ჯანმრთელობისთვის მავნე ტანსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელობისთვის მავნე ტანსაცმელი

თუმცა დღევანდელი მოდაც არანაკლებ შოკის მომგვრელია. მართალია, აღარც სულისშემხუთველ კორსეტებში ვართ ჩაჭედილები და აღარც კრინოლინებს ვატარებთ, მაგრამ XXI საუკუნის მოდური ტანსაცმელიც შეიძლება ჯანმრთელობისთვის მავნე აღმოჩნდეს. მეტისმეტად ცოტაადამიანს სურს, ერთსა და იმავე დროს ჩაცმულიც იყოს და გახდილიც. მოდა კარნახობს მას და... არცთუ იშვიათად მოდას ზედმეტი მოსდის.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, პომპეუსისა და ჰერკულანუმის გათხრების შემდეგ, შთაბეჭდილებებით შეძრული ევროპა ანტიკურ სამყაროზე გადაირია, რამაც ის შიშველ მოდამდე მიიყვანა. ქალები ღრმა დეკოლტეიანი სიფრიფანა ტუნიკებით იმოსებოდნენ, გასათბობად კი მხრებზე თხელ მოსასხამებს იხვევდნენ. ამასთანავე, დრაპირება უფრო ბუნებრივი და ეფექტური რომ გამოჩენილიყო, მოდის მიმდევრები სამოსს ასველებდნენ, ღია ეტლებში სხდებოდნენ და ქარსა და თოვლში მიაქროლებდნენ. ჰოდა, რაღა გასაკვირია, რომ პნევმონიით გამოწვეული სიკვდილიანობა იმ ხანებში მეტისმეტად ხშირი იყო.

თანამედროვე ლამაზმანებიც `შიშველ მოდას~ არიან აყოლილები. ქურთუკები და ჯემპერები დამოკლდა, ჯინსების წელი შესამჩნევად დადაბლდა, ჭიპი, წელი, გავა უმოწყალოდ გაშიშვლდა. თუ ამას მინი-ქვედაკაბებსა და თხელ კოლგოტებსაც დავამატებთ, აშკარა გახდება, რომ XXI საუკუნის ქალიშვილები ზამთრობით სიცოცხლეს ისევე იგდებენ საფრთხეში, როგორც მათი თხელი ტუნიკით შემოსილი წინაპრები. როდესაც გარეთ 12-15 გრადუსია, შინაგანი ორგანოები იოლად ცივდება, რამაც შესაძლოა პიელონეფრიტი, ცისტიტი, რადიკულიტი და სასქესო ორგანოების დანამატების ანთება გამოიწვიოს.

  • მეტისმეტად ბევრი

XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქალებს იმდენად ფართოფარფლებიანი ქუდები ეხურათ, რომ თვალებზე ეფარებოდათ და ხელის ცეცებით დადიოდნენ. აღარაფერს ვამბობთ გრძელ და მძიმე კაბებზე... 1820 წელს ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა "ლანცენმა" გამოთქვა ჭეშმარიტად რევოლუციური მოსაზრება, რომ ქალის კუნთოვან სისუსტეში, ნერვული სისტემის დაავადებებსა და ზოგიერთ სხვა სნეულებაში კაბის წონას მიუძღვოდა ბრალი. არ გაგეღიმოთ - იმხანად კაბის წონა დაახლოებით 20 კგ-ს უტოლდებოდა.

არცთუ იშვიათად ქალბატონები თავიანთსავე კაბებში იხლართებოდნენ. დედოფალმა ვიქტორიამ სწორედ ასე იღრძო ფეხი. ტექნიკურმა პროგრესმა ვითარება კიდევ უფრო გაართულა: XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში ველოსიპედისტი ქალების გრძელმა კაბებმა უამრავი საგზაო შემთხვევა გამოიწვია. გრძელი შარფების სიყვარულმა დაღუპა ამერიკელი მოცეკვავე აისედორა დუნკანი - 1927 წელს მისი შარფის კიდე მანქანის ბორბალმა ჩაიხვია. თხელმა აბრეშუმმა ქალს ხერხემალი გადაუმტვრია და საძილე არტერია გაუგლიჯა.

რა საოცარიც უნდა იყოს, წინაპრების მწარე გამოცდილებას ვერც აქ ვითვალისწინებთ. ალბათ ამიტომ არის, რომ მეტროპოლიტენში საგანგებოდ გვაფრთხილებენ, გრძელი კაბის კალთები თუ შარვლის ტოტები ესკალატორზე შედგომის წინ ავიკეცოთ. ბრიტანელებმა ლაბადების, ქვედაკაბების, გრძელი სახელოებისა და თასმებისგან თავდაცვის სახელმძღვანელოც კი გამოსცეს.

წლეულს საშიში სამოსის ნუსხას კაპიუშონიანი ქურთუკებიც დაემატა: გამოკვლევების თანახმად, დიდი კაპიუშონი თითქმის ორჯერ ამცირებს მხედველობის ველს, ეს კი, გამორიცხული არ არის, თვალის დაავადებების მიზეზად იქცეს.

