სად დავისვენოთ? - საქართველოს კურორტები
- ასე დაიწყო "ოჯახის მკურნალთან" საუბარი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ნიკოლოზ სააკაშვილმა. ჩემი მისვლის მიზანი საქართველოს კურორტების მოკლე მიმოხილვა გახლდათ. მინდოდა, მკითხველისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათ შესახებ და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი უნიკალური კურორტებია, რომელთა ბადალი მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება.
- მინდა, თავიდანვე ვთქვა ერთი რამ: სახელმწიფოთა უმრავლესობას განსაკუთრებული არაფერი გააჩნია, მაგრამ წვრილმანისგან ისეთ რამეს ქმნის, რაც ხალხის მიზიდვაში დაეხმარება. ჩვენ კი უზარმაზარი კოზირი გვიჭირავს ხელში. სამწუხარო ის არის, რომ მას პიარი აკლია. დღეს ამბობენ, რომ ევროპაში მხოლოდ ერთი დედაქალაქი-კურორტია - ბუდაპეშტი თავისი გოგირდოვანი წყლებით და მაღალ დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში მეორე დედაქალაქი-კურორტიც არის. ეს გახლავთ თბილისი. მართალია, უნგრეთს ჯერჯერობით ვერ შევედრებით, მაგრამ იმედია, ამ კონტრასტს მალე შევამცირებთ. მით უმეტეს, პერსონალით, დიზაინითა და ინფრასტრუქტურით თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი დღესაც მიმზიდველია.
ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგახსენებთ: სიდამონ ერისთავის ნახაზი, უფრო სწორად, ნახატი, რომელიც აქ ინახებოდა, თეატრისა და კინოს მუზეუმშია სარესტავრაციოდ გაგზავნილი. ეს ნახატი მას 1932 წელს შეუკვეთა ამ კურორტის აღმშენებლობის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა მიხეილ ზანდუკელმა. ეს იყო სქემა კურორტოლოგიური დაწესებულებებისა, რომლებსაც გოგირდის აბანოებიდან თელეთის ხეობამდე მთელი ტერიტორია უნდა მოეცვა. ამას, ეტყობა, ომმა შეუშალა ხელი, თორემ ეს იდეა რომ განხორციელებულიყო, მსოფლიოში პირველები ვიქნებოდით. გარდა გოგირდოვანი წყლებისა, აქ არის უნიკალური მიკროკლიმატი, რომელსაც ქმნის სუბტროპიკული კლიმატი, ბოტანიკური ბაღი, მიწისქვეშა თერმული წყლების დინება, მტკვარი და მთლიანად თელეთის ხეობა ერთ კომპლექსად აღებული. ეს კომბინაცია იძლევა ისეთ ფანტასტიკურ კლიმატს, რომელიც, ჩემი აზრით, უნგრეთში ნამდვილად არ არის.
კითხვაზე: "სად დავისვენოთ?" - ასეთი პასუხი მაქვს: თბილისში. ზოგს ალბათ გაეცინება, მაგრამ ეს მართლა შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია. არ ჩამოგითვლით იმ ხალხს, ვინც ახლა დადის ჩვენთან და აქაური აბაზანებითა და კლიმატით იკაჟებს ორგანიზმს თუ აღიდგენს ჯანმრთელობას; მხოლოდ ერთ ისტორიულ ფაქტს შეგახსენებთ: ამ კურორტზე აბაზანებს იღებდა ინდირა განდი. ეს ფაქტი ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან უმეტესობა ისეთ ადგილებს ეტანება, სადაც დიდი ადამიანები ისვენებდნენ.
- და მაინც, კურორტულ მკურნალობაზე საუბრისას პირველ რიგში იმას კითხულობენ, როდის ჯობს დასვენება და რას მკურნალობენ ამა თუ იმ კურორტზე.
