ცურვა და აუტიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცურვა და აუტიზმი

ცნობილია, რომ აღნიშნული მდგომარეობის პათოგენეზს სხვადასხვა უარყოფითი ფაქტორი ამძიმებს, გამოვლენილი სიმპტომებიც არაერთგვაროვანია. შესაბამისად, ექიმები მათ გამოსწორებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ.

აუტისტ ადამიანებს ცურვასა და აკვაფიზიკურ ვარჯიშებს უნიშნავენ. სპორტული აქტივობები წყალში, ჩვეულებრივ, მწვრთნელის (ინსტრუქტორის) ხელმძღვანელობით ტარდება და განსაკუთრებულ გავლენას ახდენს აღნიშნული ტიპის პაციენტებზე.

  • რა ეფექტი აქვს ცურვას აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის? რატომ არის აუცილებელი აკვაფიზიკური ვარჯიშები ამ პაციენტებისათვის?

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება საცურაო კომპლექს „დელფინის“ პროფესიონალი მწვრთნელი (ინსტრუქტორი), არაერთი ჯილდოსა და სიგელის მფლობელი, სპორტსმენი (მოცურავე) ინგა მუმლაური, რომელსაც აუტისტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და პრაქტიკაც აქვს, გარდა იმისა, რომ არაერთი ცნობილი სპორტსმენის აღმზრდელი და მწვრთნელია.

– ქალბატონო ინგა, ცურვა რომ სპორტის განსაკუთრებულად სასარგებლო და იმავდროულად სამკურნალო სახეობაა, ყველასათვის ცნობილია, მაინც, რატომ არის ის აუცილებელი და მარგებელი აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონეთათვის?

– ცურვა სპორტის ყველაზე უსაფრთხო სახეობაა, რომელიც სხეულის ყველა კუნთის მობილიზებასა და გავარჯიშებას ახდენს, ფეხის თითების კუნთებით დაწყებული, დამთავრებული მტევნის თითებით. ცურვის დროს აქტიურდება ყველა ორგანო და უჯრედი, მუშაობს მიმიკა, იტვირთება სახის კუნთები, როდესაც ადამიანი აღებს პირს, ასრულებს შესუნთქვა-ამოსუნთქვას და ყვინთავს.

ცურვას და წყლის ეფექტებს, საზოგადოდ, კეთილ­ისმყოფელი გავლენა აქვთ აუტისტებზე. აუტიზმის მქონე ბავშვები წყალში დუნდებიან, მშვიდდებიან, მოსვენებას განიცდიან, ნაკლებად შფოთავენ და ღელავენ, უფრო ადვილად ეგუებიან უცხო ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტს (ინსტრუქტორი, სხვა ბავშვი).

ცურვა ამცირებს დეპრესიულ ეპიზოდებს და სიბრაზის შეტევებს, ხელს უწყობს ვესტიბულური აპარატის ფუნქციის გაძლიერებას, წონასწორობის გრძნობასა და კუნთების სიძლიერის მოპოვებას.

როდესაც აუტისტები პირს აღებენ, ღრმად შეისუნთქავენ და წყალში ყოფენ თავს, სუნთქვის შეკავებისას, ჟანგბადი ინტენსიურად აღწევს მათ თავის ტვინში, აქტივდება ე.წ. მიძინებული ნერვული უჯრედები, განსაკუთრებით ნათხემში, რის გამოც უმჯობესდება კოორდინაციის ფუნქცია და ორიენტაცია.

აუტიზმის დროს აკვათერაპია ეხმარება ქცევის შემდეგი სახის გამოვლინებებთან გამკლავებაში:

  • ბრაზისა და აგრესიის არამოტივირებული აფეთქებები;
  • განწყობის არასტაბილურობა, „ემოციური რყევები“, იმპულსური მოქმედებები;
  • სტერეოტიპული, განმეორებადი, აკვიატებული მოძრაობები;
  • მუდმივი სიჯიუტე, მოთხოვნის შეუსრულებლობა, „ყველაფრის თავისებურად კეთების“ სურვილი;
  • აკვიატება, ქცევის ასოციალური ფორმები და ა.შ.

ეს გამოვლინებები ასოცირდება ემოციურ აშლილობასთან. ისინი ანგრევენ როგორც ბავშვის, ისე მის გარშემო მყოფთა ცხოვრებას.

აკვათერაპია არის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებისა და ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების საუკეთესო საშუალება. ის გარკვეულწილად სოციალიზაციასაც ეხმარება.

