ინ-ვიტრო განაყოფიერება, ჩვენებები, გართულებები -„რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინ-ვიტრო განაყოფიერება, ჩვენებები, გართულებები -„რეპროდუქციული ჯანმრთელობა“

წინა ნომერში ჩვენ დავიწყეთ საუბარი უნაყოფობის პრობლემაზე. შევეხეთ უშვილობის გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტიკის მეთოდებს. დღევანდელი რუბრიკის თემაა უშვილობის მკურნალობა. განვიხილავთ თერაპიის ძირითად პრინციპებს, თანამედროვე მიდგომებსა და პერსპექტივებს. ინფორმაციას მოგაწვდით უნაყოფობის მკურნალობის ელიტარულ მეთოდებზე – ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე, მის ჩვენებებზე, გართულებებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. რუბრიკას უძღვება „რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი – ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“ კლინიკური დირექტორი, ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი.

- როდის უნდა დავიწყოთ უშვილობის მკურნალობა და რა ფაქტორებს ექცევა ამ დროს ყურადღება?

- უშვილობის დიაგნოზის შემდეგ, ანუ როდესაც ერთი წლის განმავლობაში რეგულარული დაუცველი სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება, საჭიროა წყვილმა დაგეგმოს ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან.

როგორც აღვნიშნეთ, უშვილობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი აქვს ე.წ. ტუბო-პერიტონეალურ ფაქტორს, რაც გულისხმობს საშვილოსნოს მილების დაზიანებას და მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესის არსებობას. ეს არის ინფექციებით გამოწვეული ანთებითი დაავდებების ან ენდომეტრიოზის შედეგი. ინფექციური ფაქტორების გამოკვლევის შემდეგ ინიშნება შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია. ენდომეტრიოზის მკურნალობა კი ხდება ჰორმონული პრეპარატებით. მძიმე ენდომეტრიოზი და მე-3, მე-4 ხარისხის შეხორცებითი პროცესი არის ჩვენება ლაპაროსკოპიული მკურნალობისათვის.

უნაყოფობის მნიშვნელოვანი მიზეზი არის ოვულაციასთან დაკავშირებული დარღვევები, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ჰორმონული დისფუნქციით – ჰიპერპროლაქტინემიით, ჰიპერერანდროგენული მდგომარეობებით, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის მოშლით და ა.შ. შესაბამისად უნდა მოხდეს მათი კორექცია. ჰორმონული პროფილის მოწესრიგების შემდეგ ინიშნება ე.წ. ოვულაციის სტიმულატორები საკვერცხეში ფოლიკულების მოსამწიფებლად. ზოგჯერ ფოლიკულის გასახეთქად საჭირო ხდება ჰორმონის – ქორიონული გონადოტროპინის დანიშვნა.

თანდაყოლილი და შეძენილი თრომბოფილიის შემთხვევაში (სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია), რაც არის ორსულობის როგორც ადრეული, ასევე გვიანი დანაკარგების მიზეზი, ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპია.

საშვილოსნოს ღრუს და ყელის არხის პოლიპები, მრავლობითი დიდი ზომის მიომური კვანძები, მათ შორის ე.წ. სუბმუკოზური კვანძები, რომლებიც საშვილოსნოს ღრუში მდებარეობენ და იწვევენ მის დეფორმაციას, ჩვენებაა ჰისტეროსკოპიისა და ლაპარასკოპიული მკურნალობისათვის. თუმცა, ოპერაციამდე აუცილებელია ჰორმონული ფონის მოწესრიგება.

წყვილს შორის შეუთავსებლობის შემთხვევაში ნაჩვენებია საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია ან ინ-ვიტრო განაყოფიერება. ასეთ დროს წყვილს უწევენ რეკომენდაციას 6 თვის განმავლობაში სქესობრივი კავშირი ჰქონდეთ პრეზერვატივით. შეიძლება დაინიშნოს სტეროიდები.

ვაგინიზმისა და სხვა სექსოლოგიური დარღვევებისას, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სექსოლოგი.

- როგორ ხდება მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის მკურნალობა? აზოოსპერმიის დროს მამაკაცს აქვს თუ არა პერსპექტივა, რომ მკურნალობის შემდეგ გამოსწორდება მდგომარეობა?

- მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობა გულისხმობს სპერმაში პათოლოგიური ცვლილებების არსებობას. მიზეზი ამ დროს შეიძლება იყოს სხვადასხვა: ინფექციებით გამოწვეული ანთება, ჰორმონული და მეტაბოლური დარღვევები, თანდაყოლილი პათოლოგიები და ა.შ. შესაბამისად, უნდა ჩატარდეს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მკურნალობა, ჰორმონული დისფუნქციის კორექცია. ვარიკოცელეს (სათესლე ჯირკვლებისა და ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება) შემთხვევაში ტარდება ოპერაციული მკურნალობა.

სპერმოგრამაში მძიმე დარღვევების არსებობისას დღის წესრიგში დგება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხი – საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია ან ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.

აზოოსპერმია, ანუ სპერმულ სითხეში სპერმატოზოიდების არარსებობა, არ არის განაჩენი მამაკაცისათვის. ასეთ შემთხვევებში სათესლეებიდან სხვადასხვა მეთოდით (ძირითადად ეს არის სპერმატოზოიდების ტესტიკულებიდან ექსტრაქცია – თEშE) სპერმატოზოიდებს იღებენ, საჭიროების შემთხვევაში, ყინავენ და შემდეგ კვერცხუჯრედების სინჯარაში ანაყოფიერებენ ან ე.წ. ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციას აკეთებენ (IჩშI). ამ დროს ემბრიოლოგს ერთი სპერმატოზოიდი შეჰყავს კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში. ამიტომ, საკმარისია მოიძებნოს ერთი ჯანმრთელი სპერმატოზოიდი მაინც, რომ შესაძლებელი ხდება ორსულობის მიღება.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს წყვილის მკურნალობა უშვილობის დროს და როგორ ვიქცევით, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ვიღებთ შედეგს?

- მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, პირველ რიგში, პათოლოგიასა და მის სიმძიმეზე.

უნდა აღინიშნოს, რომ უშვილობა არ არის მხოლოდ სამედიცინო, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემაცაა. ის წყვილის სერიოზული ფსიქოემოციური დაძაბულობის მიზეზი ხდება. ამიტომაც, უშვილო პაციენტებს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ქალი მას შემდეგ ორსულდება, რაც მოადუნებს ყურადღებას და სხვა პრობლემაზე გადაერთვება, მაგალითად, შვილის აყვანის, ძაღლის შეძენის, ძლიერი სტრესის და ა.შ.

როდესაც წყვილი ზედმიწევნით ასრულებს ექიმის მითითებებს და დანიშნულებას და მიუხედავად ამისა, ორი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება, რეკომენდებულია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ლაპაროსკოპიის ჩატარება. განვიხილავთ საშვილოსნოსშიგა ინსემინაციისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარების საკითხსაც.

- რას გულისხმობს ხელოვნური განაყოფიერება?

- ხელოვნური განაყოფიერება არის უშვილობის მკურნალობის მეთოდი, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (Aღთ) სახელით მოიხსენიებენ. ის, თავის მხრივ, მოიცავს ორ ძირითად მეთოდს – ხელოვნურ ინსემინაციას და ინ-ვიტრო, იგივე სინჯარაში განაყოფიერებას...

- რას ნიშნავს ხელოვნური ინსემინაცია და როდის უნდა გაკეთდეს ის?