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ბალნეოლოგიურ კურორტზე დასვენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. იყო დრო, როდესაც ნოემბრიდან მარტის, აპრილის ჩათვლით აქ მკვდარი სეზონი იდგა. ეს იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. დღეს აქ ყოველგვარი პირობაა საიმისოდ, რომ ადამიანმა გემო გაუგოს იმ სიკეთეს, რასაც ქართული თერმული წყლებითა და სამედიცინო ტალახით მკურნალობა ჰქვია.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი მიმართულება გახლავთ ძვალ-სახსართა, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები. დღეს მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ იმაზე, რომ გაახალგაზრდავდა ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, ართრიტები, ართროზები და მრავალი სხვა დაავადება... არნახულ შედეგებს მივაღწიეთ ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორებიც არის უშვილობა, პროსტატიტი. ხაზს ვუსვამ: ფასები, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ჩვენთან საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარდა ტალახისა, პროსტატიტების მკურნალობისას კარგი შედეგი აჩვენა კამელინმაც. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებისა, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე ადამიანმა შეიძლება უმკურნალოს პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს, ნევროზებს, კანის დაავადებებს - ნეიროდერმიტს, ფსორიაზს... უკანასკნელ შემთხვევაში ტოტალური გამონაყარი, რომლის გულგრილად შეხედვა პროფესიონალსაც კი არ შეუძლია, რამდენიმე აბაზანის შემდეგ აბსოლუტურად იხსნება ხანგრძლივი რემისიით. ამ მხრივ ნუნისიც შესანიშნავია, მაგრამ ზაფხულში ქალაქიდან გასვლის საშუალება ყველას არ აქვს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ თამამად მოვიდნენ ბალნეოლოგიურ კურორტზე და აქ იმკურნალონ.
ნევროზის მკურნალობისას ძალიან მნიშვნელოვანია წყლის პროცედურები. ბალნეოლოგიურ კურორტზე ვიყენებთ წყალქვეშა მასაჟს, წვიმის შხაპს, შარკოსა და ცირკულარულ შხაპს. დაუმატეთ ამას გოგირდოვან-მარგალიტოვანი აბაზანებიც - ფანტასტიკური კომბინაცია გოგირდოვანი წყლისა და სპეციალური დანადგარით მასში შერეული ჟანგბადისა. ასეთი ნაზავი არაჩვეულებრივ სედაციურ ეფექტს იძლევა. მეორე-მესამე სეანსის შემდეგ აბაზანიდან ამოსული პაციენტი საოცარ სიმსუბუქეს გრძნობს. მეტად მნიშვნელოვანია ფიზიოთერაპიული სამსახური. კურორტზე მშრალი და წყალქვეშა დაჭიმვებიც კეთდება. დანერგილია მკურნალობის ისეთი სახეები, როგორებიცაა ბავშვთა კინეზოთერაპია, ზოგადგამაჯანსაღებელი მასაჟი, ტაილანდური მასაჟი, რომელსაც პროფესიონალები აკეთებენ, მასაჟი ტერფებით, რომელიც ჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია გაიკეთოს. მასაჟის ქართულ სკოლას ხელმძღვანელობს გამოცდილი სპეციალისტი, პროფესორი ნიკოლოზ ავალიანი. სამწუხაროა, რომ ვერ ვიყენებთ ჩვენსავე კადრებს, რომლებსაც ძალიან კარგად იყენებენ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - ეს გახლავთ სამედიცინო გამაჯანსაღებელი, სარეაბილიტაციო ობიექტი, სადაც ყველას შეუძლია მოსვლა - ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც. ჯანმრთელ ადამიანსაც სჭირდება რელაქსაცია და პროფილაქტიკა მომავლისთვის. სამწუხაროდ, დღეს ბევრ ექიმს დაავიწყდა, რა არის მინერალური წყლით მკურნალობა, იმიტომ, რომ მას არ აპიარებენ. არადა, მინერალურ წყლებს უდიდესი შესაძლებლობები აქვს. მაგალითად ავიღოთ უნიკალური წყალი - ბორჯომი. ზოგი დილით, ნაბახუსევზე დალევს მას და ჰგონია, ამით მორჩა. სინამდვილეში ბორჯომი არის არაჩვეულებრივი ნაღველმდენი, სეკრეციის დამარეგულირებელი; მას აქტიურად იყენებენ ნაღვლის ბუშტის გამოსარეცხად, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს და სხვა. გუნდაური ავიღოთ, აჭარის მთიანეთის წყალი. მე ის საკუთარ თავსა და რამდენიმე ნაცნობზე გამოვცადე და შესანიშნავი შედეგი მივიღე არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროს. ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება...