– ნევროლოგები აუტიზმის მქონე ბავშვებს რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით აუზზე სიარულს ურჩევენ. მეტიც, ცურვას სოციალიზაციის ერთ-ერთ საშუალებად განიხილავენ. რას გვეტყვით ამ თვალსაზრისით ცურვის როლზე?

– ცურვა, მწვრთნელთან ერთად, ერთ-ერთი მშობლის თანდასწრებით, შეიძლება დაიწყოს ძალიან ადრეული ასაკიდან. ცურვას, აუტისტების შემთხვევაში, სოციალიზაციისა და კომუნიკაციის მნიშვნელოვანი როლიც აქვს: ცურვის ჯგუფურ გაკვეთილებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ სოციალური უნარების განვითარებას, სხვა ბავშვებთან და მწვრთნელებთან ურთიერთობას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ სოციალური სირთულეები.

აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ცურვის გაკვეთილების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მათი ინდივიდუალური საჭიროებები, წყალში კომფორტის დონისა და უსაფრთხოების გათვალისწინება. გარდა ამისა, ცურვა სხვა მრავალ სარგებელს აძლევს აუტიზმით მქონე ბავშვს, ესენია:

  • სენსორული სტიმულაცია: ცურვა უზრუნველყოფს სხვადასხვა სენსორულ აღქმას, როგორიცაა წყალთან შეხება, ტემპერატურის ცვლილებები და წყლის მოძრაობა სხეულის გარშემო. ეს სტიმულაციები ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვებს სენსორული აღქმის რეგულირებაში და თავისი სხეულის შეცნობის გაუმჯობესებაში;
  • მოტორიკისა და კოორდინაციის გაუმჯობესება: ცურვა ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებასა და კოორდინაციის გაუმჯობესებას;
  • ფიზიკური ფორმისა და გამძლეობის ჩამოყალიბება – გაუმჯობესება: რეგულარული ცურვა აძლიერებს და განამტკიცებს კუნთებს, ავითარებს გამძლეობას და ზოგად ფიზიკურ მომზადებას;
  • ფსიქოლოგიური სარგებელი: ცურვას დიდი როლი აქვს სტრესის შემცირებაში და განწყობისა და თვითშეფასების გაუმჯობესებაში. წყლის გარემოში ბავშვები თავს უფრო კომფორტულად და მშვიდად გრძნობენ.

ცურვის ეფექტების წყალობით აუტისტები იწყებენ უკეთესად აზროვნებას და საუბარს, შედიან კომუნიკაციაში, ანუ უფრო მეტად იხსნებიან და არ რჩებიან ჩაკეტილები მხოლოდ თავიანთ სამყაროში. წყალი და მწვრთნელი ის ერთობლივი ფაქტორებია, რომლებიც მათ აიძულებს, ისწავლონ კონტაქტში შესვლა, გარემოში სოციალიზაცია, აუზზე აუტისტები გაცილებით ადვილად იძენენ მეგობრებს, ყურადღებას უთმობენ მათ, ღრმა აუტისტებიც კი, რომლებისთვისაც, მაგალითად, უინტერესო იყო ბურთი, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ არა თუ ინტერსდებიან ამ ნივთით, არამედ თითით ან სხვა ჟესტიკულაციით მიანიშნებენ და ითხოვენ, რომ მივცეთ, მივაწოდოთ მათ ეს ბურთი.

აკვაპროცედურების წყალობით, აუტისტები ეტაპორივად იხსნებიან, სკოლაშიც აქვთ წარმატებები, იწყებენ ლაპარაკს, აღარ ყვირიან, აღარ გამოსცემენ განსაკუთრებულ ხმებს, მშვიდდებიან.

– მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტი ადამიანებისთვის. სტატისტიკის მიხედვით, აუზზე აქტივობა, კერძოდ ცურვა, ყველაზე მეტად აუტისტ ბავშვებს სიამოვნებთ. რა არის ამის მიზეზი?

– აუტისტების ნაწილს თავიდანვე მოსწონს წყალი, ზოგი კი ეტაპორივად განიცდის ადაპტაციას, რადგან თავიდან ეშინია კიდეც წყლის.

ეს ყოველივე ინდივიდუალურია. ფაქტია, რომ სხვა სახის სავარჯიშო თერაპიისა და სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშებთან შედარებით, აუტისტები სწორედ წყალს აღიქვამენ ყველაზე უფრო სასიამოვნოდ. აუზში აუტისტური სპექტრის დარღვევათა მქონე ბავშვები არ განიცდიან გამოხატულ ემოციურ და ფიზიკურ სტრესს.

