ფილტვის დაავადებები
- ფილტვის დაავადებათა შესახებ საუბრისას უპირველეს ყოვლისა ფილტვების ანთება გვახსენდება. როგორია ამ დაავადების არსი, რამდენად ხშირია ის და წარმოადგენს თუ არა სადღეისოდ პრობლემას?
- ის, რომ ფილტვის დაავადებების შესახებ საუბრისას უწინარესად პნევმონიას ვიხსენებთ, სავსებით ბუნებრივია სადღეისო სიტუაციის გათვალისწინებითაც. ცნობილია, რომ პნევმონიით ავადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია როგორც ქრონიკული პათოლოგიების მქონე ხანში შესულ პირებს, ასევე ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს შორისაც. ფილტვების ანთებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ დიდია არა მარტო განვითარებად ქვეყნებში, არამედ მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოებშიც.
პნევმონია წარმოადგენს ფილტვების ანთებას, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებით ან სხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით.
- რა ახასიათებს ფილტვების ანთებას, როგორია მისი სიმპტომები?
- ფილტვების ანთება, ჩვეულებრივ, ხველითა და ტემპერატურის მომატებით იწყება. ავადმყოფები ამ სიმპტომებს ხშირად "გაციებას" ან "ვირუსს" მიაწერენ და ფილტვების ანთებას არც კი ეჭვობენ. ტიპური ნიშანია გულმკერდის ტკივილიც, რომელიც თითქმის ყოველგვარი გამომწვევით განპირობებული პნევმონიისას გვხვდება. ზოგადად კი ფილტვების ანთების სიმპტომები დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაავადების გამომწვევ აგენტზე. ექიმებმა იციან, რომ ბაქტერიული პნევმონიის ნიშნები უეცრად ვითარდება, პაციენტს ერთბაშად ამცივნებს, კანკალი უვარდება, საგრძნობლად იმატებს ტემპერატურა, ჭირს სუნთქვა, გულმკერდში აღმოცენდება ტკივილი, იწყება ოფლიანობა და ხველა სქელი მოყვითალო ნახველით.
ამ სახის პნევმონია შესაძლოა სხვადასხვა ბაქტერიით იყოს გამოწვეული და განვითარდეს დამოუკიდებლად ან დაერთოს ვირუსულ ინფექციას - გრიპს. როგორც წესი, ბაქტერიული პნევმონია ფილტვის ერთ წილს მოიცავს, რის გამოც მედიცინაში მას წილოვან, კრუპოზულ პნევმონიას უწოდებენ. იმ შემთხვევაში, როდესაც პნევმონიის გამომწვევი ვირუსია, დაავადება იწყება არაპროდუქტიული, მშრალი (ნახველის გარეშე) ხველით, თავის ტკივილით, ცხელებით, კუნთების ტკივილითა და სისუსტით. დაავადების პროგრესირებისას ამ სიმპტომებს ემატება ქოშინი, ხველა მცირე რაოდენობის მოთეთრო ნახველით. ვირუსული პნევმონიის დროს ყოველთვის არსებობს რისკი, რომ დაავადებას დაერთოს მეორეული ბაქტერიული ფილტვების ანთებაც.
- შეიძლება თუ არა, ჩავთვალოთ, რომ მაღალი ტემპერატურა და ხველა ყოველთვის ფილტვების ანთების გამოვლინებას წარმოადგენს?
- ხველა და ნახველის გამოყოფა შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც ფილტვების ანთებას, ასევე სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებსაც. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, პაციენტთა საყურადღებოდ კი ვიტყვით, რომ თუ ამგვარი ჩივილები გახანგრძლივდა, თან სდევს ზოგადი სისუსტე და სუნთქვის გაძნელება და ყოველივე ამასთან ერთად მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის, უმჯობესია, დროულად მივმართოთ ექიმს სათანადო კვლევების, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად. ეს რჩევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც პაციენტი ხანში შესული, მწეველი ან ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელია, იყენებს იმუნური სისტემის დამთრგუნველ საშუალებებს (მაგალითად, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებს ან პრედნიზოლონის მსგავს ჰორმონებს). ძალიან საშიშია პნევმონია გულის უკმარისობით ან ფილტვების ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებისთვის.
- უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ პნევმონია საკმაოდ მძიმე და საშიში დაავადებაა. რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?
