რა აწუხებთ ქალებს
სასქესო ორგანოების ქავილი შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავების, საშარდე და სასქესო ორგანოების პათოლოგიურმა მდგომარეობამ, შაქრიანმა დიაბეტმა, ჰელმინთოზმა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევამ (ჰეპატიტმა ან ციროზმა), კანის ამა თუ იმ დაავადებამ (პიოდერმიამ, ფურუნკულოზმა), ალერგიულმა მდგომარეობამ, დიარეამ და გახშირებულმა შარდვამ. როგორც ხედავთ, მიზეზი მრავლად არის. მიუხედავად ამისა, სასქესო ორგანოების ქავილს უწინარეს ყოვლისა ვენერულ დაავადებებს უკავშირებენ, ამიტომ ჩვენც მათზე შევჩერდეთ.
ტრიქომონოზი
ტრიქომონოზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. დასნებოვნება უმთავრესად სქესობრივი კონტაქტით ხდება, თუმცა შესაძლებელია საყოფაცხოვრებო გზით ინფიცირებაც. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა დასნებოვნდეს დაავადებულის მიერ ახალგამოყენებული, ჯერ კიდევ სველი ღრუბლის ან პირსახოცის ხმარების შედეგად. ტრიქომონოზი უმეტესად რეპროდუქციული ასაკის ქალებს ემართებათ. ქალებში დაავადება მკვეთრი სიმპტომებით მიმდინარეობს. ტრიქომონა ადამიანის შარდსასქესო გზებში ბინადრობს და ანთებით პროცესებს იწვევს. ანთება მოიცავს საშოს (კოლპიტი), საშვილოსნოს ყელს (ცერვიციტი) და ბართოლინის ჯირკვლებს, რომლებიც სქესობრივი აქტისთვის აუცილებელ სეკრეტს გამოყოფს. ტრიქომონოზს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილთან ერთად ახასიათებს მომწვანო ფერის, ზოგჯერ ქაფისებრი, არასასიამოვნო სუნის მქონე უხვი გამონადენი. გარეთა სასქესო ორგანოები შეწითლებული და შეშუპებულია. ქავილს თან სდევს წვის შეგრძნება, სქესობრივი აქტი მტკივნეულია. თუ ტრიქომონადები შარდსასქესო გზებში დასახლდნენ, შესაძლოა, შარდვაც მტკივნეული იყოს. თუ ტრიქომონოზი ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, პროცესი ქრონიკულდება და რემისია-გამწვავებათა მონაცვლეობით მიმდინარეობს.
გამწვავების პროვოცირება შეუძლია მრავალ ფაქტორს: ზოგად ან გინეკოლოგიურ დაავადებას, გაციებას, სასქესო ორგანოების არასწორ ჰიგიენას. ტრიქომონოზის სიმპტომები შესაძლოა გამწვავდეს მენსტრუაციის დროსაც. სასქესო ორგანოებში ანთებითი პროცესებით გამოწვეული ცვლილებების გამო ხშირია უშვილობა. ტრიქომონადა ვერაგი მიკრობია - ის, გარდა იმისა, რომ ტრიქომონოზს იწვევს, შეუძლია, სქესობრივი გზით გადამდები სხვა მიკროორგანიზმები გადაფაროს და მკურნალობისთვის მიუდგომელი გახადოს. ასე რომ, ვიდრე ადამიანი ამ ერთუჯრედიან პარაზიტს არ მოიშორებს, სხვა ვენერული დაავადებებისგან განკურნება შეუძლებელია. ტრიქომონოზის მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ აუცილებელია ზედმიწევნითი გამოკვლევა და დიფერენციული დიაგნოსტიკა. ტრიქომონოზის დიაგნოზი, ისევე როგორც სხვა სგგდ-ებისა, ეფუძნება სპეციალიზებულ ლაბორატორიაში საშოდან აღებული ნაცხის მიკროსკოპიულ ანალიზს. განკურნება სპეციალური მკურნალობის გარეშე შეუძლებელია.
