ქალის სასქესო ორგანოთა კუნთოვანი ქსოვილის პათოლოგიები
რა პათოლოგია შეიძლება განვითარდეს ქალის სასქესო ორგანოებში? ამაზე სასაუბროდ ქალთა მე-10 კონსულტაციის მეან გინეკოლოგს მზია დევდარიანს მივმართეთ.
- გინეკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე ხშირად საშვილოსნოს მიომის დიაგნოზი გვესმის. რა არის ეს?
- საშვილოსნოს მიომა მართლაც ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. ეს არის კუნთოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომლის განვითარების მიზეზია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევები და ესტროგენების ჭარბი წარმოქმნა. მიომური კვანძები უმთავრესად - ასიდან 95 შემთხვევაში - საშვილოსნოს სხეულში ჩნდება, გაცილებით იშვიათად - საშვილოსნოს ყელში. მდებარეობის მიხედვით განასხვავებენ:
- სუბმუკოზურ მიომას (მდებარეობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ქვეშ და მიმართულია საშვილოსნოს ღრუსკენ);
- სუბსეროზულ მიომას (მდებარეობს საშვილოსნოს ზევით, პერიტონეუმის ქვეშ. შეიძლება ჰქონდეს სქელი ფუძე ან ფეხი);
- ინტერსტიციულ მიომას (მდებარეობს საშვილოსნოს კედელში).
მიომური კვანძები ერთმანეთისგან ზომითა და ფორმით განსხვავდება; შეიძლება იყოს ერთეულიც და მრავლობითიც; განსხვავდება წონითაც - რამდენიმე გრამიდან რამდენიმე კილოგრამამდე იწონის. ზოგიერთი მიომა სწრაფად იზრდება, შეიძლება ძალზე დიდ ზომას მიაღწიოს და მეზობელი ორგანოების ფუნქციობას შეუშალოს ხელი; ზოგიერთი კი ნელა, უსიმპტომოდ იზრდება და შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე პროფილაქტიკური დათვალიერებისას. საშვილოსნოს მიომა სხვადასხვა ასაკში ვლინდება, ყველაზე ხშირად - 35-დან 45 წლამდე. საშვილოსნოს მიომის კლინიკური სურათი ბევრად არის დამოკიდებული ქალის ასაკზე, დაავადების ხანგრძლივობაზე, მიომური კვანძების ლოკალიზაციაზე, თანმხლებ დაავადებებზე.
- რას უჩივის ამ დროს ქალი?
- მუდმივ ტკივილს მუცლის ქვედა მიდამოსა და წელის არეში. ტკივილი ხშირად მენჯის ნერვულ წნულზე კვანძების ზეწოლით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი მას საშვილოსნოში არსებული დისტროფიული და ნეკროზული უბნები იწვევს.
მენსტრუაციის დროს შეტევისებური ტკივილი ახასიათებს სუბმუკოზური ლოკალიზაციის სიმსივნეს. სუბმუკოზური კვანძის დროს დაავადება ვლინდება ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუალური სისხლდენებით (მენორაგია), რომელთა ფონზეც ხშირია აციკლური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები (მეტრორაგია), პოსტჰემორაგიული ანემია. ამის გამო ქალები უჩივიან საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, გულის ფრიალს და ადვილად დაღლას. საშვილოსნოს ქვედა მესამედში, მის წინა ან უკანა ზედაპირზე მდებარე მიომურმა კვანძებმა შეიძლება შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.
- რით შეიძლება გართულდეს მიომა?
- საშვილოსნოს მიომის ყველაზე ხშირი გართულებაა კვანძის ნეკროზი, რაც მისი კვების დარღვევით არის გამოწვეული. ასეთი გართულება, წესისამებრ, მიომური კვანძების სიდიდის ან კვანძის ფეხზე შემოგრეხის შემთხვევაში ვითარდება. ამ დროს ყალიბდება მწვავე მუცლის კლინიკური სურათი: მუცლის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კვანძის მტკივნეულობა და დარბილება.
- როგორ სვამენ მიომის დიაგნოზს?
- საშვილოსნოს მიომის დიაგნოზის დასმა გინეკოლოგისთვის ძნელი არ არის. დიაგნოზის დადასტურება და კვანძის ადგილმდებარეობის დადგენა ულტრასონოგრაფიის მეშვეობით ხდება.
- დღეს ხშირად ისმის ურთიერთგამომრიცხავი აზრები მიომის მკურნალობის შესახებ...
- მკურნალობის მეთოდის შერჩევისას ითვალისწინებენ: პაციენტის ასაკს, თანმხლებ ექტრაგენიტალურ და გინეკოლოგიურ დაავადებებს, ჰორმონულ დარღვევებს, სიმსივნის ზრდის ხასიათს, მიომური კვანძის განლაგების თავისებურებებს, მენსტრუალური ციკლის დარღვევას, ანემიის ხარისხს და სხვა.
მიომას კონსერვატიულად მკურნალობენ მცირე ზომის კვანძების დროს და კლიმაქსის წინა პერიოდში, იმიტომ, რომ მენოპაუზის შემდეგ მიომური კვანძი შესაძლოა თავისთავად დაპატარავდეს და, რაც მთავარია, ალაგდეს ის ჩივილები, რომელთა გამოც კეთდება ოპერაცია. მედიკამენტური მკურნალობა ტარდება თანმხლები მძიმე ექსტრაგენიტალური დაავადებების დროსაც, როდესაც ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია. თუმცა საშვილოსნოს მიომის მედიკამენტებით განკურნება შეუძლებელია.
- როდის კეთდება ოპერაცია?
- საშვილოსნოს მიომის ქირურგიული მკურნალობის ჩვენება გახლავთ:
- კვანძის ნეკროზი;
- სიმსივნის სწრაფი ზრდა და სიდიდე;
- სუბმუკოზური მიომა, ხანგრძლივი და ჭარბი მენსტრუაცია;
- ინტერსტიციული ლოკალიზაციის კვანძი, რომელიც ცენტრისკენ იზრდება და იწვევს საშვილოსნოს ღრუს მკვეთრ დეფორმაციას;
- ეჭვი საშვილოსნოს მიომის მალიგნიზაციის თაობაზე;
- შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დარღვევა.
საშვილოსნოს მიომის სიდიდის, მდებარეობის, გართულებებისა და თანმხლები დაავადებების კვალობაზე, ოპერაციის დროს შეიძლება მოხდეს კვანძის ამოსახსვრა, საშვილოსნოს ნაწილის (ამპუტაცია) ან მთელი ორგანოს (ექსტირპაცია) ამოკვეთა.
- ზოგიერთი ქალი უჩივის სპაზმურ ტკივილს სქესობრივი აქტის დროს.
- ეს არის ვაგინიზმი - საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების კუნჩხვითი და ძლიერ მტკივნეული სპაზმი (შეკუმშვა), რომელიც ართულებს, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდის სქესობრივ კონტაქტს. ზოგჯერ ის სუსტი ტკივილით გამოვლინდება, ზოგჯერ კი სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის საშოში ნებისმიერ მანიპულაციას, გინეკოლოგიურ გასინჯვასაც კი. კუნთების უნებლიე სპაზმი ზოგჯერ სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური პროცედურის შესახებ გაფიქრებაზეც კი იწყება. ტკივილი გადაეცემა ბარძაყის შიგნითა ზედაპირს და თან სდევს კრუნჩხვა. არსებობს ვაგინიზმის სხვადასხვა სახე, რომლებიც პათოლოგიური რეაქციის სხვადასხვა ხარისხით გამოიხატება.
- ვის ემართება ვაგინიზმი?
- უმეტესად - ემოციურ, ეგზალტაციისკენ მიდრეკილ ქალებს. მას ხელს უწყობს გადატანილი ფსიქიკური ან სასქესო ორგანოების ტრავმა. ზოგიერთ ქალს ეს ემართება პირველი სქესობივი კონტაქტის შიშით, ზოგიერთს - გაუპატიურების, უხეში დეფლორაციის ან სხვა სახის ძალადობის, მათ შორის - უხეში გინეკოლოგიური გასინჯვის შედეგად.
ფსიქიკური დარღვევით განპირობებულ ვაგინიზმს ფსევდოვაგინიზმს უწოდებენ. ვაგინიზმის მკურნალობა გულისხმობს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას.
- სასქესო ორგანოების დაწევა და გამოვარდნა არცთუ ისე იშვიათია, არადა ამ პათოლოგიის შესახებ უამრავ მცდარ აზრს მოისმენთ. რედაქციაში უამრავი წერილი მოდის, სადაც ჩვენი მკითხველები გვთხოვენ, შევეხოთ ქალის სასქესო ორგანოების დაწევისა და გამოვარდნის პრობლემებს. რა ხდება ამ დროს?
- შინაგანი სასქესო ორგანოების ანომალიურ მდებარეობას უტეროვაგინალური პროლაფსი ეწოდება. ამ დროს საშვილოსნოსა და საშოს კედლები დაწეულია, ხოლო შემდგომში ხდება მათი ნაწილობრივი ან სრული გამოვარდნა. განასხვავებენ საშვილოსნოს დაწევის სამ ხარისხს:
- I ხარისხი - საშვილოსნო დაწეულია;
- II ხარისხი - საშვილოსნო ნაწილობრივ არის გამოვარდნილი;
- III ხარისხი - საშვილოსნო მთლიანად გამოვარდნილია.
პათოლოგიის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს მენჯის ფუძის კუნთების ტონუსის დაქვეითება და საშვილოსნოს იოგოვანი აპარატის მოდუნება. ამ ფონზე საშვილოსნოს დაწევა და გამოვარდნა მუცელშიგა წნევის მომატებით არის გამოწვეული. ხელშემწყობი ფაქტორებია:
- მენჯის ფუძის კუნთების დაზიანება, უმეტესად - სამშობიარო ტრავმის შედეგად;
- ესტროგენების დეფიციტი ბუნებრივი მენოპაუზის გამო ან სხვა მიზეზით (ასეთ დროს მენჯის ფუძის სიმტკიცე მცირდება);
- მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე საგნების აწევა;
- ქრონიკული ხველა;
- ქრონიკული შეკრულობა;
- სიმსუქნე;
- შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დისპლაზია. ეს გენეტიკური პათოლოგიაა, რომელსაც შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე ახასიათებს. ქალებს, რომელთაც ეს პათოლოგია აქვთ, სასქესო ორგანოების დაწევასთან ერთად შესაძლოა აღმოაჩნდეთ ტანადობის დარღვევა, სახსრების პათოლოგიური მოძრაობა, ასტიგმატიზმი, სხვადასხვა ლოკალიზაციის თიაქარი და სხვა.
- რას უჩივის ქალი საშვილოსნოს და საშოს კედლების დაწევისას ან გამოვარდნის დროს?
- უცხო სხეულის შეგრძნებას შორისის მიდამოში, მქაჩავ ტკივილს წელის, გავისა და მუცლის ქვედა არეში, შარდვის გახშირებას, შარდის შეუკავებლობას, შარდვის გაძნელებას, შეკრულობას, აირების ან ფეკალური მასების შეუკავებლობას. გარდა ამისა, საშოს კედლების დაწევა იწვევს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის დივერტიკულის გაჩენას. სქესობრივი ცხოვრება ძნელდება, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ქალი იძულებული ხდება, მიიღოს უჩვეულო პოზა ან ხელი დაიხმაროს.
- როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა?
- არსებობს მკურნალობის ორი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული მიდგომა - კონსერვატიული და ქირურგიული. მენჯის ფუძის მთლიანობის დარღვევისას მკურნალობის ძირითადი და განსაკუთრებით ეფექტური მეთოდია ქირურგიული აღდგენა. მხოლოდ ქირურგიული ჩარევა გვაძლევს საშუალებას, აღმოვფხვრათ მენჯის ფუძის არსებული დეფექტები.
კონსერვატიულ მკურნალობას მიმართავენ პროლაფსის ადრეულ სტადიაზე, ასევე - მაშინ, როდესაც ოპერაციული ჩარევა უკუნაჩვენებია - ქალი ორსულად არის ან ორსულობას გეგმავს, ძლიერ არის დასუსტებული ან აქვს რომელიმე სხვა, ექსტრაგენიტალური დაავადება. ასეთ დროს ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, რომლის მიზანია მუცლის პრესის და მენჯის ფუძის კუნთების გამაგრება, ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი, ბანდაჟის ტარება.
დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში მკურნალობა ქირურგიულია. ქირურგიული მეთოდის შერჩევისას ითვალისწინებენ პაციენტის საერთო მდგომარეობას, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, სქესობრივი ფუნქციის შენარჩუნების აუცილებლობას, ჩივილების ხასიათს, თანმხლები ექსტრაგენიტალური და გინეკოლოგიური პათოლოგიის არსებობა-არარსებობას და სხვა.
- რას გვეტყვით მშობიარობის დროს განვითარებულ პათოლოგიებზე?
- მშობიარობის დროს შესაძლოა თავი იჩინოს სამშობიარო ძალების ანომალიებმა - სისუსტემ ან გაძლიერებამ.
სამშობიარო მოქმედების სისუსტე გახლავთ პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც მშობიარობის პერიოდები გახანგრძლივებულია, ხოლო ნაყოფის დაბადება ყოვნდება, რასაც თან ახლავს რიგი გართულება: ნაყოფის ასფიქსია, სისხლდენა, პლაცენტის ან მისი ნაწილის ჩარჩენა, ენდომეტრიტი (საშვილოსნოს შიგნითა გარსის ანთება) და ლოგინობის პერიოდის სხვა დაავადებები.
სამშობიარო მოქმედების სისუსტემ შესაძლოა თავი იჩინოს როგორც მშობიარობის დასაწყისში, ასევე მოგვიანებით. მისი მიზეზი შეიძლება იყოს იმ ნივთიერებების უკმარისობა, რომლებიც დიდ როლს ასრულებს საშვილოსნოს შეკუმშვაში.
სამშობიარო მოქმედების სისუსტე ვითარდება საერთო გამომფიტავი დაავადებების, ენდოკრინული დარღვევების, ინფანტილიზმის, სიმსუქნის, სასქესო ორგანოების არასწორი აგებულების (ორრქიანი საშვილოსნო), საშვილოსნოს მიომის ფონზე. მიზეზად შეიძლება იქცეს გადატანილი აბორტიც. ასეთი პათოლოგია ხშირია მრავალწყლიანობისა და მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს. არის შემთხვევები, როცა ნაყოფის დაბადების გახანგრძლივება მუცლის პრესის არასრულფასოვნებით, კერძოდ, მუცლის კუნთების მოდუნებით, დაკიდული მუცლით, სიმსუქნით, თეთრი ხაზის თიაქრით და მუცლის კედლის სხვა დეფექტებით არის გამოწვეული.
ძლიერი სამშობიარო მოქმედება პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც მშობიარობის პერიოდები ხანმოკლეა და ნაყოფი ნორმასთან შედარებით სწრაფად იბადება. ეს უფრო იშვიათია, ვიდრე სამშობიარო მოქმედების სისუსტე. ძლიერი, ხშირი და მტკივნეული შეტევები ვითარდება გადაჭარბებული ნერვიული აღგზნების, ჰიპერთირეოზის (ტოქსიკური ჩიყვი), ვიწრო მენჯის, ნაყოფის არასწორი მდებარეობის დროს.
თუ დედის მენჯისა და ნაყოფის თავის ზომები ერთმანეთის შესაბამისია, მშობიარობა (ხშირად - სამშობიარო დაწესებულების გარეთ) 1-3 საათში სრულდება. ამ დროს მოსალოდნელია ნაყოფის ასფიქსია.
- ორიოდე სიტყვით სამშობიარო ტრავმებსაც შევეხოთ...
- ნაყოფის გამოძევების დროს რბილი ქსოვილები მეტისმეტად იჭიმება, რის გამოც ხშირად ზიანდება შორისი, საშო, საშვილოსნოს ყელი. ყველაზე ხშირია შორისის ჩახევა. მას ხელს უწყობს წინა მშობიარობის შემდგომ დარჩენილი ნაწიბურები, ქსოვილების ელასტიკურობის დაქვეითება ხანდაზმულ პირველმშობიარეებში, ვიწრო მენჯი, ნაყოფის დიდი თავი და სხვა. როცა შორისის ჩახევა გარდაუვალია, აუცილებელია მისი ჩაჭრა - ჩახეულ ჭრილობას უსწორმასწორო კიდეები აქვს, ამიტომ ძნელად ხორცდება, სწორკიდეებიანი ჭრილობა კი (ჩაჭრის შემდეგ) უფრო ადვილად და კარგად.
რბილი სამშობიარო გზების ქსოვილების ჩახევა იწვევს საშვილოსნოში ინფექციის შეჭრას, სასქესო ორგანოების დაწევასა და გამოვარდნას. პათოლოგიური მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის ჩახევამ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს.
მშობიარობის განსაკუთრებით საშიში გართულებაა საშვილოსნოს გახევა - ის ხშირად დედისა და ნაყოფის სიკვდილით მთავრდება. ამ დროს სისხლდენა ძალიან ძლიერია. კლინიკური სურათი მიმდინარეობს შოკით.
- რას გვეტყვით მშობიარობის გართულებათა პროფილაქტიკაზე?
- ორსულები, რომლებიც რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ქალთა კონსულტაციაში სპეციალურ აღრიცხვაზე აჰყავთ. ისინი მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე იგზავნებიან სამშობიარო სახლში. რისკის ფაქტორებია ვიწრო მენჯი, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, ვადაგადაცილებული ორსულობა, დიდი ნაყოფი, ანამნეზში - გართულებული აბორტი, საშვილოსნოს ანთებითი დაავადება, გადატანილი საკეისრო კვეთა და საშვილოსნოს სხვა ოპერაციები. თუ საშვილოსნოს გახევის წინამორბედი ნიშნები გაჩნდა, მშობიარობა უნდა დასრულდეს ოპერაციული გზით.
- რა არის ჰიპოტონიური და ატონიური სისხლდენა?
- მშობიარობის შემდგომ სისხლდენას უწოდებენ მდგომარეობას, როცა მშობიარობის მესამე პერიოდში და მშობიარობის შემდგომი 24 საათის განმავლობაში სისხლის საერთო დანაკარგი 500 მლ-ზე მეტია. საშვილოსნოს ჰიპოტონია ან ატონია (ტონუსის დაქვეითება, შეკუმშვის უუნარობა) და ამით გამოწვეული სისხლდენა მშობიარობის ყველაზე საშიში გართულებები გახლავთ. ამ დროს, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია საშვილოსნოს ღრუდან სისხლის კოლტების გამოღება და საშვილოსნოს მასაჟი მუშტით. ხშირად ეს ატონიის მოსახსნელად საკმარისია. ტარდება მედიკამენტური მკურნალობაც. თუ სისხლდენა არ შეწყდა, საჭიროა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, საშვილოსნოს არტერიის გაკვანძვა, ხოლო თუ არც ამან უშველა - საშვილოსნოს ექსტირპაცია ან მისი საშოსზედა ამპუტაცია.