- რამდენად მძიმე იქნება პნევმონიის მიმდინარეობა, ეს, საზოგადოდ, ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, პნევმონიის გამომწვევსა და ფილტვში ანთების გავრცელებაზეა დამოკიდებული. ახალგაზრდა ჯანმრთელ ადამიანებში მისი მკურნალობა, ჩვეულებრივ, წარმატებით მიმდინარეობს. თუ პაციენტი ხანში შესულია, აქვს გულის უკმარისობა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება, მკურნალობა უფრო რთულია. შესაბამისად, მაღალია გართულების რისკი. გართულებათა ნაწილი სიცოცხლისთვის საშიშია. ფილტვების ანთების გართულებათა შორის აღსანიშნავია:
- სეფსისი - გამომწვევი ბაქტერიების მთელ ორგანიზმში გავრცელება სისხლით;
- პლევრიტი - პლევრის ღრუში სითხის დაგროვება - და მისი დაჩირქება - პლევრის ემპიემა;
- ფილტვების აბსცესი ანუ ფილტვის ქსოვილის შემოფარგლული ჩირქგროვა.
ემპიემისა და აბსცესის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
- როგორ ხდება პნევმონიის დიაგნოსტიკა? აუცილებელია თუ არა სპეციალური კვლევები?
- პაციენტის ჩივილებისა და მისი გასინჯვით (მოსმენით) მიღებული მონაცემების საფუძველზე ექიმს შეუძლია, ფილტვების ანთება ივარაუდოს, დიაგნოზის დასადასტურებლად კი აუცილებელია გულმკერდის რენტგენოგრაფია. აღნიშნული კვლევა საშუალებას გვაძლევს, დავაზუსტოთ ანთებითი პროცესის ლოკალიზაცია. გარდა ამისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებების გამოსავლენად და ნახველის მიკროსკოპული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც გვეხმარება გამომწვევი მიკროორგანიზმების გამოვლენაში.
- რას ეფუძნება ფილტვების ანთების მკურნალობა?
- ფილტვების ანთების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, რომლებსაც ექიმი სავარაუდო გამომწვევის გათვალისწინებით შეარჩევს. გარდა ამისა, შესაძლოა საჭირო გახდეს სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მქონე საშუალებების, ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა.
- პაციენტებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვა, რატომ ნიშნავენ ექიმები პნევმონიის ზოგ შემთხვევაში ინექციებს (ნემსებს), ზოგჯერ კი ტაბლეტებს, რატომ არის, რომ ზოგიერთ პაციენტს ბინაზე მკურნალობენ, ხოლო ზოგიერთს ურჩევენ, მკურნალობა სტაციონარში ჩაიტაროს, რატომ იყენებენ ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ანტიბიოტიკს.
- აღნიშნულ გადაწყვეტილებათა მიღებისას ექიმები ითვალისწინებენ ობიექტური მონაცემების მთელ წყებას - პაციენტის ასაკს, თანმხლებ დაავადებებს, პნევმონიის სიმძიმეს. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ანტიბიოტიკების ინტრავენური ინექციები, ჟანგბადის მიწოდება, რაც მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი. მსუბუქი და საშუალო სიმძიმისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ტაბლეტირებული ანტიბიოტიკები და მკურნალობა ბინაზე წარიმართოს. რაც შეეხება ანტიბიოტიკების კომბინაციას, ამ შემთხვევაში ექიმები ითვალისწინებენ გამომწვევის თავისებურებებს და ცდილობენ, ისეთი ანტიბიოტიკები შეარჩიონ, რომლებიც ყველა შესაძლო გამომწვევზე იმოქმედებს. როგორც ვხედავთ, მკურნალობის სქემის შემუშავება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რაც მხოლოდ ექიმს შეიძლება მივანდოთ. პნევმონიის თვითმკურნალობა დაუშვებელია.
- რას ნიშნავს გავრცელებული ფრაზა "უსიცხო ფილტვების ანთება"? მართლაც შესაძლებელია თუ არა, პნევმონია ცხელების გარეშე მიმდინარეობდეს?
