როგორი სიხშირითა და პერიოდულობით ჩავიტაროთ მასაჟი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი სიხშირითა და პერიოდულობით ჩავიტაროთ მასაჟი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ორგანიზმზე

ადამიანის ორგანიზმზე მასაჟის ზემოქმედების შესახებ გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ექიმი-რეაბილიტოლოგი, ლია ავალიანი:

– ქალბატონო ლია, რა მნიშვნელობა აქვს მასაჟს ადამიანის ორგანიზმისთვის?

– მასაჟი – ქსოვილებზე, ორგანოებზე, ტანის ნაწილებზე ზემოქმედების ბიოლოგიურ-მექანიკური მეთოდია, რომელიც ხორციელდება ხელებით ან ტექნიკური საშუალებებით ადამიანის ფუნქციური მდგომარეობის მართვის მიზნით.

ინდოეთსა და ჩინეთში მასაჟს აკეთებდნენ ან მღვდელმსახურები ტაძრებში, ანდა ისინი, ვისაც მასაჟისა და ტანვარჯიშის სკოლა ჰქონდა გავლილი. ხალხური მედიცინის წიაღში მასაჟის არსი იყო მისტიკურ-რიტუალური, მას გამოყენებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ძველ სამყაროში მასაჟმა მაღალ განვითარებას მიაღწია ანტიკურ ელადასა და რომში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX-X საუკუნეებში ბერძნებმა ეგვიპტელებისგან გადმოიღეს მალამოებისა და დაზელის გამოყენება. მასაჟს იყენებდნენ მკურნალობისას ტაძრებში, რომლებსაც ეწოდებოდა ასკილოპეიონები და რომლებიც აგებული იყო მკურნალობის ღმერთის, ესკულაპის სახელზე. როგორც ბერძენთა, ასევე რომაელთა მიერ მასაჟის გამოყენების დასაწყისი ემთხვევა აბანოების გახსნას... ჰიპოკრატეს (ჩვ. წელთაღრიცხვამდე 460-377 წწ.) ეკუთვნის სიტყვები: „ექიმი ბევრ რამეში უნდა იყოს გამოცდილი, მათ შორის მასაჟშიც“.

მასაჟის ილეთებით ზემოქმედება ხორციელდება ორგანიზმის ყველა ორგანო-სისტემებზე. ჩვენი ორგანიზმის ყველაზე დიდი, მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ორგანო კანია. ის ერთგვარი ანალიზატორია შინაგანი ორგანოების მდგომარეობის განსაზღვრისა. კანზე არსებული რეფლექტორული ზონებით შესაძლებელია ორგანო-სისტემების დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც. გარდა ამისა, კანის საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმში დაგროვებული დაშლის პროდუქტები, მაგ: აცეტილქოლინი, ადრენალინი. ეს პროცესი კი აქტიურდება კანზე ზემოქმედებისას. ამიტომ მასაჟს, გარდა გამაჯანსაღებელი ეფექტისა, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, ენერგიის აღმდგენი ეფექტი.

მიმაჩნია, რომ კვალიფიცირებულმა მასაჟისტმა უნდა შეძლოს სუფთა კანზე მშრალად, ზეთებისა და მალამოების გარეშე მუშაობაც. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, დასახული ამოცანისა და მდგომარეობის მიხედვით, ხდება ზეთის ან მალამოს გამოყენება. სამკურნალო მასაჟის ჩატარებისას რატომ უნდა გამოიყენებოდეს სამასაჟო ზეთი, როცა უპრიანია მასაჟის გაკეთება შესაბამისი სამკურნალო მალამოებით? სუფთა კანზე სუფთა ხელით მუშაობისას მასაჟის ეფექტი უკეთესია, ვიდრე ჭარბი ზეთის ან მალამოს კანზე ხმარებისას.

– როგორია მასაჟის ეფექტი?

– მასაჟის დროს იმატებს ორგანიზმის სასიცოცხლო ენერგია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ქსოვილების ტროფიკა, ნერვული იმპულსების გადაცემა ძლიერდება; სტიმულირდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ხელ უწყობს ორგანო-სისტემების სწორ მუშაობას. მასაჟის შედეგად იზრდება ორგანიზმის მუშაობისუნარიანობა.

მასაჟის ამოცანები იცვლება სხვადასხვა ორგანოზე ზემოქმედებისას.

მასაჟის ილეთებით კანზე ზემოქმედებისას ხდება:

  • ვენური და ლიმფური შეგუბებების (სტაზი) ლიკვიდირება;
  • ლიმფური მიმოქცევის გაძლიერება;
  • კანის არტერიათა სანათურის გაფართოება;
  • არტერიალიზაციის დააჩქარება ფუნქციური კაპილარების გახსნის ხარჯზე;
  • ეპიდერმისის აქერცლილი უჯრედების მოშორება;
  • კანის ნერვებისა და რეცეპტორების ფუნქციური მობილურობისა და გამტარობის გაუმჯობესება;
  • ნაწიბურის დარბილება და გაელასტიკურება;
  • შეხორცებული კანის მოცილება მის ქვეშ მდებარე ქსოვილებიდან;
  • კანის კვების, ელასტიკურობის, ტონუსის, სიმკვრივის გაუმჯობესება;
  • კანის დაცვა გამოფიტვისაგან;
  • ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების განდევნის ხელშეწყობა კანის სუნთქვის გაუმჯობესების ხარჯზე;
  • თავზე თმის სიმაგრისა და ზრდის გაუმჯობესება.

მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო მასაჟის ამოცანებს შემაერთებელ სისტემაზე ზემოქმედებისას, რომელიც ყველა ორგანოსთვის სტრომას, საძირკველს წარმოადგენს და მასაჟის ილეთებით მასზე ზემოქმედებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციული თვალსაზრისით.

მასაჟის ილეთების სწორი შესრულებითა და შესაბამისი მეთოდიკების გათვალისწინებით მიიღწევა:

  • კანქვეშა შემაერთებელ ქსოვილში, ფასციაში, სახსრებსა და სხვა შემაერთებელქსოვილოვან წარმონაქმნებში ლიმფის დინების დაჩქარება;
  • ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების განწოვის გაუმჯობესება;
  • შეგუბებებითი მოვლენების ლიკვიდირება სახსრებში ექსუდატის, ინფილტრატის, სისხლჩაქცევის, შეშუპებისა და მის ირგვლივ მდებარე პერიარტიკულური წამონაქმნების შესივების განწოვის გაუმჯობესება;
  • პათოლოგიური მოვლენების თავიდან აცილება, სახსრების, იოგებისა და მყესების ნორმალური ფუნქციის აღდგენისათვის ხელშეწყობა;
  • ტკივილის, შებოჭილობის შემცირებისა და სახსრებში ნორმალური ამპლიტუდის მოძრაობების აღდგენისათვის ხელშეწყობა.
  • ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებისას ხდება ძირითადი ნერვული პროცესების დინამიკის გააქტიურება; ნერვული სისტემის აღგზნებადობის დაქვეითება (გამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ზემოქმედება);
  • პერიფერიულ ნერვსა და სპინალურ განგლიებში რეგენერაციის პროცესის დაჩქარება;
  • თავის ტვინის ქერქის ბიოელექტრული აქტივობის გაუმჯობესება;
  • ვეგეტატიური ნერვული სისტემის გააქტიურება;
  • მთლიანად ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებისას ხდება ორგანიზმის გაკაჟება და გაჯანმრთელება;
  • გულის კუნთის მუშაობის შემსუბუქება და მთლიანად სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება;
  • მუშაობის უნარიანობის აღდგენა ან გაძლიერება;
  • შებოჭილობის შესუსტება, დაღლილობის მოხსნა, მხნე განწყობის შექმნა, თვითშეგრძნების გაუმჯობესება;
  • კანში, კუნთებში, სახსრებსა და სხვა ქსოვილებში პათოლოგიური გამოვლინებების შემცირება ე. ი. ცნს-ში იმპულსაციის დაკლება;
  • პარაბიოზის გამოვლენის თავიდან აცილება (ან შემცირება), ქერქის, ქერქქვეშა და ნერვული სისტემის ქვემოთ მდებარე განყოფილებებს შორის დარღვეული ურთიერთკავშირის აღდგენა;
  • ორგანიზმის რეაქტიულობისა და მისი შემგუებლობითი ფუნქციის გაძლიერება.

– როდის ტარდება სარელაქსაციო მასაჟი და რამდენ პროცედურას შეიძლება მოიცავდეს ის?

– რელაქსაცია ნიშნავს მოდუნებას. სარელაქსაციო მასაჟის ჩატარების მიზანი დაღლილობის მოხსნაა. დაღლა არ უნდა გადავიდეს გადაღლაში. ჩვენი ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, ფიქსირებული პოზური საქმიანობების და პროფესიების გაზრდამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰიპოდინამიკური ცხოვრების წესთან მიიყვანა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის არა მარტო დაღლას, არამედ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებს.

გადაღლის პროდუქტები ძირითადად ლაგდება კუნთების ძვალთან მიმაგრების ადგილებში, მყესებში. ვითარდება კუნთების სპაზმი და თუ ეს პროცესი ხანგრძლივია, კუნთებში იწყება დისტროფიული ცვლილებები. კუნთები კარგავენ ელასტიკურობას და ირღვევა შეკუმშვა-მოდუნების მექანიზმი. დატვირთვა გადადის სახსრებსა და შესახსრებებზე, რის შედეგადაც ვითარდება ტკივილის სინდრომი, რომლის დროსაც რელაქს-მასაჟი აღარ იქნება საკმარისი და საჭირო გახდება სამკურნალო მასაჟის ჩატარება. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა მოვხსნათ კუნთების სპაზმი, გავაუმჯობესოთ ტროფიკა, სისხლის მიმოქცევა, ნერვული იმპულსების გატარება, ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, ლიმფის მიმოქცევა, რაც მიიღწევა დამამშვიდებელი ანუ რელაქს-მასაჟით.

