ტროფობლასტური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტროფობლასტური დაავადებები

ბუშტნამქერი

ბუშტნამქერი პლაცენტის ბუსუსების პათოლოგიური გადაგვარებაა. ამ დროს საშვილოსნოში ქორიონული ბუსუსების ნაცვლად ვითარდება სხვადასხვა ზომის (ყველაზე პატარა ხორბლის მარცვლისოდენაა, ყველაზე დიდი - ყურძნის მარცვლისოდენა) ბუშტუკები, რომლებიც ერთმანეთზეა მიწყობილი და ყურძნის მტევანს ჰგავს. ბუშტნამქერი უმთავრესად ორსულობის პირველ ნახევარში ვითარდება, იშვიათად - ორსულობის ბოლოს. ამ დროს საკვერცხეებში ყვითელი სხეულის კისტები წარმოიქმნება. ბუშტნამქერის დროს ნაყოფი და პლაცენტა განვითარებას წყვეტს. განასხვავებენ ბუშტნამქერის სრულ და არასრულ ფორმებს. სრული ბუშტნამქერის დროს პათოლოგიურ გადაგვარებას განიცდის ქორიონის ყველა ბუსუსი. ეს ფორმა უმეტესად ორსულობის პირველსავე თვეებში, ჯერ კიდევ პლაცენტის ჩამოყალიბებამდე ვლინდება. ამ დროს ნაყოფი ყოველთვის იღუპება, თანდათან იშლება და გაიწოვება. ნაწილობრივი ანუ არასრული ბუშტნამქერი ორსულობის უფრო გვიანდელ სტადიებზე ვითარდება. ამ დროს ქორიონის ბუსუსების მხოლოდ ნაწილია გადაგვარებული, თუმცა ნაყოფი უმეტესად ამ დროსაც იღუპება. იშვიათად, თუ დაზიანდა ქორიონის მცირე ნაწილი, ხოლო პლაცენტის დიდი ნაწილი ხელუხლებელი დარჩა, ნაყოფმა შესაძლოა განვითარება განაგრძოს. თუ ნაყოფი დაიღუპა, ბუშტნამქერი მაინც განაგრძობს ზრდას. შესაბამისად, იზრდება საშვილოსნოც.

 

კლინიკური სურათი

  • მენსტრუაცია წყდება, სარძევე ჯირკვლები და საშვილოსნო დიდდება (საშვილოსნო გაცილებით დიდია, ვიდრე ორსულობის ვადას შეესაბამება), - თუმცა არ ისმის ნაყოფის გულისცემა, არ შეიგრძნობა მისი მოძრაობა, არ ისინჯება სხეულის მსხვილი ნაწილები, ნაყოფის არსებობას არ ადასტურებს ელექტრო-, ფონო- და რენტგენოგრაფიული მეთოდები, სამაგიეროდ მკვეთრად დადებითია ორსულობაზე ბიოლოგიური და იმუნოლოგიური რეაქციები.
  • ორსულობის პირველივე ნახევრიდან იჩენს თავს ტოქსიკოზი - გულისრევა, პირღებინება და ნეფროპათია.
  • სისხლდენა ორსულობის პირველ ნახევარშივე იწყება, თანდათან ძლიერდება და ანემიას იწვევს.
  • მუცლის ტკივილი სისხლში ქორიონული გონადოტროპინის მომატებით არის გამოწვეული.
  • ავადმყოფების ნახევარს უვითარდება საკვერცხის თეკა-ლუთეინური კისტები, რომლებიც ბუშტნამქერის მოცილების შემდეგ ხშირად ქრება.

ბუშტნამქერი ზოგჯერ თავისთავად გამოძევდება საშვილოსნოს ღრუდან, მაგრამ არსებობს დესტრუქციული ფორმებიც, რომელთა დროსაც შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა.

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბუშტნამქერის დიაგნოზი ემყარება ანამნეზურ, ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ მონაცემებს.