- შესაძლოა, პარადოქსული მოგვეჩვენოს, მაგრამ ხანში შესულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ფილტვების ანთების დროს ზოგჯერ მწირი სიმპტომები ან უმნიშვნელო ცხელება აღენიშნებათ. ხანში შესულებს შორის პნევმონიისას არც ნორმალური ან ნორმაზე დაბალი ტემპერატურაა იშვიათი. მსგავს შემთხვევებში ყურადღებას იპყრობს დაავადების ზოგადი სიმპტომები - სისუსტე, წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა, მოსმენა ავლენს პნევმონიის ნიშნებს, რენტგენოლოგიურადაც ვლინდება სათანადო სურათი. ახალგაზრდა პაციენტებსაც შეიძლება განუვითარდეთ პნევმონია, რომლის კლინიკური სურათი მკვეთრი არ არის, ავადმყოფები თავს ცუდად არ გრძნობენ, ჩვეულ საქმიანობას არ წყვეტენ, ხშირად ექიმსაც კი არ მიმართავენ და შესაბამისად, პნევმონიის დიაგნოსტიკაც შემთხვევითია. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ფილტვების ანთება პაციენტმა ფეხზე გადაიტანა. უცხოელები მას "მოსიარულე პაციენტთა პნევმონიას" უწოდებენ. ასეთი ფილტვების ანთება ხშირია მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შორის. ასეთი პნევმონიის გამომწვევი ხშირად არის მიკოპლაზმა.
- იყენებენ თუ არა დღეს ფილტვების ანთებისას კოტოშებს, მდოგვის საფენებს, ინჰალაციებს?
- მსგავს საშუალებებს თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურა არ ცნობს. ცნობილია, რომ წარმატებული ანტიბაქტერიული მკურნალობის მეოხებით ავადმყოფის მდგომარეობა აღნიშნული ღონისძიებების გარეშეც რამდენიმე დღეში უმჯობესდება. გამოჯანსაღების დასაჩქარებლად და გართულებების რისკის შესამცირებლად ექიმები გვირჩევენ:
- სანამ თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, შინ დავრჩეთ.
- მივიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე, განსაკუთრებით - წყალი (მხოლოდ მაშინ, როცა პაციენტს არ აქვს გულის უკმარისობა ან მაღალი წნევა). ეს თავიდან აგვაცილებს დეჰიდრატაციას და გააადვილებს ნახველის გამოყოფას.
- ზუსტად შევასრულოთ ექიმის დანიშნულება.
- გავითვალისწინოთ, რომ მედიკამენტების ნაადრევი შეწყვეტა სიმპტომების განახლებასა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ჩამოყალიბებას იწვევს.
- დროულად მივიდეთ ექიმთან ვიზიტზე. მდგომარეობის გაუმჯობესება იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
- გარდა პნევმონიისა, რამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის დაზიანება?
- ფილტვის ქსოვილი შესაძლოა დაზიანდეს რიგი მდგომარეობის დროს, რომელთაც აღნიშნავენ საერთო სახელწოდებით - ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები. ერთმანეთისგან განსხვავებულ ამ პათოლოგიებს საერთო ნიშანი - ფილტვის ქსოვილის პროგრესული ფიბროზი - ახასიათებთ. ეს ცვლილება შეუქცევადია. მის გამო დროთა განმავლობაში ფილტვებში მცირდება სისხლის ჟანგბადით გამდიდრება.
- როგორ ვლინდება ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები?
- ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების გამოვლინება მსგავსია: ქოშინი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერია ფიზიკური დატვირთვისას, მშრალი ხველა. სიმპტომები განსაკუთრებულ სიმკვეთრეს იძენს ასაკის მატებასთან ერთად, უფრო მეტად არის გამოხატული ჭარბი წონისა და სასუნთქი სისტემის ინფექციების შემთხვევაში. დაავადების პროგრესთან ერთად ქოშინი უფრო და უფრო მკვეთრი ხდება და ელემენტარული ფიზიკური დატვირთვის - ტანსაცმლის ჩაცმის, საუბრის და ჭამის დროსაც იჩენს თავს. გარდა ქოშინისა, ტიპურია ხიხინი, გულმკერდის ტკივილი, თითებისა და ფრჩხილების დეფორმაცია - თითების ბოლო ფალანგების კომბლისებური გამსხვილება და ფრჩხილების საათის მინის მსგავსი სახეცვლილება.
- რა იწვევს ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებებს, ვის ემუქრება ეს მდგომარეობა?
