სპაზმი და ქალური პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპაზმი და ქალური პრობლემები

- ქალბატონო რუსუდან, რა არის ვაგინიზმი?

- ქალებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულ სქესობრივ დარღვევებს მიეკუთვნება სქესობრივი ლტოლვის შესუსტება ან დაკარგვა, ორგაზმის განცდის სირთულეები და სპაზმური ხასიათის ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ვაგინიზმი საშოსა და მენჯის ფუძის კუნთების კუნჩხვითი და ძლიერ მტკივნეული სპაზმია, რომელიც ხშირად შეუძლებელსაც კი ხდის სქესობრივ კონტაქტს. ის უბრალო ტკივილითაც შეიძლება გამოვლინდეს და სერიოზული წინააღმდეგობაც შექმნას საშოში ნებისმიერი სხეულის მოძრაობისთვის (გინეკოლოგიური გასინჯვა, სარკეები, ტამპონები, სქესობრივი კონტაქტი და სხვა).

კუნთების უნებლიე სპაზმი ზოგჯერ სქესობრივ აქტზე (ან გინეკოლოგიურ პროცედურაზე) უბრალო გაფიქრებისთანავე იწყება. ტკივილი გადაეცემა ბარძაყის შიგნითა ზედაპირს და თან სდევს კრუნჩხვა. ტკივილის შეგრძნება მამაკაცის ნაზი, ტაქტიანი მოქცევის შემთხვევაშიც კი იჩენს თავს. ასეთ დროს ქალი გაურბის სქესობრივ კონტაქტს, ხოლო თუ დათანხმდა (ისიც - მხოლოდ ვაგინიზმის მსუბუქი ფორმების დროს), ამას აკეთებს არასასურველი შეგრძნებების ფასად. პათოლოგიური რეაქციის ხარისხის შესაბამისად, განასხვავებენ ვაგინიზმის რამდენიმე ფორმას:

I ხარისხი - რეაქცია იწყება საშოში სასქესო ასოს ან გინეკოლოგიური ინსტრუმენტის შეყვანის დროს;

II ხარისხი - რეაქცია იწყება სასქესო ორგანოს შეხების ან შეხების მოლოდინის დროს;

III ხარისხი - რეაქცია იწყება სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გასინჯვის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი.

ვაგინიზმის მქონე ქალებს არ შეუძლიათ, აკონტროლონ სპაზმი. ამით ეს დაავადება შეიძლება შევადაროთ თვალების ხამხამს, როდესაც თვალში რაღაც გვივარდება.

- უმეტესად ვის ემართება ეს პათოლოგია?

- ვაგინიზმი ქალების 3-4%-ში გვხვდება. მან შესაძლოა ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, მაგრამ უმეტესად მაინც ქალიშვილები და ახალგაზრდა ქალები უჩივიან, ჩვეულებრივ, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისში. ითვლება, რომ ვაგინიზმი ხშირად აქვთ მაღალგანვითარებულ და ემოციურ, ეგზალტაციისკენ მიდრეკილ ქალბატონებს.

- რა არის ვაგინიზმის მიზეზი?

- ვაგინიზმი ხშირად დისპარეურიის (ტკივილი სქესობრივი აქტის დროს) შედეგია. შესაძლოა, პირიქითაც იყოს. ხშირია ამ პათოლოგიების შერწყმაც. სხვა მიზეზთაგან შეიძლება გამოვყოთ გადატანილი ფსიქიკური ან სასქესო ორგანოების ტრავმა: ზოგიერთს ვაგინიზმი პირველი სქესობივი კონტაქტის შიშის გამო ემართება, ზოგიერთს - გაუპატიურების, უხეში დეფლორაციის ან სხვა სახის ძალადობის, მათ შორის უხეში გინეკოლოგიური გასინჯვის, ასევე - შიშის, სტრესის შედეგად. ერთ-ერთი მიზეზია ფსიქიკური დარღვევაც. ამ დროს განვითარებული ვაგინიზმი ფსევდოვაგინიზმის სახელით არის ცნობილი.

- როგორ რეაგირებენ ვაგინიზმზე მამაკაცები?

- განიცდიან, ვერ ხვდებიან, რაშია საქმე, ჰგონიათ, პარტნიორს რაღაცით აწყენინეს. როდესაც მამაკაცი დამნაშავედ საკუთარ თავს მიიჩნევს, სქესობრივად სულ უფრო პასიური ხდება, ერღვევა ერექცია; თუ პარტნიორს ადანაშაულებს (ჰგონია, რომ განგებ იძაბება, რათა არ მოხდეს კოიტუსი), დროთა განმავლობაში მოთმინების ფიალა ევსება, ღიზიანდება, იწყებს სხვა ქალის ძებნას სქესობრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

- მიმართავენ თუ არა ასეთ დროს ქალები ექიმს?

- სამწუხაროდ, ბევრი ვერც კი ხვდება, რა ხდება მის თავს, ბევრი ეგუება სიტუაციას, ბევრს კი ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია. ექიმს უმეტესად ისეთი წყვილები მიმართავენ, რომლებსაც სურთ შვილის გაჩენა, მაგრამ ვაგინიზმი ბავშვის ჩასახვის საშუალებას არ აძლევთ. თუ ქალი მაინც დაორსულდა (საშოში სპერმის შემთხვევითი შეღწევისას ან მსუბუქი ვაგინიზმის დროს მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი კოიტუსისას), მშობიარობის შემდეგ ვაგინიზმისთვის დამახასიათებელი დარღვევები ქრება.

- როგორ მკურნალობენ ვაგინიზმს?

- ვაგინიზმის მკურნალობა მოიცავს ზოგადგამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, ფსიქოთერაპიას, დეფლორაციის მტკივნეულობისა და საშიშროების შესახებ არასწორი წარმოდგენების კორექციას, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების მკურნალობას. მაგრამ მკურნალობა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა ცნობიერებაში ან მისი განვითარებისას უპირატეს როლს ასრულებს მორცხვობა, არასაკმარისი სქესობრივი ლტოლვა. კომპლექსური მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით მოიცავს შემდეგს:

  • ფსიქოანალიზს, ინდივიდუალურ და ქცევის თერაპიას, რომელიც ხსნის შინაგან კონფლიქტებს, მიმართავს სექსუალურ იმპულსებს ნორმალურ კალაპოტში, ხსნის ნევროზულ შფოთვას და ლოდინის ნევროზს, მატებს ქალს თვითრწმენას. იყენებენ აგრეთვე ჰიპნოთერაპიას, რაც სხვა მეთოდებთან კომპლექსში აჩქარებს ფსიქოთერაპიული ეფექტის მიღწევას და სქესობრივი ფუნქციის ნორმალიზებას.
  • ორმხრივ - ორივე პარტნიორის - სექსოთერაპიას. რაკი პრობლემა ორივეს შეეხო, სექსუალური დისჰარმონიის მკურნალობაც ორივეს სჭირდება. ამ დროს წყვილი ექიმთან განიხილავს სექსუალური ფუნქციის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ასპექტებს, სექსუალურ დარღვევებს, მკურნალობის შესაძლო პრინციპებს, მეთოდებს და სხვა. ასეთი თერაპიის მიზანია, აღდგეს ნორმალური სექსუალური და სულიერი კავშირი. გარდა ამისა, მამაკაცს უხსნიან, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალისთვის სექსუალურ პრელუდიას (უფრო მეტი, ვიდრე სქესობრივ აქტსა და ორგაზმს).
  • სპეციფიკურ ვარჯიშებს: ექიმი უხსნის პარტნიორებს საშოს კუნთების უნებლიე შეკუმშვათა ბუნებას. ყველაზე ეფექტური მეთოდია, ქალმა გააზრებულად დაძაბოს კუნთები, შემდეგ კი მოადუნოს.


ქალს საშინაო დავალებად აძლევენ სხვადასხვა ვარჯიშს. აი ერთ-ერთი მათგან, რომელიც გენიტალური კუნთების კონტროლისთვის არის განკუთვნილი: გაიჭინთეთ (როგორც დეფეკაციის დროს), შემდეგ კი მოდუნდით. ამის შემდეგ შეიზიდეთ საშო და ამავე დროს დაჭიმეთ უკანა ტანისა და საშოს ირგვლივი კუნთი. ეს ვარჯიში აუმჯობესებს ქალის სასქესო ორგანოების სისხლმიმოქცევას, ზრდის მგრძნობელობას, იწვევს სექსუალურ აგზნებას, შემდგომ კი აღრმავებს ორგაზმის განცდას და პარტნიორის შეგრძნებებს. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მოიცავს 1-დან 10-მდე პროცედურას. პარტნიორების ურთიერთგაგების შემთხვევაში, სექსუალური კომფორტის აღდგენისას, ვაგინიზმი ადვილი გადასალახია. ქალი მალე დაივიწყებს უსიამოვნო შეგრძნებებს და სრულყოფილად ისიამოვნებს სქესობრივი ცხოვრებით. რამდენიმე ხნის შემდეგ გაეღიმება კიდეც ამ პრობლემაზე და ვერც კი დაიჯერებს, რომ ასეთი რამ სჭირდა.

- რას გვეტყვით მენსტრუალური სპაზმების ანუ მტკივნეული მენსტრუაციის შესახებ?

- მენსტრუალური სპაზმები, მედიცინის ენაზე - ალგომენორეა, პათოლოგიაა, რომელიც გამოიხატება შეტევითი და მღრღნელი სპაზმური ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, წელისა და გავის მიდამოში. ხშირია მდგომარეობა, როდესაც სპაზმური ტკივილი გაუსაძლისი ხდება და ზღუდავს ყოველდღიურ აქტიურობას. არცთუ იშვიათად მას თან სდევს გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა. მენსტრუალური ტკივილი განპირობებულია სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებებით - პროსტაგლანდინებით, რომელთა დახმარებითაც მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს კუნთები ძლიერად იკუმშება და გამოდევნის ჩამოსაფცქვნელად გამზადებულ ენდომეტრიუმს. მენსტრუაციის პერიოდში ორგანიზმში მათი დონე მომატებულია. პროსტაგლანდინების სიჭარბე იწვევს საშვილოსნოს კუნთების ძლიერ შეკუმშვას ანუ სპაზმს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ასეთი სპაზმები ყოველ ქალს როდი აწუხებს; ზოგიერთს მუცლის ღრუში განლაგებული ტკივილის აღმქმელი რეცეპტორები მეტისმეტად მგრძნობიარე აქვს და ყოველ შეკუმშვაზე ტკივილით რეაგირებენ. პროსტაგლანდინების სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს სხვა სიმპტომებიც: გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, ოფლიანობა, შემცივნება, ტაქიკარდია.

- როგორ მოიქცეს ქალი ამ დროს?

- ტკივილის შესამცირებლად გამოიყენება სპაზმის მომხსნელი საშუალებები და ანალგეტიკები, აგრეთვე - პროსტაგლანდინების დამთრგუნველი საშუალებები (ასპირინი, ინდომეტაცინი, დიკლოფენაკი, ვოლტარენი). ტკივილს ხშირად საგრძნობლად ამცირებს ან საერთოდ აქრობს ჩასახვის საწინააღმდეგო ორალური საშუალებების (ესტროგენ-გესტაგენური პრეპარატების) რეგულარული გამოყენება. რასაკვირველია, დანიშნულების მისაღებად აუცილებელია ექიმ გინეკოლოგთან მისვლა, რომელიც კონკრეტული შემთხვევისთვის შესაფერის მკურნალობას შეგირჩევთ.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა

  • ერიდეთ მლაშე და ტკბილ საკვებს. მათ ნაცვლად მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული, ქათმის ხორცი და თევზეული. ეცადეთ, საკვები რამდენიმე (და არა ტრადიციულ სამ) მცირე ულუფად გაყოთ და მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ.
  • მიიღეთ ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები. კალციუმი, ნატრიუმი და მაგნიუმი მენსტრუალურ სპაზმებს ასუსტებს.
  • სვით ნაკლები ყავა. კოფეინმა, რომელიც აღმგზნები ნივთიერებაა, შესაძლოა მენსტრუალური ტკივილი გააძლიეროს.
  • ერიდეთ ალკოჰოლს - ის სითხის შეკავებას აძლიერებს. თუ დალევა აუცილებელია, დასჯერდით ერთ-ორ ჭიქა მსუბუქ ღვინოს.
  • ნუ მიიღებთ შარდმდენებს. ბევრ ქალს მიაჩნია, რომ მენსტრუაციის დროს განვითარებული შეშუპების მოსახსნელად ეფექტურია დიურეტიკები, მაგრამ კვლევები ცხადყოფს, რომ დიურეტიკებს ორგანიზმიდან წყალთან ერთად მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებებიც გამოაქვთ.
  • გათბით. სითბო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ადუნებს კუნთებს, რაც განსაკუთებით მნიშვნელოვანია მენსტრუაციის პერიოდში, როდესაც მცირე მენჯის მიდამო სისხლით არის გადავსებული. მიირთვით ცხელი ბალახების (გვირილის, პიტნის) ჩაი, ჩაიცვით თბილად, განსაკუთრებით ფეხები დაითბუნეთ.
  • ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
  • ივარჯიშეთ, მაგრამ დაიცავით ზომიერება, განსაკუთრებით - მენსტრუაციის დროს.
  • დაწექით ზურგზე, ფეხები მაღლა ასწიეთ და კედელს მიაბჯინეთ. ეცადეთ, მოდუნდეთ. ასე დარჩით 15 წუთი.
  • დაჯექით ქუსლებზე, შუბლით იატაკს შეეხეთ, ხელები დაუშვით. დახუჭეთ თვალები და ასე დარჩით, სადამდეც გაძლებთ.