როდის დგება საკვერცხის ამოკვეთის აუცილებლობა და ნარჩუნდება თუ არა შვილოსნობის უნარი
ორგანიზმის რეპროდუქტიულობა უშუალოდ უკავშირდება ამ სასქესო ჯირკვლების ჯანმრთელობას. ამას გარდა, ჰორმონული ფონი გავლენას ახდენს ქალის გარეგნობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს და როდის დგება საკვერცხის ამოღების აუცილებლობა, ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი რეპროდუქტოლოგი თამარ ხოჯაშვილი.
- ქალბატონო თამარ, საკვერცხის რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს?
- გამოყოფენ საკვერცხის რამდენიმე ტიპის დაავადებას:
- დისფუნქციური - პრობლემების მთელი კომპლექსი, რომელიც ვლინდება მენსტრუალური ციკლის დარღვევით. ამგვარმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. დარღვევის განვითარების მიზეზი მრავალია: ეს შეიძლება იყოს ჰორმონების გამომუშავების დარღვევა (მათი სინთეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი ან ჭარბი) ან საკუთრივ ორგანოს პათოლოგია. დიაგნოსტირება ხდება ლაპაროსკოპიის საშუალებით, საკვერცხის ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევით, სისხლში ჰორმონების შემცველობის ანალიზით.
- ანთებითი. ადნექსიტი (სალპინგოოფორიტი) არის საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მილების ანთება. მის პროვოცირებას იწვევს ისეთი გამომწვევები, როგორებიცაა სტაფილოკოკი, ქლამიდია, გონოკოკი, სტრეპტოკოკი და სხვა. მწვავე ადნექსიტის მკურნალობა აუცილებელია, რათა დაავადება არ გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში და გამოიწვიოს უშვილობა. დიაგნოზი დგინდება გასინჯვით, ნაცხის ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპული კვლევით, დიაგნოსტიკური ლაპაროსკოპიით (აუცილებლობის შემთხვევაში).
- საკვერცხეების აპოპლექსია - იგივეა, რაც საკვერცხის შემოგრეხა, რის გამოც მასში ხდება სისხლჩაქცევა ქსოვილის შემდგომი გახეთქვითა და მუცლის ღრუში სისხლჩაქცევით, რაც სიცოცხლისათვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს. დიაგნოსტიკისათვის მნიშვნელოვანია სისხლის, შარდის ანალიზი და ულტრასონოგრაფიული კვლევა.
- ცისტები. არჩევენ საკვერცხისა და დანამატების, ყვითელი სხეულის, ფოლიკულურ, ენდომეტრიოიდულ ცისტას. ისინი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, ხშირად უსიმპტომოდ. ამიტომ მათ ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე განვითარების ბოლო სტადიაზე, როდესაც ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ძირითადი საშიშროებაა ცისტის ფეხზე შემოგრეხა და გახეთქვა, რასაც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ქსოვილის ნეკროზი. შეიძლება განვითარდეს პოლიცისტოზიც, როდესაც საკვერცხეებში მრავლობითი წვრილი ცისტური ჩანართები ვითარდება. თუ დაავადების მკურნალობა არ მოხდა, ჩნდება უშვილობისა და საშვილოსნოდან სისხლდენის საშიშროება, მაღალია ონკოსაშიშროება. დიაგნოზი დგინდება გასინჯვით და ულტრასონოგრაფიული კვლევის საშუალებით. ამ დაავადების დროს საკვერცხის ამოკვეთა იშვიათ შემთხვევაში გვჭირდება.
- ახალწარმონაქმნები - კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები ჭარბობს. ეს შეიძლება იყოს ცისტადენომა, ცისტადენოფიბრომა, ადენოფიბრომა, გრანულოზურუჯრედოვანი სიმსივნე. საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებია: ცისტადენოკარცინომა, ადენოკარცინომა, ავთვისებიანი ადენოფიბრომა. დიაგნოზი დგინდება ულტრასონოგრაფიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ენდოსკოპიური მეთოდებისა და ბიოფსიის საშუალებით.
- როდის დგება ოვარიოექტომიის საკითხი?