- ხელოვნური ინსემინაციის დროს ექიმს სპეციალური კათეტერის საშუალებით საშვილოსნოს ღრუში შეჰყავს სათანადო ნიადაგებში დამუშავებული სპერმა (მეუღლის ან დონორის). ამ მეთოდს საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია ეწოდება. შესაძლებელია სპერმა შეიყვანონ საშვილოსნოს ყელში. ამ უკანასკნელს ამჟამად იშვიათად იყენებენ.

საშვილოსნოსშიგა ინსემინაციის ჩვენებაა წყვილს შორის შეუთავსებლობა, ანტისპერმული ანტისხეულების მომატება, სპერმოგრამის პარამეტრების შეცვლა – სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მოძრაობის უნარის დაქვეითება. მას იყენებენ უცნობი გენეზის უშვილობის დროსაც.

საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ქალს გამოკვლეული აქვს საშვილოსნოს მილები და ცნობილია, რომ ნორმალურად ფუნქციონირებს. აუცილებელია ნორმალური ოვულაციის არსებობაც. რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება ფოლიკულის სტიმულაციის ფონზე. საშვილოსნოს ღრუში სპერმა უნდა მოხვდეს ოვულაციის წინა პერიოდში.

- რა არის ინ-ვიტრო განაყოფიერების არსი?

- ინ-ვიტრო განაყოფიერებას (ინგლისურად-IVF), სინჯარაში განაყოფიერებას, იგივე ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებასაც უწოდებენ. ის უშვილობის მკურნალობის ელიტარული მეთოდია, რომლის დროსაც განაყოფიერებისა და ემბრიონის განვითარების ადრეული ეტაპები ორგანიზმის გარეთ, სინჯარაში მიმდინარეობს. ბაზისური პრინციპი არის საკვერცხიდან ერთი ან მეტი მომწიფებული კვერცხუჯრედის (სამედიცინო ტერმინი არის ოოციტი) მიღება, პარტნიორის ან დონორის სპერმით ორგანიზმის გარეთ (სინჯარაში) განაყოფიერება და შემდგომ ერთი ან მეტი განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (პრე-ემბრიონის) საშვილოსნოში გადატანა.

დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება აგრეთვე ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია, სპერმისა და კვერცხუჯრედის დონაციის და სუროგაციის პროგრამები.

- რას გულისხმობს დონაციისა და სუროგაციის პროგრამები?

- დონაციის პროგრამა გულისხმობს ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს სხვა ქალის – დონორის კვერცხუჯრედების გამოყენებას. დონორის კვერცხუჯრედებს ანაყოფიერებენ ქმრის ან დონორის (სხვა მამაკაცის) სპერმატოზოიდებით და პრე-ემბრიონები გადააქვთ დედის საშვილოსნოში. ამ შემთხვევაში ბავშვი დედისთვის არ არის გენეტიკური შვილი, მაგრამ ატარებს მას მთელი ორსულობა.

სუროგაციის პროგრამის შემთხვევაში დედისაგან მიღებული კვერცხუჯრედების განაყოფიერების შემდეგ პრე-ემბრიონები გადააქვთ სხვა ქალის – სუროგატი დედის საშვილოსნოში. სუროგაციის შემთხვევაში ბავშვი არის დედისათვის გენეტიკური შვილი, მაგრამ მას მთელი ორსულობა ატარებს სუროგატი დედა.

- ვის სჭირდება ინ-ვიტრო განაყოფიერება?

- პირველი წარმატებული ინ-ვიტრო განაყოფიერება პატრიკ სტეპტოუმ და რობერტ ედვარდსმა 1978 წელს გაუკეთეს ქალს, რომელსაც ორმხრივად დახურული ჰქონდა საშვილოსნოს მილები. ასეთ დროს სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების შეხვედრა ბუნებრივად ვერ მოხდება.