კურორტოლოგია ფუფუნება კი არა, რეაბილიტაციის - ჯანმრთელობის აღდგენის ერთადერთი საშუალებაა, რეაბილიტაცია კი მსოფლიოში მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია. ახლა კი შეძლებისდაგვარად საქართველოს სხვა კურორტებსაც გადავავლოთ თვალი: ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე - 700-დან 2200 მეტრამდე - განლაგებულ კურორტთა გრანდიოზულ კომპლექსს ბადალი არც საქართველოში და არც მის გარეთ არ მოეპოვება. ამ რაიონის ყველაზე მნიშვნელოვანი კურორტები და სამკურნალო ადგილებია: ბორჯომი (ლიკანთან ერთად), დიდი და პატარა ცემი, ლიბანი, ტბა, ციხისჯვარი, ბაკურიანი, დაბა, დიდი და პატარა მიტარბი, მზეთამზე, მაჭარწყალი, ახალდაბა. მთის შესანიშნავ კლიმატთან ერთად აქ უხვად არის სხვადასხვა ტიპის სამკურნალო წყაროები.
წაღვერი (1025-1100მ) მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. იგი ყოველი მხრიდან წიწვოვანი ტყით დაბურული მთებითაა გარემოცული. მისი ძირითადი სამკურნალო ფაქტორები ტენიანი სუფთა ჰაერი და მზის რადიაციით მდიდარი ჰავა გახლავთ. კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია წაღვერის ნახშირმჟავა, რკინიანი, ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი მინერალური წყაროები. ყოველივე ამის გამო წაღვერი საუკეთესო ადგილია კომბინირებულ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისთვის. წაღვერში (ბაგიათი, ვანი (ბაბანური), ვარდევანი, ვეზური, ლასკადურა, ლესე, მაჭარწყალი, მიტარბი, ტიმოთესუბანი, ფლატე, ძუღური)
კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკულ გასტრიტებთან, ჰეპატოქოლეცისტიტებსა და საშარდე გზების დაავადებებთან შერწყმული ყველა ის დაავადება, რომელთათვისაც ნაჩვენებია კურორტ დარიალსა და ბახმაროზე მკურნალობა;
უკუჩვენებები - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კომპენსაციის დარღვევით, ფილტვების ღია აქტიური ტუბერკულოზი, ნეფროზონეფრიტები და საშარდე-სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებები.
ბაკურიანი (1750-1950მ) მაღალი მთის კლიმატური კურორტია. მისი ჰავა მშრალია. ახასიათებს თანაბარი ტემპერატურა, მზის უხვი რადიაცია და ნალექების ზომიერი რაოდენობა. იქ დასვენება განსაკუთრებით კარგია ზამთარში. ბაკურიანში (ბეშუმი, გომის მთა, ბახმარო)
მკურნალობის ჩვენებებია: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებები, ლიმფადენიტები, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, მალარია, რაქიტი, ბრონქული ასთმის სუბუქი და საშუალო ფორმები, რეკოვალესცენტები.
შოვი. მდებარეობს ონის რაიონში, მდინარე ჭანჭახის ხეობაში ზღვის დონიდან 1600 მეტრზე. აქაც ბევრია ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან-ნატრიუმიანი და რკინიანი სამკურნალო წყალი. შოვის მინერალურ წყაროებს ჯერჯერობით მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ.