- ფილტვების ინტერსტიციული დაავადება არის ფილტვის ქსოვილის ანომალიური პასუხი დამაზიანებელ ფაქტორებზე. ამ დროს ვითარდება ალვეოლის კედლების ანთება და ინტერსტიციუმი - ქსოვილი, რომელიც შემოსაზღვრავს ალვეოლებს - სქელდება, ფიბროზულად იცვლება. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმისგან განსხვავებით, აღდგენითი პროცესი იღებს პათოლოგიურ ხასიათს და ჭარბი შემაერთებელი ქსოვილი ფილტვის ფუნქციის დაზიანების მიზეზად იქცევა. ფილტვის ინტერსტიციული დაავადებების გამომწვევ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია:
- გარემოსა და პროფესიული ფაქტორები - საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი და რიგი საწარმოო ფაქტორი ფილტვის ქსოვილს აზიანებს. ამის მაგალითია ფილტვების დაზიანება სილიციუმის (სილიკოზი), აზბესტის (აზბესტოზი), მძიმე მეტალების, ამონიუმის და ქლორის ორთქლის, მარცვლეულის, შაქრის მტვრის, კომპოსტის, ნაკელის ზემოქმედებით. ფილტვებზე ზემოქმედებს და შესაძლოა ფიბროზის მიზეზად იქცეს მარცვლეულში ან თივაში არსებული ბაქტერიები და სოკოები;
- ინფექციები - ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პარაზიტული;
- მედიკამენტები, მათ შორის - არითმიისა და გულის სხვა პრობლემების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, ფსიქიატრიაში გამოყენებული პრეპარატები;
- ზოგიერთი დაავადება - არსებობს პათოლოგიები, რომლებიც პირდაპირ არ აზიანებს ფილტვს, მაგრამ იწვევს სისტემურ დაზიანებას, რომელიც ფილტვის ქსოვილსაც მოიცავს. ასეთი რამ ხდება ჰემატოლოგიური (სისხლის) დაავადებებისა და შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგიების, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურას, სკლეროდერმიის, რევმატოიდული ართრიტის, დერმატომიოზიტის, პოლიმიოზიტის, სარკოიდოზის დროს.
- არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ფიბროზული პროცესისა და მასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მსგავს შემთხვევებს ექიმები ფილტვის იდიოპათიკურ ფიბროზს უწოდებენ. ფილტვში განვითარებულ პროცესს კი მედიკოსები ინტერსტიციული პნევმონიტის სახელით იხსენიებენ. ფილტვების იდიოპათიური ინტერსტიციული დაავადების რისკფაქტორებია თამბაქოს წევა, გენეტიკა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი.
- პნევმონიის შესახებ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. რას აღნიშნავს ტერმინი "პნევმონიტი"?
- მიუხედავად სახელწოდებათა მსგავსებისა, პნევმონია და პნევმონიტი განსხვავებული პროცესებია. პნევმონია ფილტვის ინფექციური ანთებაა, ხოლო პნევმონიტი - ფილტვის ანთება, რომელიც არ არის გამოწვეული ინფექციით.
- რომელი კვლევები ტარდება ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების სადიაგნოზოდ?
- სამწუხაროდ, იმ დროისთვის, როდესაც თავს იჩენს ქოშინი და ხველა, ფილტვების დაზიანება უკვე შეუქცევადია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმთან ვიზიტი სუნთქვის პრობლემების აღმოცენებისთანავე. ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების მიზეზის დადგენა საკმაოდ რთული ამოცანაა, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, ეს სახელწოდება სხვადასხვა მიზეზით განპირობებულ მრავალ მდგომარეობას აერთიანებს. გარდა ამისა, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებების სიმპტომები შესაძლოა ძალიან ჰგავდეს ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, გულის მწვავე უკმარისობის ნიშნებს. ექიმის ამოცანაა, აღნიშნული დაავადებები გამორიცხოს. ამ მიზნით ის დეტალურად ეცნობა პაციენტის ჩივილებს, შრომის პირობებს, მის მიერ მიღებული მედიკამენტების ჩამონათვალს, თუმცა, რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის - საჭიროა დამატებითი კვლევები:
- ფილტვების რენტგენოგრაფია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვრიცხოთ ფილტვის ზოგიერთი დაავადება;
- კომპიუტერული ტომოგრაფია - ის უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე რენტგენოლოგიური კვლევა;
- სპირომეტრია - სპეციალურ ხელსაწყოში ჩაბერვით ვიღებთ ინფორმაციას ფილტვის ფუნქციის შესახებ;
- ბრონქოსკოპია - რიგ შემთხვევაში ფილტვების ინტერსტიციული დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ფილტვის ქსოვილის უმცირესი ნაწილის აღება მიკროსკოპული გამოკვლევისთვის, რაც სპეციალური ხელსაწყოს - ბრონქოსკოპის საშუალებით ხდება.