გონორეა
გონორეას გონოკოკი იწვევს. ინფიცირება ხდება როგორც გენიტალური, ისე ანალური და ორალური სქესობრივი აქტის დროს. პრაქტიკულად არარეალურია საყოფაცხოვრებო საგნების, მაგალითად, სააბაზანოს ღრუბლის, პირსახოცის, უნიტაზის სახურავის მეშვეობით ზრდასრული ადამიანის გონორეით დასნებოვნება, თუმცა არის შემთხვევები, როცა გოგონები ინფიცირდებიან დედების მიერ გამოყენებული პირსახოცით გამშრალებისას, თუ მასზე დარჩენილია ჯერ კიდევ შეუმშრალი გონოკოკებით სავსე ჩირქი. შარდსადენ მილში გონოკოკის მოხვედრისას ვითარდება ურეთრიტი (შარდსადენი არხის ანთება). თუ ბაქტერია საშოში მოხვდა, აღმოცენდება კოლპიტი (საშოს ანთება) ან ცერვიციტი (საშვილოსნოს ყელის ანთება). ქალებში დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებთან, მაგალითად, ტრიქომონოზთან არის ასოცირებული. გარდა ქავილისა, აღსანიშნავია:
- მოყვითალო-მომწვანო ფერის ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან;
- წვა სასქესო ორგანოების არეში;
- სიწითლე;
- მტკივნეული და გახშირებული შარდვა.
სიმპტომები თავს იჩენს ინფიცირების მეოთხე-მერვე დღეს. გარკვეული ხნის შემდეგ ისინი შესაძლოა თავისთავად გაქრეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი განიკურნა - უბრალოდ, დაავადება ქრონიკულ, უსიმპტომო სტადიაში გადავიდა. გავა ხანი და სიმპტომები ისევ იჩენს თავს, თანაც უფრო მწავავედ. ზოგჯერ გამონადენს მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი დაერთვის. გონორეამ, სხვა სგგდ-ების მსგავსად, შესაძლოა უშვილობა გამოიწვიოს. გაგიჩნდებათ თუ არა გონორეის ეჭვი, ექიმს უნდა მიმართოთ. მკურნალობის სწორი სქემის შერჩევა მხოლოდ მას შეუძლია. დღეს ამ დაავადების მკურნალობა ანონიმურადაც არის შესაძლებელი. დიაგნოზს სვამენ ავადმყოფის ჩივილებისა და გამოკვლევის საფუძველზე. აუცილებლად უნდა ჩატარდეს შარდსადენი არხიდან გამონადენის ლაბორატორიული გამოკვლევა, ასევე - სისხლისა და შარდის ანალიზი. გონორეას ამარცხებენ ანტიბიოტიკებით. პარალელურად ინიშნება მკურნალობა იმუნიტეტის გასაძლიერებლად. თუ ერთ-ერთ სქესობრივ პარტნიორს გონორეა აღმოაჩნდა, გამოკვლევა მეორემაც უნდა ჩაიტაროს და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს. თვითმკურნალობის შემთხვევაში გონორეა შესაძლოა განუკურნებელი დარჩეს და შემდგომში, გართულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პარტნიორიც დააინფიციროთ.
გენიტალური ჰერპესი
განვითარებულ ქვეყნებში სასქესო ორგანოების წყლულის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სასქესო ორგანოების ჰერპესია. ის მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა პაციენტთა უმრავლესობას ასეთ შემთხვევაშიც კი აქვს დაავადებისთვის დამახასიათებელი მინიმალური ან არასპეციფიკური სიმპტომები. ვირუსის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების აღმოჩენა ინფიცირებაზე მეტყველებს. ინფიცირებულმა სიმპტომების უქონლობის შემთხვევაშიც კი შეიძლება სქესობრივი პარტნიორი დააავადოს. გენიტალურ ჰერპესს ტალღისებრი მიმდინარეობა ახასიათებს. გამწვავება იწყება ქავილით, წვით, შემდეგ ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი. გამწვავებას ენაცვლება ჩაცხრობის პერიოდი. ტიპური გამონაყარის არსებობისას დიაგნოზს კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ, საეჭვო შემთხვევაში კი გამომწვევის დასადგენად საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევა. მკურნალობა ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატებით ხორციელდება. ეს პრეპარატები აჩქარებენ გამონაყარის ალაგებას და ამცირებენ რეციდივის ალბათობას, მაგრამ ვირუსს ვერ ანადგურებენ. საზოგადოდ, ჰერპესის ვირუსისგან განკურნება შეუძლებელია, ის ლატენტურ (მიძინებულ) მდგომარეობაში სამუდამოდ რჩება ნერვულ განგლიებში. დაუდგენელია ვირუსსაწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობა უსიმპტომო მიმდინარეობის დროს დაავადების გადადების რისკის შემცირების მხრივ. ჰერპესის გამწვავება ყოველთვის იმუნიტეტის დაქვეითებას უკავშირდება, ამიტომ მკურნალობისას ინიშნება იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატებიც - ამ შემთხვევაში ეფექტი გაცილებით უკეთესია.
