პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომზე, როგორც უნაყოფობის ძირითად მიზეზზე, გვესაუბრება ექიმი-გინეკოლოგი ნინო ნაცვლიშვილი. ქალბატონი ნინო გულისხმიერებით გამორჩეული ექიმია. სწორედ თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულების გამო, პაციენტებს ის განსაკუთრებულად უყვართ და ეიმედებათ.
- ქალბატონო ნინო, რა არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი და რა ასაკის ქალებთან გვხვდება ძირითადად?
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი არის ჰორმონული დისბალანსით მიმდინარე დაავადება, რომელიც ძირითადად გვხვდება სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებთან. აღნიშნული სინდრომი აღწერეს შტეინმა და ლევენტალმა, ამიტომაც ეს სინდრომი შტეინ-ლევენტალის სინდრომის სახელითაც არის მოხსენიებული სამედიცინო ლიტერატურაში.
- მრავლობითი კისტები ორივე საკვერცხეშია წარმოდგენილი თუ ერთ-ერთში? აქვს თუ არა ამას გავლენა დაავადების მიმდინარეობასა და გამოსავალზე მთლიანობაში?
- დაავადების ძირითადი სიმპტომია საკვერცხეების ორმხრივი გადიდება (2-6 ჯერ), რაც გინეკოლოგიური, რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევით ვლინდება.
- რა უწყობს ხელს აღნიშნული სინდრომის ჩამოყალიბებას და თუ არსებობს მისი პრევენციის გზები?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადება არის ჰორმონული ბალანსის დარღვევის შედეგი, რომლის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს: ბავშვობისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები (ქრონიკული ინფექციები, ინტოქსიკაციები, არასაკმარისი კვება, სტრესი და სხვა).
სინდრომის განვითარებაში ძირითად როლს ასრულებს საკვერცხეების მიერ ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ნორმაზე მეტი რაოდენობით გამოყოფა. ჰიპერანდროგენიის მიზეზი კი ზოგიერთი ფერმენტული სისტემის, კერძოდ, 19-ჰიდროქსილაზური და 3-ალდეჰიდროგენაზური სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობაა, რომელიც ესტროგენების სინთეზის პროცესში ანდროგენების ესტროგენად გარდაქმნას განაპირობებს. ამის შედეგად მცირდება ესტროგენული მოქმედება გონადოტროპინებზე (საკვერცხეების ფუნქციის მარეგულირებელი ჰორმონები), რომლებიც მუდმივად და არა ციკლურად გამოიყოფა, იქმნება ანოვულაციური (ოვულაციის გარეშე) მდგომარეობა. გონადოტროპინებით საკვერცხეების ასეთი მუდმივი სტიმულაცია მის ფუნქციურ და მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
პრევენციის გზა კლინიკური ჩივილების გამოვლენისთანავე (ამენორეა, ჰირსუტიზმი, უნაყოფობა) გინეკოლოგთან ვიზიტის დროულად დაგეგმვაა, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები.
- რა ჩივილები აღენიშნებათ ქალებს ამ სინდრომის დროს?
- დაავადებისთვის დამახასიათებელია ამენორეა (მენსტრუაციის შეჩერება), ჰირსუტიზმი (თმიანობა), უნაყოფობა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადი ან მეორეული.
გამოყოფენ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის სამ ძირითად ფორმას: საკვერცხისმიერს, თირკმელზედა ჯირკვლისმიერსა და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურს. არსებობს ასევე შერეული ფორმაც.
საკვერცხისმიერი ფორმა მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა სახის დარღვევით ვლინდება: ამენორეა, ჰიპომენსტრუალური სინდრომი, აციკლური სისხლდენები საშვილოსნოდან.
დაავადებისთვის დამახასიათებელია როგო­რც პირველადი, ისე მეორეული უნაყოფობა. მი­ზეზი კი მყარი ანოვულაციაა (ოვულაციის ანუ საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედის გათავისუფლების არარსებობა), გამოხატულია ჰირსუტიზმი, რომელიც შედარებით გვიან, 1-2 წლის მერე ვლინდება.
თირმელზედა ჯირკვლისმიერი ფორმის ძირითადი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უნაყოფობა (პირველადი ან მეორეული), ჰირსუტიზმი. ციკლის დარღვევა გამოვლინდება ოფსოოლიგომენორეის ან ამენორეის ტიპით. (ოფსოოლიგომენორეა არის მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც ხასიათდება მენსტრუაციის შემცირება-შემოკლებით (1-2 დღემდე), ხოლო ამენორეა გულისხმობს მენსტრუაციის შეწყვეტა-შეჩერებას). უნაყოფობა პირველადი და იშვიათად მეორეული ხასიათისაა. ჰირსუტიზმი ვლინდება სახეზე, თეძოებზე, დუნდულოებზე, დვრილის გარშემო, მუცლის წინა კედელზე.
ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური ფორმის ძირითადი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რომელიც გამოვლინდება ოფსო, ოლიგო ან ამენორეის ტიპით. იშვიათია აციკლური სისხლდენები. დამახასიათებელია უნაყოფობა, რომელიც ხშირად მეორეულია, ვიდრე პირველადი. ქალებს აღენიშნებათ მენარხეს (პირველი მენსტრუალური ციკლი) დაგვიანებული დაწყება (16-20 წლის ასაკში). ასევე გამოხატულია გაცხიმოვნება მუცლის წინა კედელზე, თეძოებზე.
პოლიკისტოზის ყველა ფორმის დროს ძირითადი სიმპტომია საკვერცხეების ორმხრივი გადიდება.
პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ჰორმონული დისბალანსის გამო იწვევს უნაყოფობას, ჰიპერესტროგენიის გამო კი ვითარდება საშვილოსნოს ჰიპერპლაზია, რაც ზოგ შემთხვევაში კიბოსწინა დაავადებაა, ამიტომაც მეტად საყურადღებოა.
- როგორ ხდება სინდრომის დიაგნოსტიკა?
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტირება ხდება ანამნეზით, კლინიკური სურათით, საკვერცხეების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლით, ულტრაბგერითი კვლევით და საჭიროების შემთხვევაში - ლაპარასკოპიით.
- რას ეფუძნება მკურნალობა?
- მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე. აუცილებელია ოვულაციური მენსტრუალური ციკლის და ქალის დარღვეული რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენა.
საწყის ეტაპზე მკურნალობა იწყება კონსერვატიულად, რათა მოხდეს ოვულაციის აღდგენა. თუ მკურნალობა არაეფექტურია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა - ლაპარასკოპიული მკურნალობა - საკვერცხეების კაუტერიზაცია. ასევე საჭიროა საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პათომორფოლოგიური შესწავლა, რადგან ხშირად ვითარდება ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია.
- როგორც გინეკოლოგი, რას ურჩევთ ზოგადად ქალებს?
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი უნდა შეფასდეს, როგორც უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზად და ენდომეტრიუმის ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარების რისკ-ფაქტორად, რადგან თითოეულ ფორმას თან ახლავს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, ზოგ შემთხვევაში, კიბოს წინაპირობაა. ამდენად, როგორც ექიმი-გინეკოლოგი, ვურჩევ ქალებს, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების არსებობისას დროულად მიმართონ ექიმ-გინეკოლოგს, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა დასახელებული რისკ-ფაქტორებისა და გართულებების ასარიდებლად.