სად და როგორ დავისვენოთ ზამთარში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად და როგორ დავისვენოთ ზამთარში

 

- ზაფხულში, ტრადიციისამებრ, ყველა ქალაქგარეთ მიემგზავრება, ზამთრის არდადეგების კურორტზე გატარება კი ფუფუნებად ითვლება. თუ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ეს არ უნდა გაგვიკვირდეს. და მიანც, ზოგიერთი საშუალო შეძლების ოჯახი მაინც ახერხებს რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლას. როგორია ამის თაობაზე სპეციალისტის პოზიცია?

- ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, დაავადებათა პროფილაქტიკისთვის ქალაქგარეთ დასვენება სასურველია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარშიც. საბედნიეროდ, ჩვენს თანამემამულეებს ზამთრის კურორტებზე დასასვენებლად უცხოეთში გამგზავრება არ სჭირდებათ. მართალია, ვერ უარვყოფთ, რომ ხარჯი, კურორტზე არსებული კომფორტისა და პირობების მიხედვით, სხვადასხვაა და ზოგჯერ საკმაოდ შთამბეჭდავიც, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად მაინც ხელმისაწვდომია. სათხილამურო სპორტი კი, სამწუხაროდ, მართლაც ფუფუნებაა - აღჭურვილობა საკმაოდ ძვირია, მაგრამ ასეა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და ბუნებრივია, ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი.

- რა განაპირობებს ზამთრის კურორტების დადებით ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე?

- ზამთრის კურორტები მთის კურორტებია, ჩვენს მთის კურორტებზე დასვენება კი როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში ერთნაირად სასარგებლოა. კურორტი ის ადგილია, სადაც არის მკურნალობის, რეაბილიტაციის, დაავადებათა პროფილაქტიკისა და ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის საჭირო ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები და სათანადოდ აღჭურვილი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები. კურორტის შესახებ საუბრისას უნდა გამოვყოთ იქ არსებული წამყვანი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი. ამ ნიშნით განასხვავებენ კლიმატურ, ბალნეოლოგიურ, ტალახით სამკურნალო კურორტებს. მთის კურორტები, რომელთაც ზამთრის დასვენებისთვის ვირჩევთ, კლიმატური კურორტებია. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მთავარი სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაქტორი კლიმატია. კლიმატი ამა თუ იმ ადგილისთვის დამახასიათებელი ამინდის მრავალწლიანი სტატისტიკური რეჟიმია. მარტივად თუ ვიტყვით, კლიმატი არის ამინდის საშუალო მაჩვენებელი ხანგრძლივ პერიოდში, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ადამიანის ორგანიზმზე მის სამკურნალო-პროფილაქტიკურ ზემოქმედებას ბუნებრივ ფაქტორთა მთელი წყება განსაზღვრავს, მათ შორის - კურორტის მდებარეობა ზღვის დონიდან განსაზღვრულ სიმაღლეზე, ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ჰაერის ცირკულაცია და ტენიანობა, ნალექების რაოდენობა, მზის რადიაციის ინტენსივობა. საკურორტო ადგილებზე ამ ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას სამკურნალო ეფექტი აქვს. ისინი ადამიანის ორგანიზმში დადებით მეტაბოლურ ძვრებს იწვევენ. მთის კლიმატი გამოირჩევა დაბალი ატმოსფერული წნევით, მზის უფრო ინტენსიური რადიაციით, მაღალი იონიზაციით, ჰაერის დაბალი ტემპერატურით. ზამთარში თოვლიან ამინდში მზის რადიაციის ინტენსივობა იზრდება, ვინაიდან ის დამოკიდებულია არა მარტო მზის სხივების უშუალო ზემოქმედებაზე, არამედ თოვლიდან მის არეკვლაზეც. ამასთანავე, თოვლიანი ჰავის პირობებში ტენიანობა მაღალი არ არის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის მთის კურორტებზე ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად არის წიწვოვანი ტყე, რომელიც უარყოფითი აეროიონების მაღალ კონცენტრაციას ქმნის, ოზონით ამდიდრებს ჰაერს. ჩამოთვლილი კლიმატური და მეტეოროლოგიური ფაქტორების სამკურნალო და პროფილაქტიკური ზემოქმედება ორგანიზმზე გახლავთ სწორედ კლიმატოთერაპია. ზამთარში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კლიმატოთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიც არის აეროთერაპია – ჰაერის აბაზანები და სუფთა ჰაერის ზემოქმედება, ჰელიოთერაპია – მზის სხივების ზემოქმედება, აეროიონოთერაპია – უარყოფითი იონების სამკურნალო ზემოქმედება. კლიმატური პროცედურები უზრუნველყოფენ ორგანიზმზე კლიმატური ფაქტორების მაქსიმალურ ზემოქმედებას, ხელს უწყობენ ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისა და აეროიონების დეფიციტის შევსებას, ორგანიზმის თერმორეგულაციის, რეაქტიულობისა და ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას. ამ ყოველივეს ერთვის ისიც, რომ ჩვენი მთის კურორტების დიდი ნაწილი სამკურნალო მინერალური წყლებითაც არის ცნობილი ანუ კლიმატურთან ერთად ბალნეოლოგიურ კურორტსაც წარმოადგენს.