- მოჰყვება თუ არა გართულება ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებებს?
- როგორც აღვნიშნეთ, ინტერსტიციული დაავადების დროს ფილტვში ვითარდება ჭარბი შემაერთებელი ქსოვილი, ეს კი, ბუნებრივია, არასასურველ შედეგებს იწვევს. მათ შორის აღსანიშნავია:
- ჰიპოქსემია ანუ სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება;
- ფილტვის არტერიაში წნევის მომატება, რასაც შემდგომში გულის მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვა მოჰყვება;
- სუნთქვის უკმარისობა, რაც შესაძლოა პაციენტისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
- ბევრს საგანგაშო სიმპტომად მიაჩნია სისხლიანი ნახველის გაჩენა. რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი ხველა და არის თუ არა ეს სიმპტომი ფილტვის დაავადების უტყუარი ნიშანი?
- სისხლიანი ხველა ანუ ჰემოპტოე მართლაც საყურადღებო სიმპტომია. მსგავს ვითარებაში უპირველეს ყოვლისა ადგენენ, მართლა ფილტვებიდან ხდება სისხლის გამოყოფა თუ ნახველს ის ღრძილებიდან ერევა. სისხლიანი ნახველი ფილტვების სრულიად განსხვავებული დაავადებების დროს გვხვდება. მათი ნაწილი, მაგალითად, ფილტვების ანთება, იოლად იკურნება, ნაწილი კი საკმაოდ მძიმეა. ერთ-ერთი მათგანია სიმსივნე. არც ის არის გამორიცხული, ნახველში სისხლის არსებობა სისხლის შედედების უნარის ზოგადი დაქვეითების გამოვლინება იყოს. ამდენად, სისხლიან ხველასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი: მსგავსი ჩივილის დროს შემდგომი კვლევისათვის აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.
- უკანასკნელ ხანს იშვიათობას აღარ წარმოადგენს ფილტვების სარკოიდოზის დიაგნოზი. რა დაავადებაა სარკოიდოზი, როგორია მისი კლინიკური სურათი?
- სარკოიდოზი არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმში ანთებითი უჯრედების გამრავლების შედეგად ვითარდება გრანულომატოზური პროცესი. დაავადება აზიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს, ყველაზე ხშირად - ფილტვებს, ლიმფურ კვანძებს, თვალებსა და კანს. სადღეისოდ ითვლება, რომ სარკოიდოზი ანომალიური იმუნური პასუხის შედეგია. დაავადების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია იმაზე, რომელი ორგანოა დაზიანებული უპირატესად. შესაძლოა, სარკოიდოზი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობდეს და ფილტვების რენტგენოგრაფიისას შემთხვევით აღმოაჩინონ. ტიპურ შემთხვევებში ვითარდება მშრალი ხველა, ქოშინი, სისუსტე, ცხელება, წონის დაქვეითება, სახსრების ანთება, ზიანდება თვალები, კანი. ეს სიმპტომები ზოგჯერ თანდათანობით პროგრესირებს, ზოგჯერ კი ერთბაშად იჩენს თავს. შესაძლოა, დაავადების სიმპტომები თავისთავად, მკურნალობის გარეშეც უკუგანვითარდეს, თუმცა რიგ შემთხვევაში პროცესი პროგრესირებს. ნებაზე მიშვებული ფილტვების სარკოიდოზი იწვევს ფილტვის ქსოვილის შეუქცევად ფიბროზს.
- რას ეფუძნება აღნიშნული დაავადების დიაგნოსტიკა და შესაძლებელია თუ არა სარკოიდოზის განკურნება?