  • მეტისმეტად ვიწრო

ცნობილია, რომ შეჭმუხნულ მდგომარეობაში ვერც ერთი ორგანო ვერ მუშაობს სრულყოფილად. მიუხედავად ამისა, მჭიდრო ტანსაცმელი კარგა ხანია ქალის გარდერობში დამკვიდრდა. წინათ ქალის ტანსაცმლის ყველაზე შემაწუხებელი დეტალი კორსეტი გახლდათ. მეჯლისები მან XIV საუკუნეში დაიპყრო. თქვენ წარმოიდგინეთ, იყო დრო, როდესაც კორსეტები ღამითაც კი ეცვათ. ეკატერინე მედიჩის კარზე ბანოვანის წელის გარშემოწერილობა სასახლეში მის მდგომარეობას შეესაბამებოდა. ქალებმა ლაღად მხოლოდ შიშველი მოდის ეპოქაში ამოისუნთქეს. მაგრამ სულ მალე ისევ კორსეტებში აღმოჩნდნენ ჩაჭედილები. იმდროინდელი მედიკოსები მის გამოყენებას ამართლებდნენ კიდეც - ქალს იმდენად სუსტი ხერხემალი აქვს, დამოუკიდებლად ზურგის დაჭერას ვერ შეძლებსო.

კორსეტთან ბრძოლა მხოლოდ XIX საუკუნის დამლევს - რენტგენის აპარატის გამოგონების შემდეგ დაიწყო. რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ ექიმები ნეკნებისა და შინაგანი ორგანოების დეფორმაციაში დაარწმუნა. ბიუსტჰალტერი კორსეტის პირდაპირი შთამომავალია. სექსუალური კონსტრუქციები და მჭიდრო ლიფები აზიანებს ხერხემალს, არღვევს ტანადობას და აუარესებს სისხლის მიმოქცევას, აღიზიანებს კანს და, თქვენ წარმოიდგინეთ, მკერდის კიბოსაც კი იწვევს. ჯინსებს, ბუნებრივია კორსეტთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, მაგრამ დაბალწელიანი ვიწრო შარვლები არღვევს სისხლმიმოქცევას მენჯის მიდამოში და იწვევს საჯდომი ნერვის დისფუნქციას, რაც დაბუჟებითა და კანის წვით, სისუსტითა და წელის ტკივილით ვლინდება.

  • უსაცვლოდ სიარული

საუკუნეების განმავლობაში ქალები ტანსაცმელს შიშველ ტანზე იცვამდნენ, შემდეგ პერანგი გაჩნდა, მერე კი - პანტალონი. სხვათა შორის, სამოსის ეს დეტალი პირველად კურტიზანმა ქალებმა გამოიყენეს. "წესიერ" ოჯახებში მისი ჩაცმა კარგა ხანს უხამსობად მიიჩნეოდა - პანტალონი ხომ მამაკაცის ტუალეტის ნაწილი იყო. ასე რომ, ვიქტორიანული ეპოქის კეთილშობილი ქალბატონი ინფექციისა და გაციების წინაშე უსუსური გახლდათ. დღეს ქვედა საცვლის გარეშე მხოლოდ ნატურისტები დადიან, დანარჩენები კი... ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო პატარა საცვალს ჩაიცვამს. თუ თქვენც მათ რიცხვს ეკუთვნით, გაფრთხილებთ: სტრინგი და ტანგა უფრო მეტად საშიშია, ვიდრე უსაცვლოდ სიარული: მათი წვრილი ზონრები კანს ძლიერ აღიზიანებს და ანთებას იწვევს. გარდა ამისა, მისი ხახუნის შედეგად ბაქტერიები ანალური ხვრელიდან საშოში ხვდება.

  • მაღალი ქუსლები

როდის გაჩნდა მაღალი ქუსლები, არავინ იცის. ქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვათ ძველ ეგვიპტელებს, რომლებიც იძულებულები იყვნენ, ფხვიერ მიწაზე ევლოთ და შუა საუკუნეების მხედრებს, რათა ფეხები უზანგში უკეთ შეემაგრებინათ. მიუხედავად ამისა, ფეხსაცმლის ამ დეტალის დაბადების თარიღად XVII საუკუნეს მიიჩნევენ, ადგილად - ესპანეთს. 1680 წელს იქ თურმე ისეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდნენ, რომ ბანოვანებს სიარული მხოლოდ ჯოხზე ან კავალერის მკლავზე დაყრდნო-ბილებს შეეძლოთ. დროთა განმავლობაში ქუსლის ფორმა საგრძნობლად შეიცვალა, 1950 წელს კი იტალიელმა დიზაინერმა სალვატორე ფერაგამომ ცნობილი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა.

დღეს ძნელად თუ მოიძებნება ქალი, ერთი წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდეს. წვეულებისთვის ის შეუდარებელი გახლავთ, მაგრამ ყოველდღე მისი ჩაცმა ცოტა არ იყოს მოუხერხებელია: გარდა ჩვეული ტრავმატიზმისა, იგი ხერხემლისა და ტერფის დეფორმაციას, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიწოდების შემცირებას და შინაგანი ორგანოების წანაცვლებას გვიქადის.

ასე რომ, მოდის მიმდევრებს ისღა დარჩენიათ, ტანსაცმლის არჩევისას იხელმძღვანელონ ზომიერების გრძნობით, ხოლო მავნე სამოსი პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში მოიშორონ თავიდან.