ლაპაროსკოპია გინეკოლოგიაში
.
"მაქვს საშვილონოს პოლიპი. რას მირჩევთ, ჩვეულებრივი მეთოდით გამოფხეკა ჩავიტარო თუ ლაპაროსკოპიული მეთოდით?"
უკვე რამდენი ხანია, ჩვენს ქვეყანაში დანერგილია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ლაპაროსკოპიული მეთოდი. როდის იყენებენ მას გინეკოლოგიურ პრაქტიკაში და რით სჯობია იგი ტრადიციულ მეთოდს, ამის შესახებ სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძეს ვეწვიეთ.
-
ბატონო ალეკო, პირველ რიგში, მოდი, ავხსნათ, რა მეთოდია ლაპაროსკოპია და რით განსხვავდება იგი ჩვეულებრივი, ტრადიციული ლაპაროტომიული ოპერაციისგან.
- ლაპაროსკოპია (ბერძ. ლაპარა - საზარდული, მუცელი, სკოპეო - ვუყურებ) არის მუცლის ღრუს ორგანოების დათვალიერება სპეციალური აპარატით - ლაპაროსკოპით, რომელიც ნატიფი ოპტიკური სისტემით არის აღჭურვილი. ტექნიკის თანამედროვე მიღწევები საშუალებას იძლევა, ლაპაროსკოპია გამოვიყენოთ როგორც სადიაგნოზოდ, ასევე ოპერაციული ჩარევისთვისაც. წინათ ლაპაროსკოპიულ მეთოდს მხოლოდ დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ, დღეს კი ამ მეთოდით ოპერაციული ჩარევის ტექნიკა საკმაოდ დაიხვეწა, განვითარდა და უკვე შესაძლებელია, ამ მეთოდით ჩატარდეს გინეკოლოგიური ოპერაციების 90%, მათ შორის - საშვილოსნოს ამოკვეთაც.
ლაპაროსკოპიული ჩარევის ჩვენებაა:
- უშვილობა;
- საკვერცხის კისტა და სიმსივნე;
- ენდომეტრიოზი;
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
- საშვილოსნოს მიომა, ფიბრომიომა;
- ადენომიოზი;
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიური პროცესები;
- ქირურგიული სტერილიზაცია - მილების გადაკვანძვა.
თავდაპირველად ლაპაროსკოპია გამოიყენებოდა უმთავრესად საკვერცხის სხვადასხვა ზომის კისტების მოსაცილებლად, საშვილოსნოსგარე ორსულობის სამკურნალოდ, კვერცხსავალი მილების პლასტიკისთვის, ბოლო ხანს კი ამ მეთოდით წარმატებით ტარდება ისეთი ოპერაციებიც, როგორიცაა საშვილოსნოს ამპუტაცია (საშვილოსნოს ამოკვეთა ყელის დატოვებით) და საშვილოსნოს ექსტირპაცია (საშვილოსნოს სრული ამოკვეთა), აგრეთვე - კონსერვატიული მიომექტომია (საშვილოსნოს მიომური კვაძნების ამოკვეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით).
დღეს, მიზნისა და დანიშნულების შესაბამისად, განასხვავებენ სამი სახის ლაპაროსკოპიას:
- დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიის დროს მუცლის ღრუს ორგანოებს დამატებითი მანიპულატორების გამოყენებით ათვალიერებენ. ამ სახის ლაპაროსკოპიას მიმართავენ ამა თუ იმ დიაგნოზის დასადასტურებლად ან გამოსარიცხად, ანდა, მაგალითად, საშვილოსნოს მილების გამტარობის შესამოწმებლად.
- ოპერაციული ლაპაროსკოპია მოიცავს გინეკოლოგიური ოპერაციების თითქმის მთელ სპექტრს.
- საკონტროლო ლაპაროსკოპია ადრე ჩატარებული ოპერაციის ეფექტურობის შესამოწმებლად ტარდება.
-
აქვს თუ არა მნიშვნელობა საკვერცხის კისტის ზომას ლაპაროსკოპიული ჩარევის დროს?
- კისტის ზომას ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
-
აქვს თუ არა მნიშვნელობა საშვილოსნოს ზომებს?
