გინეკოლოგიური პრობლემები საზღვაო სეზონის შემდეგ
თუ არასწორად იმოქმედებთ, ამ სიამოვნებას, შესაძლოა, ჯანმრთელობის შელახვაც კი მოჰყვეს.
-
უნდა ვიცოდეთ, რა პრობლემებს გვიქმნის ზღვაზე დასვენება, როგორია ამ დაავადებების სიმპტომები და როგორ ვუშველოთ თავს არასასურველი შედეგის გამოვლენისთანავე, კერძოდ რომელი დაავადებები მწვავდება ზღვაზე დასვენების შემდეგ და როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი.
საჭიროა, არ დაარღვიოთ შესაბამისი წესები, მაგალითად: არ იწვეთ მზეზე იმ დროს, როცა მზე ზენიტშია, არ გაატაროთ დიდი დრო სველ საცურაო კოსტიუმში, მოერიდოთ შემთხვევით კონტაქტებს და ა. შ. მცირე დოზით თითქმის ყველაფერი სასარგებლოა ნარკოტიკისა და სიგარეტის გარდა. ადამიანს აქვს როგორც ზოგადი, ასევე ლოკალური იმუნიტეტი. იმუნიტეტი რომ ქვეითდება, დაავადებაც ადვილად იკიდებს ფეხს.
ლოკალურ ანუ ადგილობრივ იმუნურ სისტემაში შედის გენიტალიური ორგანოები, კერძოდ, საშო, საშვილოსნოს ყელი, მილები, საკვერცხეები. ზღვის მარილიან წყალში დიდხანს ყოფნამ, შესაძლოა, დაარღვიოს მჟავატუტოვანი წონასწორობა და პრობლემებიც იჩენს თავს – ირღვევა საშოს სეკრეცია, აღინიშნება ჭარბი გამონადენი, ზოგჯერ მას თან ახლავს უსიამოვნო სუნი – გააჩნია, რომელი ბაქტერია იწყებს გამრავლებას. თუ რომელიმე პათოლოგია აღენიშნება ქალს, ამ დროს სიტუაციაც მძიმდება. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან იმატა ახალგაზრდა ასაკში საშვილოსნოსა და საკვერცხეების სიმსივნეებმა. ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს: გარემო ფაქტორები, ქიმიური ხსნარების გამოყენება, მზის სხივების აქტიური ზემოქმედება, გენმოდიფიცირებული, ნიტრატებიანი საკვები, პრეპარატების არასწორი მიღება, არასწორად ჩატარებული მკურნალობა...
გადაციება, გადახურება, სველი საცურაო კოსტიუმით დიდხანს მზეზე ჯდომა გარკვეულ პრობლემას უქმნის ადამიანს. როცა მშრალი საცურაო კოსტიუმით ზიხართ სანაპიროზე, დაინფიცირება ნაკლებად სარისკოა, მაგრამ თუ სველი კოსტიუმით წევხართ ქვაზე ან სილაზე, მაშინ ლოკალური, სასქესო ორგანოების გადაციება ხდება. თან, მიკროფლორის გარკვეული სახეობები მშრალ საცვალზე არ გადადის, სველზე კი ადვილად იკიდებს ფეხს და ადვილადაც მრავლდება. მით უფრო, თუ იმ ადგილას ზიხართ, სადაც ინფიცირებული იჯდა ან იწვა.
სასქესო ლორწოვან ადგილას ბაქტერია ადვილად ხვდება და ამის შემდეგ ვრცელდება გენიტალიურ ორგანოებში. ხშირია მიკროტრავმებიც, რომლებიც უხილავია და შეხებისას ადამიანი ადვილად ინფიცირდება.
-
ზღვიდან დაბრუნების შემდეგ აუცილებელია თუ არა გინეკოლოგიური კვლევების ჩატარება? რა სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა მიმართონ ქალებმა ექიმს?
გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. ქალბატონები ხშირად ფიქრობენ: ზღვიდან დაბრუნების შემდეგ ჩავიტარებთ გამოკვლევებსო. მაგრამ ეს არ არის სწორი, რადგან, თუ ინფექცია უკვე არსებობს, ჯობია, ჯერ იმკურნალოთ და ჯანმრთელმა დაისვენოთ, ვიდრე სიტუაცია გაირთულოთ. ჯანმრთელ გენიტალიურ ორგანოებში ბარიერი უკვე დაცულია, ამიტომ ის ხელს შეუშლის ახალი ინფექციის შეჭრას ორგანიზმში და დაინფიცირებას.
