სპორტული მასაჟი

სპორტული მასაჟი ტრენირების აუცილებელი ნაწილია, რომელიც ამზადებს ორგანიზმს სპორტული დატვირთვებისთვის და ხსნის ფიზიკურ დაღლილობას ასეთი დატვირთვის შემდეგ. მას მიმართავენ ტრავმებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სპორტული მასაჟისა და მის სახეობათა შესახებ გვესაუბრება სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის თერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი ხათუნა ურუშაძე.
- დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ სპორტული მასაჟის რამდენიმე სახეობას:
- მოსამზადებელს (სამობილიზაციოს);
- აღდგენითს (რეპარაციულს);
- პროფილაქტიკურს, ანუ პრევენციულს (ჰიგიენური მასაჟი, თვითმასაჟი);
- სარეაბილიტაციოს.
სპორტული მასაჟის დროს გამოიყენება კლასიკური მასაჟის ძირითადი ილეთები: ხელსმა, ზელა, მოთელვა, დარტყმითი ილეთები, ვიბრაცია. შესრულების მეთოდის მიხედვით სპორტული მასაჟი შეიძლება იყოს ხელისა და აპარატული (ვიბრაციული, ვაკუუმისა, ჰიდრომასაჟი). ხელის მასაჟი წარმოადგენს ძირითად მეთოდს, ხოლო აპარატული - დამატებითს. სპორტში შესაძლებელია ასევე კრიომასაჟის, კოსმეტიკური მასაჟის და მასაჟის სხვა სახეების გამოყენება. ტოპოგრაფიული თვალსაზრისით სპორტული მასაჟი შეიძლება იყოს ზოგადი და რეგიონული (ადგილობრივი); ზოგადი მასაჟის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, სქესზე, ასაკზე, სპორტსმენის წონაზე და შეადგენს 15-35 წუთს.
მოსამზადებელი (სამობილიზაციო) მასაჟი
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სპორტში მნიშვნელოვნად გაიზარდა შეჯიბრებათა რაოდენობა, კონკურენცია, ფსიქოემოციური და ფიზიკური დატვირთვა. მნიშვნელოვანი ემოციური გადაძაბვა, რომელიც აღემატება მოცემული ინდივიდის ფსიქიკური ადაპტაციის შესაძლებლობებს, იწვევს ფსიქოლოგიური სტრესის განვითარებას. სპორტში მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა სპორტული (ფიზიკური) შრომისუნარიანობის დაქვეითება, გადაღლისა და ზეტრენირების (ფსიქოემოციური აშლილობის - ნევროზის) განვითარება. ამასთანავე, საგრძნობლად გაიზარდა ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე ტრავმის მიღების რისკი. სამობილიზაციო მასაჟი სიტყვიერ "შთაგონებასთან" ერთად გამოიყენება სპორტსმენის ორგანიზმის ფიზიკური, ფსიქიკური, ტექნიკური და სხვა რესურსების სამობილიზაციოდ. ვარჯიშის ან შეჯიბრების წინ ჩატარებული მოსამზადებელი მასაჟის გავლენით ხდება როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის - მიკროცირკულაციის, ლიმფის მიმოქცევის, ფერმენტული რეაქციების ფორსირება, ნივთიერებათა ცვლის სტიმულაცია. რეგულირდება ტემპერატურული ჰომეოსტაზი სხეულის იმ მიდამოებში, რომლებმაც უნდა განიცადოს ძირითადი დატვირთვა, ერთდროულად იმატებს კანისა და კუნთების ტემპერატურა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელი ფიზიოლოგიური ფაქტორია სპორტსმენისათვის, ვინაიდან აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, კუნთოვანი ბოჭკოების ელასტიკურობისა და კუმშვის ფუნქციას, პერიფერიული ნერვების აგზნებადობას, ოპტიმალურ პირობებს ქმნის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციური მდგომარეობის სრულყოფისა და ტრავმირების რისკის შესამცირებლად, ხსნის აპათიას, აუმჯობესებს ტონუსსა და სპორტულ ბრძოლისუნარიანობას.
მოსამზადებელი მასაჟის მეთოდიკა
მოსამზადებელი მასაჟი არ უნდა იყოს ტიპური. აუცილებელია ინდივიდუალურ-პიროვნული მიდგომა მოსამზადებელი ეტაპის, სპორტული ფორმის, სქესის, ასაკის, მეტეოროლოგიური პირობების, ბიორიტმების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ექიმს (მასაჟისტს) თითოეული სპორტსმენისთვის უნდა ჰქონდეს სპორტსმენის ფუნქციური მდგომარეობის, ფსიქიკის, ტრავმების, მოცემული მომენტისთვის სტარტების რაოდენობის, მომზადების დონისა და სხვა პარამეტრების ამსახველი რუკა. განსაკუთრებით გულმოდგინე მასაჟი უნდა შესრულდეს ტრენირებისა და შეჯიბრების წინ, არასასურველი კლიმატური პირობების დროს. ცივ და ქარიან ამინდში უპირატესობა ენიჭება ჰიპერემირებადი (ე.წ. გამახურებელი) მალამოებით დაზელას და მოთელვას, ხოლო ცხელ და ნესტიან ამინდში - "გამაგრილებელი" მალამოებით (ლინიმენტებით) ხელსმას, თათუნს, ჩხვლეტას, ბერტყვას და ზედაპირულ მოთელვას. თუ სპორტსმენი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, შეჯიბრების პერიოდში არ შეიძლება ვიბრაციის გამოყენება. მასაჟი სრულდება მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციაში. თავდაპირველად ხდება საყელოს ზონისა და ზურგის მასირება, შემდეგ - ქვემო კიდურების უკანა ზედაპირებისა, კისრისა, გულმკერდისა, ქვემო კიდურების წინა ზედაპირებისა, მუცლისა, ზემო კიდურებისა, ბიოლოგიურად აქტიური და მოტორული წერტილებისა. განსაკუთრებული გულმოდგინებით მუშავდება კუნთები და მათი ძვლებთან მიმაგრების ადგილები. მასაჟის მეთოდიკა დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე. ასე, მაგალითად, თავისუფალი სტილით მოცურავეებში უპირატესად სრულდება მხრის სარტყლის, წელის მიდამოსა და ქვემო კიდურების მასაჟი, მძლეოსნებში, მაგალითად, მორბენალებში - წელის მიდამოსა და ქვემო კიდურებისა. ასეთივე მასაჟია ნაჩვენები სიგრძეზე, სიმაღლეზე და სამმაგი მხტომელებისთვის.
მასაჟის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპორტის სახეობაზე, სპორტსმენის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, კუნთების აგზნების მაჩვენებლებსა და სხვა ფაქტორებზე. მასაჟის ხანგრძლივობა 5-15 წუთია. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია სავარჯიშო კოსტიუმის ჩაცმა და ზემოდან, დამატებით, დამცავი ქურთუკის შემოცმა. მასაჟი სრულდება ვარჯიშამდე (შეჯიბრებამდე) 30-45 წუთით ადრე.
- მორბენალებში (სპრინტერებში, დაბრკოლებებით მორბენალებში), სიგრძეზე და სამმაგ მხტომელებში განსაკუთრებით მუშავდება ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები, კოჭ-წვივის სახსრები, აქილევსის მყესი;
- სპორტის საწყლოსნო სახეობებში (ცურვა, წყალში ხტომა) მასაჟი სრულდება ზეთებით, ლინიმენტებით, რაც ამცირებს სითბოს გაცემას და ხელს უშლის სხეულის გადაცივებას;
- კლასიკური და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში მასაჟი სრულდება მალამოებისა და ზეთების გარეშე, ვინაიდან შეჯიბრების წესებით მათი გამოყენება აკრძალულია;
- სპორტის ჩქაროსნულ და მძლეოსნურ სახეობებში ხელსმას მინიმალური დრო ეთმობა, ვინაიდან ამ ილეთს კუნთებზე ძლიერი რელაქსაციური ზემოქმედება აქვს;
- საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ შეიძლება ანესთეტიკების, ჰორმონული და სხვა ინგრედიენტების შემცველი მალამოების გამოყენება - ეს აკრძალულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.
აღდგენითი (რეპარაციული) მასაჟი
აღდგენითი მასაჟი სრულდება სხვადასხვა სახის (ფიზიკური, გონებრივი) დატვირთვის შემდეგ, დაღლილობის მოსახსნელად, რათა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს სპორტსმენის ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქცია და გაიზარდოს შრომისუნარიანობა. ინტენსიური ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვა სპორტსმენის ორგანიზმის, მისი ფუნქციური სისტემების მკაფიო რეგულაციურ ცვლილებებს განაპირობებს. აღდგენითი მასაჟის ამოცანებია: მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა დაშლის) პროდუქტების ინაქტივაცია, სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის, კუნთების ტონუსის, კუნთების აგზნებადობის ნორმალიზება, სპინალური მოტონეირონების ფუნქციური მდგომარეობის აქტივაცია, კუნთების გადაღლის მოხსნა.
აღდგენითი მასაჟის მეთოდიკა
აღდგენითი მასაჟი სრულდება შეჯიბრების ან წვრთნის დამთავრებიდან 0,5-4 საათის შემდეგ (დაღლილობის კვალობაზე). სასურველია, ჩატარდეს ჩაბნელებულ ოთახში. მასაჟის დროს არ გამოიყენება დარტყმითი ილეთები - კეპვა, ჩხვლეტა და სხვა, ვინაიდან ეს ილეთები ამგზნებია და იწვევს კუნთოვანი ტონუსის, ვენური წნევის მომატებას, ლიმფისა და მიკროცირკულაციის გაუარესებას. პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, წონაზე, სპორტის სახეობაზე, დაღლილობის სიმძიმეზე, სპორტსმენის ფუნქციურ მდგომარეობაზე, საშუალოდ კი 10-დან 25-35 წუთამდე გრძელდება (ახალგაზრდა და ქალი სპორტსმენებისთვის - უფრო ნაკლებ ხანს). თუ სპორტსმენი ძლიერ არის დაღლილი, სრულდება ხანმოკლე, დამზოგველი მასაჟი - ძირითადად მუშავდება ზურგი, თავი და კისერი, ხოლო მეორე დღეს სრულდება ღრმა მასაჟი ხელსმის, დაზელისა და ღრმა მოთელვის კომბინირებით კუნთების ბერტყვასა და შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების გაჭიმვასთან ერთად. ხანგრძლივი მასაჟი ზედმეტი დატვირთვაა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემებისთვის, ასევე ნერვკუნთოვანი აპარატისთვის, და უფრო მეტად ღლის პაციენტს.
როგორც წესი, სრულდება ზოგადი, იშვიათად ლოკალური, ხანმოკლე მასაჟი 1-5 წუთის განმავლობაში - რაუნდებს შორის შესვენების, მატჩის დროს სპორტსმენის შეცვლის, ცდებს შორის დასვენების დროს. აღდგენითი მასაჟის ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია მზადების ეტაპზე (მოსამზადებელი პერიოდია თუ შეჯიბრებისა). მოსამზადებელ პერიოდში აღდგენითი მასაჟი ტარდება კვირაში 3-4-ჯერ, მეორე ტრენირების შემდეგ (დღეში ორჯერადი ვარჯიშის დროს). შეჯიბრების პერიოდში ყოველდღიურად სრულდება ორი პროცედურა (შეჯიბრების შემდეგ ტარდება დამზოგველი, ხანმოკლე მასაჟი, ხოლო საღამოს ან მეორე დღეს - გულმოდგინე). აღდგენითი მასაჟის 10-15 პროცედურის შემდეგ ვითარდება მიჩვევა - ადაპტაცია, ამიტომ აუცილებელია ზემოქმედების ინტენსივობის, ხანგრძლივობის, კომბინირების ცვლა და ინდივიდუალური მიდგომა დაღლილობის სტადიის, კუნთების მდგომარეობის, მომზადების ეტაპისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. აღდგენითი მასაჟის გავლენით მცირდება კუნთების ჰიპერტონუსი, უმჯობესდება ქსოვილების მიკროცირკულაცია და მეტაბოლიზმი, ნორმალიზდება ძილი და სასუნთქი მუსკულატურის ფუნქცია, პერიფერიულ სისხლში იმატებს ჰემოგლობინის კონცენტრაცია.