ვაგინალური კანდიდოზი
საშოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციაა კანდიდოზი - სოკო კანდიდათი გამოწვეული დაავადება. გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს ყველაზე ხშირად სწორედ სოკოვანი ინფექციის დროს უჩივიან. ქავილთან ერთად კანდიდოზს ახასიათებს სქელი თეთრი ხაჭოსებრი გამონადენი, საშოსა და სასირცხო ბაგეების წვა, ტკივილი და შესიება. სოკოვანი ინფექცია ზოგჯერ (არა ყოველთვის!) სქესობრივი კონტაქტით გადადის, მაგრამ ის შესაძლოა იმ ადამიანებსაც დაემართოთ, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას არ ეწევიან. ზოგჯერ დაავადება ვითარდება ანტიბიოტიკებით ხანგრძლივი, უკონტროლო მკურნალობის შემდეგ, ასევე - შაქრიანი დიაბეტის, სისტემური დისბაქტერიოზის ან სხვა ისეთი მდგომარეობის დროს, რომელსაც თან სდევს იმუნიტეტის დაქვეითება. ამ დროს საშოს ბინადარ სასარგებლო ბაქტერიებს კანდიდა თრგუნავს. ასე რომ, ვაგინალური კანდიდოზი, არსებითად, საშოს ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობის დარღვევაა. მკურნალობენ სოკოს საწინააღმდეგო საცხებით, სანთლებითა და ტაბლეტებით, რეკომენდებულია ბამბის თეთრეულისა და ფართო, თავისუფალი ტანსაცმლის ტარება, რათა არ შეიქმნას სოკოს გავრცელებისთვის საჭირო თბილი და ნესტიანი გარემო.
ვულვის კრაუროზი
კრაუროზს გარეთა სასქესო ორგანოთა კიბოსწინარე დაავადებებს მიაკუთვნებენ. მისთვის დამახასიათებელია დისტროფიული, ატროფიული და სკლეროზული ცვლილებები ამ ორგანოების კანში. კრაუროზი, ჩვეულებრივ, მენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის პერიოდში ვლინდება. დაავადების სურათი ასეთია: გარეთა სასქესო ორგანოების ქსოვილები - მცირე სასირცხო ბაგეების, კლიტორისა და დიდი სასირცხო ბაგეების შიგნითა ზედაპირი - თხელდება, ეშვება, იჭმუხნება, იფარება სისხლმდინარი ნახეთქებით. თუ ინფექცია შეიჭრა, ჩირქდება კიდეც. ზოგჯერ პროცესი დიდი სასირცხო ბაგეების გარეთა ზედაპირსა და შორისის კანსაც მოიცავს. დაავადებას ხშირად სდევს თან ძლიერი ქავილი. კრაუროზის დიაგნოსტირების დროს უნდა გამოირიცხოს კანდიდოზი, ტრიქომონოზი და სხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც ასეთივე სიმპტომებით მიმდინარეობს.
ალერგიული რეაქცია
ალერგიული რეაქცია უფრო იშვიათია, ვიდრე ინფექცია, მაგრამ მასაც შეუძლია გამოიწვიოს ქავილი და წვა სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. ზოგიერთ ქალს სპერმის მიმართ აქვს ალერგია, რაც ბევრად არის დამოკიდებული მამაკაცის სპერმაში ამა თუ იმ ნივთიერების შემცველობაზე. სპერმის მიმართ ალერგია ნაკლებად ექვემდებარება მკურნალობას. რაც შეეხება დიაგნოსტიკას: თუ ინფიცირება და სქესობრივი პარტნიორის ავადმყოფობა გამორიცხულია, მაგრამ სიმპტომები არ ქრება, უნდა ჩატარდეს ტესტი, რომელიც სპერმის მიმართ ალერგიას დაადასტურებს ან გამორიცხავს. ამისთვის სქესობრივი კონტაქტის დროს უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი. თუ სიმპტომები გაქრა, მაშასადამე, ეს მართლაც ალერგიაა. ქავილი და წვა თვით პრეზერვატივმაც შეიძლება გამოიწვიოს. ეს მაშინ, თუ ქალს აქვს ალერგია ლატექსზე. ლატექსი ნატურალური რეზინია, რომლისგანაც პრეზერვატივი მზადდება. ამავე მასალისგან ამზადებენ სამედიცინო ხელთათმანებს, ამიტომ ალერგიული რეაქცია გინეკოლოგიური გასინჯვის შემდეგაც არის მოსალოდნელი. ლატექსის მიმართ ალერგიამ შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს, ამიტომ ალერგიულმა ქალებმა სქესობრივი აქტის დროს უნდა გამოიყენონ განსაკუთრებული, ანტიალერგიული პრეზერვატივი, რომელიც არ შეიცავს ლატექსს ან მიმართონ სხვა სახის კონტრაცეფციას.