- მკითხველს შესაძლოა უცნაური მოეჩვენოს, რომ რადიაცია და უარყოფითი აეროიონები დადებით ფაქტორად დაგვისახელეთ...

- სიტყვა "უარყოფითი" ამ შემთხვევაში სულაც არ ნიშნავს ორგანიზმისთვის საზიანოს. პირიქით, ორგანიზმისთვის არასასურველია დადებითი აეროიონები, რომლებითაც მდიდარია კვამლი. ცნობილია, რომ თუ ოთახი მტვრიანია, დადებითი (ადამიანის ორგანიზმზე არასასურველი ეფექტის მქონე) აეროიონების დაგროვება იზრდება, მათი მოცილება შემდგომ ძნელდება. რაც შეეხება რადიაციას, აქ საუბარია არა რენტგენის გამოსხივებაზე, არამედ მზის რადიაციაზე - სხივური ენერგიის ნაკადზე. ულტრაიისფერი სხივები, რომლებიც ამ ნაკადით ჩვენამდე აღწევს, ადამიანისთვის აუცილებელია.

- რომელი დაავადებების დროს არის ნაჩვენები ზამთრის ჰავის ზემოქმედება?

- ზამთრისა და მაღალი მთის კურორტის ჰავა სასარგებლოა მეორეული (სხვადასხვა დაავადების შედეგად აღმოცენებული) ანემიის შემთხვევაში იმ დროს, როცა პაციენტი ანემიის გამომწვევი დაავადებისაგან უკვე განკურნებულია. ამ ჩვენებას აქვს საფუძველი: ცნობილია, რომ ზღვის დონიდან ყოველ 100 მეტრზე ასვლისას ატმოსფერული წნევა ვერცხლის წყლის სვეტის 10 მილიმეტრით ეცემა, ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია მცირდება, რაც იწვევს სუნთქვის გახშირებას, ფილტვების ვენტილაციის ზრდას. ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების შესანარჩუნებლად ხდება სისხლში ერითროციტების (სისხლის წითელი ბურთულების) გადმოსროლა დეპოდან, ძვლის ტვინის სტიმულაცია და ერითროპოეზის ანუ ერითროციტების წარმოქმნის გაძლიერება. მაღალი მთის კურორტები და მზის სხივების ზემოქმედება ნაჩვენებია კანის იმ დაავადებათა დროს, რომელთა სამკურნალოდაც რეკომენდებულია ულტრაიისფერი სხივების გამოყენება. მთის ჰავა ნაჩვენებია ნევროზით, ნევრასთენიით დაავადებულებისთვის. გამონაკლისია ძლიერი ქარი - ასეთ ამინდში სეირნობა ამ პაციენტებისთვის არ არის რეკომენდებული.


 

- რომელი დაავადებების გამწვავების რისკი იზრდება ზამთრის კურორტებზე დასვენებისას, ვის არ ურჩევდით ზამთრის კურორტებზე დასვენებას?

- ყინვიანი თვეების განმავლობაში (ძირითადად იანვარსა და თებერვალში) მთის კურორტებზე დასვენება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ბრონქული ასთმა ან ბრონქების სპაზმით მიმდინარე (ობსტრუქციული) ბრონქიტი აქვს, ვინაიდან დადგენილია, რომ ყინვისა და ძალიან ცივი ჰაერის ზემოქმედება ბრონქოსპაზმს აპროვოცირებს. ამ პათოლოგიების შემთხვევაში მთის კურორტებზე დასვენება ნაჩვენებია მარტსა და აპრილში, როდესაც აღარ ყინავს, ჰაერი გამთბარია, მაგრამ თოვლის საფარი ჯერ კიდევ არ არის გამდნარი. ზამთარში მთის კურორტზე დასვენება არ არის ნაჩვენები ასევე ტუბერკულოზის დროს. მთის კურორტებზე დასვენება - არა მხოლოდ ზამთარში, არამედ ზაფხულშიც - არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის, მით უმეტეს, რომ მთაში ყოველთვის არ არის საშუალება, საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მივიღოთ. მთაში დასვენებას არ ვურჩევთ ხანშიშესულებს, რადგან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე მეტად სწორედ მათ აწუხებთ.

