სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება

ხშირად ქრონიკულ ხასიათს იღებს. მასზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგს,  III სამშობიარო სახლის წამყვან სპეციალისტს მერი კაპანაძეს.

ვარ 28 წლის. მყავს 3 წლის შვილი. აღმომაჩნდა სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება. გთხოვთ ამიხსნათ, როდის ვითარდება ეს დაავადება, როგორ გადაეცემა და როგორ ვლინდება ქალებსა და მამაკაცებში. შესაძლებელია თუ არა, ბავშვებს გადაედოთ? როგორ მკურნალობენ? ნ. გიორგაძე

- ქალბატონო მერი, რა ფუნქციას ასრულებს ქალის ვაგინალური მიკროფლორა?

- ვაგინალური მიკროფლორა იცვლება ქალის ასაკის, მენსტრუალური ციკლისა თუ ორსულობის, სქესობრივი აქტივობის, სასქესო ორგანოების ტუალეტის შესაბამისად. ჯანმრთელი ადამიანის ნორმალურ მიკროფლორაში შემავალი მიკრობები მრავალ დადებით ფუნქციას ასრულებენ: მონაწილეობენ ორგანიზმის დაცვაში, ასინთეზებენ ზოგიერთ ვიტამინს, თრგუნავენ პათოგენური და პირობითპათოგენური მიკრობების გამრავლებას.

 

- რა იწვევს სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას?

- საშო მილიონობით მიკროორგანიზმით არის დასახლებული. ამ მიკრობთა ნაწილი სასარგებლოა, ნაწილი კი პათოგენური ან პირობითპათოგენური, მაგრამ ეს უკანასკნელნი მავნე თვისებებს არ ამჟღავნებენ - ამას სასარგებლო მიკრობების მიერ შექმნილი მჟავა რეაქცია უშლის ხელს. ამ მიკროორგანიზმების დათრგუნვისას კი საშოში მრავლდებიან პათოლოგიური მიკრობები, მათ შორის - სოკოები. სასქესო ორგანოების სოკოვან დაავადებას შედარებით იშვიათად იწვევს სოკო თორულოფსის (თორულოფსის), წამყვანი როლი კი კანდიდა ალბიკანსს (Candida Albicans) ენიჭება. დაავადებას, რომელსაც იწვევენ კანდიდას გვარის საფუარა სოკოები, კანდიდოზი ეწოდება. კანდიდა ალბიკანსი ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმია და ბუნებაში ფართოდ არის გავრცელებული. მათი აღმოჩენა შესაძლებელია ხილზე, ბოსტნეულზე, რძის პროდუქტებში, ნაბან წყალში... ცნობილია კანდიდას 80-ამდე სახეობა, თუმცა ადამიანის დაავადება ამათგან მხოლოდ 10-ს შეუძლია. კანდიდა ადამიანისთვის პირობითპათოგენური სოკოა - დაავადების განვითარება ბევრად არის დამოკიდებული იმუნიტეტის მდგომარეობაზე. დასუსტებულ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს გენერალიზებული კანდიდოზი. არცთუ იშვიათია სხვა ინფექციასთან შერწყმა.

- რა უწყობს ხელს სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარებას?

- არსებობს ეგზოგენური, გარეგანი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სოკოს შეჭრას და ასუსტებს ორგანიზმის სენშეუვალობას და ენდოგენური, შინაგანი ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს. ასეთია, მაგალითად, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები, დისბაქტერიოზი. კერძოდ, სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს:

  • სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანება და თანდაყოლილი ანომალიები;
  • სხვადასხვა დაავადება და ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომლებსაც თან სდევს ჰორმონული ფონის ცვლილება და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის დაქვეითება: შაქრიანი დიაბეტი,  ჰიპოთირეოზი,  ტუბერკულოზი, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დაავადებები, ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზები და ავიტამინოზები;
  • კორტიკოსტეროიდებით, ციტოსტატიკებით, იმუნოდეპრესანტებით და სხივური თერაპიით მკურნალობა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების არასწორი გამოყენება;
  • ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების ხანგრძლივი და უკონტროლო მიღება;
  • ხანგრძლივი სტრესი და არასწორი კვება.