- ცალმხრივი ოვარიოექტომია ტარდება საკვერცხის კეთილთვისებიანი და ცისტოზური წარმონაქმნების, გავრცელებული ენდომეტრიოზის, საშვილოსნოსგარე ორსულობის, ჩირქოვან-ანთებითი დაავადებებისა და დროს.
- საკვერცხის ამოღების შემდეგ რამდენად არის შესაძლებელი დაორსულება?
- საკვერცხის ამოღების შემდეგ დაორსულების შესაძლებლობა ნარჩუნდება. მეორე საკვერცხის სრულფასოვანი ფუნქციონირებისას არ ხდება ჰორმონული ჩავარდნები ან მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა. თუმცა მეორე საკვერცხის არარსებობამ შეიძლება გარკვეული სირთულეები შექმნას ბუნებრივი გზით დაორსულების შემთხვევაში.
ორი ჯანმრთელი საკვერცხის არსებობისას თითოეული მათგანი რიგრიგობით ახდენს ოვულაციის დროს კვერცხუჯრედის პროდუცირებას. ერთი საკვერცხის ამოღებისას მეორე იღებს თავის თავზე ორივე საკვერცხის ფუნქციას და განიცდის დატვირთვას, რადგანაც კარგავს დასვენების საშუალებას და ყოველთვე ოვულირებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხის რესურსის ნაადრევი გამოფიტვა. ამის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არარეგულარული ხდება, ხანგრძლივობა მცირდება და ბუნებრივი გზით ჩასახვა შეუძლებელი ხდება.
დადგენილია, რომ ერთი საკვერცხის ამოკვეთისას, როგორც საშვილოსნოს დანამატზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, იზრდება საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკი. ამ შემთხვევაში ემბრიონი იმპლანტირდება არა საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს მილში ან მუცლის ღრუში ან ძალიან იშვიათად საკვერცხეში.
საშვილოსნოსგარე ორსულობა დედის სიცოცხლისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც თან ახლავს შინაგანი სისხლდენა და საჭიროებს სასწრაფო ჰოსპიტალიზაციასა და ქირურგიულ ჩარევას.
- როდესაც საშვილოსნოს ერთი მილი და საკვერცხეა შენარჩუნებული, მაშინ თუ არის დაორსულება შესაძლებელი?
- ბავშვის ჩასახვისათვის აუცილებელია ერთი გამტარი საშვილოსნოს მილის და ერთი საკვერცხის არსებობა.
თუ საკვერცხე და საშვილოსნოს მილი სხვადასხვა მხარეს არის, ბუნებრივი გზით დაორსულება ძალიან რთული იქნება.
აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რომელიც ჩაატარებს შესაბამის კვლევებს, შეაფასებს ორსულობის შანსებს და მისცემს პაციენტს შესაბამის რეკომენდაციებს.
- რა ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზში საკვერცხის ამოღების შემდეგ?
- თავისთავად ოვარიოექტომია არ არის რთული და არ საჭიროებს ხანგრძლივ რეაბილიტაციას, განსაკუთრებით, თუ ლაპაროსკოპიული მეთოდითაა შესრულებული და მხოლოდ ერთი საკვერცხეა ამოღებული. თუმცა მას აქვს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები ქალის ჯანმრთელობისთვის.
საკვერცხის ამოღება იწვევს ჰორმონული სისტემის ცვლილებებს, სისხლის შედედების სისტემის აქტივობის გაზრდას, ლიპიდური ცვლის დარღვევას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ოსტეოპოროზის განვითარებას. ვითარდება შემდეგი სიმპტომები:
- წამოხურება (ალები), მომატებული ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
- ფსიქოემოციური მდგომარეობის დარღვევა – მუდმივი შფოთვა, დეპრესიულობა, ხასიათის სწრაფი ცვლილება;
- წნევის არაკონტროლირებადი მატება, ჰიპერტენზიის განვითარება;
- ლიბიდოს დაქვეითება ან არარსებობა;
- ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა;
- თავის ტკივილი;
- საშოს სიმშრალე, შარდვის გახშირება.
სიმპტომების გამოხატულება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, პირველ რიგში კი, პაციენტის ასაკზე.