როგორ მოვუაროთ კანს
კანის მოვლის ძირითადი საშუალება წყალია. განსაკუთრებით კარგია წვიმისა და თოვლის წყალი - ე.წ. რბილი წყალი. ხისტი წყალი შეიცავს კალიუმის, მაგნიუმისა და სხვა მინერალურ მარილებს, ამიტომ მასში საპონი სუსტად ქაფდება. საზოგადოდ, თუ საპნით იბანთ, უმჯობესია ისეთი სახისა გამოიყენოთ, რომელშიც ცოტაა მავნე (ტუტოვანი) ნივთიერება. არსებობს სპეციალური საშუალებებიც - პირსაბანი ქაფები, საშხაპე ჟელეები...
ამგვარი ნაწარმი შეიცავს ნეიტრალურ ნივთიერებებს, რომლებიც კანს არ აღიზიანებს. ისინი კანის ტიპის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. იღლიები, სასქესო მიდამოები, ხელები და ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით.
- შხაპის მიღებისას ჯერ ხელ-ფეხი დაისველეთ, მერე კი ტანი და სახე. როდესაც იგრძნობთ, რომ სხეული საკმაოდ გაგითბათ, მასაჟის კეთებას შეუდექით. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მაგარი ღრუბელი, უხეში ქსოვილის სპეციალური ხელთათმანი და სხვა. თავდაპირველად დაიზილეთ ფეხები ფეხისგულებიდან თეძოებამდე, მერე - ხელები ხელისგულებიდან მხრებამდე. ამის შემდეგ გადადით მუცელზე, მკერდსა და ზურგზე.
- მასაჟის შემდეგ ტანი დაიბანეთ ნეიტრალური შამპუნით ან გადაივლეთ გრილი წყალი.
- შხაპის ყოველი მიღებისას თავის დაბანა აუცილებელი არ არის. შხაპის შემდეგ ტანი პირსახოცით შეიმშრალეთ და 5-10 წუთით ლოგინში ჩაწექით. შხაპის ხანგრძლივობა 10-15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. შხაპი უნდა მიიღოთ ჭამის წინ ან ჭამიდან 1-2 საათის შემდეგ. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 35-37 გრადუსს, ხოლო გადასავლებად - 26-30 გრადუსს.
- ხელებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ხელები იბანეთ თბილი წყლითა და საპნით, გულდასმით შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით და წაისვით ხელის კრემი. თუ კანი აგექერცლათ ან გაგიწითლდათ, გაიკეთეთ რბილი წყლის აბაზანა. ამისთვის წყალს დაუმატეთ მანგანუმის რამდენიმე კრისტალი ან საჭმელი სოდა (1 ჩაის კოვზი 1 ლიტრ წყალზე). აბაზანის შემდეგ ხელები კარგად შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი ან ზეთი.
- თუ ფრჩხილები იოლად გემტვრევათ, 2-3 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიწმინდეთ ნებისმიერი ლოსიონით, მერე კი წაისვით მკვებავი მალამო. ეს პროცედურა აღადგენს ფრჩხილის მთლიანობას და ამავე დროს ხელს უშლის დუდკოს წარმოქმნას.
- თუ ხელი ზეთოვანი საღებავით დაგესვარათ, შეიზილეთ მცენარეული ზეთი, მერე კი თბილი წყლითა და საპნით დაიბანეთ.
- ხელების კანს ძალიან უხდება მასაჟი. ამისთვის აიღეთ გრეიპფრუტის ქერქი და 10 წუთის განმავლობაში იზილეთ ორივე მტევანი. მასაჟის შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ცხიმიანი კრემი.
- გამომშრალ, გაუხეშებულ და დამსკდარ ხელებზე დაიდეთ ასეთი ფაფა: თბილი კარტოფილი აჭყლიტეთ 1 სუფრის კოვზ რძეში. იდაყვების გაუხეშებულ კანზე 10 წუთით დაიწყვეთ გრეიფრუტის თხელი ნაჭრები. კანი დარბილდება.
- ფეხებზე ბებერები და კოჟრები რომ არ გაგიჩნდეთ, ატარეთ მორგებული ფეხსაცმელი და ყოველდღიურად იცვალეთ წინდები.
- ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში ყოველდღე მიიღეთ ფეხების თბილი აბაზანა მუხის ქერქის ნახარშით. ასევე სასარგებლოა ფეხებზე ტალკისა და ბორის მჟავას თანაბარი ნარევის მიყრა.
- პედიკური ჯობს საპარიკმახეროში გაიკეთოთ, თუმცა დამოუკიდებლადაც შეიძლება: თავდაპირველად მიიღეთ 10-15 -წუთიანი აბაზანა, შემდეგ გაიწმინდეთ და დაიჭერით ფრჩხილები სპეციალური მკვნეტელათი. ფრჩხილების მომრგვალება მიზანშეწონილი არ არის. კიდეები დაიმუშავეთ ქლიბით. მოიცილეთ ფრჩხილებზე წამომჯდარი ზედმეტი კანი. ფეხისგულები და ქუსლები გაიწმინდეთ პემზით. აბაზანის შემდეგ ფეხები გულდასმით შეიმშრალეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში იზილეთ - მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობას. მასაჟის კეთება დაიწყეთ თითებიდან.
ძალზე სასარგებლოა ფეხების ვარჯიში:
- აიწიეთ თითის წვერებზე, გადადით ქუსლებზე, მერე - ტერფების შიგნითა და გარეთა მხარეებზე.
- დაჯექით სკამზე, მოხარეთ და გაშალეთ თითები, ტერფები აბრუნეთ.