ზღვა და ქრონიკულად მოავადეები
ზღვაზე დასვენება და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ ჩვენს ჯანმრთელობას უფრო მეტი ზიანი არ მიადგეს? ამის გასარკვევად ექიმ ლევან ტარყაშვილს ვესტუმრეთ.
-
ბატონო ლევან, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებებით დავიწყოთ - ყველა ასეთი ავადმყოფისთვის შეიძლება თუ არა ზღვის კურორტზე დასვენება?
- არსებობს რევმატული დაავადებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ზღვაზე დასვენება მიზანშეწონილი არ არის. ასეთებია სისტემური ანთებითი აუტოიმუნური დაავადებები:
ულტრაიისფერმა სხივებმა შესაძლოა ანთება გაამწვაოს, რადგან იმუნურ სისტემას ასტიმულებს, ეს კი აუტოიმუნური დაავადებების დროს წინააღმდეგნაჩვენებია. თუ ასეთი პათოლოგიის მქონე პაციენტი მაინც ისვენებს ზღვის სანაპიროზე, უნდა შეეფაროს ქოლგას, თავი არიდოს მზის პირდაპირ სხივებს, ხოლო სხეული თხელი სამოსით დაიფაროს.
რაც შეეხება ოსტეოართროზს, ზღვის კურორტი მისთვის სასარგებლოც კია. მზის სხივები ამ შემთხვევაში ასტიმულირებს D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია დისტროფიულად დაზიანებული სახსრებისთვის. ცურვა ძლიერ უხდება საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, იგი შესანიშნავი განმტვირთველია. წყალში მსუბუქი ვარჯიში ადამიანს მოდუნებისა და "ხერხემალში გასწორების" საშუალებას აძლევს. ამასთან, მზის, სუფთა იონიზებული ჰაერის, ცურვის ერთობლიობა ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ააქტიურებს.
-
ნებადართულია თუ არა ზღვის კურორტზე დასვენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს?
- ეს საკითხი მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული პათოლოგიებით მოავადეთა ერთი ნაწილი ზღვის კურორტზე თავს მშვენივრად გრძნობს, ნაწილი კი, განსაკუთრებით - გულის უკმარისობით დაავადებულები, აქაურ კლიმატს ვერ ეგუება. ამიტომ ნებისმიერი საკითხი, ზღვაზე დასვენება იქნება ეს თუ სხვა ტიპის კურორტზე, ამ ტიპის პაციენტებისთვის აუცილებლად მკურნალი ექიმის კონსულტაციის შემდგომ უნდა გადაწყდეს.
-
რამდენად მისაღებია ამ ტიპის დასვენება ყელ-ყურ-ცხვირისთვის?
- მათთვის ძალიან სასარგებლოა თავად ზღვის წყალი, რომელიც კარგად ასუფთავებს ცხვირსა და ყელს. ორგანიზმის გაკაჟება იმუნიტეტზე დადებით გავლენას ახდენს, ლორ-ორგანოების თავდაცვით ფუნქციებს აძლიერებს. იონები, რომლებსაც ზღვის ჰაერი შეიცავს, აძლიერებს ცხვირისა და ყელის ლორწოვან გარსს. განსაკუთრებით ვურჩევდი ზღვაზე დასვენებას მათ, ვინც ადენოიდიტს, ქრონიკულ ტონზილიტს, ქრონიკულ არაალერგიულ რინიტს უჩივის.
გარკვეული აკრძალვები აქაც არის. მაგალითად, ზღვა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც სასმენი მილის ცუდი გამტარობა აქვს - შესაძლოა, ცურვისას დაფის აპკი დაუზიანდეს, მათ კი, ვისაც ადრე დაზიანებია იგი, ვურჩევ, ბანაობის წინ ყური ბამბის საცობით დაიცონ.
-
რა იკრძალება დერმატოლოგიური სნეულებების დროს?
- ულტრაიისფერ სხივებს, გარდა იმისა, რომ D ვიტამინის გამომუშავებას ასტიმულირებს, შესანიშნავი ციტოსტატიკური ეფექტიც აქვს. მზის სხივების ზომიერი ზემოქმედებით წყდება უჯრედების ზრდა, მათ შორის - ბაქტერიებისაც, ამიტომ ზღვაზე დასვენების შემდეგ ერთგვარ უკეთესობას გრძნობენ ვულგარული ფერიმჭამელებისა და ბაქტერიული გამონაყარის მქონე პაციენტები.
რაც შეეხება ზღვის მლაშე წყალს, ის სასარგებლოა კანის მხოლოდ ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ფსორიაზის დროს. მან, ვისაც ანთებითი დაავადება, მაგალითად, ეგზემა ან ატოპიური დერმატიტი აქვს, ფრთხილად უნდა იბანაოს - მარილიან წყალს შეუძლია, უფრო მეტად გააღიზიანოს კანი.
კანის სნეულებების მქონე პაციენტებმა მზის აბაზანების მიღებისას არ უნდა გამოიყენონ კოსმეტიკური საშუალებები - ამით გააძლიერებენ მზისადმი კანის მგრძნობელობას და ხელს შეუწყობენ ფოტოალერგიული რეაქციების აღმოცენებას. კანის ფოტოსენსიბილიზაციას აძლიერებს ზოგიერთი პროდუქტიც: წითელი ღვინო, ლუდი, ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, შოკოლადი, მწარე, მკვეთრარომატიანი სანელებლებით შეზავებული სადილები.
-
როგორ მოქმედებს ზღვაზე დასვენება ნევროლოგიური პროფილის პაციენტებზე?
- ხმაურიანი, ხალხმრავალი გარემო ტვინისთვის დიდი დატვირთვაა, თუმცა ზღვის სანაპირო უხდება ნევროზს და ქრონიკული გადაღლის სინდრომს. ზურგის ტკივილზე - ოსტეოქონდროზზე, რადიკულიტზე, თიაქარზე, კუნთების გადატვირთვაზე - ცურვა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს, განტვირთავს ხერხემალსა და კუნთებს. სასარგებლოა ცურვა მათთვისაც, ვისაც სამსახურის ან ჭარბი წონის გამო მუდმივად გადატვირთული აქვს მენჯ-ბარძაყის, მუხლისაა და ტერფის სახსრები. გაფანტულ სკლეროზს ზღვა ამწვავებს. ზღვაზე დასვენება აკრძალულია ტვინის სიმსივნური დაავადების მქონე და ინსულტისკენ მიდრეკილი პირებისთვის. ზღვა სასარგებლოა მათთვის, ვისაც სერიოზულად არ აქვს შერყეული ნერვული სისტემა. ბევრი ზღვაზე თავს აღწევს დეპრესიას.
-
ხშირად გაიგონებთ, რომ ზღვა სასარგებლოა სასუნთქი სისტემის დაავადებებისთვის. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?
- ზღვის ჰაერი მეტად სასარგებლოა პნევმონიის შემდეგ. ტრადიციულად, რეკომენდებულია იგი ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომ პერიოდშიც. მარილებით გაჯერებული ზღვის ჰაერი ხელს უწყობს ბრონქებში დაგროვილი ლორწოსა და ნახველის გათხელებას, ამიტომ ზღვაზე დასვენება არგებთ მათაც, ვინც ქრონიკული ბრონქიტითა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით იტანჯება. სამაგიეროდ, სიფრთხილე მართებთ ბრონქული ასთმითა და ალერგიით მოავადეებს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასთმიანები ზღვაზე ჩასვლისთანავე მდგომარეობის გაუარესების გამო უკანვე დაბრუნებულან. ასეთებს მთის ჰაერი უფრო მეტად უხდებათ.
-
თირკმლის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ხშირად კითხულობენ, სად ჯობს დასვენება მათთვის.
- ასეთ ავადმყოფებს ეკრძალებათ ყველაფერი, რაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, კვების ჩვეული რეჟიმის დარღვევას და ორგანიზმის გადაცივებას უკავშირდება. ზაფხულში მათ შეუძლიათ დაისვენონ ზღვაზე - მისი წყლის თბოგამტარობა რამდენჯერმე აღემატება ჰაერისას, ამიტომ ზღვაში სხეული სითბოს უფრო სწრაფად გასცემს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის მრავალი ფუნქციის აქტივაციას და ტონუსში მოჰყავს როგორც თირკმელი, ისე შარდგამომყოფი გზები. ცურვა ამ შემთხვევაში ერთგვარი ვარჯიშია სისხლძარღვებისთვის, მათი გაკაჟების საწინდარია, თუმცა წყლის დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში მოსალოდნელია გადაცივება, რაც ასეთი პაციენტებისთვის სასურველი არ არის.
ზღვაზე ბანაობა ნებადართულია ქრონიკული პიელონეფრიტით დაავადებულთათვისაც, ოღონდ მოკლე ხანს და წყლის არანაკლებ 22 გრადუსი ტემპერატურის პირობებში, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება რემისიის (მიძინების) სტადიაშია. მათთვის უკუნაჩვენებია მზეზე დიდხანს ყოფნა და გარუჯვა. ნებადართულია მხოლოდ ხანმოკლე მზის აბაზანები რემისიის სტადიაში. გასათვალისწინებელია, რომ თირკმელების ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები ძნელად ეგუებიან კლიმატური პირობების შეცვლას, ამიტომ სასურველია, ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე ზონაში დაისვენონ.
-
რას ურჩევდით ზღვაზე დასასვენებლად წასულ ქრონიკულად მოავადეებს?
- ნებისმიერ ქრონიკულად მოავადე ადამიანს უნდა ახსოვდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები და ზედმიწევნით შეარულოს ისინი, როდესაც დასასვენებლად სახლიდან შორს მიემგზავრება. არ უნდა დაირღვეს მედიკამენტების მიღების ჩვეული რეჟიმი; მკაცრად დავიცვათ ზოგადი ჰიგიენის წესები, რაციონალური კვების პრინციპები, რაციონში საკმარისი რაოდენობით ჩავრთოთ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ამ ტიპის პაციენტებისთვის აუცილებელია.
აგარაკსა და კურორტზე ადამიანის ჯანმრთელობას კლიმატური პირობების შეცვლაც აუარესებს - მათ მიმართ ზოგიერთი ძალზე მგრძნობიარეა. განსხვავებული ჰაერი, წყალი, ტემპერატურა, საცხოვრებელი გარემო და საკვები ორგანიზმში ფიზიოლოგიურ ძვრებს იწვევს, რომელთა მიზანიც ახალი კლიმატური პირობებისადმი შეგუებაა, რაც 3-4 დღე გრძელდება და აკლიმატიზაციად იწოდება, ქრონიკულად მოავადეებს სწორედ პირველ დღეებში უძნელდებათ ყველაზე მეტად ახალ გარემოსთან შეგუება.
პირველი, რაც ამ დროს იჩენს თავს, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის მუშაობის ცვლილებებია:
- არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება,
- გულისცემის გახშირება,
- უჰაერობა, დიარეა,
- მუცლის შებერვა,
- ღებინება,
- მოგვიანებით მათ უძილობა, ფორიაქი, მოუსვენრობა და სისუსტე დაერთვის.
სწორედ ამიტომ ქრონიკულად მოავადეთათვის ზაფხულში, დასასვენებლად აგარაკზე ან კურორტზე წასვლისას, განსაკუთრებით მკაცრდება ცხოვრების ჩვეული წესი და მასთან დაკავშირებული აკრძალვები.