გირჩევთ, თუ პრობლემა გაქვთ, აჯობებს, ჯერ მკურნალობის ჩატარება, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ კი – საკონტროლო გამოკვლევები.
დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ნებისმიერ მიკრობს ძალიან მოსწონს ის ლორწოვანი გარსი, რომელიც ქალს აქვს და დაინფიცირებაც ადვილად ხდება. ზღვაზე რისკ-ფაქტორები ყოველთვის უფრო დიდია, ვიდრე საშინაო პირობებში, ამიტომ მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ.
ზღვაში ბანაობის შემდეგ აუცილებლად გადაივლეთ სუფთა წყალი, შეიმშრალეთ ტანი და მშრალი საცურაო კოსტიუმით მიეფიცხეთ მზეს. რაც შეეხება ზღვიდან დაბრუნების შემდეგ ექიმთან კონსულტაციას, თუ აღინიშნება ჭარბი გამონადენი, ქავილი, სუნი, წვის შეგრძნება, დაირღვა მენსტრუალური ფუნქცია, ან იგრძენით დისკომფორტი სქესობრივი ცხოვრების დროს, მაშინვე მიაკითხეთ ექიმს.
გარდა ამ ნიშნებისა, სასურველია, ზღვიდან დაბრუნებისთანავე ყველა ქალმა ჩაიტაროს გინეკოლოგიური კვლევა, რადგან უცხო გარემოში, უცხო მიკროფლორით, შესაძლოა, უნებლიე დაინფიცირება მოხდეს. შედეგი კი გვიან გამოვლინდეს და მკურნალობაც დიდხანს გაგრძელდეს, რადგან გინეკოლოგიური ინფექციების დიდ ნაწილს აქვს ფარული და, ასე ვთქვათ, ვერაგი მიმდინარეობა. ასეთებია: უჯრედშიდა ინფექციები – ქლამიდიოზი, ურიაპლაზმოზი, მიკოპლაზმოზი და ა. შ.
თუ ქალს ტრიქომონიაზი ან გონორეა დაემართა, ამას ის მაშინვე, ანუ პირველსავე კვირას ან ორ კვირაში გრძნობს. როცა ინკუბაციური პერიოდი გაივლის, ჩნდება ჭარბი გამონადენი, სპეციფიკური სუნი, ტკივილი შარდვის დროს, დისკომფორტი, წვა და ასე შემდეგ. სხვა პათოლოგიების დროს კი ეს სიმპტომები კლინიკურად არ ვლინდება და ჩუმად აზიანებს ორგანიზმს. ერთ მშვენიერ დღეს ქალი აღმოაჩენს, რომ მისი მილები დაზიანებულია, შეხორცებულია და ეს უშვილობის მიზეზი ხდება.
-
რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩაიტაროს ქალმა გინეკოლოგიური გამოკვლევა?
სასურველია, გინეკოლოგიური გამოკვლევა ქალმა ჩაიტაროს ყოველ ექვს თვეში ერთხელ, რათა მოხდეს დროული პრევენცია და დიაგნოსტიკა. ძალიან ხშირია საშვილოსნოს ყელის ეროზიები. ამიტომ, საჭიროა, დროულად დადგინდეს, ჭეშმარიტად ეროზიაა, ცრუ, თუ, უბრალოდ – ანთება ან ჰორმონული მოშლა. აუცილებელია დიაგნოზის სწორად დასმა, შემდეგ – სწორი მკურნალობა და მკურნალობის კურსის დასრულება.
-
ზაფხულში, შვებულების დროს, ხშირია შემთხვევითი სექსუალური კონტაქტები. ეს რა საფრთხეს უქმნის ადამიანს?