ამ კურორტის კლიმატური ფაქტორების შეხამება მის ბალნეოთერაპიულ ფაქტორებთან ერთობ ხელსაყრელია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისათვის. შოვში (ახალჭალა, ნეძვი, უწერა, წინუბანი)
მკურნალობის ჩვენებებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, პირველი ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია (კანადის კარდიოლოგთა ასოციაციის კლასიფიკაცია), ესენციური ჰიპერტენზიის პირველი სტადია (ჯანმო-ს კლასიფიკაცია), ესენციური ჰიპოტენზია, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქვედა კიდურების სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, პროგრესირებადი იშემიის და განგრენის გარეშე, თრომბოფლებიტები, მწვავე პროცესის ჩაცხრობიდან 2-4 თვის შემდეგ; ასევე - სასუნთქი სისტემის დაავადებები: ბრონქული ასთმა - მსუბუქად მიმდინარე, რემისიის სტადიაში, ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები - რეფლუქსეზოფაგიტი, გამნწვავების ფაზის გარეშე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული სრული ან არასრული რემისიის ფაზაში, სისხლდენებისკენ მიდრეკილების გარეშე, ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ, ინფექციური ჰეპატიტი არააქტიურ ფაზაში და მისი ნარჩენი მოვლენები დაავადების გადატანიდან 1-2 თვის შედეგ, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი, ქრონიკული პანკრეატიტი; შარდსასქესო სისტემის დაავადებები; გინეკოლოგიური დაავადებები, ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები და სხვა.
აბასთუმანი (1250-1500 მ). იგი ძველთაგანვეა ცნობილი გამაჯანსაღებელი ჰავითა და ჰიპერთერმული (48 გრადუსი) გოგირდოვანი მინერალური წყლებით. წყლები ჩინებული დამხმარე ფაქტორია თანამგზავრ დაავადებათა (ქრონიკული პოლიართრიტების, ნერვული, გინეკოლოგიური და კანის ზოგიერთი დაავადების) სამკურნალოდ ფილტვების ტუბერკულოზური პროცესის სრული კომპენსაციის დროს.
ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევისა და ფილტვების სასუნთქი ფართობის მნიშვნელოვანი შეზღუდვის გარეშე; ფილტვების ტუბერკულოზის თანხლებით მიმდინარე დაავადებები: ხორხის ტუბერკულოზის არაწყლულოვანი ფორმები, ტუბერკულოზური ლიმფადენიტები და პლევრიტები მცირედ მომატებული ტემპერატურით; პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი დიდი დაჩირქებების გარეშე, ქრონიკული ბრონქიტი მკვეთრი ემფიზემის გარეშე, ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები, მეორეული სისხლნაკლულობა.
უკუჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი დეკომპენსაციის სტადიაში, ფილტვების ტუბერკულოზი სასუნთქი ფართობის მნიშვნელოვანი შეზღუდვით, სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ირიტაციული ნევროზები.
თბილისის ჯგუფის კურორტები
კოჯორი (1350მეტრი) თბილისიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. კურორტს ღირსებებს მატებს ტერიტორიის გაშლილობა, მცენარეთა სიუხვე, ჰაერის ზომიერი ტენიანობა, მზის რადიაციის დიდი ხანგრძლივობა და ინტენსივობა ჰაერის მუდმივ მოძრაობასთან ერთად. კოჯორი განსაკუთრებით ზაფხულის თვეებშია კარგი - აქ ჰაერის ტემპერატურა 6-7 გრადუსით დაბალია. კოჯორი ძირითადად საბავშვო კურორტია. კოჯორში (ასპინძა, ბიისი, თეთრი წყლები, კოდიბინი, ნაგუთნი, სადგერი) მკურნალობის ჩვენებებია ლიმფადენიტები, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი, ბრონქული ასთმა, მალარია და სხვა;
უკუჩვენებები - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები დეკომპენსაციის პერიოდში, ტუბერკულოზის ღია ფორმები და ყველა დაავადება, რომლებიც საზოგადოდ უკუნაჩვენებია კურორტზე მკურნალობისთვის.
მანგლისი (1200მ) (გომარდული, გომბორი, თეთრი წყარო, კიკეთი, ლიბანი, მზეთამზე, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ცივი კოდა, ცხრაჯვარი). ჩვენებები: ფილტვის ტუბერკულოზის დახურული ფორმები, ბრონქული ასთმის იოლი და საშუალო ფორმები, ქრონიკული ბრონქიტი. უკუჩვენებები იგივე აქვს, რაც კოჯორს.
კიკეთი (გომარდული, გომბორი, თეთრი წყარო, მანგლისი, ლიბანი, მზეთამზე, პატარა ცემი, ტბა, ცემი, ცივი კოდა, ცხრაჯვარი) და წყნეთიც (ახალდაბა, დვირი, სურამი, ქვიშხეთი, ხოვლე) ჩვენებებითა და უკუჩვენებებით თბილისის საგარეუბნო კურორტების ჯგუფს მიეკუთვნება.
ახტალა. გურჯაანის რაიონში, ალაზნის ველზე არსებული ეს კურორტი ზღვის დონიდან 410-430 მეტრზე მდებარეობს. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია, ზამთარი - რბილი. ფოთლოვან ტყეებთან ერთად ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს ქმნის დაბალი მთის ჰავა და ფსევდოვულკანური წარმოშობის ტალახი.
მკურნალობენ: ტალახის აბაზანებით (ზოგადით და ადგილობრივით), ვაგინალური და რექტალური ტამპონებით, პასიური კლიმატოთერაპიით. ახტალაში (კუმისი) მკურნალობის ჩვენებებია გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, მათ შორის - უშვილობა, გამოწვეული საშვილოსნოს, ფალოპის მილების და საკვერცხეების ანთებითი პროცესებისა და საშვილოსნოს თანდაყოლილი განუვითარებლობით, მენოპაუზა, კლიმაქსური პერიოდი ონკოლოგიური დაავადებების გარეშე; მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, ჰიპომენორეა და სხვა.
თორღვას აბანო თელავის რაიონში მდებარეობს, სადაც საშუალო მთის (ზედა სარტყელი) კლიმატი ბატონობს. ზამთარი აქ ცივია, მდგრადი, თოვლის დაბალი საფარით, ზაფხული - ზომიერად თბილი, მშრალი. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 55%-ია. აქ გავრცელებულია წიწვოვანი ტყეები (კავკასიური ნაძვი, სოჭი). ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა და სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-კარბონატულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები გოგირდწყალბადის, კაჟმჟავას შემცველობით. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებით, პასიური კლიმატოთერაპიით. ჩვენებები: ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათ ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები: ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე, მცირე ფიზიკური აქტივობით გამოწვეული სიმსუქნე, ნევროგენული წარმოშობის ლიპიდური ცვლის დარღვევები, პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპოფუნქციის შედეგად განვითარებული ოსტეოქონდროზი ნევროგენული ცვლილებების გარეშე; რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტით); რადიკულიტი, რადიკულონევრიტი, გამოწვეული ოსტეოქონდროზით და ტოქსიკური ან ინფექციურ-ალერგიული პროცესით; ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, შარდსასქესო სისტემის დაავადებები და სხვა.
წყალტუბო (აბაზანები, გამოქვაბული). წყალტუბოში კლიმატი სუბტროპიკულია. სიმაღლე ზღვის დონიდან - 95-120 მეტრი. კურორტზე მარადმწვანე ბუჩქნარი და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ტყეები ხარობს. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია სუსტად რადიაქტიური რადონული, აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები, +35-+37 გრადუსი ტემპერატურით; კარსტული გამოქვაბულები. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებითა და ინჰალაციებით, სპელეოთერაპიით.
ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, გულის შეძენილი მანკები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სხვა; შარდსასქესო სისტემის დაავადებები - ქრონიკული პიელონეფრიტი რემისიის ფაზაში, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი არატუბერკულოზური წარმოშობის, ქრონიკული პროსტატიტი; გინეკოლოგიური დაავადებები; ძვალ-სახსარტა სისტემის დაავადებები: რევმატოიდული პოლიართრიტი, ინფექციური პოლიართრიტი პროცესის აქტივობის ნიშნების გარეშე, ზრდასრულთა ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მაანკილოზებელი სპონდილოართროზი, ხერხემალში მოძრაობის გამოხატული დარღვევების გარეშე, სპონდილიტი და ინფექციური წარმოშობის (არატუბერკულოზური) ოსტეოქონდროზი პაციენტის თვითგადაადგილების უნარით, მიოზიტი, პერიართრიტი, სახსრების კონტრაქტურები; ნერვული სისტემის დაავადებები; ენდოკრინული სიმსუქნე, ალიმენტური სიმსუქნე და სხვა.
ქობულეთი - ეს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ქალაქის ტიპის რაიონული ცენტრი გახლავთ. აქ კლიმატი ზღვისპირა, ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი რბილი, უთოვლოა, ზაფხული - ძლიერ თბილი, ნოტიო. ქობულეთის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები გახლავთ ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და ზღვის აბაზანები), ზღვაში ბანაობა, ზღვის წყლის აბაზანები, ტერენკურით (სამკურნალო, დოზირებული სიარული) და სხვა. ქობულეთში (ბესლეთი, ბიჭვინთა, გაგრა, განთიადი, ეშერა, კინდღი, ლესელიძე, მალთაყვა, მახინჯაური, სუფსა)
მკურნალობის ჩვენებებია გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, შარდსასქესო და ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, სისხლის დაავადებები - რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტით), ენდოკრინული სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები, მათ შორის - ენდოკრინული, ალიმენტური და მცირე ფიზიკური აქტივობით გამოწვეული სიმსუქნე, თირეოტოქსიკოზი, მსუბუქი ფორმის და თირეოტოქსიკოზთან დაკავშირებული სხვა დაავადებები, მიქსედემა, მსუბუქი ფორმის, ჰიპოთირეოზი თირეოიდული სიმსუქნით და სახსრებსა და ხერხემალში დისტროფიული ცვლილებებით.
ურეკი. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 2-10 მეტრია. აქ დასვენება განსაკუთრებით ზაფხულობით არის სასარგებლო. კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი - რბილი, უთოვლო, ხოლო ზაფხული - ძალიან თბილი, ნოტიო. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 საათია. სუბტროპიკული ფლორა (პალმა, ევკალიპტი და სხვა მცენარეულობა) ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკულ ჰავასთან და ზღვის წყალთან ერთად, პლაჟის ქვიშა, რომელიც დიდი რაოდენობით მაგნეტიტური რკინის ნაწილაკებს შეიცავს, უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია. მკურნალობენ თალასოთერაპიით (ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვა), მაგნეტიტური ქვიშის აბაზანებით.
ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის დაავადებები.
ბახმარო. მესხეთის (აჭარა-იმერეთის) ქედის ფერდობებზე შეფენილი ეს კურორტი ზღვის დონიდან 1913-1990 მეტრზე მდებარეობს. აქ კლიმატს საშუალო მთისა (ზედა სარტყელი) და ზღვის ჰავის შეხამება ქმნის. ბახმარო განსაკუთრებით სასარგებლოა ზაფხულში, რადგან ზამთარი აქ საკმაოდ ცივია, თოვლის საფარი კი ძალიან მაღალია (ზოგჯერ მისი სიმაღლე 4-5 მეტრს აღწევს) და 6 თვემდე რჩება. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვის ჰავასთან შეხამებული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა.
მკურნალობენ პასიური და აქტიური (ჰაერისა და მზის აბაზანები) კლიმატოთერაპიით. ბახმაროში (ბაკურიანი, ბეშუმი, გომის მთა)
მკურნალობის ჩვენებებია: გულის იშემიური დაავადება, პირველი ფუნქციური კლასის დაძაბვის სტაბილური სტენოკარდია, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიოკარდიოდისტროფიები, გულის სარქვლების შეძენილი მანკები მარცხენა ვენური ხვრელისა და აორტის გამოხატული სტენოზის გარეშე, აქტიური პროცესის ჩაცხრობიდან 6-8 თვის შემდეგ, ესენციური ჰიპოტენზია, ბრონქული ასთმა - მსუბუქად მიმდინარე, რემისიის სტადიაში, ქრონიკული არაობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი რემისიის სტადიაში, რკინადეფიციტური ანემია (სისხლნაკლებობით, მძიმე პათოლოგიებით ან პოსტჰემორაგიული ავიტამინოზით გამოწვეული რკინის დეფიციტით).