– რატომ უყვართ აუტიზმის მქონე ბავშვებს წყალი?

– აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომ მათ შვილებს უყვართ ცურვა. ეს გამოწვეულია აუტიზმის სენსორული მახასიათებლებით. წყლის პროცედურები და ცურვა რეკომენდებულია განსაკუთრებული ბავშვების რეაბილიტაციისთვის.

მიზეზები, რის გამოც აუტიზმის მქონე ბავშვებს უყვართ წყალი:

  1. ტაქტილური სტიმულაცია: წყალს შეუძლია სასიამოვნო ტაქტილური შეგრძნება მისცეს ბავშვს, რადგან წყალთან შეხება, მისი ტექსტურის გამო, სიამოვნებად შეიგრძნობა.
  2. ვიზუალური ეფექტები: წყლის ზედაპირებს შეუძლიათ შექმნან საინტერესო ვიზუალური ეფექტები, ანარეკლებიდან წყლის მოძრაობამდე. ეს, როგორც წესი, მიმზიდველია აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სიამოვნება მიიღონ ამ ეფექტებზე დაკვირვებით.
  3. სენსორული თავისებურებები: აუტიზმის მქონე ზოგიერთი ბავშვისთვის წყალი შეიძლება იყოს სენსორული შესავლების მართვისა და მოდულირების საშუალება. მაგალითად, წყალს შეუძლია დაეხმაროს სენსორული გადატვირთვის ან სტრესის რეგულირებაში.
  4. სიამოვნება და დასვენება: ცურვა ან წყალში თამაში აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის უხშირესად დასვენებისა და სასიამოვნო შეგრძნებებით ტკბობის საშუალებაა, რაც მათ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებაში ეხმარება და შფოთვას უხსნის.
  5. წყლის მოძრაობისადმი ინტერესი: ზოგიერთი ბავშვი უბრალოდ წყლის მოძრაობისას, ტალღების ან ბუშტუკების ხილვისას განიცდის სიხარულს. ეს შეიძლება იყოს მათი სიამოვნებისა და გართობის გზა.

– რა ეფექტები აქვს აკვათერაპიას აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის?

– აკვათერაპიას 3 ძირითადი ეფექტი აქვს აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის:

1) პოზიტიური სენსორული გააქტიურება გარემოში, რომელიც აუტისტი ადამიანის მიერ „უსაფრთხოდ“ აღიქმება.

აუზში იქმნება სასიამოვნო და თბილი ატმოსფერო ბავშვებისათვის. ისინი თავს დაცულად გრძნობენ ჰიდროსტატიკური წნევის წყალობით, როგორც დედის საშვილოსნოში. ეს ამშვიდებს მათ და აიძულებს, ნორმალურად მიიღონ და შეასრულონ ის, რასაც ინსტრუქტორი ასწავლის. ეს ნიშნავს იმას, რომ ეფექტი უკეთესი იქნება, ვიდრე სხვა სახის ფიზკულტურის დროს.

2) შფოთვის მოხსნა, მოდუნება (რელაქსაცია).

ცურვისას აუტისტი ბავშვები არ ნერვიულობენ და არ განიცდიან შიშს, ამიტომაც შეუძლიათ მოდუნება და მშვიდდებიან კიდეც. ისინი უფრო ადვილად ამყარებენ კონტაქტს ინსტრუქტორთან და სხვა ბავშვებთან. აკვათერაპიას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ბრაზის შეტევების ინტენსივობა და აღმოფხვრას დეპრესია, გააუმჯობესოს ძილის ხარისხი. ასევე ის:

  • ავარჯიშებს წონასწორობის გრძნობას, მოძრაობების კოორდინაციას;
  • აძლიერებს ვესტიბულურ აპარატს.

3) ყურადღებისა და ვიზუალური აღქმის გაუმჯობესება.

ცურვა დადებითად მოქმედებს ვიზუალურ და კოგნიტურ ფუნქციებზე, ასევე ქცევით ფაქტორებზე აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან. ხელს უწყობს სტერეოტიპული მოძრაობების აღმოფხვრას.

აუზში ფიზიკური ვარჯიშები დადებითად მოქმედებს ყოველდღიურ ჩვევებსა და თვითმოვლის უნარებზეც. ისინი ბავშვს გადამწყვეტობასა და სიზუსტეს მატებენ გარკვეული ქმედებების შესრულებისას, ავითარებს მოთმინებას და გამძლეობას.