- რამდენ ხანს არის რეკომენდებული თოვლში სეირნობა, თხილამურებით სრიალი? არსებობს თუ არა ამ კუთხით რაიმე რეკომენდაცია?

- რასაკვირველია, ამ კუთხით გვაქვს როგორც ზოგადი მითითებები, ასევე კონკრეტული რეკომენდაციები. სადაც არ უნდა ვისვენებდეთ, ადაპტაცია აუცილებელია. უმჯობესია, ადამიანის ორგანიზმი თანდათან შეეგუოს სიცივის, მაღალი მთის თუ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით აღმოცენებულ ცვლილებებს. მთის კლიმატის ზემოქმედება, რაც გულისხმობს დაბალ ატმოსფერულ წნევას, მზის ინტენსიურ რადიაციას, უარყოფითი აეროიონების მაღალ კონცენტრაციას და ჰაერის დაბალ ტემპერატურას,  იწვევს ფილტვების ჰიპერვენტილაციას, გულის წუთმოცულობის ზრდას, სისხლმბადი ორგანოების სტიმულაციას. ეს ძვრები ორგანიზმისთვის დატვირთვად რომ არ იქცეს და მხოლოდ სასარგებლო ეფექტი მივიღოთ, სასურველია, ყინვიან ამინდში სეირნობის ხანგრძლივობა თანდათან გაიზარდოს 15 წუთამდე, ხოლო თუ ყინვა არ არის - 10 წუთიდან 1 საათამდე. სამწუხაროდ, დამსვენებლები ამ რეკომენდაციებს იშვიათად ითვალისწინებენ და თოვლიან კურორტზე პირველი დღიდანვე დიდხანს სეირნობენ, თხილამურებით სრიალებენ... ზომიერებაა აუცილებელი აეროთერაპიის დროსაც, რათა სხეულის გადაცივება თავიდან ავიცილოთ.

- საქართველოს რომელ ზამთრის კურორტებს გამოყოფდით?

- არ შეიძლება არ დავასახელოთ ბორჯომის ხეობის კურორტები – ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ბაკურიანი. ბაკურიანი - მაღალი მთის, ხოლო წაღვერი და ბორჯომი (800 მეტრი ზღვის დონიდან) საშუალო მთის კურორტებია. ბაკურიანი, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1700 მეტრია, ამავე დროს სამთო-სათხილამურო კურორტიც არის. აქ ერთმანეთს ერწყმის მაღალი მთის ჰავა, ზომიერი, რბილი კლიმატი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რამდენიმე ზამთარს, ბაკურიანში მეტისმეტად ძლიერი ყინვა არ იცის. მზიანი ამინდი წლის განმავლობაში 2000 საათია, საშუალო ტემპერატურა ზამთარში -50ჩ-ია, ზაფხულში - +140ჩ, ნალექი ძირითადად თოვლის ხარჯზეა.

- უცნაურია, რომ არაფერი გვითქვამს გუდაურის შესახებ...

- გუდაური სათხილამურო სპორტისთვის უნიკალური ადგილია, თუმცა ის კურორტად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან იქ არ არის კურორტისთვის დამახასიათებელი კლიმატი, წიწვოვანი გარემო და აეროიონების სათანადო კონცენტრაცია. გუდაურში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება საკმაოდ ინტენსიურია, რის გამოც დამცავი ნიღბის გარეშე მზეზე დიდხანს ყოფნისას ხშირია დამწვრობა. გუდაური ძალიან ახლოს არის თბილისთან, ამიტომ შესაძლებელია, ხშირად ვეწვიოთ ამ ადგილს. ეს გარემოება აადვილებს ადაპტაციას, ზოგჯერ კი, ხშირი სტუმრობისას, ადაპტაციის პრობლემა საერთოდ აღარ იჩენს თავს.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს ზამთარში მთის კურორტზე დასვენებისას?

- ნუ დალევენ ალკოჰოლიან სასმელებს - ისინი ორგანიზმს ტვირთავს როგორც უშუალოდ ალკოჰოლით, ასევე სითხითაც. თუ ცდუნებას ვერ გაუძლეს და საახალწლო სუფრასთან მოილხინეს, მეორე დღეს თავი არიდონ თხილამურებზე სრიალს, თოვლში დიდხანს ყოფნას, ფიზიკურ დატვირთვას. შეარჩიონ სათანადო, მათთვის შესაფერისი ჩაცმულობა, გაითვალისწინონ, რომ ყველა ადამიანის თერმორეგულაცია ინდივიდუალურია, რის გამოც ქურთუკი, რომელსაც მათი მეგობარი "ძალიან თბილს" უწოდებს, მათთვის შესაძლოა სულაც არ აღმოჩნდეს საკმარისი. გახსოვდეთ, როცა მთაში, თოვლიან კურორტზე ისვენებთ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.