ნაყოფისა და პლაცენტის მდებარეობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა

მისი სხეულის ღერძი საშვილოსნოს ღერძის გასწვრივ არის მიმართული ანუ სამშობიარო არხის მიმართულებას ემთხვევა. ზოგჯერ კი ნაყოფი საშვილოსნოში გარდიგარდმო ან ირიბ პროექციას იკავებს, რაც არასწორ მდებარეობად მიიჩნევა, რადგან ფიზიოლოგიურ მშობიარობას ართულებს და საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფს. მშობიარობის ნორმალურ წარმართვას რამდენადმე ართულებს პლაცენტის არასწორი მდებარეობა და მრავალნაყოფიანი ორსულობაც. რამდენად საშიშია ეს ყოველივე და როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობისა და მშობიარობის მსგავსი გართულებები? ამის გასარკვევად მეან მაია ღონღაძეს ვესტუმრეთ.
- ქალბატონო მაია, რამდენად ხშირია ორსულობა ნაყოფის არასწორი მდებარეობით და უმთავრესად რა უწყობს ამას ხელს?
- არც ირიბი, არც გარდიგარდმო მდებარეობა არც ისე ხშირია. ისინი ორსულთა 0,5%-ში გვხვდება, თანაც მრავალნამშობიარევ ქალებს შორის 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე პირველმშობიარეებს შორის. ნაყოფის არასწორი მდებარეობის ეტიოლოგია ერთობ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება - როდესაც მისი კედლები დრეკადობას მოკლებულია, არ შეუძლია, ნაყოფის სიგრძითი მდებარეობა უზრუნველყოს ან, თუ იგი შეიქმნა, შეაჩეროს, ნაყოფი სწორ მდგომარეობაში დააფიქსიროს. ეს საშვილოსნოს განუვითარებლობას ან მის კუნთოვან აპარატში მიმდინარე დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირდება. გავლენას ახდენს გადატანილი მძიმე მშობიარობა, ლოგინობის ხანის თანდართული ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს მეტისმეტი გაწელვა მრავალწყლიანობის ან მრავალნაყოფიანობის გამო. არასწორი მდებარეობის მიზეზია მუცლის სუსტი პრესიც - მას არ ძალუძს, სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს ორსულ საშვილოსნოს. ამას მუცლის კედლის მოდუნება, კუნთების დაცილება იწვევს, რაც უპირატესად მრავალნამშობიარევი ქალებისთვის არის დამახასიათებელი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაყოფთან შეუსაბამო საშვილოსნოს ღრუც: ზოგ შემთხვევაში - მეტისმეტად დიდი, რომელშიც ნაყოფი მეტისმეტად თავისუფლად იმყოფება, ზოგ შემთხვევაში - მცირე, შევიწროებული, რომელიც ნაყოფისთვის ვიწროა. პირველ შემთხვევაში ნაყოფს თავისუფლად მოძრაობის საშუალება აქვს და სიგრძივ მდებარეობას ვერ ინარჩუნებს, მეორეში კი ადგილის სიმცირის გამო იძულებით - ირიბ ან გარდიგარდმო პოზას იღებს და ამ მდგომარეობაში ფიქსირდება. ასეთი რამ ყველაზე ხშირად ხდება საშვილოსნოს განვითარების მანკის, ორრქიანი ან უნაგირა საშვილოსნოს დროს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რა გავლენას ახდენს ნაყოფის არასწორი მდებარეობა მშობიარობის პროცესზე?
- არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობის დაწყებისას ნაყოფი თავისთავად იღებს სიგრძივ მდებარეობას, თავად ბრუნდება. ეს იმიტომ, რომ მშობიარობისას კუმშვადი საშვილოსნო გრძივ ფორმას იღებს და მისი გვერდითი კედლები საპირისპირო მიმართულებით აწვება ნაყოფის ორივე პოლუსს - დუნდულებსა და თავს. თუ მშობიარობის დაწყებისას ნაყოფი არ მობრუნდა და არასწორი მდებარეობა შეინარჩუნა, მდგომარეობა რთულდება და შესაძლოა, საკეისრო კვეთა გახდეს საჭირო.
- შესაძლებელი თუა ნაყოფის არასწორი მდებარეობის პროფილაქტიკა და თუ შესაძლებელია, როგორ?
- არასწორი მდებარეობა, როგორც მოგახსენეთ, უპირატესად მრავალნამშობიარევ ქალებში გვხვდება, ამიტომ მისი თავიდან აცილების უმთავრესი გზა წინამორბედ მშობიარობათა და ლოგინობის ხანის სწორად წარმართვაა. ინფექციით გართულებული, ხანგრძლივი და მძიმე მშობიარობა იწვევს საშვილოსნოს მუსკულატურის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაგვარებას და მუცლის მოდუნებას. ამ შემთხვევაში აუცილებელია მუცლის კედლების გამაგრება, რისთვისაც საჭიროა ნორმირებული ფიზიკური ვარჯიში, ორსულობის მეორე ნახევარში და მშობიარობის შემდეგ - კარგად მორგებული სპეციალური ბანდაჟის ტარება. თუ ორსულობისას ნაყოფის არასწორი მდებარეობა იქნა დადგენილი, ქალი კონსულტაციაში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ. თუ ნაყოფმა მდებარეობა არ იცვალა, მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია, ორსული მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მოთავსდეს სამშობიარო კლინიკაში.
- ორსულობისა და მშობიარობის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა პლაცენტის არასწორი მდებარეობა და მისი ნაადრევი მოცილებაც...
- განასხვავებენ საშვილოსნოს ქვედა ნაწილში მდებარე პლაცენტის ნაადრევ მოცილებას (ამ გართულებას სამეანო პრაქტიკაში პლაცენტის წინამდებარეობას უწოდებენ) და ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევ აშრევება-მოცილებას. პლაცენტის წინამდებარეობისას მისი ესა თუ ის ნაწილი საშვილოსნოს ყელის შიგნითა არეში იმყოფება და მშობიარობისას ასწრებს ნაყოფს. ასეთი რამ ხშირად ემართებათ განმეორებით მშობიარეებს (3:1), განსაკუთრებით - ასაკოვან ორსულებს და მათ, ვისაც ანამნეზში რამდენიმე ხელოვნური აბორტი აღენიშნება. საბედნიეროდ, არც ისე ხშირი პათოლოგიაა და საშუალოდ მშობიარეთა 0,2-0,3%-ში გვხვდება.