შემთხვევითი კონტაქტი სასურველი არ არის, თუმცა, ამას ვერავის ავუკრძალავთ. ასეთ შემთხვევაში სასურველია, იხმარონ დამცავი საშუალებები, რადგან ამ დროს, გარდა დაინფიცირებისა, იზრდება დაორსულების რისკიც. არასასურველი ორსულობა კი ქალს პრობლემის წინაშე აყენებს. ასეთი შემთხვევა ბევრია. შემდეგ იკეთებენ აბორტს, ეს კი ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ, ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ასეთი შემთხვევითი კონტაქტების დროს ინფექციებისა და ორსულობისგან.
თუ ადამიანი დაინფიცირდა, ამის გამოვლენა სასწრაფოდ უნდა მოხდეს, სანამ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. რადგან გარკვეულ პათოლოგიებს საკმაოდ ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდი აქვს. თუ შემთხვევითი კონტაქტი ჰქონდა ქალს მამაკაცთან, ზღვიდან დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ინფექცია ფარულად მიმდინარეობდეს ორგანიზმში და ამან შემდგომში ე. წ. აღმავალი ინფექციაც გამოიწვიოს. კერძოდ, საშოდან გადავიდეს საშვილოსნოს ყელში, შემდეგ – მილებში, დააზიანოს მთლიანი პერიტუბანული სივრცე და ჩირქგროვაც კი განვითარდეს. ეს იმის მიხედვით ხდება, თუ რომელი ინფექციით დაავადდა სექსის დროს ადამიანი. შესაძლოა, ეს იყოს ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიხომონიაზი, სოკოვანი ინფექცია... ამ მხრივ, პარტნიორი გამართლებაზეა, ანუ, გააჩნია, რომელი გადამდები ინფექციითაა ის დაავადებული. სხვათა შორის, ბოლო ხანს ძალიან გახშირდა ე. წ. მიქს-ინფექციები. ამ დროს სხვადასხვა ინფექცია ერთმანეთს ერევა და ხდება ადამიანის ტრიხომონიაზით, გონორეით, ქლამიდიოზითა და სოკოვანი დაავადებით ერთდროულად ინფიცირება. ცხადია, მკურნალობაც შედარებით რთულია, დიდ დროს მოითხოვს და ორი-სამი კურსის ჩატარებაც კი არ არის საკმარისი სრული განკურნებისთვის. ამ დროს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დასმულ დიაგნოზს და სწორად ჩატარებულ მკურნალობას.
ქალების ვიზიტი გინეკოლოგიურ კაბინეტში განსაკუთრებით მატულობს შემოდგომით, შვებულების დასრულების შემდეგ. ამ დროს მათ გარკვეული დისკომფორტი უჩნდებათ იმუნიტეტის დაქვეითების, ახალი ინფექციების შეძენის ან იმ ინფექციების გამწვავების გამო, რომელიც მათ დასასვენებლად წასვლის წინ ჰქონდათ და შემდგომ მეტად გაურთულდათ. იმისთვის, რომ დაავადება არ გამწვავდეს და არ გართულდეს, ჯობს, ექიმ-გინეკოლოგს დროულად მიაკითხოთ და ამით აარიდოთ თავი თუნდაც უშვილობის პრობლემას, რომელიც ამ ბოლო ხანებში საკმაოდ აქტუალური გახდა.
ნებისმიერი დისკომფორტის შეგრძნებისას გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ გამოკვლევები. თუ ყოველ ეტაპზე ყველა ინფექცია, პათოლოგია და ჰორმონული დარღვევა სწორად იქნება ნამკურნალევი, კლიმაქსის პერიოდი ისე ჩაივლის, რომ ქალი ამას ვერც კი იგრძნობს.
-
ზღვაზე დასვენების შემდეგ ხშირია ცისტიტით დაავადება. ეს ინფიცირებასთან რაიმე კავშირში არის თუ არა?
რასაკვირველია, პირდაპირ კავშირშია. ხშირი შარდვა, ცისტიტი იმის დადასტურებაა, რომ ადამიანი დაინფიცირდა თუნდაც თავისივე მიკროფლორით. ეს, შესაძლოა, არ იყოს სქესობრივი კონტაქტის შედეგი და ინფექცია გამოიწვიოს საყოფაცხოვრებო პირობებმა, არასწორმა დღის რეჟიმმა, არასწორმა დასვენებამ. ხშირი შარდვა ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია.
ვურჩევთ ქალებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან ერთმა დაშვებულმა შეცდომამ და დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.