- როგორც აღვნიშნეთ, საწყის სტადიებში სარკოიდოზს უმეტესად უმნიშვნელო სიმპტომატიკა ახასიათებს და ამიტომ შემთხვევით დიაგნოსტირდება სხვა მიზეზით ჩატარებული გულმკერდის რენტგენოგრაფიის გამო. როდესაც დაავადების სურათი სრულია, ექიმი ატარებს კვლევებს, რათა გამორიცხოს ყველა სხვა დაავადება, რომელსაც მსგავსი გამოვლინება ახასიათებს. მათ შორის განსაკუთრებით აქტუალურია ტუბერკულოზი. გარდა გულმკერდის რენტგენოგრაფიისა, სადიაგნოსტიკოდ და დაავადების სტადიის დასადგენად მნიშვნელოვანია სპირომეტრია, სისხლში კალციუმის შემცველობის განსაზღვრა, ბრონქოსკოპია და ამ დროს ფილტვის ქსოვილის მიღება მიკროსკოპიული შესწავლისთვის. სარკოიდოზის დროს ფილტვის ქსოვილში მიკროსკოპიულად ვლინდება ტიპური გრანულომები. რაც შეეხება მკურნალობას, ის ყოველთვის არ არის აუცილებელი. კერძოდ, როცა პაციენტი არაფერს უჩივის და დიაგნოზს შემთხვევით სვამენ, სპეციალური მკურნალობა არ ტარდება. ამ დროს ექიმი ნიშნავს საკონტროლო რენტგენოგრაფიას და 3-12 თვის განმავლობაში აკვირდება პაციენტს. მკურნალობა ინიშნება დაავადების პროგრესირებისა და შინაგანი ორგანოების დაზიანების შემთხვევაში. გამოიყენება ჰორმონული პრეპარატი პრედნიზოლონი. მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი პაციენტის მდგომარეობისა და დაავადების სურათის მიხედვით განსაზღვრავს. ხშირად სარკოიდოზი სრულიად იკურნება, იშვიათად კი ფილტვის დაზიანება საკმაოდ მძიმეა.
- როგორია ფილტვების დაზიანება მუკოვისციდოზის დროს და რა არის ამ დაავადების მიზეზი?
- მუკოვისციდოზის ფილტვის ფორმას ახასიათებს ქრონიკული ჩირქოვანი ბრონქიტის, ბრონქოექტაზების (ბრონქის კედლის დეფორმაციისა და გაფართოების), რეციდიული (განმეორებითი) ფილტვების ანთების, ფილტვების ემფიზემისა და სუნთქვითი უკმარისობის აღმოცენება. ხშირია ფილტვების ატელექტაზი (ქსოვილის ჩაფუშვა), ფილტვის აბსცესი, სისხლიანი ხველა, ასთმის შეტევები. პაციენტები უჩივიან შემაწუხებელ, შეტევით ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი სქელი ნახველით, რომლის გამოყოფაც ძლიერ ჭირს. დამახასიათებელია ქოშინი, თავდაპირველად - ფიზიკური დატვირთვისას, შემდგომში კი მოსვენებულ მდგომარეობაში. გარდა ფილტვებისმხრივი სიმპტომებისა, ტიპურია პანკრეასის სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითება და ფაღარათი. ყოველივე ამის საფუძველია გენეტიკური პათოლოგია, რომელიც ჯირკვლების სეკრეციის დარღვევას იწვევს. მკურნალობა გულისხმობს ნახველის გამათხევადებელი საშუალებების, ბრონქოდილატატორების გამოყენებას და თანდართულ ინფექციებთან ბრძოლას.
- რა არის ფილტვების ემფიზემა, რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის ტაქტიკა?
- ფილტვების ემფიზემა არის მდგომარეობა, რომელიც ალვეოლების კედლების ელასტიკურობის დაქვეითების შედეგია და ქოშინსა და ფიზიკური აქტივობის უნარის დაქვეითებას იწვევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად სიმპტომებიც უფრო და უფრო მკვეთრი ხდება და ქოშინი თავს იჩენს არა მარტო დატვირთვისას, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. კლინიკური სურათი, ჩვეულებრივ, უფრო მკვეთრი ხდება სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ. გარდა ამისა, ემფიზემისას ვითარდება ქრონიკული მშრალი ხველა, მადის დაქვეითება და წონის კლება, საერთო სისუსტე. შესაძლოა, ჩვენს მკითხველებს ბანალური მოეჩვენოთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ემფიზემის ძირითადი მიზეზი, ფილტვების სხვა დაავადებათა მსგავსად, თამბაქოს წევაა. შემთხვევათა მცირე ნაწილი უკავშირდება ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტს. ეს ცილა ფილტვის ელასტიკურ სტრუქტურებს სხვადასხვა დამაზიანებელი ფერმენტის ზემოქმედებისაგან იცავს.