საშვილოსნოს ზომაზე მეტად გადიდება, სასქესო ორგანოებიდან სისხლიანი გამონადენი და სისხლში ქორიონული გონადოტროპინის მომატება ბუშტნამქერის არსებობაზე მიუთითებს. გამონადენში გამჭვირვალეშიგთავსიან ბუშტუკებს პოულობენ. სადიაგნოზო მნიშვნელობა აქვს სისხლსა და შარდში ქორიონული გონადოტროპინის ოდენობის ზღვარგადასულ მატებას - მისი ოდენობა სისხლში 10-20-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური ორსულობის დროს. ინსტრუმენტული მეთოდებიდან იყენებენ ულტრასონოგრაფიას. ბუშტნამქერის დიაგნოზის დასმისთანავე აუცილებელია საშვილოსნოდან მისი გამოძევება და სისხლდენის შეჩერება. ამისთვის მიმართავენ საშვილოსნოს გამოფხეკას, ვაკუუმასპირაციას, ხელოვნურად იწვევენ სამშობიარო მოქმედებას, ხოლო თუ საშვილოსნო მეტისმეტად დიდია, ტარდება საკეისრო კვეთა. ამ პათოლოგიის დროს საშვილოსნოს კედელი მეტისმეტად არის გათხელებული და გამოფხეკის დროს არსებობს მისი გახვრეტის საშიშროება. თუ ქალს მეტი შვილის გაჩენა არ სურს, ხდება საშვილოსნოს ექსტირპაცია (ამოკვეთა). ათიდან 8 შემთხვევაში რემისია დამატებითი მკურნალობის გარეშე მიიღწევა. პროფილაქტიკურ ქიმიოთერაპიას ყველა პაციენტს არ უტარებენ, ვინაიდან მეტისმეტად ტოქსიკურია. დაავადების პროგნოზი მძიმეა - მოსალოდნელია, ქორიონკარცინომა ჩამოყალიბდეს. ამის გამო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ქალი ორი წლის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, სისხლსა და შარდში პერიოდულად უნდა ხდებოდეს ქორიონული გონადოტროპინის ოდენობის განსაზღვრა. ფილტვებში მეტასტაზების გამოსარიცხავად პერიოდულად უნდა ჩატარდეს გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.


 

დესტრუქციული (ინვაზიური) ბუშტნამქერი

ამ სახის ბუშტნამქერს ახასიათებს საშვილოსნოს ღრმა შრეებში შეჭრა და სხვა ორგანოებში მეტასტაზირება. მეტასტაზები შეიძლება გავრცელდეს საშოში, ფილტვში, საშვილოსნოს გარშემო ქსოვილებში. დიაგნოზი დგინდება საშოდან და მეტასტაზური კვანძებიდან აღებული მასალის ჰისტოლოგიური გამოკვლევით. მკურნალობა ქირურგიულია და საშვილოსნოს ექსტირპაციას (დაზიანებული ნაწილის ამოკვეთას) ითვალისწინებს. სამკურნალო პრეპარატები ინიშნება ისევე, როგორც ქორიონეპითელიომის დროს. საჭიროებისას ხდება მეტასტაზების ამოკვეთა.

 

ქორიონკარცინომა (ქორიონეპითელიომა)

ქორიონკარცინომა, არსებითად, ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ნაყოფის ქორიონისგან წარმოიშობა. ქორიონეპითელიომა შედგება სფეროსებრი ლურჯი პატარა ბუშტუკებისგან, რომლებიც რბილი კონსისტენციისა, ღრუბლისებრი და სისხლით გაჟღენთილია. ასეთი კერები წარმოიქმნება საშვილოსნოსა და საშოს ლორწოვანზე, სასქესო ორგანოებში კი არასწორკიდეებიანი სისხლით ამოვსებული ღრუები ჩნდება. ქორიონეპითელიომა ხშირად იწვევს მეტასტაზებს სხვადასხვა ორგანოში. სრული ბუშტნამქერის დროს ქორიონეპითელიომის განვითარების ალბათობა 50%-ია, ნორმალური ორსულობის დროს - 25%, თვითნებითი აბორტისა და საშვილოსნოსგარე ორსულობის დროს - 25%.

