ენდომეტიოზი - გრძელი, მტკივნეული გზა დიაგნოსტიკამდე
ეს დაავადება მნიშვნელოვნად ცვლის ქალის ცხოვრებას და მის დიაგნოსტიკას წლები სჭირდება.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის მენჯისა და წელის ქვედა ნაწილში ლოკალიზებული ტკივილი, რომელიც ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკისა და სქესობრივი კავშირის დროს. სიმპტომებია აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, ტკივილები შარდვის დროს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ედომეტრიოზი დიდ გავლენას ახდენს სხეულის ყველა ორგანოზე, მათ შორის: საშოზე, სწორ ნაწლავზე, შარდის ბუშტსა და დიაფრაგმზე. ამის გამო ექიმებმა შეიძლება არასწორი დიაგნოზი დასვან.
გამოცდილება
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, საკმაოდ ბევრი ქალბატონი ებრძვის ამ დაავადებას, ამიტომაც გიზიარებთ პაციენტთა გამოცდილებას ამ დაავადებასთან დაკავშირებით და მათ რეკომენდაციებს.
ტკივილი ყველაზე ხშირად თავს იჩენს მენსტრუაციის დროს, რაც აგრეთვე შეიძლება უკავშირდებოდეს ენდომეტრიოზით გამოწვეულ დაზიანებებს.
ერთ-ერთი ქალი, რომელსაც აქვს ეს დაავადება, ამბობს, რომ ტკივილები დაეწყო მენსტრუაციის პერიოდში და მან იფიქრა, რომ ჰქონდა გინეკოლოგიური პრობლემა.
„მე მქონდა ტკივილები რაღაც პერიოდის განმავლობაში, მანამდე არაფერი მქონდა გაგებული ენდომეტრიოზის შესახებ. ოცი წლის ასაკში დავიწყე ძიება ჩემი ტკივილების მიზეზის გასარკვევად, მოგვიანებით ტკივილი უკვე მაწუხებდა არა მხოლოდ მენსტრუაციული ციკლის დროს“, - ამბობს ის.
„ენდომეტრიოზის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე, პირველად დიდი ყურადღება არ მივაქციე, რადგან ვიცოდი, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 28 წლის ასაკში ტკივილი აღარ ქრებოდა და ყოველდღიურად უფრო მძაფრდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, უფრო სერიოზული თვალით შემეხედა ყოველივესთვის და დავიწყე გამოკვლევა“.
მსგავსი გამოცდილების მქონე ქალბატონები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ ადრეულ ასაკშივე მიხედონ ტკივილებს, რათა შემდგომში სავალალო შედეგი არ მოჰყვეს მას.
მიზეზები
ენდომეტრიოზის მიზეზები დღემდე დაუდგენელია. არსებობს მისი განვითარების რამდენიმე თეორია, მაგრამ დაავადებების პათოგენეზს სრულყოფილად ვერც ერთი მათგანი ვერ ხსნის.
ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, რომლის დროსაც სასქესო სისტემის ტრავმირებულ უბნებში ენდომეტრიუმის იმპლატაციის პირობები იქმნება. მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.
ზოგიერთი ავტორის აზრით, ენდომეტრიუმის გავრცელება მუცლის ღრუს გარეთ (ჭიპის არეში, შარდის ბუშტში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში) ენდომეტრიუმის ნაწილაკების ლიმფოგენური და ჰემატოგენური (სისხლის) გზით გამოთესვით არის განპირობებული.
ენდომეტრიოზის პათოგენეზის მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში მომხდარი ჰორმონული ცვლილებები
მკურნალობა
ენდომეტრიოზის დროს ჰორმონულ, სიმპტომურ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას აწარმოებენ.
საშვილოსნოს სხეულის ენდომეტრიოზის საწყისი სტადიისას ესტროგენ-გესტაგენურ პრეპარატებს ნიშნავენ. მკურნალობის შედეგად ტკივილები მცირდება და საბოლოოდ სრულებით წყდება. კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ მკურნალობას ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების შემდგომი დაიშვნით.
მრავალი მეცნიერის აზრით, ენდომეტრიოზის სამკურნალოდ იდეალური პრეპარატებია ანტიგონადოტროპები, მაგალითად, დანაზოლი.
საკვერცხეების ენდომეტრიოზული კისტის მკურნალობა ოპერაციულია.
ენდომეტრიოზის მკურნალობას ავადმყოფის ასაკის, პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციისა და გავრცელების ხარისხის მიხედვით აწარმოებენ. პროგნოზი შედარებით კეთილსაიმედოა. ავთვისებიანი ენდომეტრიოზის შემთხვევები იშვიათია.