თუ ადამიანს აღნიშნული ცილის დეფიციტი აქვს და თანაც მწეველია, ემფიზემა 30-40 წლის ასაკისათვის განუვითარდება. ემფიზემის აღმოცენების თვალსაზრისით არანაკლებ სარისკოა პასიური მწეველობა. ემფიზემის რისკფაქტორებია ასაკი (დაავადება 50-60 წლისათვის ვლინდება), მტვრის ზემოქმედება, შემაერთებელი ქსოვილის (ე.წ. რევმატული) დაავადებები. ემფიზემის მკურნალობის პირველი მომენტია თამბაქოს წევისთვის თავის დანებება. საჭიროა მედიკამენტების გამოყენებაც. ეფექტიანია ბრონქოდილატატორები (ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები), სტეროიდული ჰორმონები. სადღეისოდ უპირატესობა ენიჭება მათ საინჰალაციო (შესასუნთქ) ფორმას. თანდართული ინფექციის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.
- რა იწვევს ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტს?
- ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტი გენეტიკური პათოლოგიაა. ის კლინიკურად მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი დეფექტურ გენს ორივე მშობლისგან იღებს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ემფიზემის ადრეული გამოვლინება, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი არ ეწევა, არის ჩვენება გენეტიკური კვლევის ჩასატარებლად ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტის გამოვლენის მიზნით.
- ფილტვების დაავადებების შესახებ საუბარი შეუძლებელია, თუ არ ვახსენეთ პლევრიტი. როგორია პლევრიტის კლინიკური სურათი, როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?
- განასხვავებენ პლევრიტის მწვავე და ექსუდაციურ ფორმებს. პირველი გახლავთ პლევრის ფურცლების მწვავე ანთება, რომლის დროსაც ფურცლებზე ანთებითი ფიბრინული ნადები გროვდება. ეს იწვევს გულმკერდის ტკივილს და განსაკუთრებულ ხმიანობას, რომელსაც ექიმი გასინჯვისას ისმენს. ექსუდაციური პლევრიტის დროს კი პლევრის ღრუში გროვდება ანთებითი სითხე - ექსუდატი. ექსუდაციური პლევრიტის სიმპტომები პლევრის ღრუში დაგროვილი სითხის ოდენობაზეა დამოკიდებული. თუ სითხე ცოტაა, პაციენტს შესაძლოა მხოლოდ ტემპერატურამ აუწიოს, დიდი ოდენობით სითხის დაგროვება კი სუნთქვისას აფერხებს ფილტვების გაშლას, რის გამოც ქოშინი აღმოცენდება. თუ პლევრაში დიდი ოდენობით სითხე დაგროვდა, ვითარდება სუნთქვის უკმარისობა, შუასაყრის ორგანოების ცდომა, რის გამოც საჭიროა სითხის სასწრაფი ევაკუაცია (გამოღება) სპეციალური ნემსით. ექსუდაციური პლევრიტის დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ხდება. გარდა ამისა, პლევრიტის მიზეზის დასადგენად და რიგ შემთხვევაში - სამკურნალოდ აუცილებელია პლევრის პუნქცია - ჩხვლეტა ნემსით და მიღებული სითხის ლაბორატორიული შესწავლა.
- მაინც რა შეიძლება იყოს პლევრიტის მიზეზი?
- პლევრიტი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ის ყოველთვის რომელიმე პათოლოგიის გამოვლინებაა. ამ დაავადებათაგან შეიძლება დავასახელოთ ფილტვების ანთება, ტუბერკულოზი, რევმატული დაავადებები, ფილტვისა და პლევრის სიმსივნეები, საკვერცხის სიმსივნე. ზოგჯერ პლევრის ღრუში გროვდება არა ანთებითი, არამედ გამონაჟონი სითხე. ამ მდგომარეობას ჰიდროთორაქსს უწოდებენ. ჰიდროთორაქსი შესაძლოა განვითარდეს გულის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, თირკმელების დაავადების დროს.
- როგორია პლევრიტის მკურნალობის ტაქტიკა?