ჰიგიენა
ქავილს ჰიგიენის დაუცველობაც იწვევს. წესები, რომლებსაც ახლა ჩამოგითვლით, ბევრს ბანალური მოეჩვენება, ბევრისთვის კი შესაძლოა აღმოჩენად იქცეს:
- თეთრეული ყოველდღიურად უნდა გამოიცვალოთ.
- სინთეტიკური საცვლები ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მაინც ნატურალური ჯობს - ბამბა სუნთქავს და კარგად იწოვს გამონაყოფს. სინთეტიკური ქსოვილის თეთრეულში სხეული ხურდება, მაღალი ტენიანობის, სათბოსა და გამონაყოფების ერთობლიობა კი ძალზე ხელსაყრელი გარემოა პათოგენური ბაქტერიების გასამრავლებლად.
- ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ ინტიმური ნაწილების ტუალეტი. წყლის ადუღება და მასში მადეზინფიცირებელი საშუალებების ჩამატება აუცილებელი არ არის, ჩვეულებრივი გამდინარე წყალიც სავსებით საკმარისია.
- ნუ ეცდებით, ქავილი საპნის ან სხვა ჰიგიენური საშუალებების დახმარებით ჩაახშოთ - ასეთი საშუალებები აშრობს კანსა და ლორწოვანს, ეს კი ქავილს უფრო მეტად გააძლიერებს.
- მენსტრუაციის დროს საფენები უნდა გამოიცვალოთ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, განურჩევლად გამონადენის ოდენობისა. მენსტრუალური გამონადენი ძალზე ხელსაყრელი ნიადაგია ბაქტერიების გასამრავლებლად. მით უმეტეს, ორგანიზმის იმუნური დაცვა ამ დღეებში დასუსტებულია. სასქესო და საშარდე ორგანოების ანთების დროს, აგრეთვე მშობიარობის შემდეგ ტამპონების ხმარება აკრძალულია.
გაფრთხილებთ: სასქესო ორგანოების ქავილისა და უჩვეულო გამონადენის გაჩენის დროს თვითდიაგნოსტიკა და თვითმკურნალობა უგუნური საქციელია, ვინაიდან ძალიან მაღალია შეცდომისა და დაავადების გართულების ალბათობა. გარეთა სასქესო ორგანოების ქავილის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ორსულთა დერმატოზი
ორსულობისას ქალი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. იგი მძაფრად რეაგირებს საკუთარ სხეულში მიმდინარე ცვლილებებზე. ზოგიერთ შეგრძნებას სასიამოვნოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, მაგრამ რას არ აიტანს ქალი საოცნებო შვილის მოლოდინში... ერთ-ერთი ყველაზე უსიმოვნო შეგრძნებაა ქავილი.
კანის ქავილს ორსულთა მეხუთედი უჩივის. მან შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ორსულობის დასაწყისში, ისე მის დასასრულს, შესაძლოა, შემოიფარგლოს გარეთა სასქესო ორგანოებით ან მთელ სხეულზე გავრცელდეს. არცთუ იშვიათად ქავილი შემაწუხებელია, იწვევს უძილობას, გაღიზიანებას, განწყობის დათრგუნვას. ქავილი იმ ფიზიოლოგიური ცვლილებების ბრალია, რომლებიც მუცლის სწრაფ ზრდას უკავშირდება. თუ ქავილი ქსოვილების გაჭიმვით არის გამოწვეული, მას თავიდან აგაცილებთ სპეციალური კრემები, რომლებიც კანს ელასტიკურობას მატებს. არსებობს სპეციალურად ორსულებისთვის განკუთვნილი კრემებიც. ჯერ ერთი, ისინი არ იწვევენ ალერგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეორეც, თავიდან გვაცილებენ კანის გაწელვას, რომლის პროფილაქტიკა გაცილებით ადვილია, ვიდრე განკურნება. ასეთი კრემების შეზელა მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე მუცელი აგექავებათ. გარდა ამისა, ხშირად მიიღეთ კომფორტული შხაპი ან დაიზილეთ ტანი სველი თბილი პირსახოცით, შემდეგ კი ნაზად შეიზილეთ სველ კანში კალენდულას მალამო. კარგია ასევე ლავანდის, ბარამბოს, სოჭისა და ცაცხვის ზეთოვანი ექსტრაქტებიც. თუ კოსმეტიკურმა საშუალებებმა ქავილი ვერ ჩააცხრო, მიზეზი უფრო ღრმად უნდა ვეძებოთ - ამგვარად ვლინდება ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები. აუცილებლად ამცნეთ ექიმს ამ პრობლემის შესახებ. ორსულობის დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია! ორსულთა დერმატოზი - ეს არის კანის დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც ორსულობის დროს ვლინდება და მისი დასრულებისთანავე ქრება. ხშირად ქავილი მოიცავს მთელ სხეულს (უმთავრესად გარეთა საქესო ორგანოების მიდამოშია ლოკალიზებული), იწვევს უძილობას, გაღიზიანებადობას. გაცილებით იშვიათია ორსულთა ეგზემა, რომელიც აზიანებს სარძევე ჯირკვლების, მუცლის, ბარძაყების, ხელების კანს. ზოგჯერ ორსულთა დერმატოზი კანზე ქუნთრუშის ან ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარით მიმდინარეობს.