- ლაპაროსკოპიულ მეთოდს არ ვიყენებთ, როდესაც საშვილოსნო ძალიან დიდია. უნდა ითქვას, რომ ასეთი ოპერაციების გაკეთება ვაგინალურადაც შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა საშვილოსნოს ზომა 8-9 კვირის ორსულობისას უტოლდება, ტოტალური ლაპაროსკოპიული ექსტირპაციის ჩატარება კი ზომით 14 კვირის ორსულობის შესაბამის საშვილოსნოზეც შეიძლება. როცა საშვილოსნო 8 კვირამდეა, იგი საშოდან გამოგვაქვს, საშოს ტაკვი კი ლაპაროსკოპიულად იკერება. როცა საშვილოსნო დიდია, მუცლის ღრუში ლაპაროსკოპიულად შევდივართ, ამოკვეთილ საშვილოსნოს მუცლის ღრუდან სპეციალური ხელსაწყოს - ელექტრომორცელატორის მეშვეობით ვიღებთ. საშვილოსნოს ვაქუცმაცებთ და ნაწილ-ნაწილ გამოგვაქვს გარეთ. ოპერაცია ზოგადი ნარკოზით კეთდება.
-
რა განსხვავებაა ჩვეულებრივ - ლაპაროტომიულ და ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს შორის?
- ლაპაროსკოპიას უსისხლო ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს, ტრადიციული ოპერაციული ჩარევისგან განსხვავებით, მუცლის წინა კედელი არ იკვეთება. მასზე კეთდება სამი მცირე ზომის (5 და 10 მმ) ნახვრეტი, რომლებიც, ტრადიციული განაკვეთისგან განსხვავებით, არ აზიანებს კუნთოვან ქსოვილს. პაციენტს პრაქტიკულად არ სჭირდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებლის მიღება და მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. თავად ნახვრეტში ატარებენ ტროაკარს (სპეციალურ მილს). მასში შეჰყავთ გარკვეული რაოდენობის ნახშირჟანგი მუცლის გასაბერად და მასში მოცულობის შესაქმნელად. შემდეგ ტროაკარში შეაქვთ ტელესკოპის მილი, რომელსაც უერთებენ სპეციალურ მცირე ზომის ვიდეოკამერას და სინათლის წყაროს, რაც საშუალებას გვაძლევს, ოპერაციის დროს ეკრანზე დავინახოთ მუცლის ღრუს ორგანოები მნიშვნელოვანი გადიდებით.
-
რა უპირატესობა აქვს ლაპაროსკოპიულ ოპერაციას?
- პირველ რიგში - ის, რომ ლაპაროსკოპიული მეთოდით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში არ წარმოიშობა ოპერაციისშემდგომი შეხორცებები. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ გამოჯანსაღების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა.
საშვილოსნოს ამპუტაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე ეწერება, ხოლო ექსტირპაციის შემდეგ - მესამე დღეს. ოპერაციის შემდეგ მათ მხოლოდ ორდღიანი ანტიბიოტიკოთერაპია უტარდებათ, ხოლო ტკივილის გასაყუჩებლად ნარკოტიკებიც კი არ არის საჭირო, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლის ინექციაც საკმარისია. სამ დღეში მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. დაბოლოს, ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ კანზე არ რჩება არავითარი ნაწიბური.
-
ბევრ პაციენტს ჰგონია, რომ ტრადიციული ოპერაციის დროს ქირურგი უკეთ ხედავს მუცლის ღრუს. მართალია თუ არა ეს?
- ეს მცდარი წარმოდგენაა. ოპტიკური მოწყობილობა, რომლითაც აღჭურვილია ლაპაროსკოპი, 10-15-ჯერ ადიდებს საოპერაციო არეს, ამიტომ შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველი დეტალებიც კი კარგად ჩანს. მართალია, გახსნილ მუცელზე მუშაობა უფრო ადვილია, მაგრამ ლაპაროსკოპიული ოპერაცია ნაკლებტრავმულია და, აქედან გამომდინარე, პაციენტისთვის უფრო იოლად ასატანი.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს საჭირო ხდება მუცლის გაკვეთაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც საშვილოსნოს ზომა უფრო მეტია, ვიდრე 14-16 კვირის ორსულობისას, საჭირო ხდება ტრადიციულ ოპერაციაზე - ლაპაროტომიაზე გადასვლა.
