყოფის მდგომარეობასაც: ტარდება ულტრაბგერითი ფეტომეტრია, პლაცენტოგრაფია, კარდიოტოკოგრაფია, სისხლში ესტრიოლისა და პლაცენტური ლაქტოგენის რაოდენობის განსაზღვრა და სხვა.

როგორ უნდა წარიმართოს ორსულობა და მშობიარობა B და C ჰეპატიტის, შიდსის დროს, რომელ განყოფილებაში უნდა მოთავსდნენ ასეთი პაციენტები? შეიძლება თუ არა ჩვილის ძუძუთი კვება?

- B და C ჰეპატიტის და შიდსის არსებობისას ორსულობა უნდა წარიმართოს მეან-გინეკოლოგის და ინფექციონისტის ერთობლივი პატრონაჟის ქვეშ. ინფიცირებულმა დედამ უნდა იცოდეს როგორია ნაყოფის დაინფიცირების რისკი. აღნიშნულ ორსულებში 2-ჯერ უფრო ხშირია გართულებები ორსულობისა და მშობიარობის დროს, მშობიარობის შემდეგ - ინფექციური გართულებები. ახალშობილიც ხშირად იბადება დაბალი წონით. B ჰეპატიტის დროს საკეისრო კვეთა ნაჩვენები არ არის, თუ სხვა სამეანო ჩვენება არ არსებობს. დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის ვირუსის გადაცემის პროფილაქტიკა შესაძლებელია ვაქცინაციით ან ახალშობილში იმუნოგლობულინის შეყვანით. C ჰეპატიტის დროს საკეისრო კვეთა ნაყოფის ინფიცირების რისკს არ ამცირებს, ამიტომ ოპერაციული ჩარევის საკითხი ინდივიდუალურად წყდება. აივ-ინფექციის დროს რეტროვირუსული თერაპია და მშობიარობა საკეისრო კვეთით გარკვეულწილად აუმჯობესებს შედეგს.

აშშ-ში 1994 წელს შეიმუშავეს მკურნალობის სპეციალური სქემა, რომელიც ნაყოფის ინფიცირების რისკს 8%-მდე ამცირებს. B და C ჰეპატიტების დროს ორსულობის მართვა განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ მოითხოვს. ეს ვირუსული დაავადებები ორსულობის მიმდინარეობაზე გავლენას თითქმის არ ახდენს. C ჰეპატიტისა და აივ-ინფექციის დროს ძუძუთი კვება აკრძალულია. B ჰეპატიტის დროს, თუ მელოგინე ვირუსმატარებელია, ძუძუს წოვების უფლებას ვაძლევთ, ხოლო თუ ვირუსი აქტიურ ფაზაშია და ახალშობილისთვის იმუნიზაცია არ ჩაუტარებიათ, ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის. ასეთ პაციენტებს ათავსებენ სპეციალურ ობსერვაციულ განყოფილებაში, სადაც მათთვის სათანადო პირობებია შექმნილი.

  • რას ურჩევდით ქალებს, როგორ მოიქცნენ მშობიარობის შემდეგ?

- ჩვენი სამშობიარო სახლი ორსულებს მრავალ სიახლეს სთავაზობს. კერძოდ, დედას საშუალება ეძლევა, დაბადებისთანავე აგრძნობინოს ახალშობილს დედის სითბო: დაისვას შიშველ მუცელზე, რაც ხელს უწყობს ბავშვის სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას და მას გადაცივებისგან იცავს, თანაც კანით კანთან კონტაქტს თან სდევს ძუძუზე პირველი მოჭიდება. პატარას ვაცმევთ თავისუფალ, მოხერხებულ ტანსაცმელს, რომელიც დადებითად მოქმედებს მის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მელოგინეს ახალშობილთან ერთად ვათავსებთ კომფორტულ ოთახში, სადაც ჩვენი სპეციალისტები შეასწავლიან ძუძუთი კვებისა და ახალშობილის მოვლის თანამედროვე პრინციპებს და ეხმარებიან, გაიგოს პატარას ენა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი ნაკლები გართულებებით რომ წარიმართოს, უწინარეს ყოვლისა, საჭიროა, ქალმა ახალშობილს აწოვოს ძუძუ, რაც დედაზეც და ახალშობილზეც უაღრესად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. მელოგინისთვის მეტად მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, ნაწლავისა და შარდის ბუშტის ფუნქციათა კონტროლი, სტრესისა და გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის თავიდან აცილება, სრულფასოვანი კვება.

  • რამდენად მიზანშეწონილია სამკურნალო ფიზკულტურა?

- ორსულობისას სამკურნალო ფიზკულტურა დასაშვებია, თუ ორსულს არ აღენიშნება რაიმე დაავადება და ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, ხოლო მშობიარობის შემდეგ აუცილებელიც კია.