სარეაბილიტაციო ვარჯიშები

სამედიცინო და პროფესიული რეაბილიტაციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მასაჟს, მექანოთერაპიას, ფიზიოთერაპიას, შრომით თერაპიას და სხვა. მოტეხილობის დროს სამკურნალო ტანვარჯიშის ჩატარების ფორმა და ძირითადი მეთოდიკა ინდივიდუალურია. ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს რეპარაციული პროცესის სტადიას. მოტეხილობათა კონსოლიდაციის ადრეულ სტადიებზე სამკურნალო ფიზკულტურა მიმართულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების სტიმულაციისაკენ, პაციენტის ფსიქოემოციური ფონის ნორმალიზაციისკენ. სამკურნალო ფიზკულტურა ასეთ დროს წარმოადგენს მოგვიანებითი ჰიპოსტატიკური გართულებების, კონტრაქტურის (სახსრის მოძრაობის მეტ-ნაკლები შეზღუდვა), დაზიანებული კიდურისა და ზოგადად სხეულის კუნთების ჰიპოტროფიის (კვების მოშლის გამო განლევისა და ფუნქციური უკმარისობის) ერთადერთ საპროფილაქტიკო საშუალებას.
ჩამოთვლილი პრობლემების გადასაჭრელად ძვლების მოტეხილობათა დროს გამოიყენება ჰიგიენური ტანვარჯიში, რომელიც მოიცავს დაუზიანებელი კიდურებისა და ზოგადად სხეულის კუნთებისთვის განკუთვნილ 10-12 ზოგადმატონიზებელ ვარჯიშს. ამ უკანასკნელს ენაცვლება სუნთქვითი ვარჯიშები. ჰიპოსტატიკური გართულებების ლიკვიდაციისა და ზოგადად პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია გულმკერდის მასაჟი სუნთქვით ვარჯიშებთან კომბინირებულად. კუნთების ჰიპოტროფიისა და კონტრაქტურის ჩამოყალიბების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება კუნთების იზომეტრიული დაძაბვა, წარმოსახვითი (იდეომოტორული) მოძრაობები იმობილიზებულ სახსრებში. ზოგადმატონიზებელი ზემოქმედების მიზნით აუცილებელია აქტიური ფიზიკური ვარჯიშების შესრულება დაზიანებული კიდურის არაფიქსირებულ სახსარსა და დაუზიანებელ სეგმენტებში.
ქვემო კიდურის ძვლების მოტეხილობისას სამკურნალო ფიზკულტურის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს დაზიანებული კიდურის საყრდენი ფუნქციის გავარჯიშება. როგორც კი პაციენტი ვერტიკალურ მდგომარეობაში ვარჯიშს შეძლებს, მას ასწავლიან ყავარჯნებით სიარულს, თავდაპირველად - დაზიანებულ კიდურზე ზეწოლის გარეშე, შემდგომ კი კიდურზე სხივური (ჯერ ნაწილობრივი, შემდეგ კი სრული) დატვირთვით, თუ, რა თქმა უნდა, მოტეხილი ძვლების ფიქსაცია მყარია და პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა. უკუჩვენებათა არარსებობისას (ანუ მაშინ, როდესაც არ არსებობს მოტეხილი ნაწილების ცდომის საშიშროება, ინფექცია მოტეხილობის არეში და სხვა) ყავარჯნებით სიარულისას სხივურ დატვირთვას თანდათანობით ზრდიან, დროთა განმავლობაში პაციენტს ნებას რთავენ, გაიაროს ხელჯოხით ან სრული დატვირთვით. შუალედურ ეტაპზე ცალი ყავარჯნით სიარული, ჩვეულებრივ, მიზანშეუწონელია, ვინაიდან მანკიერი სიარულის გამომუშავებას უწყობს ხელს. იმობილიზაციის შეწყვეტის შემდეგ სამკურნალო ვარჯიშის მიზანს წარმოადგენს სახსრებში მოძრაობის, კუნთთა ტონუსისა და ძალის, აგრეთვე რთულად კოორდინირებული მოძრაობების აღდგენა, განსაკუთრებით იმ მოძრაობებისა, რომლებიც ყოველდღიურ ყოფაში ხშირად გვხვდება და, შესაბამისად, აუცილებელია პაციენტისათვის. ამის შემდეგ სასურველია ვარჯიში ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლეობის გამოსამუშავებლად. ყოველივე ეს პაციენტის სრული სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა.
სპეციალური ფიზიკური ვარჯიშები, რომლებიც გამოიყენება ხერხემლის მოტეხილობათა დროს
პირველი პერიოდი (ტრავმიდან 10-14 დღემდე)
საწყისი პოზიცია: პაციენტი წევს ზურგზე
1. ხელები განზიდეთ განზე ისე, რომ არ მოაშოროთ საწოლის ზედაპირს, ჩაისუნთქეთ, ამოსუნთქვას დაამთხვიეთ ხელების სხეულთან მიზიდვა.
2. ისუნთქეთ მშვიდად, მოხარეთ და გაშალეთ (აქტიურად ამოძრავეთ) ტერფები.
3. მოხარეთ და გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში.
4. შემოირტყით დოინჯი. მორიგეობით მოხარეთ ფეხები მუხლის სახსარში ისე, რომ ტერფები არ მოაშოროთ საწოლის ზედაპირს.
5. ხელები დაიწყვეთ გულმკერდზე. ჩასუნთქვისას იდაყვები ასწიეთ ზემოთ, ამოსუნთქვისას დაუშვით.
6. შემოირტყით დოინჯი, ფეხები გაშალეთ მხრების სიგანეზე, ტერფები ჯერ შიგნით შეატრიალეთ, შემდეგ გარეთ.
7. ხელის მტევნები მხრებზე დაიწყვეთ და მხრის სახსრებში წრიული მოძრაობები შეასრულეთ.
8. შემოირტყით დოინჯი. ხელები მორიგეობით განზიდეთ განზე, თან იმავე მხარეს მიაბრუნეთ თავი. ხელების განზიდვა ჩასუნთქვას დაამთხვიეთ, საწყის პოზიციაში დაბრუნება კი ამოსუნთქვას.
9. ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში, მორიგეობით შეკარით და გაშალეთ მუშტები.
10. ხელები მოხარეთ იდაყვის სახსარში, ხელის მოდუნებული მტევნები მორიგეობით მოხარეთ და გაშალეთ.
სამკურნალო ფიზკულტურა მწვავე ბრონქიტისა და პნევმონიის დროს
მწვავე ბრონქიტით ან პნევმონიით დაავადების პირველივე დღიდან, თუ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 37,5°ჩ-ს, სასურველია სამკურნალო ვარჯიშების დაწყება. გთავაზობთ ვარჯიშთა კომპლექსს, რომელიც რეკომენდებულია კეროვანი პნევმონიის ყველაზე ხშირი - მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში ლოკალიზაციის დროს. მარცხენამხრივი პნევმონიის შემთხვევაში აღწერილი ვარჯიშები უნდა შესრულდეს მარცხენა ხელით.
საწყისი პოზიცია: პაციენტი წევს ზურგზე
1. იწექით მშვიდად და შეეცადეთ, დიაფრაგმის აქტიურად ჩართვით ისუნთქოთ 1-1,5 წუთის განმავლობაში.
2. ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს, ჩასუნთქვის პარალელურად ასწიეთ მაღლა, თან სხეულიც დაჭიმეთ და მიაყოლეთ. ამოსუნთქვა რამდენადმე გაახანგრძლივეთ და მას საწყის მდგომარეობაში დაბრუნება დაამთხვიეთ. ვარჯიშის ტემპი ნელი უნდა იყოს. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.
3. ჩაისუნთქეთ. ამოსუნთქვისას გამართული ფეხი ასწიეთ. იგივე უნდა გააკეთოთ მეორე ფეხით, მთლიანად ვარჯიში კი 5-7-ჯერ გაიმეოროთ.
4. ხელები გულმკერდის ყაფაზის ქვედა ნაწილზე შემოიჭდეთ. ჩასუნთქვისას გულმკერდს მოუწევს ხელების მოჭერით შექმნილი წინააღმდეგობის გადალახვა, ამოსუნთქვისას კი ხელები კვლავ მოუჭირეთ ყაფაზს. ტემპი ნელი უნდა იყოს. ვარჯიში გაიმეორეთ 5-7-ჯერ.
5. ჩასუნთქვას დაამთხვიეთ ხელების განზე გაწევა, ამოსუნთქვისას კი მუხლები მკერდთან მიიტანეთ, მცირე პაუზის შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 6-8-ჯერ.