-
საჭიროა თუ არა ლაპაროსკოპიული ოპერაციისთვის ავადმყოფის წინასწარ მომზადება?
- რასაკვირველია, საჭიროა. ტარდება გამოკვლევები, კონსულტაციები და მხოლოდ ამის შემდეგ გაგვყავს პაციენტი საოპერაციოდ.
-
რა ადგილი უკავია ლაპაროსკოპიულ მეთოდს უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში?
- როდესაც უშვილობის კვლევები ჩიხში შედის, ლაპაროსკოპია შეუცვლელი მეთოდია როგორც მიზეზის დასადგენად, ისე სამკურნალოდაც.
-
რას გვეტყვით გინეკოლოგიური ენდოკოპიური მანიპულაციებისა და ოპერაციების შესახებ?
- ასეთია საშვილოსნოსშიდა ქირურგია ენდოსკოპიური მეთოდით, ანუ ჰისტეროსკოპია და ჰისტერორეზექტოსკოპია. ამ დროს საშვილოსნოს ღრუში საშვილოსნოს ყელიდან შევდივართ, ოპტიკური ხელსაწყოს მეშვეობით ვათვალიერებთ საშვილოსნოს ღრუს, ვეწევით პათოლოგიური წარმონაქმნების (პოლიპი, საშვილოსნოს ძგიდე და სხვა) დიაგნოსტიკას.
ჰისტეროსკოპისა და ჰისტერორეზექტოსკოპის საშუალებით ხდება პოლიპების მოშორება, საშვილოსნოს სინექიების (შეხორცებების) და ძგიდეების ამოკვეთა, სუბმუკოზური მიომური კვანძების (5 სმ-მდე დიამეტრით) რეზექცია, ფალოპის მილების სანათურების კათეტერიზაცია უშვილობის დროს. მანიპულაცია ტარდება ვენური ნარკოზით. ამის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 4 საათს ატარებს კლინიკაში დაკვირვების ქვეშ.
წინათ საშვილოსნოსშიდა წამონაქმნების, მაგალითად, პოლიპების ამოკვეთა ბრმად ხდებოდა, ამიტომ ზიანდებოდა ჯანმრთელი ქსოვილებიც. დღეს ლაპაროსკოპიული მეთოდი უფრო ზუსტი დიაგნოსტიკისა და მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოშორების საშუალებას გვაძლევს.
ბოლო ხანს საქართველოში ინერგება ოპერაციები შარდის შეუკავებლობის, საშოს კედლებისა და საშვილოსნოს დაწევის, საშვილოსნოს სრული გამოვარდნის, საშვილოსნოს ყელის ტაკვის გამოვარდნის, სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის გამოვარდნისა და დაწევის სამკურნალოდ. ეს გახლავთ ბოლო თაობის ლაპაროსკოპიული ოპერაციები, რომლებიც უკვე მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ისინი კეთდება პოლიპროპილენის ბადის მეშვეობით: ამოიკვეთება საშვილოსნო, ცალ-ცალკე გამოიყოფა შარდის ბუშტის კედლები, საშოსა და სწორი ნაწლავის კედლები, შემდეგ ამ კედლებზე მაგრდება ბადე, თვით ეს უკანასკნელი კი მიემაგრება ბოქვენის კონცხს - პრომონტორიუმს. ამ ოპერაციას პრომოტოფიქსაცია ეწოდება. ეს ენდოსკოპიურად ყველაზე რთული და ყველაზე წარმატებული ოპერაცია გახლავთ. როცა იგივე ოპერაცია საშოს მხრიდან კეთდება, ხშირია რეციდივი, პრომოტოფიქსაციის დროს კი რეციდივის ალბათობა სულ 1-2%-ია, თანაც ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე ეწერება კლინიკიდან, პლასტიკური ოპერაციის დროს კი მას 6-7 დღე უწევს სტაციონარში წოლა, ოპერაციის შემდგომ პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ.