რა არის სასქესო ორგანოების ნორმალური მიკროფლორა და როდის ირღვევა ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის სასქესო ორგანოების ნორმალური მიკროფლორა და როდის ირღვევა ის

მათი ნაწილი ორგანიზმთან ერთად არსებობს, მრავლდება და მნიშვნელოვან ფუნქციებსაც კი ასრულებს. ასეთ მიკროფლორას უწოდებენ ნორმალურს. როდის ირღვევა სასქესო ორგანოების მიკროფლორა და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ იაშვილი:

– ქალბატონო თამარ, როგორ და როდის ყალიბდება ადამიანის სასქესო ორგანოების მიკროფლორა?

– სასქესო ორგანოების მიკროორგანიზმებით კოლონიზაცია ბავშვის დაბადების პირველივე საათებში ხდება. ძირითადად, ეს არის მიკრობები დედის სამშობიარო გზებიდან და კანის საფარველიდან. ბავშვის სქესის მიხედვით, მიკრობების ნაწილი გარკვეული პერიოდის შემდეგ იღუპება, მეორე ნაწილი კი განაგრძობს არსებობას და მრავლდება. ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობა ადამიანის სქესზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ ნორმალური მიკროფლორა ადამიანის დაავადებას არ იწვევს.

– როგორია ქალის სასქესო ორგანოების ნორმალური მიკროფლორა?

– ქალის სიცოცხლის განმავლობაში საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობა მრავალჯერ იცვლება. ეს უკავშირდება საშოს უჯრედებში განსაკუთრებული ნივთიერების – გლიკოგენის – არსებობას, რომლის ცვლა რეგულირდება ესტროგენებით.

გოგონას სიცოცხლის პირველ კვირებში მის სისხლში მაღალია დედისგან მიღებული ესტროგენების კონცენტრაცია. ამიტომ გლიკოგენის რაოდენობა საკმარისია სამშობიარო გზებიდან შეტანილი ლაქტობაქტერიების ცხოველმყოფელობისათვის. მიკროფლორა წარმოდგენილია ლაქტო- და ბიფიდობაქტერიებით. საშოს გარემოს რეაქცია მჟავაა. შემდეგ ეგზოგენური ესტროგენების დონე კლებულობს, ლაქტობაქტერიები ქრება და საშოში სახლდება კოკები – ეპიდერმული და საპროფიტული სტაფილოკოკები. საშოს გარემო ხდება ტუტე რეაქციის. სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყება ესტროგენების გაძლიერებული გამომუშავება, გლიკოგენის რაოდენობის მომატება და საშოში სახლდება ლაქტო- და ბიფიდომიკროფლორა. საშოს გარემო ხდება მჟავა რეაქციის. ხანდაზმულ ასაკში ესტროგენული დატვირთვის შემცირების გამო ლაქტობაქტერიების დონე მცირდება და საშოში თანდათანობით ისევ სახლდება კოკური ფლორა.

საშოს ნორმალური მიკროფლორა ძირითადად წარმოდგენილია აციდოფილური ლაქტობაქტერიებით (Lactobacilli spp), მცირე ნაწილია ბიფიდობაქტერიები (10%-მდე) და პეპტოსტრეპტოკოკები (5%-მდე). მიკროორგანიზმების ასეთი ნარევი დოდერლეინის მიკროფლორის სახელწოდებას ატარებს. ნორმალური მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100 მილიონს საშოს 1გ გამონადენში.

– რა ფუნქცია აქვს ქალის ორგანიზმისთვის საშოს ნორმალურ მიკროფლორას?

– საშოს ნორმალური ლაქტოფლორის ძირითადი ფუნქციაა საშოს განსაკუთრებული მჟავა გარემოს შექმნა. საშოს მჟავა გარემოს შემდეგი ძირითადი ფუნქციები აქვს: პათოგენური, მათ შორის, ტრანზიტორული (დროებით არსებული) პირობით პათოგენური მიკროფლორისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნა და განადგურება, ასევე გარკვეული ევოლუციური ფუნქცია. როგორც ცნობილია, მჟავა რეაქცია სპერმადოზოიდებისთვის დამღუპველ გარემოს წარმოადგენს. მჟავა ბარიერის გადალახვა და კვერცხუჯრედის განაყოფიერება შეუძლია მხოლოდ ყველაზე ჯანმრთელ და ძლიერ სპერმატოზოიდს.

ამას გარდა, ნორმლური ლაქტოფლორა ასტიმულირებს ორგანიზმის ადგილობრივ იმუნურ დაცვას – ააქტიურებს მაკროფაგებს, ინტერფერონის, სეკრეტორული იმუნოგლობულინების გამომუშავებას და თრგუნავს პირობით პათოგენურ და პათოგენურ მიკროფლორას.

საშოს დისბიოზი (დისბაქტერიოზი) საშოს ნორმალური მიკროფლორის დარღვევაა. ეს დაავადება აღენიშნება ქალების დიდი ნაწილს.

მიკროფლორის წონასწორობის დარღვევისას ირღვევა საშოს ნორმალურ ბინადართა წონასწორობა. ამასთან, ქვეითდება ლაქტო- და ბიფიდობაქტერიების რაოდენობა და იზრდება პათოგენური ბაქტერიების რაოდენობა.

– რა არის გენიტალური დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზები?

  • ანტიბიოტიკების ხშირი მიღება;
  • კვების პრობლემები, დიეტები;
  • ანტისეპტიკების გადაჭარბებული მიღება;
  • გადაციება.

დისბაქტერიოზს ყოველთვის აქვს სისტემური ხასიათი.

– როგორია სიმპტომები?

  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის შეწითლება;
  • ადგილობრივი ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ზომიერი ან ჭარბი, დამახასიათებელი უსიამოვნო სუნის გამონადენი;
  • ქავილი, წვა და შეშუპება.

ხშირად ამ პრობლემას თან ახლავს კანდიდოზი. ზოგჯერ ქალებს შორის დისბაქტერიოზის კლინიკური სურათი კვეთს ცისტიტის კლინიკას. ასე ხდება მაშინ, როდესაც ბაქტერიები აღწევენ შარდგამომყოფგზებში.

– რამდენად აღინიშნება საშოს დისბაქტერიოზი სასქესო ინფექციებისას?

– სასქესო ინფექციები ყოველთვის უკავშირდება საშოს მიკროფლორის დარღვევას. სქესობრივი გზით გადამდები რომელიმე დაავადების გამომწვევის საშოში არსებობა ცვლის საშოს pH-ს, იწვევს ანთებით რეაქციას და კიდევ მეტად უწყობს ხელს მიკროფლორის დარღვევას.

სქესობრივი ინფექცია ყოველთვის ასოცირებულია პირობით პათოგენურ მიკროფლორასთან და ეს მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობისას. ქალების სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა აუცილებლად უნდა დასრულდეს საშოს მიკროფლორის აღდგენით.

– რამდენად უკავშირდება საშოს დისბიოზი ნაწლავების დაავადებებს?

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბევრი დაავადება იწვევს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევას და დისბაქტერიოზის განვითარებას.

სწორი ნაწლავის კედელი მჭიდროდ ეხება საშოს კედელს და ბაქტერიებმა შეიძლება შეაღწიოს. ნაწლავის გამოხატული დისბაქტერიოზისას, როგორც წესი, საშოდანაც ამოითესება ნაწლავური ინფექციიდან ერთ-ერთი – ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი და სხვა.

ამ შემთხვევაში საშოს დისბიოზის მკურნალობა რთულია და დაავადების რეციდივის ალბათობაც დიდია. საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა ამ სიტუაციაში შესაძლებელია ნაწლავის დაავადების ერთდროული მკურნალობით.

– უქმნის თუ არა პრობლემას საშოს დისბაქტერიოზი სქესობრივ პარტნიორს?

– როგორც წესი, საშოს დისბაქტერიოზი სქესობრივ პარტნიორს პრობლემას არ უქმნის, რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისას, კონტრაცეპციის საშუალებების გამოყენების გარეშეც კი. ცალკეულ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება საშოს გამოხატული დისბიოზი, მამაკაცს შეიძლება განუვითარდეს ბალანოპოსტიტისა და არასპეციფიკური ურეთრიტის მოვლენები. თუმცა ეს, ჩვეულებრივ, იმ შემთხვევაში ხდება, თუ მამაკაცს ამ დაავადებებისადმი აქვს განწყობა. სრულად ჯანმრთელ ორგანიზმში ის არ ვითარდება.

ვენერული დაავადებების გარდა, სქესობრივი პარტნიორის სხვა დაავადებები ქალის საშოს მიკროფლორაზე გავლენას არ ახდენს.

საშოს დისბაქტერიოზის მკურნალობა არ წარმოადგენს სქესობრივი პარტნიორის მკურნალობის აუცილებელ პირობას, თუ ერთ-ერთს არ გამოუვლინდა სქესობრივი გზით გადამდემი ინფექციები.

– თქვენ ზემოთ ბრძანეთ, რომ ჰორმონული ცვლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საშოს მიკროფლორაზე. ორსულობისას რამდენად ვითარდება საშოს დისბიოზი და როგორ შეიძლება მკურნალობა?

– ორსულობა საშოს დისბიოზის გამწვავების პროვოცირების ერთ-ერთი ფაქტორია. ორსულობის ფონზე შეიძლება გამოჩნდეს ან გაძლიერდეს გამონადენი, აღინიშნოს სასქესო ორგანოების ქავილი ან წვა, სქესობრივი აქტის დროს ტკივილი და ა.შ. ორსულობისას ქალის ორგანიზმი სერიოზულ ჰორმონულ გარდაქმნას განიცდის, რაც მოქმედებს იმუნიტეტის მდგომარეობასა და საშოს მიკროფლორაზე.

ორსულობის დროს დისბიოზის მკურნალობა რთულია, რადგანაც ეს უკავშირდება იმუნოკორექციას, რაც ორსულობისას არარეკომენდებულია. ამ შემთხვევაში შეიძლება სიმპტომების მოხსნა და ქალის მშობიარობისთვის მომზადება.

– რამდენად ხშირია დისბიოზი გოგონებს შორის?

– საშოს მიკროფლორის დარღვევა იმ გოგონებსაც აღენიშნებათ, რომელთაც ჯერ კიდევ არ დაუწყიათ სქესობრივი ცხოვრება. ეს უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს, კერძოდ: ჰორმონული ფონის არასტაბილურობას, ციკლის ჩამოყალიბების პროცესს, ასევე საქალწულე აპკის ანატომიური აგებულების თავისებურებებს.

გოგონებს საშოს დისბაქტერიოზი იშვიათად უვლინდებათ ჭარბი გამონადენით, რადგანაც საქალწულე აპკის ხვრელი, როგორც წესი, არ აძლევს იმდენი რაოდენობით გამოყოფის საშუალებას, რამდენიც წარმოიქმნება. ამიტომ გამონადენი საშოში გუბდება, რის გამოც ანთებითი პროცესის განვითარების ალბათობა გოგონებს უფრო დიდი აქვთ. სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას, პირველი სქესობრივი აქტის დროს, საშოდან შარდის ბუშტში დიდი რაოდენობით ბაქტერია ხვდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს „თაფლობის თვის ცისტიტი“.

ქალწულთა დისბიოზის მკურნალობა რამდენადმე გართულებულია იმის გამო, რომ საქალწულე აპკი ყოველთვის არ იძლევა სამკურნალო საშუალებებით საშოს ადგილობრივად დამუშავების საშუალებას. ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს საქალწულე აპკის მთლიანობის ხელოვნურად დარღვევა – ჰიმენექტომია.

– როგორია მამაკაცთა ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობა?

– ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცთა ურეთრის მიკროფლორის შემადგენლობა ასაკთან ერთად არ იცვლება. დაბადებიდან რამდენიმე საათში ურეთრაში ვაჟებს აღენიშნებათ ეპიდერმული სტაფილოკოკი (Staph.epidermidis) – ადამიანის კანის საფარველზე არსებული მიკროორგანიზმი.

ეპიდერმული და საპროფიტული სტაფილოკოკები (Staph.epidermidis, Staph.saprophyticus) პრაქტიკულად ყველა ჯანმრთელ მამაკაცს აქვს.

მამაკაცის შარდგამომყოფარხს აქვს ნეიტრალური – ტუტე რეაქცია, რომელიც ხელსაყრელია საპროფიტული სტაფილოკოკების ცხოველმყოფელობისა და გამრავლებისათვის.

– რა ფუნქციები აქვს მამაკაცთა ნორმალურ მიკროფლორას?

– ქალის ნორმალური მიკროფლორისგან განსხვავებით, ურეთრის მირკოფლორა რაიმე ფუნქციას არ ასრულებს და მისი შემადგენლობა შეიძლება მრავალჯერ შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის გამო.

– როგორია დისბიოზის მკურნალობა?

– უროგენიტალური დისბაქტერიოზი და მისი შედეგები შეიძლება ადამიანისთვის უსიამოვნო და საშიში იყოს.

მკურნალობა გულისხმობს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას და პათოგენური ბაქტერიების მოქმედების კერების კუპირებას. ამ მიზნით გამოიყენება ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების პრეპარატები.