– რა განსხვავებაა სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელ მასაჟს შორის?

– სხვადასხვა სახის მასაჟის მეთოდიკები მიმართულია ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვადასხვა მიზნისა და შედეგის მისაღწევად. სხვადასხვაა მასაჟის შესრულების ტექნიკა, მიდგომა და შედეგიც. შეიძლება ჩავატაროთ საერთო, ანუ მთელი სხეულის, მასაჟი ან ლოკალური, ადგილობრივი მასაჟი.

გამაჯანსაღებელი ნიშნავს პროფილაქტიკურს, რომელიც ტარდება პრევენციისთვის. არ გადავიღალოთ, შევინარჩუნოთ ჯანმრთელი ორგანიზმი და არ მივიდეთ დაავადებამდე. ამიტომ მასაჟის დანიშნულება იცვლება და ამის მიხედვით იცვლება მასაჟის მეთოდიკაც.

მასაჟის ილეთების თანმიმდევრობა, მათი შესრულების რიტმი, სიღრმე და ხანგრძლივობა ცვლის მასაჟის ზემოქმედემას ორგანიზმზე.

– როგორი პერიოდულობითა და კურსით უნდა ჩატარდეს მასაჟი?

– ჩვენი ცხოვრების ჰიპოდინამიკური რეჟიმის გამო მასაჟის ჩატარება კვირაში 2-ჯერ ოპტიმალურია. ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული. ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრებისას გამაჯანსაღებელი მასაჟის გაკეთება არ არის საჭირო, რადგანაც აქტიური მოძრაობა უკვე ნიშნავს ჯანმრთელობას. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია რელაქსაციური მასაჟის გაკეთება.

– რა თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ ვარჯიშისა და მასაჟის დროს?

– რიგი დაავადებების მკურნალობის პროცედურა მოიცავს როგორც მასაჟს, ისე ფიზიკურ ვარჯიშსაც. მაგალითად, სკოლიოზის მკურნალობისას კეთდება ვარჯიში და მასაჟი ერთ პროცედურაში. ამ დროს პროცედურას ვიწყებთ ვარჯიშით და ვასრულებთ მასაჟით. ძირითადად, სამკურნალო ვარჯიშები მაკორეგირებელია. ვარჯიში იწვევს დაღლას, ამიტომ პროცედურას ვამთავრებთ რელაქსაციური მასაჟის მეთოდიკით. არის შემთხვევები, როცა ვარჯიში და მასაჟი მონაცვლეობით კეთდება: ჯერ კეთდება მასაჟი კუნთის ტონუსის, ელასტიკურობის ნორმალიზებისთვის, შემდეგ ვარჯიში. ყველა პროცედურა ინდივიდუალურია დასახული ამოცანისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

– როდის არ შეიძლება მასაჟის გაკეთება?

– მაშინ, როდესაც ადამიანს არ უნდა მასაჟის გაკეთება.

კანის დაავადებების დროს. თუმცა არსებობს მასაჟის სხვადასხვა მეთოდიკა, როცა შესაძლებელია მასაჟი გაკეთდეს ჩაცმულზე.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰიპერტონიული დაავადების დროს არ შეიძლბა მასაჟის გაკეთება, მაგრამ საყელოს ზონის მასაჟი ამ დროს საჭირო და აუცილებელიცაა.

არსებობს მიდგომა, რომ ონკოლოგიური პაციენტებისთვის არ შეიძლება მასაჟი. ცხადია, არ შეიძლება სისხლის მიმოქცევის გაძლიერება სიმსივნური წარმონაქმნების მიდამოში, რადგანაც ეს გამოიწვევს დაავადებული ზონის გაზრდას.

მასაჟი არ შეიძლება:

  • კანზე წარმონაქმნების, ხალების ადგილზე,
  • სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დეკომპენსირებული მდგომარეობისას,
  • აქტიური ტუბერკულოზის,
  • მწვავე ანთებითი პროცესების,
  • ტემპერატურის მომატების დროს.

სხვა შემთხვევებში მასაჟი კეთდება სწორად შერჩეული მეთოდიკებით.

– რა ხანგრძლივობისაა პროცედურა?

– მასაჟის პროცედურის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მასაჟის სახეზე. სარელაქსაციო მასაჟის ხანგრძლივობა 60-80 კგ წონის ადამიანისთვის 50-60 წუთია. საერთო მასაჟის მიზანი ორგანიზმის შრომისუნარიანობის გაზრდაა, რაც მიიღწევა 1-საათიანი მასაჟით. მასაჟის პროცედურის გახანგრძლივება ორგანიზმის გადაღლას იწვევს, დროის შემცირებით აღდგენა, რელაქსაცია არ მიიღწევა.