 

კლინიკური სურათი

გამონადენი სასქესო ორგანოებიდან ბუშტნამქერის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია. გამონადენი არცთუ იშვიათად ჭარბია, სუნიანი, ზოგჯერ სისხლნარევიც, რაც სისხლძარღვების რღვევით არის გამოწვეული. თავდაპირველად გამონადენი მცირეა, მერე და მერე იმატებს. ქორიონეპითელიომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ანემია, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. მისი მიზეზია როგორც საშვილოსნოდან სისხლდენა, ისე სიმსივნის დაშლის პროდუქტების შეწოვით გამოწვეული ინტოქსიკაცია.  თუ სიმსივნე საშვილოსნოს სიღრმეში შეიჭრა და მისი სეროზული გარსი დააზიანა, ვითარდება ძლიერი შინაგანი სისხლდენა. სისხლი დის ღვიძლსა და ნაწლავებში არსებული მეტასტაზური კვანძებიდანაც. გარეგან სისხლდენას კი გარეთა სასქესო ორგანოებში არსებული მეტასტაზები იწვევს.

სარძევე ჯირკვლები დიდდება და იქიდან ხსენი მოედინება. ზოგადი ნიშნებია წონის კლება, ტანისა და კიდურების ტკივილი, აპათია და უძილობა. ქორიონეპითელიომა მეტად ავთვისებიანი სიმსივნეა. იგი სწრაფად იძლევა მეტასტაზებს სხვადასხვა ორგანოში. მეტასტაზები უმეტესად კუჭ-ნაწლავში, შარდსასქესო სისტემაში, ღვიძლში, ფილტვებსა და თავის ტვინში ვრცელდება. კლინიკური სიმპტომები დამოკიდებულია მეტასტაზების ლოკალიზებაზე. ფილტვებში მეტასტაზის გაჩენა ვლინდება ხველით, სისხლიანი ნახველის გამოყოფით, ქოშინით, გულმკერდის ტკივილით. ღვიძლში არსებული მეტასტაზის დროს ვითარდება სიყვითლე. თირკმელებსა და შარდის ბუშტში მეტასტაზების არსებობისას აღინიშნება ჰემატურია (შარდში სისხლის არსებობა) და მტკივნეული შარდვა. თავის ტვინის მეტასტაზური დაზიანება ვლინდება თავის ტკივილით, ცნობიერების დაბინდვით, ეპილეფსიური კრუნჩხვებით, დამბლით, მხედველობისა და მეტყველების მოშლით და სხვა ნევროლოგიური სიმპტომებით.

მეტასტაზირებას ხშირად თან სდევს სისხლდენა, რაც სიმსივნის მიერ სისხლძარღვების დაზიანებით აიხსნება. ქორიონეპითელიომა იშვიათად მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ამ დროს ავადმყოფი უეცრად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლით იღუპება.

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

დიაგნოზი ემყარება ჩივილებს, ანამნეზში ბუშტნამქერის არსებობას, გინეკოლოგიური გასინჯვის, გულმკერდის ყაფაზის ორგანოთა რენტგენოლოგიური კვლევის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა ულტრასონოგრაფიული და ლაბორატორიული კვლევის, საშვილოსნოდან და მეტასტაზური კვანძებიდან აღებული მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევის შედეგებს. ქორიონეპითელიომის უჯრედები გამოიმუშავებენ ქორიონულ გონადოტროპინს, რომელიც გამოიყოფა შარდსა და სისხლში. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ქირურგიულ, ქიმიოთერაპიულ და სხივურ მკურნალობას. არამეტასტაზური ფორმის დროს, როდესაც პროცესი ვრცელდება მხოლოდ საშვილოსნოზე, ქიმიოთერაპიას ატარებენ ერთი პრეპარატით. მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შემდეგ ასიდან 80-85 შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ბავშვები. მეტასტაზირებული ფორმის დროს ტარდება კომბინირებული მკურნალობა ქიმიოპრეპარატებით და სხივური თერაპიით (დისტანციური გამათერაპია, საშოსმხრივი სხივური თერაპია). მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული ჩარევა - საშვილოსნოს ამოკვეთა. გამოჯანსაღების კრიტერიუმები:

  • მენსტრუაცია აღდგება;
  • საშვილოსნო ნორმალურ ზომებს იბრუნებს;
  • ანალიზი სისხლსა და შარდში ქორიონულ გონადოტროპინს არ ავლენს.