ორსულთა ქავილი
ორსულობისას ესტროგენების სიჭარბე თრგუნავს ღვიძლის გლუკურონიოლტრანსფერაზის აქტივობას. ამის შედეგად ირღვევა გლუკურონის მჟავასთან ბილირუბინის შეკავშირება, ვითარდება ქოლესტაზი და სისხლში იმატებს ნაღვლის მჟავების შემცველობა. ნაღვლის მჟავები გროვდება კანქვეშ და ძლიერ გენერალიზებულ ქავილს იწვევს. ქავილი ორსულობის მეორე ნახევარში აღმოცენდება, ხოლო მშობიარობის შემდეგ გაივლის. ორსულთა ქავილის დიაგნოზის დასასმელად უნდა გამოირიცხოს ქავილის სხვა მიზეზები: შაქრიანი დაიბეტი, ჭიებით ინვაზია, მედიკამენტებსა და საკვებზე ალერგიული რეაქცია და სხვა. კანის დაავადებებისგან ორსულთა ქავილის დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკალურ გამოკვლევას. ექსკორიაციები, რომლებიც ფხანის შედეგად ჩნდება, შესაძლოა დაინფიცირდეს. ნაფხანი და ნაჭდევები დაფარულია ოქროსფერი ქერქითა და წითელი გარსით. გამონაყარის პირველადი ელემენტების გამოვლენა არ ხერხდება. ლაბორატორიული გამოკვლევა აჩვენებს, რომ სისხლში მომატებულია ნაღვლის მჟავების რაოდენობა. შესაძლოა, ასევე მოიმატოს ტუტე ფოსფატაზას აქტივობამ, ალანინამინოტრანსფერაზისა და ბილირუბინის შემცველობამ შრატში (სიყვითლე, ჩვეულებრივ, არ შეიმჩნევა). კანის ბიოფსია არაინფორმაციულია. სამკურნალოდ ინიშნება დამარბილებელი საშუალებები და H1-ბლოკატორები. კარგია შვრიის ნახარშის აბაზანები, ქაფურისა და მენთოლის საფენები. ძლიერი ქავილის დროს, ადგილობრივი მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, ინიშნება ქოლესტირამინი. ორსულთა ქავილი არც დედისთვის, არც ნაყოფისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ორსულთა ქოლესტაზი
სიყვითლემ და მკვეთრმა ქავილმა შესაძლოა თავი იჩინოს ორსულთა ქოლესტაზის დროს. ეს დაავადება ხშირად რთულდება ნაადრევი მშობიარობით, მცირეწონიანი ბავშვის დაბადებით და მშობიარობის შემდგომი სისხლდენით.
ორსულთა პოლიმორფული დერმატოზი
ეს დაავადება ორსულთა კანის დაავადებებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული და, წესისამებრ, პირველმშობიარეებს ემართებათ. ორსულობის III ტრიმესტრში მუცელზე - როგორც საღ კანზე, ასევე სტრიებზეც - ჩნდება კვანძები და 1-2 მმ დიამეტრის ერითემული პაპულები, რომლებიც ძლიერ მქავანაა და ზეწოლისას ქრება. შემდგომ გამონაყარი ვრცელდება გულმკერდსა და ხელებზე. მკურნალობენ კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემებითა და მალამოებით. მძიმე შემთხვევებში იყენებენ პრედნიზოლონს.