რატომ არ გვყავს შვილი?

იკარგება უამრავი დრო და თანხა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავადაც ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს უშვილობის მიზეზი და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა, რათა გაიზარდოს დაორსულების შანსი. რედაქციაში ამ საკითხების შესახებ უამრავი წერილი მოდის. აქედან რამდენიმე შევარჩიეთ და მათზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ მეან-გინეკოლოგს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის ექიმს ალეკო დიაკონიძეს.
- რას გულისხმობს უნაყოფობის ცნება და უმეტესად ვინ არის ამაში დამნაშავე?
- უნაყოფობა მდგომარეობაა, როდესაც ქალს ან მამაკაცს არ აქვს შვილის ყოლის უნარი. მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს - საქართველოში, უშვილობის მიზეზად რატომღაც უფრო მეტად ქალები მიაჩნიათ. არადა უშვილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფაქტორით. შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის ფაქტორების თანაარსებობაც. დაბოლოს, არსებობს იდიოპათიური უშვილობაც. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. უშვილობის შემთხვევათა 40% ქალის წილად მოდის, 40% - მამაკაცისა, ხოლო 20%-ში ორივე უნაყოფოა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- როდის შეიძლება ქალი უნაყოფოდ ჩაითვალოს?
- რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც უშვილობის გამოკვლევის მეთოდები ჯანმრთელობისთვის საზიანო და ნაკლებინფორმაციული იყო, კვლევა წყვილის სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ იწყებოდა, ანუ უშვილობად ითვლებოდა ისეთი მდგომარეობა, როდესაც, მიუხედავად რეგულარული სქესობრივი კონტაქტისა, ქალი 3 წლის განმავლობაში არ ორსულდებოდა. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის დიაგნოსტიკა საგრძნობლად გაამარტივა და გაცილებით ინფორმაციული გახადა, რის შედეგადაც უკანასკნელ ათწლეულში დროის აღნიშნული მონაკვეთი ჯერ ორ, შემდეგ კი ერთ წლამდე შემცირდა. ამჟამად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილების თანახმად, თუ ქალი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, ის უშვილოდ ითვლება. თუმცა პრობლემისადმი მიდგომა კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაჩნდა უშვილობის დიაგნოსტიკის უნიკალური მეთოდი - ფერტილოსკოპია. თანამედროვე სტანდარტით, ფერტილოსკოპიის ჩატარება რეკომენდებულია, თუ ქალი 6 თვის განმავლობაში არ დაორსულდა. გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკულად ყოველგვარი გართულების გარეშე, უმოკლეს ხანში დავადგინოთ უშვილობის მიზეზი და არ დავკარგოთ დრო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშვილობის დროს. აქვე გეტყვით, რომ უშვილობის დროს აუცილებელია, ერთდროულად ჩატარდეს როგორც ქალის, ისე მამაკაცის გამოკვლევა. მამაკაცს თავდაპირველად სპერმის ანალიზი უტარდება. თუ სპერმის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, დამატებითი გამოკვლევა საჭირო არ არის, სპერმოგრამაზე ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში კი რეკომენდებულია, ჩატარდეს ჰორმონული გამოკვლევა, პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, ნაცხის ბაქტერიოსკოპია. მათი შედეგების მიხედვით ექიმი მკურნალობას დაგეგმავს.
- რას ნიშნავს ქალის პირველადი და მეორეული უშვილობა?
- პირველადია უნაყოფობა, როცა ქალი სქესობრივი ცხოვრების მანძილზე არასდროს ყოფილა ორსულად, მეორეული - როცა ერთი ან რამდენიმე წინამორბედი ორსულობის (მშობიარობა, აბორტი, საშვილოსნოსგარე ორსულობა) შემდეგ აღარ დაორსულებულა. ამასთანავე, განასხვავებენ ქალის აბსოლუტურ და შედარებით უნაყოფობას. აბსოლუტურია უნაყოფობა განვითარების მანკის დროს. მაგალითად, მაშინ, როდესაც ქალს არ აქვს საკვერცხეები ან საშვილოსნო. ამ შემთხვევაში დაორსულება გამორიცხულია.
- თანდაყოლილ მანკებს თუ გამოვრიცხავთ, რა შეიძლება იქცეს უშვილობის უშუალო მიზეზად?
- თითქმის ყოველი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მწიფდება კვერცხუჯრედი. მომწიფებული კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოდის და მიემართება საშვილოსნოს მილისკენ, სადაც ნაყოფიერდება მამაკაცის სასქესო უჯრედით - სპერმატოზოიდით. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გადაინაცვლებს საშვილოსნოს ღრუში, მიემაგრება საშვილოსნოს კედელს და იქ განაგრძობს განვითარებას. სწორედ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრებით იწყება ორსულობა. უშვილობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ამ მექანიზმის ნებისმიერი საფეხურის დარღვევა. მაგალითად, თუ ოვულაცია არ მოხდა, ვერ მივიღებთ კვერცხუჯრედს და, შესაბამისად, ვერც განაყოფიერება მოხდება; თუ მილები გაუმტარია, კვერცხუჯრედი ვერ მოხვდება მილში და, შესაბამისად, ვერ შეხვდება სპერმატოზოიდს; თუ საშვილოსნოს კედლები არ არის სათანადო მდგომარეობაში (მაგალითად, მათზე არის პოლიპები, შეხორცებები), განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ვერ მიემაგრება მას; თუ მამაკაცის სპერმა უხარისხოა, კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ვერ მოახერხებს და ასე შემდეგ.
- რამდენი კვერცხუჯრედი მწიფდება ქალის ორგანიზმში ყოველი ციკლის დროს და რა ცვლილებებს განიცდის ეს პროცესი ასაკთან ერთად?
- მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში ქალის ორგანიზმში მხოლოდ 400 კვერცხუჯრედი მწიფდება, ჩვეულებრივ, თვეში ერთი. ასე რომ, ადვილი მისახვედრია, რამდენად ძვირფასია თითოეული კვერცხუჯრედი. 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, ხოლო 40 წლისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ეს ის პერიოდია, როდესაც სრულფასოვანი კვერცხუჯრედის მარაგი თითქმის ილევა და ახლოვდება კლიმაქსი. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ასაკი შვილოსნობის ფუნქციაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, ჯანმრთელი წყვილის შვილოსნობის ფუნქცია პიკს 25 წლის ასაკში აღწევს და თითოეული სქესობრივი კონტაქტის დროს დაორსულობის ალბათობა 20-25%-ია. შემდეგ ეს მაჩვენებელი თანდათან იკლებს. შესაბამისად, რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო ნაკლებია დაორსულების შანსი.