საირმე. იმერეთში მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 1100 მეტრია. რელიეფი მთაგორიანია. კლიმატი აქ სუბტროპიკული სარტყლის საშუალო მთის (ქვედა სარტყელი) ტყიანი ზონისაა. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა, ნახშირმჟავა, კაჟიანი, ბორიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,7-9,9 გ/დეციმეტრ კუბზე და ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატული, კალციუმიან-მაგნიუმიანი, კაჟიანი, რკინიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,4-3,0 გ/დეციმეტრ კუბზე (გამოიყენება სასმელად). საირმის ცენტრიდან 5 კილომეტრზე მდებარეობს ადგილი უდაბნო, სადაც მოიპოვება აზოტიან-მეთანიანი, სუსტად სულფიდური, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ-კალციუმიან-მაგნიუმიანი მინერალური წყლები საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დეციმეტრ კუბზე (გამოიყენება აბაზანებისთვის). მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებითა და მინერალური წყლის მიღებით (სმით), პასიური კლიმატოთერაპიით.
ჩვენებები: შარდსასქესო სისტემის დაავადებები: ქრონიკული პიელონეფრიტი რემისიის ფაზაში, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი - არატუბერკულოზური წარმოშობისა, ქრონიკული პროსტატიტი (არატუბერკულოზური), შარდკენჭოვანი დაავადება - თირკმლის, შარდსაწვეთებისა და შარდის ბუშტისა, გართულებული პიელონეფრიტითა და ცისტიტით, თუ კენჭები ხელს არ უშლის შარდის გამოყოფას ან კენჭი გამოვიდა 1,5-2 თვის წინ, ასევე - რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, შარდმჟავა დიათეზის სხვადასხვა კლინიკური ფორმა, პირველი და მეორე ხარისხის ქრონიკულად მიმდინარე სხივური დაავადება პაციენტის დამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობით, ქრონიკულად მიმდინარე პროფესიული მოწამვლა, მძიმე ლითონებით მოწამვლა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები, მათ შორის - ქრონიკული გასტრიტები და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, ქრონიკული ჰეპატიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი და პანკრეატიტი და სხვა.
ნუნისი. ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთში მდებარე ამ კურორტის სიმაღლე ზღვის დონიდან 750-800 მეტრია. ფოთლოვანთან (მუხა, წიფელი, რცხილა) ერთად აქ შეგხვდებათ წიწვოვანი (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) ტყეებიც. ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, ეთანიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-კარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმ-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დეციმეტრ კუბზე. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებით, პასიური კლიმატოთერაპიით.
ჩვენებები: კანის დაავადებები - ფსორიაზი (ქრონიკული სტადია) ერითროდერმიის ზამთრის ფორმის გარეშე, ართრალგიისა და ართროზის საწყისი ფორმებით, რენტგენოლოგიური ცვლილებების გარეშე, ნეიროდერმიტი, სებორეული ეგზემა, კანისა და სისტემური სკლეროდერმია ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებით, ვისცერულ ორგანოებში გამოხატული ცვლილებების გარეშე, მსუბუქი ქავილი პიოდერმიის გარეშე, ჭინჭრის ციება - ალერგიული, მსუბუქი ფორმისა, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემის დაავადებები, შარდსასქესო სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებები, ძვალ-სახსართა და ნერვული სისტემის დაავადებები და სხვა. საქართველოს ყველა კურორტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთი მდიდარია უნიკალური კურორტებით, სადაც კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობაა შესაძლებელი, ნამდვილი ბედნიერებაა. ეს ქვეყნის სიმდიდრეა და მას რაციონალურად გამოყენება სჭირდება.