კანდიდას გვარის სოკოები უშუალოდ ასტიმულირებენ ბაქტერიული ინფექციების გამომწვევებს, ამასთანავე, ამცირებენ ბაქტერიების მგრძნობელობას ანტიბიოტიკებისა და სხვა პრეპარატების მიმართ.

- არის თუ არა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში საფუარა სოკო?

- კანდიდას გვარის სოკოები მცირე რაოდენობით გვხვდება კანზე,  პირის ღრუს, სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, შარდსასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე და კლინიკურად ჯანმრთელი ადამიანის ფეკალურ მასებში.

- როგორ გადაედება დაავადება?

- შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია.

შესაძლოა დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის გარეშეც - ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით, აგრეთვე - საფუვრიანი პროდუქტებით კვებისას.

- გვხვდება თუ არა დაავადება ქალებში, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევიან? ბავშვებს თუ გადაედებათ?

- ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას დაავადება იმ ქალებსაც ემართებათ, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევიან. იგივე ითქმის ბავშვებზე - მათ ეს დაავადება შესაძლოა დაემართოთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზით, გარდა სქესობრივი კონტაქტისა. საზოგადოდ, კანდიდოზით დაავადება ყველა ასაკშია შესაძლებელი, მუცლადყოფნის პერიოდშიც კი, რაც ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას ქმნის. ახალშობილი ინფიცირდება სამშობიარო გზებში გავლისას და ამის შედეგად ლორწოვანი გარსების სპეციფიკური ანთება უვითარდება.


 

- როგორ ვლინდება კანდიდოზი?

- მამაკაცებში შარდსასქესო კანდიდოზი აშკარა სიმპტომებით იშვიათად ვლინდება. კლინიკური სურათით იგი გონორეას ჰგავს, მაგრამ მასავით მწვავედ იშვიათად მიმდინარეობს. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 4 დღიდან 2 თვემდე, უმეტესად 2-3 კვირა. დაავადება მიმდინარეობს ურეთრიტის, სასქესო ასოს ანთების (ბალანოპოსთიტის) სახით. ავადმყოფი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას ბოქვენის მიდამოში. ხშირია ტკივილი შარდვის დროს, გახშირებული შარდვა. შარდი მუქია, შესაძლოა, მასში იყოს სისხლის მინარევიც. ქალებში განასხვავებენ ვულვის, საშოს, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს დანამატების კანდიდამიკოზს. კანდიდოზური ვულვიტისთვის დამახასიათებელია ვულვის კანისა და საშოს კარიბჭის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია (შეწითლება). ვულვის კანზე წარმოიქმნება ჯერ ვეზიკულები (მცირე ზომის ბუშტუკები), შემდეგ კი ეროზიები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება და ქერქით იფარება, რასაც თან სდევს ქავილი და წვა. კანდიდოზური კოლპიტი (საშოს ანთება) უფრო ხშირად გვხვდება. მას ახასიათებს საშოს წვა, ქავილი, ტკივილი, თეთრად შლა ხაჭოსებრი უსუნო, მძიმე შემთხვევებში მწვანე გამონადენით. მწვავე კანდიდოზური ენდოცერვიციტისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება. ხშირად ვითარდება ჭეშმარიტი ეროზია, მქაჩავი თეთრად შლა. ენდოცერვიციტს უმეტესად თან სდევს კოლპიტი. სქესობრივი აქტის დროს თავს იჩენს ძლიერი ტკივილი. ქრონიკულ სტადიაში დაავადების ეს ნიშნები წაშლილი ფორმით ვლინდება. კანდიდოზური ენდომეტრიტი (საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება) იშვიათია. ის უმთავრესად ვითარდება სეპტიკური ენდომეტრიტის შემდეგ, რომელსაც ავადმყოფი ანტიბიოტიკების დიდი დოზებით მკურნალობდა. მისი გამოვლინება სეპტიკური ენდომეტრიტისას ჰგავს, მიმდინარეობა ხანგრძლივია. კანდიდოზური სალპინგოოოფორიტი (საშვილოსნოს დანამატების ანთება) ძალიან იშვიათად გვხვდება. დაავადების კლინიკური სურათი საშვილოსნოს დანამატების სეფსისური ანთების მსგავსია.