დღესაც საშვილოსნოს მილების დაზიანება არის ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ძირითადი ჩვენება. ინ-ვიტრო განაყოფიერების ჩატარება საჭიროა, როდესაც მამაკაცს აქვს მძიმე დარღვევები სპერმოგრამაში. ეს მეთოდი ეხმარება ქალს გადაჭრას უშვილობის პრობლემა მენჯის შეხორცებითი პროცესის, ენდომეტრიოზის, იმუნური ფაქტორით განპირობებული და აუხსნელი გენეზის უნაყოფობის დროს, გვიან რეპროდუქციულ ასაკში, როდესაც დროის ლიმიტი შეზღუდულია და ა.შ.

- რა ძირითად საფეხურებს მოიცავს ინ-ვიტრო განაყოფიერების პროცედურა?

- ეს არის 5 ძირითადი საფეხური:

1. საკვერცხეების სტიმულაცია მრავლობითი ფოლიკულების მოსამწიფებლად, რისთვისაც გამოიყენება სხვადასხვა ჰორმონული პრეპარატები (ძირითადად ანტიესტროგენები და გონადოტროპინები); 2. ფოლიკულების ზრდაზე დაკვირვება და მომწიფებული კვერცხუჯრედების შეგროვებისათვის შესაფერისი დროის განსაზღვრა. კვერცხუჯრედების საბოლოო მომწიფებისა და გახეთქვის მიზნით კეთდება ჰორმონი – ქორიონული გონადოტროპინი; 3. კვერცხუჯრედების შეგროვების პროცედურა, რომელიც ტარდება ქორიონული გონადოტროპინის ინიექციიდან 34-36 საათში ულტრასონოგრაფიის ან, იშვიათად, ლაპაროსკოპიის კონტროლით; 4. საშვილოსნოს გარეთ, სინჯარაში ხდება კვერცხუჯრედების (ოოციტების) განაყოფიერება სპერმატოზოიდებით ემბრიოლოგის მიერ; 5. პრე-ემბრიონის გადატანა საშვილოსნოს ღრუში განაყოფიერებიდან 3-4 დღის შემდეგ – ემბრიოტრანსფერი.

- რა უპირატესობა აქვს საკვერცხეების სტიმულაციას და მრავლობითი კვერცხუჯრედების მიღებას?

- საშვილოსნოს ღრუში რამდენიმე პრე-ემბრიონის გადატანა ზრდის ორსულობის შესაძლებლობას, ამიტომ, ცდილობენ, სტიმულაციის გზით მიიღონ მრავლობითი ოოციტები, რაც თავისთავად ზრდის განაყოფიერებული კვერცხუჯრედების რიცხვს და შესაბამისად, ორსულობის სიხშირეს.

- რომელი მედიკამენტები გამოიყენება საკვერცხეების სტიმულაციისთვის, აქვთ თუ არა მათ გვერდითი მოვლენები და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჰორმონულმა პრეპარტებმა ქალის ჯანმრთელობას?

- არსებობს საკვერცხეების სტიმულაციის სხვადასხვა რეჟიმები – ე.წ. პროტოკოლები, რომელთაც ინდივიდუალურად – ქალის ასაკის, საკვერცხის რეზერვის, დიაგნოზისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით არჩევენ. ძირითადად გამოიყენება ანტიესტროგენები, ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების, ქორიონული გონადოტროპინის ანალოგები, გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის აგონისტები და ანტაგონისტები.

ინ-ვიტრო განაყოფიერების წინ ყველა ქალს უტარდება გამოკვლევა, რომ გამოირიცხოს ჯანმრთელობის რაიმე სერიოზული პრობლემა. ამდენად, მინიმუმამდეა დაყვანილი ჰორმონული მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, თუმცა, ყოველთვის არსებობს გართულებების პოტენციური რისკი.

ყველაზე ხშირი გართულებაა ჰიპერსტიმულაციის სინდრომი და მრავალნაყოფიანი ორსულობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში ხშირია ნაადრევი მშობიარობა, მრავალწყლიანობა, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ. ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის ჯანმრთელობას.

- რას ნიშნავს საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი?

- საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი ინ-ვიტრო განაყოფიერების ერთ-ერთი საშიში გართულებაა. განარჩევენ მსუბუქ, საშუალო, მძიმე და კრიტიკულ ფორმებს. მისი განვითარება უკავშირდება კვერცხუჯრდების სტიმულაციისთვის ჰორმონული პრეპარატების დიდი დოზებით მიღებას. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის დროს საკვერცხეების მოცულობა იზრდება, მასში ჩნდება მრავლობითი დიდი ზომის ცისტები, მოგვიანებით სითხე ჩნდება მუცლის ღრუში და პლევრულ სივრცეში. პაციენტს აქვს გულისრევა, ღებინება, მუცლის დაჭიმულობა, ქოშინი. მძიმე და კრიტიკული ფორმები სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია, ამ დროს პაციენტი მკურნალობს სტაციონარში.

- რა შანსები აქვს ქალს, დაორსულდეს ინ-ვიტრო განაყოფიერების პირველივე მცდელობისას?

- ინ-ვიტრო განაყოფიერების ეფექტიანობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, დიაგნოზზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ახალგაზრდა ქალების მაქსიმალური მაჩვენებელი ერთ მცდელობაზე დაახლოებით 45-50%-ია, გვიან რეპროდუქციულ ასაკში კი – მხოლოდ 5-15%.

- შესაძლებელია თუ არა, ინ-ვიტრო განაყოფიერების დროს წინასწარ განისაზღვროს, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადება თუ არა?

- შესაძლებელია. პაციენტის მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი (PGშ) და პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა (PGD).

პრეიმპლატანციური გენეტიკური სკრინინგი არის ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის გენეტიკური გამოკვლევა მათი ქრომოსომული ნაკრების შესწავლისათვის. ამ დროს ხდება ე.წ. ქრომოსომული ანეუპლოიდიის დიაგნოსტიკა.

ქრომოსომული ანეუპლოიდია ნიშნავს ემბრიონში ქრომოსომების რაოდენობრივ დარღვევას, რაც წარუმატებელი ინ-ვიტრო განაყოფიერებისა და საზოგადოდ, უშვილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ის გაცილებით ხშირია უფროსი ასაკის ქალებთან.

პრეიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტიკა გულისხმობს სხვადასხვა გენეტიკური დაავადების გამოვლენას ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში გადატანამდე.

- არსებობს თუ არა რაიმე რეკომენდაციები უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებით?

- საზოგადოდ, სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოებების მიერ მოწოდებულია სხვადასხვა დაავადებათა მართვის პროტოკოლები და რეკომენდაციები, რაც ემყარება მტკიცებულებებზე დამყარებულ კვლევებსა და გამოცდილებას. ეს ეხმარება ექიმებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა, დამწყებ ექიმებს, რომ სწორად და ეფექტიანად მართონ ესა თუ ის პათოლოგია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია – განსხვავებული ასაკით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, ინტელექტით, სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსით. ამიტომ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა პერსონალიზებულ მედიცინას.

- რას ურჩევთ წყვილს, რომელსაც უშვილობის პრობლემა აქვს?

- რეპროდუქტოლოგიაში მნიშვნელოვანია, რომ წყვილი მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული საკუთარი პრობლემის შესახებ და გააზრებულად ჩართოს გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესში.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს ექიმის ნდობა, რომლის მითითებებით გეგმაზომიერად და მოთმინებით ჩაიტარებს გამოკვლევებსა და მკურნალობას.

ზუსტი დიაგნოსტიკა ეფექტური მკურნალობის გარანტია, ამიტომ პაციენტებმა უნდა მიმართონ სათანადო გამოცდილების მქონე სპეციალიზებულ რეპროდუქციულ კლინიკას.

სადღეისოდ გადაუჭრელი პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით უშვილობის ყველა ფორმა დაიძლევა.