მჯდომარე ცხოვრების ყოველი საათი ადამიანს სიცოცხლეს 22 წუთით უმოკლებს
ერთს შეგახსენებთ მხოლოდ, უმოძრაო ცხოვრება მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის, არაინფექციური პათოლოგიებიდან (ფაქტორებიდან), მეოთხე ადგილზეა. მედიკოსთა განმარტებით, ადამიანები რომ ყოველ საათში სულ ორიოდე წუთით დგებოდნენ ფეხზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად, პრობლემის არსი ძირეულად შეიცვლებოდა.
ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, დღეში მინიმუმ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობაა საჭირო. ხოლო სტრატეგია "სულ ორიოდე წუთი ყოველ საათში" ამ მაჩვენებელთან მიახლოების საშუალებას იძლევა. აღნიშნულ აქტივობას კვირაში 2,5-3 საათიანი ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშიც უნდა დაემატოს.
ეს დასკვნა სპეციალისტებმა გამოიტანეს 3243 მოხალისეზე (რომლებიც აქსელერომეტრებს ატარებდნენ) სამწლიანი დაკვირვების შედეგად. უიტისა და კოლორადოს უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლების თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ თუ ადამიანები უბრალოდ იდგნენ ამ ორი წუთის განმავლობაში, არანაირი განსხვავება არ შეინიშნებოდა, ხოლო თუ აქტიურობდნენ - ვარჯიშობდნენ ან აჩქარებული ნაბიჯით სეირნობდნენ, სიკვდილის რისკი 33 %-ით ქვეითდებოდა.
როგორც გაირკვა, სკამზე გატარებული ანუ მჯდომარე ცხოვრების ყოველი საათი ადამიანს სიცოცხლეს 22 წუთით უმოკლებს, ხოლო ფიზიკური ვარჯიშის ყოველი საათი 90 წუთით უხანგრძლივებს. ეს ლოგიკურია, ადამიანის ორგანიზმი ხომ მოძრაობისა და აქტივობისთვისაა შექმნილი.
თინათინ გოცაძე
რა საფრთხეებს უქმნის ბავშვებსა და მოზარდებს უმოძრაობა