- როგორ სვამენ სოკოვანი დაავადების დიაგნოზს?

- ქალებში დიაგნოზი ანამნეზს და სარკეებით გინეკოლოგიურ გასინჯვას ეფუძნება, მამაკაცებში - უროლოგიურ გასინჯვას. გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში აუცილებელია მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები. საშოს კედლების დათვალიერებისას ამჩნევენ ჰიპერემიას (შეწითლება), ლორწოვანი გარსის შეშუპებას, თეთრ ხაჭოსებრ ნადებს. ნადების მოცილებისას შიშვლდება ეროზიული უბნები. გამომწვევს აღმოაჩენენ დაზიანებული უბნებიდან აღებულ ნაცხში, ენდომეტრიუმის ნაფხეკში, საშვილოსნოს ღრუს გამონაყოფში, მამაკაცებში - ურეთრიდან აღებულ ნაცხში. ზოგჯერ საჭიროა ნაცხის ჰისტოლოგიური გამოკვლევაც.

- აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომელ ეტაპზე დავიწყებთ დაავადების მკურნალობას?

- რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა,  მით უფრო უკეთესი იქნება შედეგი.

- სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ნებაზე მიშვებულმა შარდსასქესო კანდიდოზმა? როგორია პროგნოზი?

- ნებაზე მიშვებული ფორმა ხანგრძლივდება და გართულებებს იწვევს. თუ არ აღმოიფხვრა ის ფაქტორები, რომლებიც კანდიდოზის განვითარებას უწყობს ხელს, დაავადებამ შესაძლოა მორეციდივე ხასიათი მიიღოს. აქვე გეტყვით, რომ აუცილებელია, ორივე სქესობრივმა პარტნიორმა ერთდროულად იმკურნალოს. სხვაგვარად განკურნებული პაციენტი პარტნიორისგან ხელმეორედ დაინფიცირდება.

- შეიძლება თუ არა, სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება უშვილობის მიზეზად იქცეს?

- შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უშვილობას არ იწვევს.

- როგორ მკურნალობენ გენიტალურ კანდიდოზს?

- მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობით უნდა მიმდინარეობდეს. თვითმკურნალობის დროს არასწორად შერჩეულმა პრეპარატებმა შესაძლოა დროებით გააუმჯობესოს მდგომარეობა, მაგრამ დაავადება არ განკურნოს. მკურნალობის მეთოდის არჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაზიანების ფართობი და ფორმა, სოკოს გავრცელების ხარისხი, თანმხლები დაავადებების არსებობა, ავადმყოფის ასაკი. სოკოს საწინააღმდეგო გარეგანი პრეპარატები ეფექტურია დაავადების საწყის სტადიებში, შემდეგ მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად - სოკოზე უნდა ვიმოქმედოთ შიგნიდანაც. სოკოს საწინააღმდეგო შინაგანი პრეპარატებით ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობისთვის მიზანშეწონილია რამდენიმე წესის დაცვა:

  • უპირველეს ყოვლისა, დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს. სხვაგვარად მკურნალობის დანიშვნა არ შეიძლება.
  • მკურნალობისას სასურველია სხვა მედიკამენტების მიღებისგან თავი შევიკავოთ.
  • მედიკამენტები უნდა მივიღოთ სოკოს სრულ გაქრობამდე. პირველი საკონტროლო გასინჯვა უნდა ჩატარდეს 2 კვირის შემდეგ, მომდევნოები - თვეში ერთხელ. მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ ტარდება საკონტროლო ანალიზი. ნაცხში სოკოს აღმოჩენისას საჭიროა განმეორებითი მკურნალობა.

 

ამჟამად მკურნალობის ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მეთოდად ითვლება პულსთერაპია ხანგრძლივი ინტერვალებით. კვირის განმავლობაში პრეპარატი ორგანიზმში გროვდება, რაც საშუალებას გვაძლევს, მომდევნო სამი კვირა მკურნალობისგან დავისვენოთ, პრეპარატი კი ამ ხნის განმავლობაშიც აქტიურად განაგრძობს ინფექციასთან ბრძოლას. პულსთერაპიის სტანდარტული კურსი სამი თვე გრძელდება, მაგრამ პრეპარატი მისი დასრულების შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ებრძვის ინფექციას და ხელს უშლის დაავადების ხელახალ განვითარებას. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად აუცილებელია ეუბიოტიკების (ფლორის აღმდგენი საშუალებების), ვიტამინების, იმუნომოდულატორების მიღება. ინიშნება ანტიჰისტამინებიც. ანტიფუნგიციდური მკურნალობის შემდეგ მიზანშეწონილია საშოს მიკროფლორის მოწესრიგება საშოში ლაქტობაცილის კულტურის შეყვანით.

- საჭიროა თუ არა განმეორებითი მკურნალობა და როდის?

- რეციდივის შემთხვევაში აუცილებელია განმეორებითი მკურნალობის ჩატარება დაავადების სრულ ალაგებამდე.

- შესაძლებელია თუ არა საბოლოო განკურნება?

- სწორად შერჩეული კომბინირებული მკურნალობის მეშვეობით განკურნება სავსებითYშესაძლებელია. რეციდივების დროს აუცილებელია ორივე პარტნიორის მკურნალობა.

- საშიშია თუ არა გენიტალური კანდიდოზი ორსულთათვის? როგორ უნდა წარიმართოს მისი მკურნალობა?

- ორსულთა მკურნალობა ორსულობის II ნახევრიდან იწყება. ამ დროს ყველა პრეპარატს ვერ გამოვიყენებთ, მკურნალობა არჩევითია. კერძოდ, არ შეიძლება ორსულობისას კლოტრიმაზოლის შემცველი კრემებისა და ტაბლეტების გამოყენება.

- როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?

- მკურნალობის დროს და მის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია ყველაფერს, რასაც კი შეიძლება შეეხოს სოკო: აბანოსა და საშხაპე ინვენტარს, პაციენტის პირად ნივთებს, ტანსაცმელს, თეთრეულს. ამ ყველაფრის დეზინფიცირება შეიძლება 15-20-წუთიანი დუღილით საპნისა და სოდის 2%-იან ნარევში, შემდეგ კი ცხელი უთოთი დაუთოება. აბაზანა უნდა დამუშავდეს შემდეგი ნარევით: თანაბარი რაოდენობით აიღეთ სარეცხი ფხვნილი და ქლორიანი კირი ან ქლორამინი (შეგიძლიათ გამოიყენოთ აგრეთვე 5%-იანი ქლორამინის ხსნარი, 5%-იანი ქლორიანი კირი ან 3%-იანი ლიზოლი), მოუსვით მთელ აბაზანას, 30 წუთს გააჩერეთ და ჩარეცხეთ.

  • ერიდეთ მოჭერილ ტანსაცმელს, ატარეთ ბამბის თეთრეული - ნეილონი და მოტმასნილი სამოსი აძნელებს ვენტილაციას და ქმნის ტენიან და ცხელ გარემოს, რაც ხელს უწყობს პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებას.
  • ნუ გამოიყენებთ პარფიუმერიულ საპონს, ინტიმურ აეროზოლებსა და დეზოდორებს.
  • ნუ ჩაიტარებთ უმიზეზოდ საშოს გამორეცხვას, რადგან ამ დროს გამოირეცხება საშოს სასარგებლო ბაქტერიები.

მკაცრად დაიცავით პირადი და სქესობრივი ჰიგიენა:

  • ანოგენიტალური მიდამო უნდა იყოს სუფთა და მშრალი;
  • მენსტრუაციის დროს ხშირად გამოიცვალეთ საფენები (დღე-ღამეში ექვს-რვაჯერ მაინც, ტამპონები - უფრო ხშირად);
  • დეფეკაციის შემდეგ სწორად, წესის დაცვით (წინიდან უკან მიმართული მოძრაობით) გაიწმინდეთ.
  • ნუ იბანავებთ დაბინძურებულ წყალსაცავში.