- პლევრიტის მკურნალობის ტაქტიკა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული და ძირითადი დაავადების მკურნალობას გულისხმობს. როგორც აღვნიშნეთ, სამკურნალოდ ზოგჯერ პლევრის პუნქციას მიმართავენ.
- ჩვენი მკითხველები ხშირად გვთხოვენ ავუხსნათ, რა შეიძლება იყოს პლევრის ღრუში ჰაერის შეღწევის მიზეზი.
- პლევრის ღრუში ჰაერის მოხვედრა ანუ პნევმოთორაქსი შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმის შედეგად ფილტვის ან გულმკერდის მთლიანობის დარღვევამ. პნევმოთორაქსი შესაძლოა სპონტანურადაც აღმოცენდეს. ამ დროს პლევრის ღრუში ჰაერი ფილტვის ქსოვილის რღვევის შედეგად აღწევს. ეს უკანასკნელი ფილტვების დაავადებების შედეგია. ზოგჯერ სპონტანური პნევმოთორაქსი პლევრის თანდაყოლილი სისუსტის შედეგია. დაავადებას ახასიათებს გულმკერდის ძლიერი ტკივილი, უეცრად აღმოცენებული ქოშინი. პაციენტი იძულებით იღებს მჯდომარე პოზას. ვლინდება ციანოზი. პნევმოთორაქსის დიაგნოსტიკა რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება.
- კიდევ ერთი პათოლოგია, რომელიც მკითხველის არანაკლებ ინტერესს იწვევს, არის ფილტვის ინფარქტი. რატომ ვითარდება ის, რას უჩივის ამ დროს პაციენტი და რა ელის მას?
- ამჟამად ფილტვის ინფარქტზე საუბრისას უწინარეს ყოვლისა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას გულისხმობენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ფილტვის არტერია ან მისი ტოტი თრომბით იხშობა. ასეთი თრომბი თავდაპირველად, წესისამებრ, გულის მარჯვენა ნახევარში ან სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში წარმოიქმნება. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის გავრცელებული მიზეზებია ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, სიმსივნეები, სეფსისი, ზოგადი მიდრეკილება თრომბოზისაკენ. ფილტვის ინფარქტი კი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შემთხვევათა მხოლოდ დაახლოებით 10%-ში ვითარდება. მისი მიზეზი ფილტვის არტერიის მცირე ტოტის სრული დახშობაა. კლინიკურად ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია სხვადასხვაგვარად ვლინდება - უეცარი სიკვდილიდან აუხსნელი, ერთი შეხედვით უმიზეზო ქოშინისა და გულის აჩქარების ჩათვლით, ძირითადად კი ახასიათებს გულმკერდის ძლიერი ტკივილი, ქოშინი, ინფარქტის შემთხვევაში ამ სიმპტომებს ემატება ხველა, ხშირად - სისხლიანი ნახველით. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. მისი ბედი თრომბოემბოლიის გავრცელებაზეა დამოკიდებული. სამკურნალოდ იყენებენ თრომბოლიზურ (თრომბის დამშლელ) და შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს.
- როგორც ვხედავთ, ფილტვების დაავადებათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. შეიძლება თუ არა თავიდან ავიცილოთ მათი აღმოცენება და პროგრესირება?
- პროფილაქტიკა, რომელიც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ფილტვების დაავადებებთან მიმართებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. როგორც ჩვენი საუბრისას ითქვა, ამ დაავადებათა აღმოცენება და პროგრესირება დამოკიდებულია მრავალ ისეთ ფაქტორზე, რომელთა შეცვლა სულაც არ არის ძნელი. ამისთვის საკმარისია:
- უარი ვთქვათ თამბაქოს წევაზე, თავი ვარიდოთ პასიურ მოწევას.
- ვეცადოთ, ხშირად ვიყოთ სუფთა ჰაერზე.
- საწარმოში მუშაობისას აუცილებლად გამოვიყენოთ რეკომენდებული დამცავი საშუალებები.
- სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციების გახშირების პერიოდში ვატაროთ ნიღაბი.
- ხშირად დავიბანოთ ხელები.
გვახსოვდეს:
თუ პროფილაქტიკა საკმარისი არ აღმოჩნდა და დაავადების ნიშნებმა მაინც იჩინა თავი, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
ექიმის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ქოშინი, ხველა ან ცხელება გახანგრძლივდა.
დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია.