ქირურგიული ოპერაციები და სამკურნალო ფიზკულტურა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქირურგიული ოპერაციები და სამკურნალო ფიზკულტურა

ამბობენ, რომ თუ ადამიანმა შეძლო, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე მკურნალის უდიდესი ენერგია თავისი ორგანიზმის სასიკეთოდ მიმართოს, მან შესაძლოა მათუსალას ასაკსაც მიაღწიოს. ამჯერად გვინდა, ერთ-ერთი მკურნალის - ვარჯიშის, სამკურნალო ფიზკულტურის შესახებ გესაუბროთ.

ცოტა რამ ისტორიიდან

ვარჯიში სხვადასხვა დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის პირველად უძველეს ჩინურ წიგნში “კუნგ-ფუ” იხსენიება, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500-ზე მეტი წლის წინ არის შედგენილი. ცნობილი ჩინელი მკურნალი ხუა ტო (მე-2 საუკუნე) ამბობდა: “თუ კარის სახელური ხშირად მოძრაობს, ის არ იჟანგება. ასევეა ადამიანიც - თუ ის ბევრს მოძრაობს, ავად არ ხდება”.

საბერძნეთსა და ძველ რომში სამკურნალო ფიზკულტურის მამად ჰეროდიკე ითვლებოდა. პლატონი მის შესახებ წერდა: “ჰეროდიკე ავად რომ გახდებოდა, ვარჯიშს იწყებდა. ჯერ თავს იწამებდა ამით, მერე კი მთელი კაცობრიობის წამებას მიჰყო ხელი”.

ორიოდე საუკუნის წინ კი ევროპაში კლემენტ ტისომ (1747-1826 წლები), ნაპოლეონის არმიის სამხედრო ქირურგმა, შეიმუშავა იმ დროისთვის ახლებური სარეაბილიტაციო კონცეფცია, რომელიც მოიცავდა საწოლში ვარჯიშს, მძიმე ავადმყოფების ნაადრევ გააქტიურებას, დოზირებულ ვარჯიშს და შრომით თერაპიას დაკარგული ფუნქციების აღსადგენად. მის ნაშრომს “სამედიცინო ან ქირურგიული გიმნასტიკა” უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა და უსწრაფესად ითარგმნა ძირითად ევროპულ ენებზე.

ტისოსეული გამოთქმა “მოძრაობას შეუძლია სხვადასხვა წამლის შეცვლა, მაგრამ ვერც ერთი წამალი ვერ შეცვლის მოძრაობას” სამკურნალო ფიზკულტურის დევიზად იქცა.

სამკურნალო ფიზკულტურა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ

კლინიკურად და ფიზიოლოგიურად უკვე დიდი ხანია დასაბუთებულია, რომ სამკურნალო ფიზკულტურის, ძირითადად სამკურნალო ტანვარჯიშის, გამოყენება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ მეტად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

როგორც ცნობილია, ქირურგიული ოპერაცია ორგანიზმისთვის გარკვეულწილად ტრავმაცაა, რომელიც ქსოვილების მთლიანობას არღვევს და იმ ფიზიოლოგიური სისტემების ფუნქციის დროებით მოშლას იწვევს, რომლებიც ოპერაციის მიდამოში თუ მის მიმდებარედ არიან განლაგებულნი. ამიტომ ფიზიკური ვარჯიშების დოზირებული გამოყენება გამართლებულია (და შედეგიანიც) როგორც ოპერაციამდე, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. უკანასკნელ შემთხვევაში სამკურნალო ფიზკულტურა თავიდან გვაცილებს მოსალოდნელ გართულებებს, ასტიმულირებს აღდგენით პროცესებს და ხელს უწყობს ანატომიური დარღვევების სწრაფად აღდგენას. ამავე დროს ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს ლიმფური სისტემის ფუნქციას, ეწინააღმდეგება შეგუბებითი მოვლენების განვითარებისა და საოპერაციო მიდამოში ნაწიბურების წარმოქმნის არასასურველ პროცესს.

თანამედროვე სამკურნალო ფიზკულტურა ხელს უშლის კონტრაქტურების განვითარებას და საოპერაციო მიდამოს ახლომდებარე სახსრებში მოძრაობის შეზღუდვას, ავითარებს ნაოპერაციებ სისტემებს, უზრუნველყოფს დაზიანებული სისტემების ნორმალურ ფუნქციობას და ხელს უწყობს მათ შეგუებას ფიზიოლოგიური ფუნქციონირების ახალ პირობებთან.

ჩამოთვლილთა გარდა, სამკურნალო ფიზკულტურა ავადმყოფს ასადგომად და იმ ფიზიკური დატვირთვების ასატანად ამზადებს, რომლებიც მას თავისი სიცოცხლის განმავლობაში შეხვდება.

რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა

ხერხემლის მალათაშუა დისკების თიაქარი ხერხემლის ოსტეოქონდროზის უკიდურესი გამოვლინებაა. ამ დაავადებისადმი მიდრეკილნი არიან 30-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანები, უმეტესად მამაკაცები. ამ სახის თიაქრის განვითარებას პროვოცირებას უწევს არა მარტო გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, არამედ უმოძრაობაც.

მალათაშუა დისკებს საკუთარი სისხლძარღვები არ გააჩნია, მათი კვება დიფუზიით ხდება. დისკის კვება მაშინ აქტიურდება, როცა მასში ხერხემლის სვეტის მოძრაობის გამო ჰიდროსტატიკური წნევა მერყეობს. ამიტომ მოძრაობის დეფიციტი დისკის კვების, მერე და მერე კი მისი სიმყარის მოშლას იწვევს. ეს პროცესი წლობით მიმდინარეობს, ხოლო “ბოლო წვეთად” შესაძლოა ერთი უხერხული მოძრაობა ან სიმძიმის აწევა იქცეს.

თიაქრის განვითარებას ხელს უწყობს დისკის მიკროტრავმები (ვიბრაცია, ხერხემლის ზედმეტი და ხშირი მოხრა-გასწორება), ზურგის მძიმე ტრავმა, ამიტომ ადამიანისთვის აუცილებელია არა მარტო მოძრაობა, ვარჯიში, არამედ ისიც, რომ ეს ვარჯიში სპეციალისტის მეთვალყურეობით წარიმართოს.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში გარკვეული ხნით პაციენტს ენიშნება სპეციალური სამკურნალო ტანვარჯიში ხერხემლის სვეტის განტვირთვისთვის, ცურვა, ოპერაციიდან 3 თვის განმავლობაში ეკრძალება ფეხბურთის, ხელბურთის, ჩოგბურთის თამაში, ველოსიპედისა და მანქანის მართვა, ხოლო 6 თვემდე - მანქანით ხანგრძლივი მგზავრობა.

კოქსართროზი ანუ მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა - მას პირველი ადგილი უკავია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დისტროფიულ დაავადებათა შორის. პროცესი ხრტილიდან იწყება, რომელიც თანდათან თხელდება, იშლება, შემდეგ კიდეებზე ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, მომდევნო სტადიაზე ვითარდება სკლეროზი, სახსრის ძვლოვან ელემენტებზე ჩნდება კისტები.

პირველი და მეორე სტადიის კოქსართროზის გამწვავების სამკურნალოდ წამლებსა და ფიზიოპროცედურებთან ერთად აუცილებელია სამკურნალო მასაჟები და დაჭიმვები (ესენიც ვარჯიშის ერთ-ერთი სახეა), ხოლო პროცესის ჩაცხრომის შემდეგ აუცილებელია თვითმასაჟის გაგრძელება შინ.

სასარგებლოა ცურვა და თხილამურებით სრიალი, ფიგურული სრიალი, ძალოსნობა და აერობიკა კი უკუნაჩვენებია.

მესამე სტადიის დროს, გარდა წყალქვეშა მასაჟებისა, რომლებიც სტაციონარში ტარდება, საჭიროა შინ სამკურნალო ტანვარჯიშის იმ ელემენტების შესრულება, რომლებიც დაზიანებული კიდურის განტვირთვას უწყობს ხელს.

კოქსართროზის პირველი და მეორე სტადიის დროს სამკურნალო ვარჯიშები კიდურის მენჯ-ბარძაყის სახსარში მოძრაობას გულისხმობს. ვარჯიშები უნდა ჩატარდეს ფეხზე დგომისას ჯანმრთელ ფეხზე დაყრდნობით ან წოლით მდგომარეობაში. ფეხზე დგომისას ხდება ბარძაყის გვერდზე გატანა ჯერ თავისუფლად, მერე კი გარკვეული ტვირთის დამატებით ან რეზინის ბანდის წინააღმდეგობის დაძლევით, მუცელზე წოლისას კი - ბარძაყის აწევა 20-გრადუსიანი კუთხით. სპეციფიკურ ვარჯიშებს ემატება ზურგის კუნთებისა და მუცლის პრესის ტონუსის ამწევი ვარჯიშები.

მესამე სტადიის დროს ვარჯიშები დაზიანებული სახსრის მოძრაობისთვის ნებადართულ ფარგლებში (ტკივილის შეგრძნების გაჩენამდე) ტარდება. ოპერაციისშემდგომ პერიოდში ვარჯიში მეთოდისტის ან სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტის უშუალო მეთვალყურეობას მოითხოვს.


ფილტვის ის დაავადებები, რომლებიც ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს, მეტად მძიმეა. ეს დაავადებები მარტო სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის სისტემას კი არ აზიანებენ, არამედ იწვევენ მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციას.

პირველი - ოპერაციამდელი პერიოდი

სამკურნალო ფიზკულტურის უკუჩვენებებია:

  • სისხლდენა ფილტვებიდან (ნახველში სისხლის კვალი უკუჩვენების ნიშანი არ გახლავთ);
  • მესამე ხარისხის გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა;
  • ფილტვის ან მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდი;
  • მაღალი ტემპერატურა (38-39 0ც).

ოპერაციამდე აუცილებელია ჩირქოვანი ინტოქსიკაციის მოვლენების შემცირება, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციის გაუმჯობესება, პაციენტის მომაგრება და იმ ვარჯიშების სწავლება, რომლებსაც ოპერაციის შემდეგ უნიშნავენ.

ოპერაციამდე, როგორც წესი, ინიშნება დინამიკური სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებიც ემსახურება ინტოქსიკაციის მოვლენების შემცირებას, ამოხველების, ნახველის ამოსვლის პროცესის გაუმჯობესებას და სხვა. ნახველის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში ამ ვარჯიშებს დღეში 8-10-ჯერ აკეთებენ 20-25 წუთის განმავლობაში.

გთავაზობთ ერთ-ერთ ვარჯიშს, რომელიც ფილტვების ქვედა ნაწილის ვენტილაციის გაუმჯობესებასა და დიაფრაგმის მოძრაობის გაძლიერებას ემსახურება:

საწყისი მდგომარეობა - ზიხართ სკამზე ან წევხართ ტახტზე. გაშალეთ ხელები (ღრმა ჩასუნთქვა), ჯერ ერთი ფეხი, მუხლში მოხრილი, მიიტანეთ გულმკერდთან, შემდეგ - მეორე (ამოსუნთქვა). ამოსუნთქვის შემდეგ დაახველეთ და ამოახველეთ ნახველი. იმავე საწყისი მდგომარეობიდან ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ და ხელებით მიაწექით გულმკერდის ქვედა და შუა ნაწილებს. ეს ვარჯიშიც ნახველის ამოღებაში დაგეხმარებათ.

მეორე - ოპერაციის შემდგომი ადრეული პერიოდი

ადრეულ ოპერაციისშემდგომ პერიოდში სამკურნალო ტანვარჯიში ემსახურება გართულებების პროფილაქტიკას, დრენაჟიდან სითხეების დენის გაუმჯობესებას, ფილტვის ნაწილობრივი რეზექციისას ფილტვის ქსოვილის გაშლას, ეწინააღმდეგება დაზიანებულ მხარეზე მხრის სახსრის “ჩაკეტვას” და გულმკერდის დეფორმაციას და სხვა.

უკუჩვენებები:

  • მძიმე საერთო მდგომარეობა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • შინაგანი სისხლდენა;
  • ბრონქული შეხორცებები;
  • გულის მწვავე უკმარისობა.

სამკურნალო ვარჯიშს იწყებენ ოპერაციიდან 2-4 საათის შემდეგ. იყენებენ სტატიკურ სუნთქვით ვარჯიშებს სუნთქვის დიაფრაგმული ტიპით, ელემენტარულ ვარჯიშებს მტევნებისა და ტერფებისთვის. მეორე დღეს ამას ემატება მხრის სახსრების აქტიური მოძრაობები სპეციალისტის დახმარებით ან დაუხმარებლად, ტანის მიხრა-მოხრა, ფეხების მოხრა-გაშლა, ლოგინში წამოჯდომა.

მიზანშეწონილია კისრისა და გულმკერდის მიდამოს მასაჟი (ნაოპერაციები მიდამოს გვერდის ავლით). ლოგინიდან წამოდგომა და სიარული შეიძლება დრენაჟების ამოღების შემდეგ.

მესამე - ოპერაციის შემდგომი გვიანი პერიოდი

ამ პერიოდში აუცილებელია გვიანი გართულებების პროფილაქტიკა, ნორმალური ტანადობის (ტანის სწორად დაჭერის) და სწორად სიარულის აღდგენა, მხრის სახრის სრული მოცულობით ამოძრავება. ვარჯიშები ტარდება მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში. სუნთქვის დიაფრაგმულ ტიპს ემატება სუნთქვის გულმკერდისეული და სრული ტიპები. მეტი რაოდენობით გამოიყენება საერთო აღდგენითი ვარჯიშები. გარდა სამკურნალო ვარჯიშებისა, რომლებიც ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში ტარდება, ინიშნება დილის ჰიგიენური ტანვარჯიშიც. გრძელდება მასაჟი. ოპერაციიდან მე-8 დღეს ამ ყველაფერს ემატება კიბეზე გადაადგილება, ჰაერზე გასეირნება, ვარჯიშები სხვადასხვა საგნის (სამედიცინო ბურთები, ტანვარჯიშის ჯოხები და სხვა) გამოყენებით, ვარჯიშები სატანვარჯიშო კედელთან და სხვა.

მეოთხე - ოპერაციის შემდგომი შორეული პერიოდი

ამ პერიოდში პაციენტს ამზადებენ პროფესიული დატვირთვებისთვის. ამ მიზნით ვარჯიშების რაოდენობა და ხანგრძლივობა იზრდება, ვარჯიშებიც რთულდება. სუნთქვითი და ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიშების შეფარდებაა 1:3, პროცედურის ხანგრძლივობა - 25-30 წუთამდე იზრდება.

სიარული, ტერენკური - 2-3 კილომეტრამდე. ოპერაციიდან 6-8 კვირის შემდეგ მიზანშეწონილია სპორტული და მოძრავი თამაშები გამარტივებული წესით (მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, ხელბურთი და სხვა).

სამკურნალო ვარჯიშები თითქმის ყველა სახის - მუცლის ღრუს ორგანოებზე, ონკოლოგიური, პლასტიკური და სხვა - ოპერაციის დროს გამოიყენება და ამ დროს შედეგი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ვარჯიშების გარეშე. მეტიც - თუ ბავშვობიდანვე მიაჩვევთ ადამიანს ელემენტარულ ვარჯიშებს, რომელთა უმრავლესობა სწორედ რომ სამკურნალოა, ისინი სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო და უმძლავრეს საშუალებად იქცევა.